განათლება

Tuesday, 7 April 2026

საკუთარი თავის აჩრდილები

 

ხალხმრავალ ქუჩებში „მდუმარე ტრაგედია“ სუფევს. პრიალა ოფისებსა და თბილ მისაღებ ოთახებში ყოველდღე ერთი და იგივე სპექტაკლი თამაშდება. რა უცნაურია, თითოეული მსახიობი იმსახურებს ოსკარს; იმდენად სრულყოფილია თამაში, რომ რთულია მათგან საუკეთესოს გამოვლენა.

ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც საკუთარ სხეულში ისე ბინადრობენ, როგორც დევნილები. მათთვის ყოველი გაღვიძება ახალი როლის დასაწყისია, ყოველი მზერა კი - პოტენციური საფრთხე. ისინი ატარებენ არასრულფასოვნების მძიმე ლოდს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მიწისკენ ქაჩავთ, თუმცა წელში გამართულნი დადიან, რადგან ასეა საჭირო, ასეა „უსაფრთხო“. ეს მდგომარეობა არავისთვისაა უცხო, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ...

საზოგადოება მუდმივ ზეწოლას ახდენს ყველაზე, ვინც „განსხვავებულია“ და მათ საკუთარი „მორალური ჩარჩოებიდან“ აფასებს. არადა, სახარებაში ქრისტე მარტივად ხსნის ყველა მდგომარეობას:

„ვისაც არ შეუცოდავს, იმან ესროლოს პირველი ქვა“.

მახსოვს, ერთხელ მოსწავლემ მთხოვა, გაკვეთილი მენტალურ ჯანმრთელობაზე არაფორმალურ გარემოში ჩამეტარებინა. ამ შეხვედრისას მან თავად მაჩვენა ისეთი მასტერკლასი, რომელიც მთელი ცხოვრება გაკვეთილად დამრჩა:

„ჩვენი მენტალური პრობლემები ჰგავს ძლიერად გაბერილ ბურთს, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული. ჩვენ მას გარედან ვაწვებით, რათა მისმა ტალღამ გარეთ არ გამოგვაგდოს. ძალიან რთულია ამ დროს ბალანსის დაცვა: თუ ძლიერად მიაწვები შეიძლება გასკდეს, თუ ხელს აუშვებ, ძლიერმა ტალღამ შეიძლება ცენტრისკენ გიბიძგოს და ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდე. ორივე შემთხვევაში საზოგადოების სამიზნე ხდები“.

ნამდვილი სურვილები ჰგავს მივიწყებულ წერილებს, რომლებიც არასოდეს გაიგზავნება. ეს სურვილები სადღაც გულმკერდის სიღრმეში ფეთქავენ, ითხოვენ ჰაერს, ითხოვენ აღიარებას, მაგრამ შიში, ეს დაუნდობელი ციხისმცველი - მათ ხმას ახშობს. ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ ერთხელ მაინც იტყვიან: „მე ეს მტკივა“ ან „მე ეს მინდა“, სამყარო, რომელსაც ასე სათუთად აშენებდნენ, ხუხულასავით ჩამოიქცევა.

ეს პროცესი ნელ, გაწელილ სუიციდს ჰგავს. ეს საკუთარი სურვილებისა და „მე“-ს ნაწილ-ნაწილ დამარხვაა. ყოველი ჩაყლაპული სიტყვა, ყოველი მოთოკილი ცრემლი და ყოველი ყალბი ღიმილი ერთი პატარა ჭრილობაა საკუთარ არსებაზე. ისინი კლავენ ნამდვილ „მეს“, რათა გადაარჩინონ ის ილუზია, რომელიც სხვებს მოსწონთ.

ასეთ დროს ადამიანი საკუთარი თავის აჩრდილად იქცევა. ის ფიზიკურად აქ არის სუნთქავს, ჭამს, მუშაობს,  მაგრამ მისი სული სადღაც შორს, შიგნით არის გამოკეტილი და ნელ-ნელა ილევა. ეს არის სიკვდილი მანამ, სანამ გული გაჩერდება  უხმო, უსისხლო და ყველაზე მარტოხელა აქტი. ამ „თვითმკვლელობას“ მაყურებელი არ ჰყავს; ყველა მხოლოდ ლამაზ ნიღაბს ხედავს და ვერავინ ხვდება, რომ ამ ნიღბის მიღმა ვიღაც შველას ითხოვს.

ეს არის ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც მთავარი მტერი საკუთარი თავის მიუღებლობაა, ხოლო ერთადერთი გამოსავალი  იმ სიმართლის თქმის გაბედვა, რომელიც, შესაძლოა, ყველაფერს ნანგრევებად აქცევს, მაგრამ სანაცვლოდ სუნთქვის საშუალებას მოგცემს.

 

No comments:

Post a Comment

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

  ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ   დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტე...