მოსაღამოვდა. ცივი სუსხიანი ქარი უბერავდა გზატკეცილზე, ორი
ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობდა, ხეს ან რაიმეს ამოფარებოდა რათა დასავლეთიდან მონაბერ
ცივი ქარისთვის თავი აერიდებინა.
- მაინც რა გახდა ამ “მარშუტკის” მოსვლა, ზოგჯერ ყოველ წუთს გამოივლის ხოლმე.
- გავიყინე, არადა იმ ტაქსის
მძღოლმაც რატომ გადაწყვიტა, რომ აქ დავეტოვებინეთ?
რამდენიმე წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, მამაკაცები გზას
გაუყვნენ იმ იმედით, რომ რომელიმე შენობას შეაფარებდნენ თავს. ამასობაში კი მიკროავტობუსიც
გამოჩნდა.
თბილისისკენ მიმავალი ტრანსპორტი საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა.
მამაკაცებმა იგრძნეს როგორ ჩაიღვარა სხეულში სითბო და სავარძლებში მოკლათებულებს არც
ის გამორჩენიათ რომ ტრანსპორტში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა.
- ცუდია რომ დღესვე უნდა
დავბრუნდეთ უკან, თუმცა მაინც დღეს წამოსვალ სჯობდა…
- კი კი, აბა ხვალისთვის
სამსახურის გაცდენა კიდევ ახალი თავსატეხი იქნებოდა.
***
ირგვლივ ყველა უკვე საკუთარ ფიქრებში იყო ჩაკეტილი ან თვლემდა.
თუმცა მიკროავტობუსში იჯდა ერთი მგზავრი, რომელიც ყურადღებას განსაკუთრებულად იპყრობდა.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, მისი თეთრი, მოვლილი დაბალზე შეჭრილი წვერი და ხელჯოხი
იყო, თითქოს მასზე დაყრდნობით მთელი დედამიწის ზურგზე ჰქონდა გადავლილი. ერთი შეხედვით,
ღრმა მოხუცი გეგონებოდათ, მაგრამ საკმარისი იყო, თვალებში შეგეხედათ, რომ დაგენახათ
- ეს სიბერე კი არა, რაღაც სხვა, უფრო დიდი და ძველი სიმშვიდე იყო. შუა ხნის მამაკაცი,
თბილად ჩაცმული, ჩანთით, პლანშეტითა და ღილაკიანი ტელეფონით მოკალათებულიყი ორადგილიან
სავარძელში. თან პერიოდულად ტელეფონით ან პლანშეტით რეკავდა.
- ხო მე ვარ… კი კი კარგად
ვმგზავრობ… კარგი ავტობუსი, კარგი მუსიკები, კარგი მგზავრები… აბააა, წეღან ამოვიდა
იმერლები სუფრა გაშალეს, წითელი ღვინო, მჭადი და ყველი, აგერ შევექცევით გემრიელად
(იცინის), დამაცადე ჯერ ჩამოვიდე, ნუ გეშინია, აბა ჰე და აბა ჰოო.
მისი ყოველი სიტყვა სიმღერას ჰგავდა.
- „ჩემო კარგო, ძველი ბიბლია
ხომ არ დაგრჩა სადმე თაროზე? მჭირდება...“ - ეუბნებოდა ერთს და ხმაში ისეთი სითბო ჰქონდა,
ტელეფონის მიღმა ადამიანი ალბათ უნებურად გაიღიმებდა.
- „წითელი ყელსახვევები არ დაგავიწყდეს, ის წითელი,
ცეცხლისფერი! რამდენი უნდა მინდოდეს ერთი ვაგონი. - რა იყო რამ შეგაშინა შე კაცო ვაგონი
პატარაც კია სათამაშო. ებაასებოდა მეორეს.
ვაკვირდებოდი და თან ვფიქრობდი ვის მაგონებდა ან საიდან გაჩნდა?
თითქოს გასული საუკუნეების წიაღიდან მოსული თანამედროვეობის მორევში ჩაძირულიყო, მაგრამ
დრო და ჟამს მის მაღალ ღირებულებებზე ვერაფერი დაეკლო.
ორჯერ მთხოვა, ნომერი ჩამიწერეო. ხელები ოდნავ უთრთოდა, მაგრამ
მზერა ჰქონდა ისეთი მკაფიო, თითქოს პირდაპირ სულში მიყურებდა. ასე გაიბა ჩვენი საუბრის
ძაფიც.
- „ეკლესიური ხარ?“ მკითხა უცებ და მისი ხმა ისე ბუნებრივად შეერია ძრავის
ხმას, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
- დიახ, თუ ამას შეიძლება
ეკლესიურობა დავარქვა, თან თავიც დავუქნიე მოკრძალებით
აღტაცებით საუბრობდა საქართველოზე… განსაკუთრებული სიყვარულით
გაიხსენა მეფე სოლომონი და ხრესილის ბრძოლა, თან ცდილობდა ჩემთვის გასაგებად გადმოეცა
ამბავი. ის ისე აღწერდა მეფის სტრატეგიას, ისეთი გატაცებით საუბრობდა სამშობლოს გადარჩენაზე,
რომ მიკროავტობუსის ფანჯრებიდან გადაშლილი პეიზაჟი თითქოს ისტორიულ ველად იქცა.
ჩვენ ვისაუბრეთ, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე, როგორც სულის
გამოხატულებაზე. პოლიტიკასა და რელიგიაზე, როგორც ადამიანთა მართვისა და გადარჩენის
გზებზე. ასკეტიზმზე, რომელიც მის ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა.
მისგან საოცარი სურნელი მოდიოდა - სისუფთავის, საკმევლისა
და ძველი ეტრატების სუნი. მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა იყო, მისგან სიმარტოვის
სიცივე კი არა, პირიქით, დიდი სიყვარულის სითბო გამოსჭვიოდა. „არასოდეს ვარ მარტო,“
- თქვა მან და მივხვდი, რომ მის პლანშეტში ჩატეული ნომრები და ადამიანთა სახელები,
მეხსიერებაში შემონახული საუკუნეები მისთვის საუკეთესო კომპანია იყო.
- იცით თქვენისთანა ადამიანს
არასოდეს შევხვედრივარ, თქვენგან საოცარი სიმშვიდის, გულწრფელობის და ინტელექტის ჰარმონიას
ვგრძნობ, ვერ დავმალე აღფრთოვანება.
- ამოსვლისთანავე დაგაკვირდი,
მე განა ყველას ვესაუბრები, ჩემს სულთან უნდა მოვიდეს ახლოს, უნდა ვიგრძნო ჩემიანად,
მიპასუხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია.
არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელთანაც რამდენიმე საათის განმავლობაში, მხოლოდ კულტურაზე,
ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, ასტრონომიაზე და კიდევ უამრავ საკითხთან დაკავშირებით
ერთნაირად მესაუბრა, თან ადამიანი ყველა საკითხში კომპეტენტური, მოზომილი და ობიექტური
იყო.
საუბარში გაირკვა მისი საიდუმლოც: ბათუმიდან წამოსული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,
თურმე 17 წელი რუსთაველზე წიგნებს ყიდდა…
ამ ფრაზამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ის არ იყო უბრალო
წიგნების გამყიდველი; ის იყო ადამიანი, რომელმაც ჩვიდმეტი წელიწადი ათასობით გამვლელის
თვალებში წიგნების სიბრძნეს ეძებდა. ის იყო ქალაქის ცოცხალი მემატიანე, რომელიც ახლა
აჭარიდან დედაქალაქში ბრუნდებოდა, ისევ ისეთივე მართალი და ისევ ისეთივე თავისუფალი.
თბილისში ერთმანეთს დიდი ხნის ნაცნობებივით დავემშვიდობეთ.
ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ. ის თავისი ხელჯოხითა
და თეთრი წვერით ხალხმრავალ ქუჩას შეერია, მე კი დავრჩი განცდით, რომ “ამ რამდენიმე
საათში ვისწავლე ცხოვრებაზე, ადამიანობაზე, მარტოობაზე, სამშობლოს და ღმერთის სიყვარულზე…”
მივდიოდი და ვფიქრობდი, დიახ დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.