განათლება

Monday, 23 March 2026

ადამიანი ადამიანისთვის: საჭიროებიდან სიყვარულამდე

 


ისტორია იწყება არა პირველი ცეცხლის დანთებით, არამედ იმ წამით, როდესაც ადამიანმა პირველად იგრძნო, რომ მარტოობის სიცივე უფრო საშიშია, ვიდრე გარეული მხეცი. აბრაამ მასლოუ სამართლიანად შენიშნავდა, რომ ურთიერთობა ჩვენთვის ფუფუნება კი არა, ბიოლოგიური აუცილებლობაა. მის „საჭიროებათა იერარქიაში“ სოციალური კავშირები მესამე საფეხურზეა, რადგან ფიზიკური გადარჩენის შემდეგ, ადამიანის სულს ყველაზე მეტად მიკუთვნებულობის განცდა სწყურია. ევოლუციური ფსიქოლოგიაც ხომ იმავეს გვიდასტურებს: ჩვენი წინაპრები გადარჩნენ არა იმიტომ, რომ ყველაზე ძლიერები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ საუკეთესოდ თანამშრომლობდნენ. ეს კავშირი იმდენად ღრმაა, რომ კვლევების თანახმად, სოციალური იზოლაცია ტვინში იმავე უბნებს ააქტიურებს, რასაც ფიზიკური ტკივილი – მარტოობა პირდაპირი მნიშვნელობით გვტკივა.

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ამბობდა, „ადამიანი სოციალური ცხოველია“, თუმცა ეს სოციალურობა მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტი არ არის.

ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, ჟან-პოლ სარტრი აღნიშნავს, რომ „ჯოჯოხეთი სხვები არიან“, სინამდვილეში იმ უდიდეს პასუხისმგებლობაზე მიგვანიშნებს, რომელსაც სხვისი მზერა გვაკისრებს -  ჩვენ ვერ ვხვდებით, ვინ ვართ, სანამ „სხვას“ არ შევეჯახებით. სწორედ სხვა ადამიანის სახეში ვირეკლებით და ვპოულობთ საკუთარ თავს.

ავსტრიელ - ებრაელი სიონიზმის თეორიტიკოსი და ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი მარტინ ბუბერი ამას კიდევ უფრო აღრმავებდა: ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ „მე-შენ“ დიალოგში ხდება, სადაც ადამიანი მეორე ადამიანს აღიქვამს არა როგორც გამოსაყენებელ ობიექტს, არამედ როგორც სულიერ სამყაროს. ამ ცოცხალი კავშირის სჯეროდა სოკრატესაც, რომელიც არასოდეს წერდა წიგნებს, რადგან სწამდა, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ორ ადამიანს შორის გაბმულ ცოცხალ დიალოგში იბადება და არა გაქვავებულ ასოებში.

ქართულ ცნობიერებაში ეს მეტაფიზიკური კავშირი ყველაზე მკაფიოდ შოთა რუსთაველმა ჩამოაყალიბა: ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად. ეს არ არის მხოლოდ მორალური დარიგება - ეს არის ფორმულა, სადაცჭირიანუ სხვისი ტკივილი, საკუთარი კომფორტის ზონის დათმობის ფასად, ადამიანობის უმთავრეს პირობად იქცევა. როდესაც რუსთაველითავის არ დარიდებაზესაუბრობს, ის ეხმიანება იმავე ეგზისტენციალურ პასუხისმგებლობას, რაზეც სარტრი და ბუბერი მიგვითითებდნენ: ჩვენი არსებობა მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ წონას, როცა მზად ვართ, სხვა ადამიანის ტვირთი გავიზიაროთ.

ლიტერატურა კი არის სივრცე, სადაც ჩვენი კავშირების ტრაგედია და სიდიადე ცოცხლდება. გაბრიელ გარსია მარკესი „მარტოობის ას წელიწადში“ გვიჩვენებს, როგორ ანგრევს ადამიანს კომუნიკაციის უუნარობა და კავშირების გაწყვეტა, ხოლო ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარაში“ გვახსენებს, რომ თანაგრძნობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა სხვის ტყავში „შეძვრები“. ამ თანამშრომლობისა და ინტელექტუალური სინერგიის ცოცხალი მაგალითია გოეთესა და შილერის მეგობრობა – ორმა გენიოსმა ერთმანეთის პატივისცემით შექმნა მთელი ეპოქა, სადაც ინდივიდუალიზმი კი არ დაიკარგა, არამედ გაორმაგდა.

რელიგიურ ჭრილში ეს ჰორიზონტალური კავშირი ადამიანებს შორის ვერტიკალურთან – ღმერთთან ურთიერთობასთანაა გადაჯაჭვული. ქრისტიანობაში თანამშრომლობა „მოყვასის მსახურებად“ გარდაიქმნება, სადაც უანგარო სიყვარული უმაღლესი კანონია. „არა არს უფროს ამისა სიყვარულისა, რაითა სული თვისი დადვას მეგობრისა თვისისათვის“ – ეს სიტყვები გვეუბნება, რომ სხვისთვის გაღებული თავგანწირვა ადამიანობის პიკია. ამ ერთობის უკიდურესი ფორმა იყო ადრეული ქრისტიანული თემებიც, სადაც ქონება საერთო ხდებოდა, რაც ეგოზე სრული გამარჯვების სიმბოლო იყო. ბუდიზმში კი ეს თანაგრძნობა იმის გაცნობიერებით მოდის, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია და ცალკეული, იზოლირებული „მე“ უბრალოდ ილუზიაა.

საბოლოოდ, უნდა გვახსოვდეს: ადამიანი არ არის კუნძული, ის მთლიანობის ნაწილია. ჩვენი საჭიროება მეორე ადამიანის მიმართ არ არის სისუსტე – ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ძალა. როდესაც ფსიქოლოგია ამას გადარჩენას არქმევს, ხოლო რელიგია – სიყვარულს, ისინი ერთსა და იმავე სიმართლეს სხვადასხვა ენაზე ყვებიან. ისტორია კი გვაჩვენებს, რომ უდიდესი ტაძრები და კაცობრიობის წინსვლის ყველაზე ნათელი იდეები მხოლოდ მაშინ იქმნებოდა, როცა ადამიანებმა საკუთარ ეგოზე მაღლა საერთო „ჩვენ“ დააყენეს. საჭიროებიდან დაწყებული ეს გზა ყოველთვის სიყვარულამდე მიდის, რადგან სხვაგვარად ადამიანად დარჩენა უბრალოდ შეუძლებელია.

 

No comments:

Post a Comment

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

  ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ   დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტე...