განათლება

Friday, 3 April 2026

გონებრივი რადიუსი: სამყარო ოთხ კედელს მიღმა

 

ოთახში ბინდი და საოცარი სიმშვიდე იგრძნობა…  ღრმად ფიქრებში ჩაძირული სამყაროს უნიკალურობის ერთმა საინტერესო ასპექტმა დამაფიქრა. იმ უცნაურმა და ხშირად მტკივნეულმა შეუსაბამობამ, რომელსაც ადამიანი საკუთარ დაბადების ადგილთან მიმართებით გრძნობს.

ზოგიერთი ჩვენგანი ისე იბადება, თითქოს გეოგრაფიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - თითქოს სული სხვა განედებისთვის იყო გამზადებული, სხეული კი შემთხვევითობის პრინციპით სულ სხვა მიწაზე აღმოცენდა. ეს არ არის მხოლოდ სოციალური თუ მატერიალური უკმაყოფილება; ეს არის შინაგანი, ეგზისტენციალური უცხოობის განცდა, როცა მშობლიური პეიზაჟი შენს შინაგან ხმას არ ეხმიანება.

ბევრი მთელ ცხოვრებას ამ შეუსაბამობის ძებნაში ატარებს. ისინი დააბიჯებენ ნაცნობ ქუჩებზე, ესმით მშობლიური ენა, მაგრამ გრძნობენ, რომ მათი ნამდვილი სამშობლო სადღაც შორსაა - იქ, სადაც ჰაერი სხვანაირად სუნთქავს ან სადაც ადამიანები მათთვის გასაგებ კოდებზე საუბრობენ. ეს არის ერთგვარი „სულიერი ემიგრაცია“ საკუთარ სახლში, სადაც ფესვები არა მიწაში, არამედ ჰაერშია გამოკიდებული და გამუდმებით ეძებს საყრდენს.

რატომ ხდება, რომ ზოგისთვის მშობლიური კერა ციხედ იქცევა, სხვებისთვის კი - თავშესაფრად? იქნებ სამყაროს უნიკალურობა სწორედ ამ დისონანსშია, რომელიც გვაიძულებს ვიმოძრაოთ, ვეძებოთ და ბოლოს, შესაძლოა, საკუთარი ადგილი არა რუკაზე, არამედ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ.

და ამ ფიქრებში წასულმა ორ სხვადასხვა განზომილებას შევეჯახე.

ფანჯრის მიღმა მხოლოდ მეზობელი კორპუსის ნაცრისფერი კედელი ჩანს და ქუჩის ხმაური, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე რიტმით იჭრება შენს სივრცეში. ერთი შეხედვით, შენი სამყარო აქ მთავრდება - ამ ოთხ კედელში, გაცვეთილ ხალიჩასა და ძველ მაგიდასთან.

-        რა სასტიკია გეოგრაფია:  ის გეუბნება, რომ შენ ხარ აქ, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ ქალაქში და შენი ნაბიჯი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს სწვდება.

მაგრამ არსებობს სხვა გეომეტრია, რომელიც რუკებზე არ იხაზება. ეს არის გონებრივი რადიუსი.

ადამიანი შეიძლება იჯდეს მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ქალაქში, მისი ფიზიკური თვალი ათასობით შენობასა და სახეს ხედავდეს, მაგრამ მისი გონებრივი რადიუსი საკუთარი ჯიბის სისქით ან მეზობლის წარმატების შურით შემოიფარგლებოდეს. ასეთი ადამიანის სამყარო პატარაა, ვიწრო და ჩახუთული, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ოკეანეები და ცათამბჯენებია.

არსებობს მეორე უკიდურესობა: ადამიანი, რომელიც სოფლის მივიწყებულ სახლში, სანთლის შუქზე ზის. მას შესაძლოა არასოდეს გადაუკვეთავს საკუთარი რაიონის საზღვარი, მაგრამ მისი გონებრივი რადიუსი კოსმოსურ ნისლეულებს სწვდება. ის კითხულობს წიგნს და იმ მომენტში ძველ საბერძნეთში სოკრატესთან ერთად სეირნობს, უსმენს მუსიკას და მისი ემოციები მაღალ მუსიკალურ ინტელექტს ერწყმის, ფიქრობს მომავალზე და მისი ხედვა დროსა და სივრცეს ანგრევს.

ამ რადიუსს არ სჭირდება თვითმფრინავის ბილეთი. მისი საწვავი ინტერესია, მისი ძრავა კი -  წარმოსახვა და ცოდნა.

ნეტავ იქნებოდა ვაჟა ჩარგლის გარშე? შეძლებდა კი ყოფილიყო ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორიც გახდა. მისი გენია პირდაპირ კავშირშია მთის მკაცრ ბუნებასთან?

გალაკტიონი? ის ხომ „პოეზიის მეფედ“ თბილისში იქცა მაგრამ ხშირად უბრუნდებოდა ჭყვიშს თავის ჩანაწერებში.

„მე დავიბადე რიონის პირას, იქ, სადაც იცის ბულბულმა ძილი...“

ილია შეძლებდა მთელი სიმძაფრით დაენახა “ხიდჩატეხილობის” პრობლემა? 

აკაკი, მდიდარი ოჯახის ბიჭი რატომ მიაბარეს ძიძას სოფლად?

ფიროსმანი გახდებოდა ფუნჯის გენია თუ  ის ტილოზე მშობლიური მირზაანის გლეხები, ყანწები, ცხვრები და რთვლის სცენები არ იქნებოდა?...

და მივხვდი, გონებაში საოცარი აზრი დაიბადა, როდესაც შენს გონებრივ რადიუსს ზრდი, ხვდები, რომ ფიზიკური ადგილმდებარეობა მხოლოდ დროებითი სადგურია. შენ აღარ ხარ შენი გარემოს ტყვე. შენ ხდები იმ იდეების მოქალაქე, რომლებსაც მასპინძლობ. შენი ფანჯრიდან უკვე აღარ ჩანს მხოლოდ მეზობლის კედელი - იქიდან მოჩანს მთელი კაცობრიობის გამოცდილება, ვარსკვლავთშორისი სიცარიელე და ის უსასრულო შესაძლებლობები, რომლებიც მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც საკუთარ თავში საზღვრების მოშლა გაბედა. 


No comments:

Post a Comment

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

  ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ   დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტე...