განათლება

Tuesday, 20 January 2026

ბავშვი როგორც განათლების ცენტრი: პედაგოგიური პრინციპი, რომელიც არ ექვემდებარება კომპრომისს



პედაგოგიკა ეფუძნება რიგ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთაგან ნაწილი შეიძლება შეიცვალოს ან მოერგოს კონკრეტულ საგანმანათლებლო კონტექსტს, ასაკობრივ თავისებურებებსა და გარემო პირობებს. თუმცა არსებობს ერთი უცვლელი და უნივერსალური წესი: ბავშვი არის სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურა. ეს პრინციპი წარმოადგენს თანამედროვე განათლების ფილოსოფიის ბირთვს და მისი უგულებელყოფა არა მხოლოდ პედაგოგიური ეთიკის დარღვევას, არამედ მოსწავლის სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვას იწვევს.

ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის მიხედვით, სწავლა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ეყრდნობა ბავშვის განვითარების ეტაპს და მის აქტიურ ჩართულობას შემეცნებით პროცესში. პიაჟე აღნიშნავდა, რომბავშვი არ არის ცარიელი ჭურჭელი, რომელიც ცოდნით უნდა შეივსოს; ის არის აქტიური შემქმნელი საკუთარი ცოდნისა“. აქედან გამომდინარე, სწავლება, რომელიც ბავშვის ინტერესებსა და შესაძლებლობებს უგულებელყოფს, ვერ უზრუნველყოფს ნამდვილ ინტელექტუალურ პროგრესს.

განვიხილოთ მაგალითი
მეორე კლასში მასწავლებელი მათემატიკის გაკვეთილზე მოსწავლეებს სთავაზობს აბსტრაქტული ამოცანების ამოხსნას (მრავლობითი რიცხვები, სიტყვიერი ამოცანები) ისე, რომ ჯერ არ იყენებს ვიზუალურ მასალას ან მანიპულირებად საგნებს. ბავშვები მექანიკურად იმეორებენ წესებს, თუმცა ვერ ხსნიან, რატომ აკეთებენ ასე. პიაჟეს მიხედვით, ამ ასაკში ბავშვი ოპერირებს კონკრეტული ოპერაციების ეტაპზე, სადაც სწავლა ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როცა მას თან ახლავს რეალური მოქმედება (კუბიკები, ნახატები, თამაშები). ასეთ შემთხვევაში ბავშვის განვითარების ეტაპის იგნორირება იწვევს ფორმალურ ცოდნას ინტელექტუალური გააზრების გარეშე.

ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კულტურული თეორია კიდევ უფრო ამყარებს ბავშვის ცენტრალურ როლს განათლებაში. მისიახლო განვითარების ზონისკონცეფცია მიუთითებს, რომ სწავლება უნდა უსწრებდეს განვითარებას და ემყარებოდეს მოსწავლის პოტენციალს, რომელსაც ის ახორციელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გზით. ვიგოტსკის აზრით, „სწავლება მაშინ არის შედეგიანი, როდესაც ის მიმართულია არა უკვე ჩამოყალიბებულ უნარებზე, არამედ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც განვითარების პროცესშია“.

განვიხილოთ მაგალითი:
მეხუთე კლასში ტექსტის გააზრებისას მასწავლებელი სვამს მხოლოდ დახურულ კითხვებს („ვინ? სად? როდის?“), რადგან მიაჩნია, რომ მოსწავლეები ჯერ „მზად არ არიან“ ანალიზისთვის. შედეგად, ბავშვები არ სწავლობენ აზრის გამოთქმას, მსჯელობასა და არგუმენტირებას.
ვიგოტსკის კონცეფციის თანახმად, სწორედ ამ ეტაპზეა საჭირო მასწავლებლის მხარდაჭერა - დამატებითი კითხვები, მინიშნებები, ჯგუფური მუშაობა - რათა მოსწავლე გადავიდეს იმ დონეზე, რომელსაც დამოუკიდებლად ჯერ ვერ აღწევს. აქ სწავლება არ უსწრებს განვითარებას და ბავშვი რჩება საკუთარ პოტენციალზე დაბლა.

ჯონ დიუის პროგრესული პედაგოგიკა ხაზს უსვამს გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას. დიუის თანახმად, განათლება არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა, არამედ სოციალური და პიროვნული ზრდის პროცესი. მისი ცნობილი დებულებაა: „თუ დღეს ვასწავლით ბავშვებს გუშინდელი მეთოდებით, ვპარავთ მათ მომავალს“. ეს მოსაზრება მკაფიოდ მიუთითებს, რომ მასწავლებლის ყურადღება უნდა იყოს მიმართული ბავშვის საჭიროებებზე და არა მხოლოდ პროგრამის ფორმალურ შესრულებაზე.

განვიხილოთ მაგალითი
ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელი ეკოსისტემებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ტექსტით ასწავლის, მაშინ როცა სკოლას აქვს ეზო, ბაღი ან ახლომდებარე პარკი. ბავშვები სწავლობენ განსაზღვრებებს, მაგრამ ვერ აკავშირებენ ცოდნას რეალურ ცხოვრებასთან. დიუის მიხედვით, სწავლა ხდება ეფექტიანი მაშინ, როცა ის უკავშირდება გამოცდილებას. ერთი გასვლითი გაკვეთილი, დაკვირვება ან ექსპერიმენტი გაცილებით ღრმა და მდგრად ცოდნას ქმნის, ვიდრე მხოლოდ თეორიული ახსნა. აქ ბავშვი აღარ არის ინფორმაციის მიმღები - ის ხდება გამოცდილების მონაწილე.

 

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი კარლ როჯერსი განათლებაში ემპათიის, მიღებისა და პიროვნებაზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. მისი აზრით, „ნამდვილი სწავლა ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მას იღებენ და პატივს სცემენ როგორც პიროვნებას“. ამგვარად, მასწავლებლის მიერ ბავშვის იგნორირება არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ემოციურ და მოტივაციურ ზიანსაც აყენებს მოსწავლეს.

განვიხილოთ მაგალითი
მასწავლებლის დასმულ შეკითხვაზე, მოსწავლე კლასში შეცდომით პასუხობს და მასწავლებელი ირონიით ან მკაცრი შენიშვნით რეაგირებს. ამის შემდეგ ბავშვი აღარ ცდილობს პასუხის გაცემას, აღარ სვამს კითხვებს და თანდათან კარგავს მოტივაციას. როჯერსის ჰუმანისტური მიდგომის მიხედვით, სწავლა ვერ ხდება გარემოში, სადაც ბავშვი თავს დაუცველად ან შეუფასებლად გრძნობს. ემპათიური დამოკიდებულება და შეცდომის სწავლის ნაწილად აღქმა ქმნის პირობებს, სადაც მოსწავლე თამამად ვითარდება როგორც აკადემიურად, ისე პიროვნულად.

 

შესაბამისად, მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესში ფოკუსს ბავშვს აცდენს, არღვევს არა მხოლოდ პედაგოგიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, არამედ ხელს უშლის მოსწავლის ინტელექტუალურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას. თანამედროვე პედაგოგიკა ერთხმად აღიარებს, რომ ბავშვზე ორიენტირებული სწავლება არ არის არჩევითი მიდგომა - ის განათლების არსია.

 

 

 

 

 


No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...