განათლება

Thursday, 26 March 2026

უხმო გაკვეთილი

 

მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მამა ავად გახდა. ოჯახის მძიმე ტვირთი სოფელში დედას და მე დაგვაწვა. გადავწყვიტე ის საგნები აღარ მესწავლა, რომლებიც ჩემთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა... ამ საგნების ჩამონათვალში მოხვდა ქიმიაც, რომელსაც ჩემთვის უსაყვარლესი მასწავლებელი ასწავლიდა. რამდენიმე დღე ინდიანა მასწავლებელი ჩემს საშინაო დავალების რვეულს დახედავდა მე არც დავალება მეწერა და არც გაკვეთილი მქონდა მომზადებული, მაგრამ არაფერს ამბობდამშობელთა კრების მოლოდინში დაძაბული ვიყავი, ვიცოდი დედა განაწყენდებოდა და  კრების წინა დღეს დამრიგებელს ვთხოვე ჟურნალი ეჩვენებინა, შიშით გავაყოლე თითი ჩემი სახელის გასწვრივ გრაფას და აღმოჩნდა, რომ მე კვლავ ხუთები მეწერა... შემრცხვა საკუთარი საქციელის...

               ვიცით მოზარდობის პერიოდში რთულია ბავშვის საჭიროებებს ჩაწვდე და გაიგო რა სურს მას, თუ მასთან მჭიდრო კავშირი და კომუნიკაცია არ გაქვს. ისინი მეტად ფოკუსირებული არიან საკუთარ თავზე,აღელვებთ და აფიქრებთ ისიც, თუ  რას ფიქრობენ თანატოლები, მეგობრები მათზე... უჩნდებათ დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი, „მე შემიძლია“, „მე გადავწყვეტ“, „არ მჭირდება, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე“. ცნობიერებაში შემოდის რომანტიკული ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ ემოციურ მდგომარეობას.

               მოზარდობის ასაკი ის მომენტია, როცა ბავშვები უმეტეს შემთხვევაში სრულიად მარტო არიან მათში მიმდინარე ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ ჰორმონალური ცვლილებების წინაშე. უჩნდებათ უამრავი შეკითხვა, და ამავდროულად რთულდება უფროსებთან კომუნიკაციის პროცესი. ნებისმიერი შეკითხვა შესაძლოა აღიქვან, როგორც მათზე კონტროლის მცდელობა. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში მათი ეს ფიქრები ლოგიკურია ჩვენც გვიჭირს თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც აბსოლუტურად ნორმალურია მოზარდობის პერიოდში. ჩვენ მშობლებმა, მასწავლებლებმა კარგად უნდა გავიგოთ ჩვენი შვილებისა და  მოსწავლეების ხედვები, ფიქრები, ემოციები...

               მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი ანა ფროიდი ამბობს, რომ: „ყველა პრობლემის სათავე ერთია - საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვა.“ აი სწორედ ამ პრობლემის წინაშე შეიძლება დავაყენოთ მოზარდები, თუ მათთან ემოციურ კავშირს გავწყვეტთ და მხოლოდ მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე ვფოკუსირდებით.ხშირად გვავიწყდება, რომ პრიორიტეტი მათი პიროვნებად ჩამოყალიბებაა, რისთვისაც სოციალიზაცია და ჯანსაღი ურთიერთობები გამორჩეულად მნიშვნელოვანია. სოციალურ - ემოციური კომპეტენციების განვითარება მოსწავლეს ეხმარება ჩაუღრმავდეს საკუთარ თავსა და ფიქრებს, დაინახოს არსებული მოცემულობა როგორც საკუთარი ასევე, სხვისი პერსპექტივიდან, გააძლიეროს ემპათიური დამოკიდებულებები.

               კარლ როჯერსი ამბობდა, ადამიანი გამოცდილებიდან გამომდინარე იცვლება, რაც  მე-ს რეალიზებისათვის საუკეთესო გზაა. მოზარდობის ასაკში მოსწავლეთა მხარდაჭერა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდასაჭერად. ჩვენ მოზარდებს ხელი კი არ უნდა შევუშალოთ დამოუკიდებლობის სწრაფვისკენ, პირიქით უნდა გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

როგორ ფიქრობთ, დასაწყისში რატომ გავიხსენე ჩემი მასწავლებლის ამბავი?

მან ზუსტად გამოიცნო ჩემი ემოციური არასტაბილურობა. უკომენტაროდ, დაკვირვების ქვეშ დატოვა ჩემი ამბავი,რამაც ჩემს ემოციურ მდგარდობაზე იმოქმედა. ჩემში ერთროულად გააცოცხლა რამდენიმე ემოცია, ბრაზი საკუთარ თავზე, სიხარული მისი ადამიანური ქმედებებიდან გამომდინარე, გაოცება მისი მოთმინებით და სიჩუმით და ყველაზე მთავარი, ნდობა, ვიგრძენი, რომ მას ჩემი სჯეროდა. შეიძლება თქვათ, რომ მსგავსი მიდგომა ყველა შემთხვევაში არ ამართლებს. დიახ, ასეა, თუმცა არის მომენტი, როცა სასწორზე დადებ შენს პრაქტიკულ გამოცდილებას და ეძებ რაღაც ინოვაციურს,  არ გაკმაყოფილებს მზა სტანდარტული რეცეპტი, შინაგანი ხმა არ გასვენებს, თითქოს ახლა სხვა რამეა საჭირო, მოზარდის ინდივიდუალურ საჭიროების დასანახად და მოსაგვარებლად. იწყება ღელვა ვაითუ არ გამომივიდეს, იქნებ ვერ შევძლო... რისკავ რადგან არ იცი ამას როგორ მიიღებს გარშემომყოფები, საზოგადოების ყველა წევრი. აქვე თითქოს უპირისპირდები მასწავლებლობის დადგენილ სტანდარტულ ჩარჩოს და ილაშქრებ დადგენილი სტერეოტიპების წინააღმდეგ, მაგრამ სულრვილი, იპოვო გამოსავალი, არ გაძლევს მოსვენებას. იწყებ გამუდმებულ ფიქრს მიზანთან მისასვლელი გზის  საპოვნელად და და აი, მაშინ იბადები თავიდან, ახალ მასწავლებლად, ახლებური ხედვით და მიგნებებით. საბოლოოდ ხვდები, რომ მოზარდთან ურთიერთობა მუდმივი ცვლილებების პროცესია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცდა და გარისკვა ნამდვილად ღირს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

No comments:

Post a Comment

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

  ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ   დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტე...