მეტეხის ტაძრის გალავანს ვეყრდნობოდით.
თბილისი ხელისგულივით მოჩანდა: მტკვარი, რომელიც ძველ უბნებს შუაზე ჰყოფდა, შუშის ხიდზე
არეკლილი მზის სხივები და ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეებს მედიდურად ინახავდა.
მე და ჩემი მეგობარი გაზაფხულის თბილი საღამოს სიმშვიდით ვტკბებოდით, როცა ეს მყუდროება
სრულიად უცნაურმა გამოჩენამ დაარღვია.
ჩვენკენ ქალი მოდიოდა. მისი
ჩაცმულობა მაშინვე ჭრიდა თვალს უფორმო, გაცვეთილი სამოსი, რომელიც ერთი შეხედვით მაწანწალას
მოგაგონებდათ. თუმცა, ყველაზე უცნაური მისი ხელები იყო: მაჯებსა და თითებზე ათასგვარი
წვრილმანი ნივთი, ძაფები, იაფფასიანი სამაჯურები და სუვენირები ეკიდა, თითქოს მოძრავი
სავაჭრო დახლი ყოფილიყო. ნელი, ოდნავ მერყევი ნაბიჯით მოგვიახლოვდა. ხელში ძველი, ეკრანგაბზარული
მობილური ტელეფონი ეჭირა.
- შვილო, თუ შეგიძლია, ზარი გამაშვებინე,
თქვა ხმადაბლა.
ტელეფონი მივაწოდე.
- დარეკეთ, ვუპასუხე მასავით მშვიდად..
- დედა, გისმენ, გაისმა ყურმილში მამაკაცის
ხმა.
- შვილო..
აი, აქ კი ყველაფერი შეიცვალა.
ეს არ იყო ქუჩაში მცხოვრები ქალის ხმა. ეს იყო საოცრად თბილი, მზრუნველი, დახვეწილი
და ინტელექტით სავსე ტემბრი. მათ დიალოგში იგრძნობოდა არა მხოლოდ დედობრივი სიყვარული,
არამედ ღრმა პატივისცემა. ისინი საუბრობდნენ მშვიდად, კულტურულად, თითქოს არა მეტეხის
გალავანთან, არამედ რომელიმე აკადემიურ კაბინეტში ან მყუდრო მისაღებ ოთახში ყოფილიყვნენ.
ყოველი სიტყვა სათუთი ზრუნვით იყო გაჟღენთილი.
საუბარი რომ დაასრულა, ქალმა
ტელეფონი მომაწოდა. შემდეგ მე მომიტრიალდა, თვალებში ჩამხედა და სახეზე სითბომ გადაურბინა:
- საოცრად ჰგავხარ ჩემს შვილს... იერით, გამოხედვით, თქვა სრულიად გულწრფელად.
ხელებზე ჩამოკიდებული ნივთებიდან ორს მოჰკიდა ხელი.
ერთი პატარა, სადა ხატი იყო, მეორე კი უბრალო, იაფიანი კალამი. ორივე ხელებში ჩამიდო:
- ეს შენ ჩემგან. ოღონდ, იცოდე, ამ პასტით მხოლოდ სიმართლე დაწერე. არასოდეს უღალატო
სიმართლეს.
მადლობა გადავუხადე, დაბნეულმა.
ქალი ნელი ნაბიჯითვე გაჰყვა დაღმართს. მე და ჩემი მეგობარი გაოცებულები ვუყურებდით
მის ზურგს. ამ დროს ჩვენ გვერდით, სკამზე მჯდომი ქალების ჩურჩული შემოგვესმა:
- გოგო, ეს ის არ არის?
- კი, ნამდვილად ისაა...
ინსტინქტურად მათკენ მივბრუნდით. ქალებმა ჩვენი ინტერესი
რომ შეამჩნიეს, ერთ-ერთმა თავი გადააქნია და ნახევარხმით გვითხრა:
- არ იცით, ვინ არის? ეგ ქალი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი იყო.
ძველი, ნამდვილი პროფესორების ოჯახიდანაა. სოლოლაკში ცხოვრობდნენ, დიდებულ სახლში.
გავოგნდით…
- სამი შვილი ჰყავს, ქმარი ადრე გარდაეცვალა. რამდენიმე წლის წინ სოლოლაკის ის
უზარმაზარი სახლი გაყიდა და მთელი ფული ოთხ ნაწილად გაყო. სამი წილი შვილებს მისცა,
თავისი წილი კი ბოლო თეთრამდე გაჭირვებულებს დაურიგა. ახლა სადღაც ბარაკში ცხოვრობს,
მარტო. თავის სარჩენად აი, ამ უბრალო ნივთებს ყიდის ხოლმე ქუჩაში. შვილები ეხვეწებიან,
სულს უბერავენ, მაგრამ თავად აირჩია ასეთი ცხოვრება.
მზე ნელ-ნელა ჩადიოდა თბილისის
თავზე და მტკვარს ოქროსფრად აფერადებდა. მე ხელში ის უბრალო კალამი მეჭირა და მიმავალ
ქალს ვუყურებდი, რომელიც ქალაქის ხალხმრავლობაში იკარგებოდა.
ფიქრებმა წამიღო. მაინც რა
უცნაური, ამოუცნობი და კონტრასტულია ეს ცხოვრება... ჩვენ ხომ მთელ ცხოვრებას ნივთების,
სტატუსების და კედლების დაგროვებაში ვატარებთ, გვგონია, რომ ესაა სიმყუდროვე. ამ დროს
კი, თურმე, რამხელა თავისუფლება ყოფილა აბსოლუტურ უბრალოებაში, სიმდიდრისგან დაცლასა და სხვისთვის გაცემაში.
მან ყველაფერი დათმო, რათა
საკუთარი თავი და სულიერი სიმშვიდე ეპოვა. მე კი ხელში დამრჩა მისი ნაჩუქარი კალამი, როგორც მუდმივი
შეხსენება იმისა, რომ ამიერიდან მხოლოდ სიმართლე უნდა დამეწერა.
ღმერთო ჩემო, რა დიდებულია უბრალოებაში ნაპოვნი თავისუფლება…
.webp)
No comments:
Post a Comment