ჩვენ ვზრდით თაობას, რომელსაც ყველაფრის მიღება უნდა სწრაფად, უმტკივნეულოდ და მინიმალური ძალისხმევით. თინეიჯერებს ხშირად ვადანაშაულებთ სიზარმაცეში, უპასუხისმგებლობაში და დაუდევრობაში, მაგრამ იშვიათად ვსვამთ მთავარ კითხვას:
ვასწავლით კი მათ ნებისყოფას?
და მაინც რა არის
ნებისყოფა?
ნებისყოფა არ არის თანდაყოლილი პრივილეგია. იგი გამომუშავდება
მაშინ, როცა ადამიანი აკეთებს იმას, რასაც ეწინააღმდეგება, ელოდება შედეგს მოთმინებით
და ყოველდღიურად ასრულებს რუტინულ შრომას, მაშინაც კი, როცა ეს მოსაწყენია.
თინეიჯერის ყოველდღიურობა სავსეა არჩევანით: ტელეფონი თუ
წიგნი, თამაში თუ პასუხისმგებლობა, ახლა სიამოვნება თუ ხვალ შედეგი. სწორედ აქ იწრთობა
ან ინგრევა ნებისყოფა.
15 წლის მოზარდი, რომელიც დაღლილი ბრუნდება სკოლიდან და სწავლას
გადადებს „ხვალისთვის“, არაფრით განსხვავდება ზრდასრულისგან, რომელიც საკუთარ ცხოვრებას
მუდმივად მომავალს გადააბარებს. განსხვავება მხოლოდ ასაკშია - შედეგი იგივეა.
პრობლემა ისაა, რომ უფროსები ხშირად თავად ვურჩევთ იოლ გზას:
„დაიღალე, მერე გააკეთებ“, „ახლა არ არის აუცილებელი“, „მთავარია ბედნიერი იყო“.
ბედნიერება შრომის გარეშე ილუზიაა. ხოლო ილუზიები ნებისყოფას
არ აყალიბებს.
თანამედროვე საზოგადოება თინეიჯერს ასწავლის ერთ რამეს: თუ
შედეგი სწრაფად არ მოდის, ესე იგი, არ ღირს. სოციალური ქსელები გვაჩვენებს „წარმატებას“
მონტაჟით, ფილტრებითა და სიცრუით, სადაც შრომა კადრს მიღმა რჩება. თინეიჯერი იწყებს
უცხოური ენის, მუსიკის ან სპორტის სწავლას, მაგრამ პირველივე სირთულეზე ჩნდება კითხვა:
„რატომ უნდა ვიტანჯო, თუ შედეგი არ ჩანს?“
და აქ ხშირად ვმარცხდებით უფროსები - იმიტომ, რომ მოთმინებას
სიტყვით კი ვაქებთ, მაგრამ ცხოვრებაში თავადაც არ ვაჩვენებთ.
ნებისყოფა არ ყალიბდება განსაკუთრებულ მომენტებში. ის ყალიბდება
ყოველდღიურობაში - ერთსა და იმავე ვარჯიშში, ერთსა და იმავე პასუხისმგებლობაში, ერთსა
და იმავე წესრიგში.
მაგრამ ჩვენ, მშობლები და საზოგადოება, ხშირად ვცდილობთ თინეიჯერის
„დაცვას“ რუტინისგან:
- ზედმეტად ვუმარტივებთ ცხოვრებას
- ვუთავისუფლებთ პასუხისმგებლობას
- ყველაფერს წინასწარ ვუგვარებთ
და მერე გვიკვირს, რატომ ვერ უძლებს სირთულეს.
მშობელი შეიძლება იყოს ორი სახის:
ხელისშემშლელი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, არ აძლევს არჩევანს და
შეცდომის უფლებას;
მიმართულების მიმცემი, რომელიც აძლევს თავისუფლებას პასუხისმგებლობის
ფასად.
თინეიჯერს არ სჭირდება მშობელი, რომელიც მის ნაცვლად იცხოვრებს.
მას სჭირდება ზრდასრული, რომელიც აჩვენებს, რომ წინააღმდეგობა, მოთმინება და რუტინა
ცხოვრების ნაწილია და არა სასჯელი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თინეიჯერებში
არ არისპრობლემა იმ გარემოშია, რომელიც მათ ვთავაზობთ. თუ საზოგადოება აფასებს მხოლოდ
შედეგს და არა ძალისხმევას, თუ მშობელი მუდმივად ამარტივებს გზას, თუ სკოლა პასუხისმგებლობას
აკადემიურ ქულამდე ამცირებს - შედეგი გარდაუვალია.
ნებისყოფის გარეშე გაზრდილი თინეიჯერი ხდება ზრდასრული, რომელიც
პირველივე სირთულეზე უკან იხევს. და ეს უკვე არა ინდივიდის, არამედ საზოგადოების პრობლემაა.
.webp)
No comments:
Post a Comment