განათლება

Wednesday, 25 March 2026

ლამაზად გაშლილი საუზმე

 


-        უკვე გადიხარ?

-     არა, ცოტას მოვწესრიგდები და... საკუთარ დაუდევრობაზე გაბრაზებული ხმით ვუპასუხე ოთახიდან გაგონილ ხმას. თან გავიფიქრე, ისევ ვერ გავიპარე...

-        იცოდე საუზმის გარეშე არ წახვიდე!

-        არ მშია.

-        ახლავე გამოვალ, თან უკვე მზადაა, სანამ გაიღვიძებდი მოგიმზადე..

    სარკეში ჩემს  ანარეკლს თვალი ავარიდე. მივხვდი, რომ „გაპარვის“ გეგმა საბოლოოდ ჩაიფუშა.

ფეხაკრებით შევედი ოთახში. მაგიდაზე უკვე ელაგა ყველაფერი: ორთქლავარდნილი ფინჯანი, საიდანაც საოცარი ჩაის სურნელი ამოდიოდა, და ის პატარა, მინის ლამბაქი მურაბით, კარაქიც…  ისევ ის საოცრად ნაცნობი, ოდნავ დაბრაწული პურის სურნელი, რომელიც მთელ სახლში იდგა.

-       აბა ასე როგორ შეიძლება, საუზმის გარეშე არ უნდა წახვიდე.

-        არ ვსაუზმობ ხოლმე, მიჩვეული ვარ.

-        გარეთ ძალიან ცივა, იქნებ უფრო თბილად ჩაგეცვა, ასე აპირებ წასვლას?


უხერხულად შევიშმუშნე და შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

-      თუმცა რას გეკითხები, დაიწყე შენ და ახლავე მოვალ.

უნებურად ჩამოვჯექი. სიბრაზემ ნელ-ნელა გადამიარა და მის ნაცვლად რაღაც უცნაური, თბილი სიმშვიდე დამეუფლა. მართალი იყო - გარეთ ცივი ქარი ქროდა, აქ კი, ამ პატარა მაგიდასთან, დრო თითქოს გაჩერებულიყო. კარაქი ცხელ პურზე დნებოდა, მე კი მივხვდი, რომ სინამდვილეში ძალიანაც მშიოდა.

-        ეს დათოს “დუბლიონკაა” აქეთ მაინც არ არის, მართალია ცოტა დიდია მაგრამ არაუშავს, როცა ასე სიცივე იქნება გამოიღე კარადიდან და ჩაიცვი, თან ძალიან თბილია…

მე თავდახრილი ვისმენდი მზრუნველობით შემოთავაზებას, თან თვალ ვერ ვაცილებდი ლამაზად გაშლილ სუფრას და ვფიქრობდი, ეს მომენტი დიდხანს დამემახსოვრებინა, რადგან სხვებისთვის გადამეცა უანგაროდ ზრუნვის მაგალითი, რომელიც მძიმე სტუდენტობის წლებში გამოვცადე.

კარი რომ გამოვიკეტე, გარეთ მართლაც ყინავდა, მაგრამ მე შიგნიდან საოცარ სითბოს ვგრძნობდი. ნათიასგან ნასწავლი ეს „მცირე ქველმოქმედება“ - ცხელი პური და სხვისი სიცივის გათავისება - ჩემს ჩანთაში ჩალაგებულ ნივთებზე ბევრად ძვირფასი აღმოჩნდა. მივდიოდი და ვფიქრობდი, რომ ოდესმე მეც ვიქნებოდი ვინმესთვის ის ადამიანი, რომელიც სხვას გაპარვის საშუალებას არ მისცემდა და ვინც ყოველთვის დაინტერესდებოდა იმ ადამიანების ცხოვრებით, რომლებსაც სამყარომ ზურგი აქცია.  

 

No comments:

Post a Comment

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

  ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ   დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტე...