განათლება

Tuesday, 26 May 2026

თითქოს ასე უნდა იყოს

 

ყოველ დილით, როცა თვალებს ვახელთ, სამყარო მზა წესრიგით გვეგებება. ვიღაცას მაგიდაზე ცხელი ჩაი ან ყავა უნდა დახვდეს, ზოგს სკამის საზურგეზე - იდეალურად გაუთოებული პერანგიჩვენ ვიცვამთ, მივირთმევთ, გასაღებს ვიღებთ და კარს გავიხურავთ. ჩვენთვის ეს რეალობა იმდენად ბუნებრივია, თითქოს ფანჯრიდან შემოსული ჰაერი იყოს. გვეჩვენება, რომ ეს ყველაფერი თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე არსებობს. თითქოს ასე უნდა იყოს!

ეს არის წესრიგის უდიდესი ილუზია, რომელიც ადამიანებს შორის უხილავ კედლებს აშენებს.

ჩვენი ფსიქიკა უცნაურადაა მოწყობილი. ჩვენ ხშირად ვართ ჩაკეტილი საკუთარ თავთან დიალოგში, სადაც ჩვენი საკუთარი ტკივილი, შიში თუ ამბიცია ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმის. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგიაში ეგოცენტრულ გვირაბს უწოდებენ. ამ ვიწრო ფოკუსიდან ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მხოლოდ სხვისი შრომის საბოლოო შედეგს და თითქმის არასდროს - პროცესს. გაუთოებული პერანგის მიღმა ვერ ვამჩნევთ კონკრეტული ადამიანის თხუთმეტ წუთს, ფეხზე დგომას, ცხელ ორთქლს, ზურგის ტკივილსა და რაც მთავარია, ყურადღებას. სუფთა სახლის მიღმა ვერ ვხედავთ იმ საათებს, რომლებიც სხვამ საკუთარ დასვენებას მოაკლო და ჩვენს კომფორტს აჩუქა.

აქ ვლინდება სოციალური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი კანონზომიერებააქტორ-დამკვირვებლის ასიმეტრია. საკუთარ გადაღლილობასა და სირთულეებს ჩვენ შიგნიდან, მწვავედ ვგრძნობთ, სხვისი დღის რეჟიმი და დატვირთვა კი ჩვენთვის აბსტრაქტული, უხილავი მოცემულობაა. ამას ემატება უხილავი შრომის ფენომენისაქმე, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც არ კეთდება. თუ ერთ დღეს პერანგი დაჭმუჭნული დაგვხვდა, ჩვენ კი არ ვკითხულობთ, რა მოხდა ან ხომ არ დაიღალაო, არამედ ვბრაზდებით, რადგან ჩვენი კომფორტისავტომატური წესრიგის ილუზიადაირღვა.

ველოდებით, რომ თუ ვინმეს უჭირს, აუცილებლად პირდაპირ გვეტყვის. თუმცა, ყველაზე ღრმა საჭიროებებს ადამიანები ხშირად დუმილში, ყოველდღიურ რუტინასა და მზრუნველ ღიმილში მალავენ. ჩვენ კი გვერდით ვუვლით მათ, რადგან ხშირად ვუსმენთ არა გაგებისთვის, არამედ პასუხისთვის. უფრო მეტიც, თანამედროვე სამყაროს უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადის გამო, ჩვენს ფსიქიკას ერთგვარი ემპათიის დაღლილობაემართება. იგი რთავს თავდაცვით ავტოპილოტს, ბლოკავს სხვის სირთულეებს, რათა თავად არ დაიწვას, და ამას მოსდევს პასუხისმგებლობის დიფუზია - ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ სხვის საჭიროებაზე სხვა იზრუნებს.

განსაკუთრებით რთულად დასანახი მაინც ის მდგომარეობა, როცა ადამიანი მთელი დღე სხვის პრობლემებს უსმენს, სხვებს ეხმარება ან კრიზისებს მართავს. ფიზიკურად ის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ დღის ბოლოს მისი რესურსი ნულზეა. გარშემომყოფებისთვის კი ეს დაღლილობა გაუგებარი რჩება, რადგან იდეალური ფასადების მიღმა პროცესი კადრს მიღმაა დატოვებული.

სამყაროში თავისით მხოლოდ ქაოსი იქმნება, წესრიგი კი ყოველთვის ვიღაცის ენერგიის, დროისა და სიყვარულის ფასად მიიღწევა. როდესაც ამ ზრუნვას ვერ ვამჩნევთ, ხდება მისი ინფლაცია. ადამიანი, რომელიც თავის სულსა და ძალას ყოველდღიურ წვრილმანებში დებს, ნელ-ნელა გრძნობს, რომ თავად ხდება უხილავი, მისი სიყვარული კი  გაუფასურებული.

ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ ესაა: ჩვენ ყველას გვაქვს შიში იმისა, რომ ვერ გვხედავენ და ვერ გვამჩნევენ, თუმცა თავადვე გვიჭირს სხვისი სამყაროს დანახვა.

ამ წრიდან გამოსვლა მხოლოდ შეგნებული გაჩერებითაა შესაძლებელი. უნდა ვისწავლოთ ყურება არა მხოლოდ შედეგის, არამედ იმ უხილავი გზისა, რომელიც სხვამ ჩვენთვის გაიარა. უნდა შევამჩნიოთ კადრს მიღმა დარჩენილი შრომა და ჩვეულებრივ მოცემულობად ქცეულ წესრიგს უბრალო, მაგრამ ცოცხალი სიტყვით ვუპასუხოთ: „მადლობა, რომ ეს გააკეთე. მე ვხედავ შენს ნაბიჯებს“.

და ბოლოს, ფილმში „საოცრება“ მთავარი პერსონაჟი ოგ ბასანი ამბობს, „თუ გინდა ადამიანს გაუგო, უბრალოდ შეხედე მას“.

No comments:

Post a Comment

სახლში უნდა დავბრუნდე

             ზღვა ყოველთვის ბრუნდება ნაპირთან, თუნდაც ათასჯერ უკუაგდოს კლდემ. ისიც ასე იყო გაგრიდან წამოსული, ზღვისფერი და ზღვისნაირი. მაშ...