განათლება

Tuesday, 20 January 2026

მასწავლებლის როლის ევოლუცია

    მასწავლებლობა ყველა დროის ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეებში მასწავლებლობა, გარკვეული თვალსაზრისით, უფრო მარტივი ჩანდა, დღეს განათლების სისტემა მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, რაც პედაგოგის პროფესიული უნარ-ჩვევების ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვს. თუ ადრე მასწავლებელი ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო, დღეს მისი როლი რადიკალურად იცვლება.

წარმოგიდგენთ მასწავლებლის პორტრეტს ორ განსხვავებულ ეპოქაში:

წარსულის მასწავლებელი: წარსულში (განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში) მასწავლებელი აღიქმებოდა, როგორც „ცოდნის მონოპოლისტი“. მისი სიტყვა კანონი იყო, სწავლების მეთოდი კი - ძირითადად რეპროდუქციული. აღსანიშნავია ის ფუნდამენტური, ღრმა აკადემიური ცოდნა, რომელსაც პედაგოგები კონკრეტულ საგანში ფლობდნენ. კლასში მეფობდა წესრიგისა და იერარქიის მკაცრი დაცვა, მასწავლებლის მიმართ კი საზოგადოების მხრიდან უპირობო პატივისცემა და ავტორიტეტი არსებობდა.

თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლები ყურადღება ექცეოდა მოსწავლის ემოციურ მდგომარეობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებს. მაგალითად, დღეს ბევრისთვის გაუგებარია, რატომ იყო აუცილებელი დაწყებით კლასებში მერხთან ორივე ხელის მიჯრით, გაუნძრევლად ჯდომა. სწავლების მეთოდები ერთფეროვანი იყო (ლექცია, გამოკითხვა, დაფა), აქცენტი კი კეთდებოდა დამახსოვრებაზე და არა მასალის გააზრებაზე. წარსულის პედაგოგების მთავარ გამოწვევას რესურსების სიმცირე წარმოადგენდა, ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ბიბლიოთეკებითა და სახელმძღვანელოებით იყო შესაძლებელი. ასევე, გამოწვევა იყო მასობრივი განათლების სტანდარტიზებული მიდგომა, სადაც ყველა მოსწავლეს „ერთი თარგით“ ზომავდნენ.

მომავლის მასწავლებელი: მომავლის მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ „მოუბარი“, რომელსაც უსმენენ (ან ჰგონიათ, რომ უსმენენ). იგი მენტორია, რომელიც მოსწავლეს ინფორმაციის ოკეანეში ორიენტირებაში ეხმარება. თანამედროვე პედაგოგისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლის ფსიქოლოგიის ცოდნა და მასთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება. იგი ვალდებულია, იცნობდეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ფლობდეს ინფორმაციას მისთვის საინტერესო რესურსებზე (მაგალითად, რა ფილმებს უყურებს, რას თამაშობს, რით ერთობა და ხომ არ არის ეს მისთვის საზიანო).

თანამედროვე მასწავლებელი კარგად უნდა ფლობდეს ციფრულ ტექნოლოგიებს და მოსწავლეს ფასილიტაცია უნდა გაუწიოს ციფრულ სამყაროში ადაპტაციისთვის. მას მოეთხოვება სწრაფი რეაგირება ცვალებად გარემოზე და უწყვეტი თვითგანვითარება. თუმცა, ეს გზა არაერთი საფრთხის შემცველია. მუდმივი ცვლილებების რეჟიმში მუშაობა დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც ხშირად პროფესიული გადაწვის მიზეზი ხდება.

დღეს მასწავლებელი მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობს, რა ან როგორ ასწავლოს, არამედ მისი უმთავრესი გამოწვევა მოსწავლის დაინტერესება და ყურადღების კონცენტრაციაა. ასევე თანამედროვე მასწავლებლის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ამავდროულად, შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის (AI) სასწავლო პროცესში ინტეგრირებაა. თუ ადრე პედაგოგი იყო ცოდნის გადამცემი, დღეს მასწავლებლის ფუნქცია იცვლება: მან უნდა ასწავლოს მოსწავლეს, როგორ გამოიყენოს ტექნოლოგია გონივრულად და ეთიკურად. მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს სოციალური პრობლემებიც, მშობელთა ემიგრაცია, ბულინგი და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელთა ამოცნობაც პედაგოგისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

თუ წარსულის მასწავლებელი იყო „ბრძენი სცენაზე“, მომავლის მასწავლებელი უნდა გახდეს „მხარდამჭერი მეგზური“. მთავარი ღირებულება აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის ფლობა, არამედ მისი კრიტიკულად გამოყენების, ანალიზისა და შემოქმედებითი გადამუშავების უნარი.

 

 

 

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...