კაცობრიობის
ისტორიაში ადამიანები არასდროს ვყოფილვართ ასე მჭიდროდ დაკავშირებულნი ერთმანეთთან
და, ამავდროულად, ასე შორს საკუთარი თავისგან. თუკი ადრე მარტოობა ფიზიკურ იზოლაციას
ნიშნავდა, დღეს ის შინაგან მდგომარეობად იქცა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ხალხმრავალ წვეულებაზე,
სამეგობრო წრეში, სამსახურში, ან თუნდაც ქელეხში და ხელში გვეჭიროს ტელეფონი, სადაც ათასობით „მეგობარია“,
მაგრამ მაინც ვგრძნობდეთ ეგზისტენციალურ სიცარიელეს.
XXI საუკუნეში
ხარისხი
ჩაანაცვლა რაოდენობამ. სოციალურ ქსელებში უამრავი “მეგობარი”, კონტაქტი, თუმცა
ზედაპირული, რომელიც საერთოდ დაცლილია ემოციური კავშირებისგან. თუ ამ საკითხს ფსიქოლოგიურ
კონტექსტში გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ მარტოსულობა გახდა არა მხოლოდ ემოცია, არამედ
სოციალური სტრუქტურის ნაწილი, რომელიც ჩვენს ფსიქიკურ/მენტალურ ჯანმრთელობაზე, თვითშეფასებასა და ბედნიერების განცდაზე
პირდაპირ აისახება.
ფსიქოლოგიაში
ამ ორ ცნებას მარტოსულობასა და მარტოობას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.
- მარტოსულობა არის დეფიციტი, უკმარისობის და სიცარიელის
განცდა. (ამ დროს გაქვს შეგრძნება, რომ
რაღაც გაკლია, არ გაქვს, ან არც არასდროს გქონია).
- მარტოობა არის სისავსე, შინაგანი მდგომარეობის, ნებისყოფის სრული
ფორმა, როდესაც შენ გრძნობ, “არაფერი გაკლია და საკუთარ თავთან ყოფნაც გყოფნის.”
რა
იწვევს მარტოსულობას?
მარტოსულობა
არის შინაგანი უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენი სოციალური
კავშირების ხარისხი არ შეესაბამება ჩვენს სურვილებს. მას საფუძვლად რამდენიმე ფაქტორი
უდევს:
- ემოციური ვაკუუმი: ხშირად მას იწვევს
არა ადამიანების ნაკლებობა, არამედ მათთან „სიღრმის“ ნაკლებობა. შეგიძლია გყავდეს
მეუღლე, მეგობრები, მაგრამ გრძნობდე, რომ მათ შენი არ ესმით.
- მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დარღვევა: ევოლუციურად, ადამიანისთვის
ჯგუფისგან გარიყვა სიკვდილს ნიშნავდა. ამის მაგალითად არაერთი ქართული ნაწარმოები
გამოდგება. ვაჟა -ფშაველას
პერსონაჟები (ალუდა,
ჯოყოლა) ყველაზე მარტოსულები მაშინ არიან, როცა სიმართლეს პოულობენ. თემიდან
მოკვეთა აქ ფიზიკურიცაა და სულიერიც. "გველისმჭამელში" მინდია კი ცოდნის
გამოა მარტო, მან იცის ის, რაც სხვებისთვის დაფარულია,
ეს ცოდნა კი მასა და სამყაროს შორის კედელს აღმართავს. აქედან გამომდინარე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტოსულობა არის ტვინის „განგაშის სიგნალი“.
- დაბალი თვითშეფასება: როდესაც ადამიანს
საკუთარი თავი არ მოსწონს, ის მუდმივად ეძებს სხვებში დასტურს. როცა ეს ვალიდაცია
არ არის, ჩნდება ტკივილი. გარდატეხის ასაკში კი დაბალი თვითშეფასების მაჩვენებელი
საკმაოდ მაღალია, როცა მოზარდს არ მოსწონს საკუთარი თავი, მდგომარეობა. ეს კი
მას ხშირად უბიძგებს ჩაიკეტოს საკუთარ თავში.
- ტრავმული გამოცდილება: მიტოვების შიში
ან ბავშვობაში მიღებული ემოციური დეფიციტი ხშირად ქრონიკულ მარტოსულობაში გადადის.
სამწუხაროდ მოზარდთა გარკვეული ნაწილი მშობლების ემიგრაციის, სხვა ოჯახის შექმნის
(როცა დედა და მამა განქორწინებულია და ახალ ოჯახს ქმნიან) შემდეგ ხმამაღლა არ
საუბრობს, თუმცა განიცდის არსებულ მდგომარეობას.
არსებობს თუ არა პოზიტიური მარტოობა და როგორ შეიძლება ვაქციოთ იგი
შემოქმედებით პროცესად?
მარტოობა
არის არჩევანი და უნარი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს საკმარისი შინაგანი
რესურსი, რომ საკუთარ თავთან დიალოგი აწარმოოს.
- თვითშემეცნების სურვილი: ინტერესი - გაიგო,
ვინ ხარ შენ იმ „ნიღბების“ გარეშე, რომლებსაც საზოგადოებაში ატარებ.
- შემოქმედებითი მუხტი: რთული ინტელექტუალური
პროცესი მოითხოვს იზოლაციას. მარტოობა აქ „სამუშაო გარემოა“. მაგალითად "დიდოსტატის მარჯვენაში"
უტა (კონსტანტინე) შემოქმედის მარტოობის განსახიერებაა. ხელოვანი, რომელიც
ქმნის მარადიულს, განწირულია გაუგებრობისთვის. აქ მარტოობა დიდების ფასია.
- ემოციური რეგულაცია: ეს არის გზა „ბატარეების
დასამუხტად“ და ენერგიის აღსადგენად. "სამოსელი პირველში" მარტოობა ძიების პროცესია. დომენიკო
მანამ არის მარტო, სანამ საკუთარ თავს და "სიყვარულის ქალაქს" არ იპოვის.
აქ მარტოობა აუცილებელი ეტაპია პიროვნული ზრდისთვისა
და ემოციური მდგომარეობის რეგულაციისთვის.
- ფილოსოფიური სიმწიფე: როგორც აბრაამ
მასლოუ ამბობდა, რომ მოთხოვნილებათა იერარქიის წვეროს “თვითაქტუალიზაციას, ადამიანების 1% აღწევს. „თვითაქტუალიზებულ“ ადამიანებს
აქვთ მარტოობის მოთხოვნილება, რაც მათ პიროვნულ ზრდაში ეხმარება. და როცა ეს მოთხოვნილება
უგულებელყოფილია, იგი განიცდის დისკომფორტს.
მარტოსულობიდან
მარტოობისკენ სვლა საკუთარ თავთან დამეგობრებაზე გადის. ქართულ პოეზიაში მარტოსულობა
ყველაზე მკაფიოდ გალაკტიონ ტაბიძესთან ვლინდება. მისთვის ეს მდგომარეობა არ
არის საწუწუნო; ეს მისი სტიქიაა. გალაკტიონთან მარტოობა არის "არტისტიზმი",
დისტანცია "ბრბოსა" და "გენიოსს"
შორის.
თუ
კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ მთავარ ფორმულას:
თუ შენთვის
მარტო დარჩენა ნიშნავს დარჩენას ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს (საკუთარ თავთან),
მაშინ ყოველთვის მარტოსული იქნები. თუ ეს ნიშნავს დარჩენას საინტერესო და მშვიდ ადამიანთან
- შენ ფლობ მარტოობის ნიჭს.
როგორ
უნდა მოვიქცეთ ტრანსფორმაციისთვის?
1.
გააცნობიერე და აღიარე, რომ მარტოსულობა არის „სასჯელი“,
რომელსაც გარემოება გაიძულებს, ხოლო მარტოობა - შეგნებული არჩევანი.
2.
შეწყვიტე „ფსევდო-კავშირებით“ სიცარიელის ამოვსება. დღეში
20 წუთი ყოველგვარი გაჯეტის გარეშე თავიდან შფოთვას გამოიწვევს, მაგრამ სწორედ აქ იწყება
ნამდვილი დიალოგი საკუთარ თავთან.
3.
ბევრი გენიოსი მარტოსულობას ენერგიად გარდაქმნიდა. როდესაც
არ გყავს გარე მსმენელი, იწყებ წერას, ხატვას ან ფიქრს. შენი ღირებულება სხვების მოწონებაზე
აღარ არის დამოკიდებული.
4.
ტრანსფორმაცია ხდება მაშინ, როდესაც ხდები საკუთარი თავის
საუკეთესო მეგობარი. ეს არის მომენტი, როცა მარტო ყოფნისას აღარ გრძნობ თავს მიტოვებულად.
დასკვნის
სახით შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნის ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური გამოწვევა
არა სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარება, არამედ საკუთარ თავთან დაბრუნებაა.
მარტოსულობა არის თანამედროვე სამყაროს გამოწვევა, (შიმშილის შეგრძნება) რომელიც გვაიძულებს,
ციფრული ფრაგმენტებით გამოვიკვებოთ. საკმარისია გავბედოთ და ამ შიშს თვალებში ჩავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ იზოლაცია
შეიძლება იქცეს უდიდეს თავისუფლებად.
.webp)
No comments:
Post a Comment