ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი,
ორ დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან
აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტერის ღირსეული საქციელით, მისი დამოკიდებულების ცვლილებით
ქალების მიმართ, მან უბრალო განათლებულ ქალში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, პრინციპულობის
ელემენტები აღმოაჩინა. თვითონ ჯეინ ეარი დავინახე, როგორც ქალთა ხმა, რომელიც თანასწორობას ითხოვდა:
„თქვენ გგონიათ, რაკი ღარიბი, უბრალო, შეუხედავი და პატარა ვარ, უსულო და უგულო ვარ? ...
ალბათ არც არაფერია გასაოცარი, კაცობრიობის ისტორია, გარკვეულწილად, არის ისტორია ბრძოლისა თვითმყოფადობისთვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალშრიანი ეპიზოდი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხია. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დეკლარაციების ან სტატისტიკური მონაცემების ერთობლიობა; ეს არის ღრმა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და კულტურული ტრანსფორმაცია, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.
საზოგადოებაში
არსებობს სტერეოტიპული აღქმა მამაკაცის და ქალის შესაძლებლობების თანასწორობის შესახებ. არადა თანასწორობა იწყება არა კანონით, არამედ აღქმით. ბავშვობიდანვე ჩვენს ცნობიერებაში ილექება ე.წ. "გენდერული სქემები" - წინასწარ გამზადებული შაბლონები, რომლებიც გვკარნახობენ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი (ძლიერი, რაციონალური, გადაწყვეტილების მიმღები) და როგორი - ქალი (ემოციური, მზრუნველი, დამყოლი). სოციალური როლების თეორია გვაჩვენებს, რომ ის, რასაც ხშირად "ბუნებრივ განსხვავებად" მივიჩნევთ, სინამდვილეში საზოგადოებრივი მოლოდინების პროდუქტია. ამის შესახებ დღეს უამრავი
თანამედროვე ავტორი და მკვლევარი წერს. მეგი ნელსონი, ჯოან დიდიონი, ბელ ჰუკსი და სხვები.
ყველა ერთ აზრზე თანხმდება, რომ როდესაც ადამიანს სტერეოტიპების ჩარჩოში ვსვამთ, ჩვენ მას ვართმევთ "თვითაქტუალიზაციის" შესაძლებლობას, რაზეც აბრაამ მასლოუ საუბრობდა. თანასწორობა ფსიქოლოგიურად ნიშნავს იმ გარემოს შექმნას, სადაც ინდივიდის განვითარებას მისი სქესი კი არ განსაზღვრავს, არამედ მისი შინაგანი პოტენციალი და მისწრაფებები. "მსგავსების ჰიპოთეზა" კი
გვიდასტურებს, რომ
ჩვენ ბევრად უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება ჩვენი კოგნიტური უნარები, ლიდერობის ნიჭი და ემოციური ინტელექტი არ არის სქესზე მიბმული.
უნგრელი
პედაგოგი და მკვლევარ - ფსიქოლოგი ელის იგლისი საკუთარი შეხედულებით და სხვა ფსიქოლოგების თეორიების მიხედვით, ასკვნის, რომ განსხვავებები ქალისა და მამაკაცის ქცევაში ძირითადად განპირობებულია იმ სოციალური როლებით, რომლებსაც საზოგადოება მათ სთავაზობს. მაგ:
1. 1. მოლოდინები: თუ საზოგადოება მამაკაცისგან ელის დომინანტურობას, ხოლო ქალისგან კი მზრუნველობას, ჩვენ ადამიანები ქვეცნობიერად ამ მოლოდინებს ვერგებით.
2. 2. თვითეფექტურობა: ფსიქოლოგიურად, როცა ადამიანს სტერეოტიპების გამო ეუბნებიან, რომ ის რაღაცაში (მაგალითად, მათემატიკაში ან ლიდერობაში) სუსტია, მისი თვითრწმენა იკლებს, რაც რეალურ შედეგებზე აისახება.
3. 3. გენდერული სქემის თეორია: ეს თეორია ხსნის, როგორ აყალიბებენ ბავშვები ადრეული ასაკიდან "სქემებს" იმის შესახებ, თუ რა არის "მამაკაცური" და "ქალური". ეს ფილტრები გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, ყურადღებასა და თვითშეფასებაზე. არადა თანასწორობის ფსიქოლოგიური მიზანია ამ ხისტი სქემების "დარბილება", რათა ადამიანმა საკუთარი თავი აღიქვას როგორც ინდივიდი, და არა როგორც მხოლოდ სქესის წარმომადგენელი.
ფსიქოლოგი
ჯანეტ ჰაიდის კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები და მამაკაცები ფსიქოლოგიური მახასიათებლების უმეტესობაში (კოგნიტური უნარები, კომუნიკაციის სტილი, ლიდერობის პოტენციალი) უფრო მსგავსნი არიან, ვიდრე განსხვავებულნი. განსხვავებები ჯგუფებს შიგნით (მაგალითად, ორ მამაკაცს შორის) ხშირად ბევრად დიდია, ვიდრე საშუალო განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის.
ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ლიტერატურული კავშირების
ძიებამ და ასე ვიპოვე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი მოაზროვნე,
მწერალი, ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი და ფემინიზმის თეორეტიკოსი სიმონ დე ბოვუარი, რომელიცა ამბობს, რომ "ქალად არ იბადებიან, ქალი ხდები". ეს ნიშნავს, რომ სოციალური იდენტობა არის კონსტრუქცია. საუკუნეების მანძილზე მამაკაცი აღიქმებოდა როგორც "სუბიექტი" სამყაროს შემმეცნებელი და ცენტრალური ფიგურა, ხოლო ქალი როგორც "სხვა", ობიექტი, რომელიც მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში არსებობდა.
ჭეშმარიტი ფილოსოფიური თანასწორობა არის ქალის, როგორც სრულფასოვანი სუბიექტის აღიარება, რომელსაც აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი არსება. ეს არის გათავისუფლება იმ "თოჯინების სახლისგან", რომელზეც ჰენრიკ იბსენი ნორვეგიელი დრამატურგი და პოეტი წერდა. “თანასწორობა არ არის სქესთა შორის განსხვავებების იგნორირება, არამედ იმის აღიარება, რომ ეს განსხვავებები არ უნდა ქმნიდეს იერარქიას”.
ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია ქართული კონტექსტი. მაშინ, როცა ევროპული ლიტერატურა ჯერ კიდევ ეძებდა გზებს ქალის ხმის გამოსაკვეთად, რუსთაველმა XII საუკუნეში თქვა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუმცა ხვადია". ეს აფორიზმი არ არის მხოლოდ პოეტური მეტაფორა; ეს არის ღირებულებითი სისტემა, სადაც არსი (ლომობა) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმა (სქესი). თინათინის გამეფება და მისი, როგორც ბრძენი მმართველის აღიარება, არის იმ დიდი ტრადიციის ნაწილი, რომელიც ქალს არა მამაკაცის დანამატად, არამედ მის სწორუფლებიან პარტნიორად განიხილავს.
ვფიქრობ, რომ თანასწორობა ნიშნავს სამყაროს, სადაც ადამიანის ნიჭს, შრომას და ოცნებებს საზღვრებს არ უწესებს მისი გენდერი. ეს არის გზა "თოჯინების სახლიდან" რეალურ, თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებამდე, სადაც ყოველი "ლეკვი" თავისი ბუნებით ლომია.
.webp)
No comments:
Post a Comment