განათლება

Friday, 13 February 2026

მგზავრი

 


მაღვიძარის ხმამ დააფრთხო ოთახის სიმყუდროვე. საბნიდან მამაკაცის ხელი გამოჩნდა, ტელეფონის მარჯვენა კუთხე ხელების ცეცებით იპოვა და მაღვიძარა გათიშა. ოთახში ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

15 წუთის შემდეგ იგივე მელოდიამ შეარხია ოთახის სამარისებური სიჩუმე. საწოლში გადაბრუნების ხმა, ამოოხრება და წამოდგომის ხმა თითქოს ერთდროულად გაისმა ოთახში. შიშველი ფეხებით, საცვლის ამარა მამაკაცი დაწვდა საკიდზე დაკიდებულ ხალათს და მკლავი გაუყარა.

****

მანქანაში მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ბონიემი, სტინგი, ქართული 90-იანები ენაცვლებოდა ერთმანეთს და საჭესთან მჯდომი მამაკაცი თავდაჯერებული მიუყვებოდა გზას. წინ ნაცნობი სილუეტი მოძრაობდა. დამუხრუჭების ხმას მამაკაცის ოდნავ წყენა შეპარული ხმა მოჰყვა.

- ხომ გითხარი, რომ ამ დროს სამსახურში მივდივარ?..

- ჰო, მითხარით მაგრამ...

მგზავრმა კარები ფრთხილად მოიხურა და თითქოს შვებით ამოისუნთქა.

-       რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, თქვენს მანქანაში ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები.

-       რაიმე გაწუხებს?

-       საფიქრალის მეტი რა არის მასწავლებელო, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.

-       მესმის შენი, მაგით არც მე გამოვირჩევი დიდად.

-       როგორ თქვენც გაწუხებთ რაიმე?

-       როგორც ყველას... მოდი სასიამოვნო და მხიარული მუსიკა შევარჩიოთ და ვიმღეროთ...

ავტომანქანაში რიკი მარტინის ძალიან რიტმული მუსიკის ჰანგები არღვევდა მყუდროებას. მასწავლებელი და მოსწავლე ორივე ჩუმად მიუყვებოდა გზას, რომელიც ალბათ არასდროს დასრულდებოდა, რომ არა გზაჯვარედინზე აციმციმებული წითელი შუქნიშანი.

ენერგიული რიტმი უცნაურად ეხამებოდა დილის სიგრილეს. მამაკაცმა საჭეს თითები აჰყოლა, თუმცა მისი მზერა მაინც შორს, ჰორიზონტისკენ გარბოდა. "სიმღერა ხომ ვთქვით, მაგრამ დუმილიც მუსიკაა, როცა სწორი ადამიანი გიზის გვერდით" - ჩაილაპარაკა მასწავლებელმა და მგზავრს გადახედა. ახალგაზრდამ გაიღიმა. ეს არ იყო უბრალო ღიმილი, ეს იყო აღიარება იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია. მან ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია, რათა მანქანის სითბოსა და  მუსიკის ჰანგებში გარე სამყაროს ხმაური შემოჭრილიყო.

-       იცით, მასწავლებელო ყველაზე მეტად რა მიკვირს? როგორ ახერხებთ ყოველ დილით კარგ განწყობაზე იყოთ?

მამაკაცმა შუქნიშნის მწვანე ნიშანზე  მანქანა ნელა დაძრა.

-       არც ვარ, უბრალოდ, ყოველ დილით ვირჩევ, რომელი მელოდია აჯობებს ჩემს ფიქრებს. დღეს რიკი მარტინმა გაიმარჯვა, ხვალ... ხვალ ვნახოთ.

მანქანა სამსახურის შენობას მიუახლოვდა. მგზავრი გადავიდა, ზურგჩანთა მოიკიდა და სანამ კარს დაკეტავდა, კიდევ ერთხელ შეიხედა სალონში:

-       ხვალამდე, მასწავლებელო. იმედია, ხვალ უკეთესი დილა გათენდება.

მასწავლებელმა დაუქნია თავი, მარტო დარჩენილმა კი მუსიკას ცოტათი აუწია. წინ კიდევ ერთი გრძელი დღე ელოდა, მაგრამ იმ წამს, ქალაქის ქაოსში, ისევ თავდაჯერებული მიუყვებოდა გზას.

 

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...