განათლება

Friday, 13 February 2026

განათლების სისტემის გამოწვევები სკოლაში და მისი მოგვარების ხედვა სასკოლო სამკუთხედის ჩართულობით

შესავალი

თანამედროვე განათლების სისტემა სწრაფი სოციალური, ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებების ფონზე დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. სკოლა აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის ინსტიტუცია - ის იქცა სოციალურ, ემოციურ და ღირებულებით სივრცედ, სადაც ყალიბდება მომავალი მოქალაქე. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო საზოგადოების სამ ძირითად აქტორს: მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს, რომელთა ურთიერთქმედება ხშირად განისაზღვრება ტერმინით - „სასკოლო სამკუთხედი“.

კვლევის მიზანია სკოლის წინაშე არსებული ძირითადი სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ხედვის ჩამოყალიბება სასკოლო სამკუთხედის აქტიური და გააზრებული ჩართულობით.

 

თავი I. 

1.1 საკვლევი კონტექსტის აღწერა

კვლევა ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კონტექსტს, სადაც სწავლობენ სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და აკადემიური შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. სკოლა ფუნქციონირებს ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, თუმცა პარალელურად ცდილობს დანერგოს ინოვაციური მიდგომები, მათ შორის პროექტული სწავლება, კლასგარეშე აქტივობები და მშობელთა ჩართულობის მოდელები.

1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა

საკვლევი საკითხი ეხება განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე, ჩართულობასა და აკადემიურ შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევების შემსუბუქება ან გადაჭრა მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების ერთობლივი მოქმედებით.

1.3 პრობლემის აქტუალობა

პრობლემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სკოლებში ხშირია:

  • ხარისხიან განათლებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა;
  • გადატვირთული სასწავლო პროგრამები;
  • მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა;
  • მშობელთა ჩართულობის დისბალანსი;
  • მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ტექნოლოგიების არაეფექტური ინტეგრაცია.

ეს ფაქტორები საჭიროებს სისტემურ ანალიზსა და ჰოლისტიკურ მიდგომას.

 

თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა

საგანმანათლებლო კვლევები მიუთითებს, რომ მოსწავლეთა წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობაზე ვიგოტსკის სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიის მიხედვით, სწავლა ეფექტურია მაშინ, როდესაც ის სოციალური ურთიერთქმედების პროცესში მიმდინარეობს. თანამედროვე კვლევები ასევე ხაზს უსვამს მშობლების ჩართულობის, სოციალური-ემოციური სწავლებისა (SEL) და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას (OECD, 2019წ).

ამერიკელი განათლების სოციოლოგი და მკვლევარი ჯოის ლ. ეპშტეინი 
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იმ კონცეფციას, რასაც დღეს ხშირად „სასკოლო სამკუთხედს“ ან „სკოლა - ოჯახი - საზოგადოების თანამშრომლობას“ უწოდებენ.

ეპშტეინმა დაასაბუთა, რომ მოსწავლის აკადემიური და პიროვნული წარმატება მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როცა: სკოლა, ოჯახი (მშობლები) და საზოგადოება
ერთობლივად და კოორდინირებულად მოქმედებენ. მისი ნაშრომები ფართოდ გამოიყენება: სასკოლო პოლიტიკის დაგეგმვაში, განათლების რეფორმებში, კვლევით ნაშრომებსა და დისერტაციებში

ეპშტეინმა ჩამოაყალიბა მშობელთა ჩართულობის 6 ძირითადი ფორმა:

  1. მშობლობა/მზრუნველობა  - ბავშვის აღზრდის მხარდაჭერა;
  2. კომუნიკაცია - სკოლასა და ოჯახს შორის რეგულარული კავშირი;
  3. მოხალისეობა - მშობლების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში;
  4. სწავლა სახლში  - ოჯახის ჩართულობა სასწავლო პროცესში;
  5. გადაწყვეტილებებში მონაწილეობა - მშობლების ხმა სკოლაში;
  6. თანამშრომლობა საზოგადოებასთან – სკოლის ღიაობა საზოგადოებისთვის.

 

 

 

 

 

ტიპი

აღწერა

სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთქმედების მიზანი

1.     მშობლობა/

მზრუნველობა

ბავშვის აღზრდის მხარდაჭერა და ჰარმონიული გარემოს შექმნა

ბავშვის სწავლისა და პიროვნული განვითარებისთვის უსაფრთხო და სტაბილური მხარდაჭერის უზრუნველყოფა

2. კომუნიკაცია

რეგულარული ინფორმაციის გაცვლა სკოლასა და ოჯახს შორის

მშობლებმა იცოდნენ ბავშვის პროგრესი, პრობლემები და საჭიროებები

3. მოხალისეობა

მშობლების მონაწილეობა სასკოლო საქმიანობაში

მოსწავლეთა მხარდაჭერა და სკოლის საქმიანობის გაძლიერება, აქტიური ჩართულობა

4. სწავლა სახლში

ოჯახში სწავლის პროცესში ჩართვა

ბავშვების ცოდნის განმტკიცება, სასწავლო მიზნების მხარდაჭერა და პრაქტიკული უნარების განვითარება

5. გადაწყვეტილებებში მონაწილეობა

მშობლების ხმა სკოლაში

სკოლის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების ფორმირება, მშობელთა ინკლუზია

6. თანამშრომლობა საზოგადოებასთან

სკოლის კავშირი ადგილობრივ საზოგადოებასთან

სასწავლო პროცესის გაძლიერება რესურსების გაზიარებით, პროფესიონალების ჩართულობით და ინიციატივებით

 

 

 

 

 

 

 

სოციალური კონსტრუქტივიზმის თეორიის ფუძემდებელი,  ლევ ვიგოტსკი,  აღნიშნავდა, რომ ბავშვის ცოდნა და უნარები ვითარდება სოციალური ინტერაქციის საშუალებით. მისი ცენტრალური კონცეფცია - ახლოს განვითარებული ზონა  ხაზს უსვამს, რომ ბავშვი სწავლობს უკეთ, როდესაც მოქმედებს საქმიანობაში, რომელიც ცოტათი მაღლაა მის დამოუკიდებელ შესაძლებლობებზე, იმ შემთხვევაში თუ მას ამ პროცესში სჭირდება მხარდაჭერა გამოცდილი პირებისგან. ეს თეორია პირდაპირ უკავშირდება სასკოლო სამკუთხედის კონცეფციას, სადაც ჩართულია მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე:

  1. მასწავლებლები - უზრუნველყოფენ დიფერენცირებულ, პროექტულ და აქტიურ სწავლების მეთოდებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს ზონაში, რომელიც ზემოთ არის მათი დამოუკიდებელი შესაძლებლობებისგან.
  2. მშობლები  - მხარს უჭერენ ბავშვს სახლში, ახდენენ რთული კონცეფციების განმარტებას და პრაქტიკული აქტივობების მხარდაჭერას, რაც ზრდის მოსწავლის ცოდნის მიღწევად დონეს.
  3. მოსწავლეები - აქტიურად თანამშრომლობენ თანატოლებთან, დისკუსიებში და პროექტებში, რაც აძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად გამოიყენონ ცოდნა, ამავე დროს განვითარებაში აქვთ თანატოლთა მხარდაჭერა.

2019 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში „განათლება და უნარები 2030“, რომელიც ასახავს განათლების სისტემების ძირითადი გამოწვევებს მომავლის მოთხოვნების კონტექსტში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარები, სოციალური-ემოციური სწავლება და სიცოცხლის მანძილზე სწავლის უნარების განვითარება.

ეს კვლევა პირდაპირ კავშირშია სკოლის სამკუთხედის კონცეფციასთან და მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის საკითხებთან:

  1. მასწავლებლები - ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეთა მომავლის უნარების განვითარებისთვის საჭიროა სწავლების ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა პროექტული სწავლება, გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობები და ინდივიდუალური მხარდაჭერა. ეს სრულად ემთხვევა სასკოლო სამკუთხედის მეთოდოლოგიას, სადაც მასწავლებელი ხელმძღვანელობს და ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის განვითარებას.
  2. მშობლები - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცა ხაზს უსვამს ოჯახების ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ცხოვრების უნარების, სოციალური და ემოციური სწავლების მხარდაჭერის კუთხით. მშობლები არიან მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც აძლიერებს ბავშვების მომავლისთვის საჭირო უნარებს.
  3. მოსწავლეები - ანგარიშის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება აქტიურად მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში, პრობლემების გადაჭრაში და პროექტებში, რაც ზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას.

შეჯამებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიში ადასტურებს, რომ სკოლების გამოწვევები (მოტივაციის ნაკლებობა, სასწავლო გეგმის გადატვირთვა, პრაქტიკული უნარების დეფიციტი) მოითხოვს თანამშრომლობის პროცესებს სასკოლო სამკუთხედში, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა წარმატებით დაემზადონ მომავლის რეალობისთვის.

 

თავი III. კვლევის დიზაინი

3.1 საკვლევი კითხვის ფორმულირება

როგორ შეიძლება სკოლაში არსებული საგანმანათლებლო გამოწვევების გადაჭრა სასკოლო სამკუთხედის - მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების,  აქტიური ჩართულობით?

3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები

კვლევის მიზანი:
განათლების სისტემაში არსებული ძირითადი გამოწვევების ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა სასკოლო სამკუთხედის ჩართულობით.

ამოცანები:

  • სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირება;
  • სასკოლო სამკუთხედის როლის განსაზღვრა;
  • ეფექტური პრაქტიკების აღწერა;
  • რეკომენდაციების შემუშავება.

 

თავი IV. კვლევის მეთოდოლოგია

4.1 კვლევის მეთოდები

კვლევაში გამოყენებულია:

  • დოკუმენტების ანალიზი;
  • დაკვირვება სასკოლო პროცესებზე;
  • ფოკუს-ჯგუფური განხილვები მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან;
  • პრაქტიკული შემთხვევების ანალიზი.

4.2 მონაცემთა ანალიზი

საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 500 ზე მეტი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი, გამოკითხვა ანონიმურია და მაქსიმალურად დაცულია კონფიდენციალურობა. მონაცემები გაანალიზდა შინაარსობრივი ანალიზის მეთოდით, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ ძირითადი პრობლემური მიმართულებები.

 

თავი V. კვლევის შედეგები

5.1 ძირითადი მიგნებები

კვლევამ გამოავლინა შემდეგი ძირითადი გამოწვევები:

  1. უთანასწორობა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაში;
  2. გადატვირთული სასწავლო გეგმა და პრაქტიკული უნარების დეფიციტი;
  3. მასწავლებელთა პროფესიული გადაწვა;
  4. მშობელთა ჩართულობის არათანაბარი დონე;
  5. მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები;
  6. ტექნოლოგიების არაეფექტური გამოყენება.

5.2 რეკომენდაციები ინტერვენციებისთვის

ინტერვენციები უნდა ეფუძნებოდეს სამკუთხედის თანამშრომლობას:

  • მასწავლებლები: დიფერენცირებული სწავლება, პროექტული და გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდები;
  • მშობლები: მხარდაჭერითი გარემოს შექმნა და სკოლის პარტნიორობა;
  • მოსწავლეები: აქტიური მონაწილეობა, თვითრეგულირება და თანატოლთა მხარდაჭერა.

 

თავი VI. კვლევის ჯგუფის რეკომენდაციები

კვლევის ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს:

  • ერთობლივი სასწავლო თემების შექმნას;
  • ინკლუზიური და მოქნილი სასწავლო გეგმების დანერგვას;
  • ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას;
  • ტექნოლოგიების გააზრებულ და ეთიკურ გამოყენებას.

 

თავი VII. დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ განათლების სისტემის გამოწვევები ვერ გადაიჭრება ცალმხრივი მიდგომებით. მხოლოდ სასკოლო სამკუთხედის - მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეების - გააზრებული, თანასწორი და მუდმივი თანამშრომლობა ქმნის მდგრად საგანმანათლებლო გარემოს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ მოსწავლეთა სრულფასოვან პიროვნულ განვითარებას.

 

ბიბლიოგრაფია

  • ჯ. ეპშტეინი (2011) სკოლის, ოჯახის და საზოგადოების პარტნიორობა;
  • ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (2019 წ) განათლებისა და უნარების მომავალი 2030 წელს;
  • ლ. ვიგოტსკი (1978წ) გონება საზოგადოებაში.

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...