ერთი ადამიანის განსჯა სხვა ადამიანის მიერ ისეთივე ძველი
ამბავია, როგორც კაცთა მოდგმის დასაბამი დედამიწაზე. სამყაროს შეცნობის შემდეგ ადამმა უფალს უთხრა, რომ
მისმა ქმნილებამ შეაცდინა და თითი სხვისკენ გაიშვირა. რთული გასაგებია რა ამოძრავებდა
ადამს, თვითგადარჩენის ინსტიქტი თუ უსუსურობის
განცდა, რომელიც სხვაზე გადაბრალებით, დადანაშაულებით
უნდა გადაეფარა.
მოდი ეს ამბავი სხვადასხვა რაკურსით განვიხილოთ:
ლიტერატურაში ასეთი პერსონაჟები ხშირად ფონს ქმნიან - ისინი არიან „გუნდი“, რომელიც მთავარ გმირს ტალახს ესვრის, სანამ ის
თავის გოლგოთაზე ადის. საკმარისია გავიხსენოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ ან თუნდაც ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”. თემი, რომელიც განკითხვისთვის ყოველთვის მზადაა, სინამდვილეში “შიშისგან” შედგება. ისინი სხედან ვიწრო ოთახებში, ფარდებს მიღმა და სხვის ნაბიჯებს ითვლიან. ყოველი სხვისი გამარჯვება მათთვის საკუთარი დამარცხების აღიარებაა, ყოველი სხვისი ღიმილი კი მათი უღიმღამო ყოფის მხილება. მათი ენა ბასრია, მაგრამ სული - დამძიმებული.
ფსიქოლოგია ამას მარტივად პროექციით ხსნის. ინდივიდი, რომელიც გამუდმებით სხვას ლანძღავს, ქვეცნობიერად ებრძვის საკუთარ თავს. ადამიანები სხვებში ვერ იტანენ იმ თვისებებს, რომლებიც საკუთარ თავში სძულთ, მაგრამ ვერ აღიარებენ. მათ უმეტესობას აქვს თვითშეფასების დეფიციტი, რომელიც გამოიხატება
სხვისი დამცირებით. განმკითხველი წარმოსახვითად მაღლდება. ეს არის „ფეხზე დადგომა სხვის მხრებზე შეხტომით“.
გარკვეული ნაწილი თანხმდება, რომ ეს შურია. შური არაა უბრალოდ ბოროტება, ეს არის ტკივილი იმის გამო, რომ სხვას აქვს ის, რისი რესურსიც შენ არ გაქვს (იქნება ეს ნიჭი, ბედნიერება თუ შინაგანი თავისუფლება).
ასეთი ქმედება ხშირად გამოწვეულია ემოციური ვაკუუმით. როდესაც საკუთარი ცხოვრება შინაარსისგან დაცლილია, სხვისი ცხოვრების „რევიზია“ ერთადერთი გზაა, რომ თავი ცოცხლად იგრძნო.
ფილოსოფიურად, ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, არათავისუფალია. ის
მიჯაჭვულია
სხვის პიროვნებაზე, სხვის ქმედებებზე. მარკუს ავრელიუსი იტყოდა, რომ “სხვისი აზრი ჩვენზე არ არის ჩვენს კონტროლში, ამიტომ მასზე დარდი უგუნურებააო”. შესაბამისად, ადამიანი თავად ქმნის თავის არსს. ის, ვინც სხვის ლანძღვაშია, უარს ამბობს საკუთარი არსის შექმნაზე. ის ხდება სხვისი ცხოვრების „კომენტატორი“ და არა საკუთარი ცხოვრების „ავტორი“.
ალბათ იკითხავთ, როგორ მოვიქცეთ? და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. უბრალოდ მათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რატომ?
1.
როცა მათ პასუხობთ ან მათზე ფიქრობთ, თქვენ მათ ენერგიას აძლევთ. ისინი თქვენი ემოციებით საზრდოობენ.
2.
მათი ლანძღვა თქვენზე კი არ მეტყველებს, არამედ მათზე. ეს მათი შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა.
3.
თუ გზაზე ყოველი “დაყეფების დროს” შეჩერდებით და ქვა ესროლეთ ყველა ძაღლს, დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს მიხვალთ.
ნურც მათ გადაფიქრებას და რაიმეს ახსნას შეეცდებით. მათი ქმედების მიზეზი კომპლექსურია - აქ არის შურიც, წარუმატებლობაც და სიყვარულის დეფიციტიც. ამიტომ ისინი აზრს მაინც არ
შეიცვლიან. შეიძლება მოჩვენებითად დროებით
“გაგიღიმონ” ან “თავი “იმართლონ”, როგორც კი საშუალება მიეცემათ “ქვის სროლა” ისევ
არ აგცდებათ. დაუთმოთ მათ დრო ნიშნავს მოჰპაროთ ეს დრო საკუთარ ბედნიერებას, შემოქმედებას და იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უყვარხართ.
ვფიქრობ, რომ მზეზე ლაქებს მხოლოდ ისინი ეძებენ, ვისაც მზის სინათლე თვალს ჭრის.
.webp)
No comments:
Post a Comment