ალბათ არაერთი ადამიანი
დაფიქრებულა რატომ დასჭირდა კაცობრიობას მორალი? ან სულაც მორალური ჩარჩო ინდივიდს კომფორტს უქმნის თუ ზღუდავს ადამიანის ნების თავისუფლებას და აქცევს მას სტერეოტიპულ
ჩარჩოში? ზოგი მორალს რელიგიასთან აკავშირებს, მავანი კი მას ევოლუციურ ინსტიქტს
უწოდებს და კაცთა მოდგმის გადარჩენის გარანტად განიხილავს.
დიახ, მორალი კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენია. იგი ერთდროულად
გვევლინება როგორც შინაგანი გზამკვლევი და ამასთანავე საზოგადოებრივი წნეხის იარაღი.
მორალი არ გაჩენილა ვაკუუმში. ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი რიჩარდ დოკინზი ამტკიცებს, რომ „ალტრუიზმი“ სინამდვილეში
გენეტიკური სტრატეგიაა. მისი თქმით, ტომი, რომლის წევრებიც ერთმანეთს არ ხოცავდნენ და საკვებს უზიარებდნენ,
უფრო სიცოცხლისუნარიანები იყვნენ, ვიდრე ეგოისტთა ერთობა. პრინციპი ძალიან მარტივია, „მე
დაგეხმარები შენ, რათა ხვალ შენ დამეხმარო მე“. მორალი გაჩნდა, როგორც სოციალური
კავშირი, რომელმაც ინსტინქტები (აგრესია, სიხარბე…) საზოგადოებრივ ინტერესებს დაუმორჩილა.
ფილოსოფიური აზროვნება მორალს ორ ძირითად ბანაკად ყოფს:
იმანუელ
კანტისთვის მორალი აბსოლუტურია. მან შემოიღო კატეგორიული იმპერატივი:
„მოიქეცი ისე, რომ შენი ქცევის პრინციპი საყოველთაო კანონად იქცეს“. თუ ტყუილი
ცუდია, ის ცუდია ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც ამით ვინმე გადაარჩინო. ჯონ სტიუარტ
მილის აზრით მორალის საზომი შედეგია. „მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალური რაოდენობის
ადამიანისთვის“. აქ მორალი მათემატიკურ გამოთვლას ემსგავსება.
რელიგიამ მორალს მისცა „უმაღლესი სანქცია“ - ღმერთი. ქრისტიანობაში აქცენტი პიროვნულ
სიწმინდესა და თავგანწირვაზეა. „გიყვარდეს მტერი შენი“ - ეს მორალური რევოლუცია
იყო, რომელმაც ბიოლოგიურ შურისძიებაზე მაღლა დააყენა სულიერი წყალობა.
ისლამში მორალი განუყოფელია სამართლისგან (შარიათი).
ეს არის მკაცრი დისციპლინის, სამართლიანობისა და საზოგადოებრივი ვალდებულების სისტემა.
ბუდიზმიში კი მორალი არ არის „ბრძანება“ ღვთისგან. ეს არის კოსმიური კანონზომიერება
(კარმა). მორალური ქცევა საჭიროა არა ღვთის მოსაგებად, არამედ ტანჯვისგან თავის დასაღწევად
და ნირვანას მისაღწევად.
ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიტი ამბობს, რომ ჩვენი მორალური მსჯელობები ჰგავს
„ემოციურ ძაღლს, რომელიც თავის ლოგიკურ კუდს იქნევს“. ჩვენ ჯერ ინტუიციურად ვგრძნობთ,
რა არის სწორი (ემოცია), და მერე ვიგონებთ არგუმენტებს მის გასამართლებლად (ლოგიკა).
მორალი აქ არა გონების, არამედ „მორალური ინტუიციების“ ნაყოფია.
ფრიდრიხ ნიცშე და გუსტავ ლე ბონი ხაზს უსვამდნენ, რომ ჯგუფში მორალი დეგრადირდება.
შესაბამისად ბრბოში ინდივიდი კარგავს „მე“-ს და ხდება მასის ნაწილი. ნიცშეს
აზრით, არსებობს „მონური მორალი“, რომელიც შურითაა გაჯერებული და ცდილობს ყველაფერი
გამორჩეული საშუალო სტანდარტამდე დაიყვანოს. ბრბოსთვის მორალი ხშირად სხვისი განსჯის
და ჩაქოლვის იარაღია.
წარმოიდგინეთ, რომ მართავთ ტროლეიბუსს, რომელსაც მუხრუჭები გაუფუჭდა. რელსებზე
5 ადამიანი მუშაობს. თქვენ გაქვთ შანსი გადაუხვიოთ სხვა ლიანდაგზე, სადაც მხოლოდ 1
ადამიანია. რას იზამთ? სავარაუდოდ გადაუხვევთ, რადგან 1 სიცოცხლე ნაკლებია 5-ზე. ან
შესაძლოა არ გადაუხვიოთ, რადგან სხვა რელსზე
გადასვლით თქვენ აქტიურად იღებთ მკვლელობის გადაწყვეტილებას და იყენებთ იმ ერთ ადამიანს
„ინსტრუმენტად“ სხვების გადასარჩენად, რაც ამორალურია.
ეს დილემა აჩვენებს, რომ მორალი არასდროსაა შავ-თეთრი. იგი მუდმივი კონფლიქტია
„შედეგსა“ და „პრინციპს“ შორის.
დღეს მორალი გასცდა ადამიანთა ურთიერთობებს. პიტერ სინგერი საუბრობს
„ცხოველთა განთავისუფლებაზე“ - რატომ ვთვლით მორალურად ადამიანის ტანჯვას ცუდად, ხოლო
ცხოველისას - მისაღებად? თანამედროვე მორალი სულ უფრო მეტად ხდება გლობალური და ეკოლოგიური.
ნიცშემ გადატრიალება მოახდინა ეთიკაში, როდესაც დასვა კითხვა არა „რა არის
მორალური?“, არამედ „რა ღირებულება აქვს თავად მორალს?“. თავის ნაშრომში „მორალის
გენეალოგია“, ის ორ ძირითად ტიპს გამოყოფს:
·
პირველი ეყრდნობა ანტიკური ხანის
არისტოკრატიული ხედვას, სადაც „კეთილი“ ნიშნავდა ძლიერს, კეთილშობილს, მამაცს და
სიცოცხლით სავსეს. „ბოროტი“ კი იყო უბრალოდ „ცუდი“ - სუსტი, მშიშარა და უნიათო.
·
მეორე, ნიცშეს აზრით, ქრისტიანობას და იუდაიზმს, რომლებმაც გადააფასეს ღირებულებები. სუსტებმა, რომელთაც არ შეეძლოთ ძლიერების დამარცხება
ფიზიკურად, შექმნეს მორალი, სადაც სიძლიერე ბოროტებად გამოცხადდა, ხოლო სისუსტე, თავმდაბლობა
და მორჩილება - „სათნოებად“. გამოდის, რომ ,ნიცშეს აზრით ,მორალი არის ინსტრუმენტი, რომლითაც
„ნახირი“ (ბრბო) ცდილობს დაიმორჩილოს და შეზღუდოს გამორჩეული, შემოქმედი ინდივიდი.
თუ ნიცშე მორალს ისტორიულ კონტექსტში განიხილავდა, მორალური ფსიქოლოგია მას
ჩვენს ნეირონებში ეძებს. ჯონათან ჰაიტის მორალური საფუძვლების მიხედვით, ადამიანის მორალი ეყრდნობა რამდენიმე „გენეტიკურ
რეცეპტორს“, ისევე როგორც ენას აქვს გემოვნების რეცეპტორები:
- მზრუნველობა/ზიანი: ინსტინქტი, დავიცვათ სუსტი.
- სამართლიანობა/თაღლითობა: ალტრუიზმის ევოლუციური საფუძველი.
- ლოიალობა/ღალატი: ჯგუფური გადარჩენის მექანიზმი.
- ავტორიტეტი/სუბვერსია: იერარქიის პატივისცემა.
- სიწმინდე/დეგრადაცია: ზიზღის გრძნობა, რომელიც გვიცავდა
დაავადებებისგან.
ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ ვგრძნობთ და მხოლოდ შემდეგ ვაზროვნებთ.
თუ ვხედავთ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ იქცევა, ჩვენს ტვინში ჯერ ზიზღის ცენტრი აქტიურდება,
ხოლო „ლოგიკური“ არგუმენტები მხოლოდ ამ გრძნობის გასამყარებლად მოგვყავს. დავუბრუნდეთ
ჩვენს დილემას: გადავწიოთ თუ არა ბერკეტი, რათა 1 ადამიანი მოვკლათ და 5 გადავარჩინოთ?
ნიცშე ალბათ იტყოდა, რომ აქ მთავარი არა მათემატიკა, არამედ ნებაა. თუ თქვენ
ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალა აიღოს პასუხისმგებლობა ტრაგიკულ არჩევანზე, თქვენ
მოქმედებთ საკუთარი ღირებულებებით. თუმცა, თუ თქვენ მოქმედებთ მხოლოდ იმიტომ, რომ
„ასეა საჭირო საზოგადოებისთვის“, თქვენ „ნახირის მორალის“ ტყვეობაში ხართ.
ჯოშუა გრინის კვლევები აჩვენებს, რომ თუ ადამიანს ვთხოვთ ბერკეტის
გადაწევას, ის ხშირად თანხმდება. მაგრამ, თუ მას ვეტყვით, რომ საკუთარი ხელით უნდა
გადააგდოს ზრდასრული კაცი ხიდიდან ტროლეიბუსის შესაჩერებლად, ადამიანთა უმეტესობა უარს
ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკური შეხება და პირდაპირი ძალადობა ააქტიურებს ტვინის
ძველ, ემოციურ უბნებს, მაშინ როცა ბერკეტის გადაწევა უფრო „ცივი“ რაციონალური გათვლაა.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მორალი არის ფსიქოლოგიური ინსტინქტების
და ნიცშესეული სოციალური კონსტრუქტების (სუბიექტური ფორმა) ნაზავი. იგი არ არის
ზეციდან ჩამოწერილი უცვლელი კოდექსი, არამედ ევოლუციური ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება
რთულ სოციალურ გარემოში ორიენტაციაში.
და ბოლოს, რაც ერთი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ან რელიგიისთვის მორალურია, შეიძლება ის სხვა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ან რელიგიისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ან ამორალური იყოს.
.webp)
No comments:
Post a Comment