ადამიანებს სამყაროს შეცნობის დღიდან უამრავი შეკითხვა გვიჩნდება
და პასუხსაც ხშირად ან ვპოულობთ ან ვერა. ხშირად ვამბობთ: „რაც გიწერია, ვერ აცდები“, “ასე იყო ღმერთის ნება”, “რაც არ უნდა გაგვეკეთებინა არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო…” ამ ყველაფერმა შესაძლებელია
წინააღმდეგობაში მოგვიყვანოს რელიგიურ ხედვასთან, რაც ბუნებრივია გააჩენს შეკითხვას
თუკი ყველაფერი წინასწარ არის დაშვებული, განსაზღვრული ან ცნობილი უზენაესი ძალის მიერ, რატომ აგებს ადამიანი პასუხს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებზე?
ამ პარადოქსის ამოსახსნელად საჭიროა მიზეზ-შედეგობრიობის, ღვთიური წინასწარცოდნისა და ადამიანური თავისუფლების იმ ნატიფ ზღვარზე გავლა, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად ითვლება.
ვფიქრობ, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ამ
საკითხზე მსჯელობისას ვუშვებთ, არის ორი ცნების გაიგივება: „ვიცი, რა მოხდება“ და „ვაიძულებ, რომ მოხდეს“. თეოლოგიური და
ფილოსოფიური
თვალსაზრისით, სამყაროს შემოქმედი დროისა და
სივრცის მიღმა დგას. მისთვის არ არსებობს „წარსული“ და „მომავალი“, მისთვის ყველაფერი „აწმყოა“. მან იცის ჩვენი არჩევანი, თუმცა ეს ცოდნა არ ართმევს ადამიანს ამ არჩევანის გაკეთების თავისუფლებას.
წარმოიდგინეთ, რომ
დგახართ მაღალი მთის მწვერვალზე და გადაჰყურებთ რკინიგზის ლიანდაგს. ხედავთ, რომ ორი მატარებელი სხვადასხვა მიმართულებიდან ერთი და იმავე ლიანდაგით მიემართება ერთმანეთისკენ. მოსახვევის გამო მემანქანეები ერთმანეთს ვერ ხედავენ. თქვენ ზემოდან აშკარად პროგნოზირებთ, რომ 5 წუთში გარდაუვალი შეჯახება მოხდება.
თქვენ ეს წინასწარ იცით, მაგრამ განა თქვენმა ცოდნამ გამოიწვია კატასტროფა? განა თქვენ აიძულეთ მემანქანეები შეჯახებულიყვნენ? რა თქმა უნდა, არა. კატასტროფა გამოიწვია დისპეტჩერის შეცდომამ ან მემანქანის უყურადღებობამ ანუ მათმა ქმედებამ.
ზუსტად ასევე, რელიგიურ ჭრილში, უზენაესმა ძალამ წინასწარ იცის, რას აირჩევს ადამიანი, მაგრამ არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს.
ხშირად ისმის კითხვა, თუ ღმერთი სიკეთეა, რატომ უშვებს ბოროტებას, ომებსა და ცოდვას? აქ თეოლოგები მკაცრად მიჯნავენ ორ ცნებას: ღვთის ნებას და ღვთის დაშვებას.
განვმარტოთ:👇👇
- ღვთის ნება არის ის, რაც იდეალურ სამყაროში უნდა ხდებოდეს (სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა).
- ღვთის დაშვება არის თავისუფლების ფასი. ღმერთი უშვებს (ნებას რთავს) ადამიანს, ჩაიდინოს ბოროტება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევდა ადამიანის რობოტად ქცევა.
წარმოიდგინეთ მშობელი, რომელიც შვილს ველოსიპედის ტარებას ასწავლის. მშობლის ნებაა, რომ
ბავშვმა კარგად იაროს და არ დაშავდეს. თუმცა, იმისათვის, რომ ბავშვმა ტარება ისწავლოს, მშობელმა ხელი უნდა გაუშვას ველოსიპედს. ის უშვებს იმის რისკს, რომ ბავშვი წაიქცეს და მუხლი გადაიტყავოს. თუ მშობელი შვილს სავარძლიდან საერთოდ არ ადგმევინებს ფეხს, ბავშვი უსაფრთხოდ იქნება, მაგრამ ვერასდროს ისწავლის სიარულს.
თუკი უზენაესი ძალა ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი ტყუილის თქმას, ქურდობას ან მკვლელობას დააპირებდა, მას ფიზიკურად გააშეშებდა და ნებას არ მისცემდა, სამყაროში ბოროტება გაქრებოდა, თუმცა ბოროტებასთან ერთად გაქრებოდა სიკეთეც. იძულებითი სიკეთე სიკეთე არ არის ის უბრალოდ პროგრამირებაა.
ფატალიზმის
(ყველაფერი
წინასწარ წერია) და აბსოლუტური თავისუფლების სინთეზი ყველაზე კარგად ვლინდება პოკერის ან ბანქოს ნებისმიერი თამაშის ანალოგიით.
შენ ვერ ირჩევ, რომელ საუკუნეში დაიბადები, ვინ იქნებიან შენი მშობლები, რა გენეტიკური კოდი ან თანდაყოლილი ნიჭი გექნება. შენ ვერ აკონტროლებ მოულოდნელ მიწისძვრას, ეკონომიკურ კრიზისს ან პანდემიას. ეს არის შენი „კარტი“ სამყაროს მიერ მოცემული ფორსმაჟორი.
თამაშის სილამაზე და სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ცუდი კარტითაც კი შეიძლება გენიალური თამაშის მოგება, ხოლო საუკეთესო კარტით ყველაფრის წაგება. ის, თუ როგორ განკარგავ შენს მოცემულობას, რა გადაწყვეტილებებს მიიღებ კრიზისულ სიტუაციაში, ვის დაეხმარები და ვის ავნებ მთლიანად შენი პასუხისმგებლობაა.
პასუხისმგებლობის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობა:
ცნობიერება;👀
ალტერნატივა;👈👉
არჩევანის თავისუფლება. 🙌
თუ კაცი მშიერ შვილებს პურს პარავს სხვას, მას ჰქონდა ალტერნატივა, ეთხოვა დახმარება, ეშრომა, ან სულაც მოეპარა. მან აირჩია მოპარვა. რადგან მას ჰქონდა არჩევანის გაკეთების მომენტში შინაგანი თავისუფლება, ის პასუხისმგებელია ამ ქმედებაზე.
ბედისწერის
ან „ღვთის ნების“ ამოფარება ხშირად ადამიანური სისუსტის, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობაა. როდესაც ადამიანი ამბობს: „რა ვქნა, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა“, ის საკუთარ თავზე უარს ამბობს და ცხოვრების საჭეს უცნობ ტალღებს ატანს.
სწორედ ამიტომ არის ადამიანი პასუხისმგებელი საკუთარ ცოდვებზე: ჩვენ არ გვსჯიან იმის გამო, თუ რა კარტი დაგვირიგა ცხოვრებამ, არამედ იმის გამო, თუ როგორ ვითამაშეთ ეს პარტია.
.webp)
No comments:
Post a Comment