განათლება

Friday, 30 January 2026

სარკის წინ დადებული ზავი

 


რამდენი ხანია ბოლთას სცემდა ჩრდილი ოთახში. მოუსვენრობა და სულიერი შფოთი არ აძლევდა დაჯდომის საშუალებას. თითქოს ყველა მოძრაობის დროს ჩრდილი უფროდაუფრო პატარავდებოდა. ბოლოს ერთი ციცქნა წერტილის ოდენა გახდა და მძიმე სუნთქვით მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა.

ოთახში ჰაერი დამძიმდა. დაჯდომისთანავე  შფოთვამ იმატა და თითების უნებლიე თამაში მაგიდის კიდეზე კიდევ უფრო ამძაფრებდა უმიზეზო მოლოდინს. განცდა  იმისა, რომ რაღაც გარდაუვალი უნდა მოხდეს უფრო უახლოვდებოდა დაპატარავებულ ჩრდილს.  მერე ეს შფოთვა სქელ, ნაცრისფერ ნისლში გადაიზარდა. ეს არ იყო უბრალო სევდა, ესიყო ყრუ სიჩუმე, როცა საკუთარი გულისცემაც კი ზედმეტ ხმაურად გეჩვენება.

და ამ სიჩუმეში სხეულში ნელნელა იღვრებოდა გაორება. ერთი მე - სარკეში დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა ღიმილის იმიტაციას, და მეორე მე - რომელიც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებს და ზიზღით იბზუებს ტუჩს. მასთან ერთად გაჩენილი შეკითხვები კიდევ უფრო აფიქრებინებდა ჩრდილს დამალვის აუცილებლობაზე. “ვინ ვარ?” “რას ვაკეთებ?” “რა მინდა სინამდვილეში?” ყვიროდა ერთი მე და მეორე მეს ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა. ამ დროს კი სარკეში მხოლოდ დაშვებული შეცდომები ირეკლებოდა; ყოველი არასწორი ნაბიჯი ახლა გიგანტურ ჩრდილად ქცეულიყო და კედლებზე დაცოცავდა.

ნეტავ უკან დაბრუნების შესაძლებლობა მომცა, ამბობდა მეორე მე. მაინც იგივეს გავაკეთებდი, ჩაიხითხითა პირველმა. ამასობაში უკან მოხედვის შიშიც შემაძრწუნებელი გახდა მეორე მე უკვე დაეჭვდა, რომ თუ შემობრუნდებოდა, იქ მხოლოდ ნანგრევებს დაინახავდა, ამიტომაც წინ ყურების შესაძლებლობაში გაუჩნდა გადარჩენის ნაპერწკალი, სადაც სინამდვილეში არაფერი იყო.

ამასობაში გაიღვიძა გაუცნობიერებელმა ლტოლვამ - სურვილმა იმისა, რაც არასდროს ჰქონია, ან რაც სამუდამოდ დაკარგა. სურვილისა და შიშის შეჯახებამ კიდევ მეტად აფიქრებინა ჩრდილს ადამიანური უსუსურობა და დააკარგვინა ორ მესთან ჭიდილის მოტივაცია.

და ბოლოს ორივე მე დაიღალა გაუთავებელი ბრძოლით. არაობიექტურ მოცემულობასთან შეგუება დადგა დღის წესრიგში. ორივე მემ  დაიჯერა, რომ ეს დამახინჯებული რეალობა ერთადერთია, რაც გააჩნდა. ეს იყო სულიერი კონფორმიზმი - საკუთარ თავთან დადებული სამარცხვინო ზავი, როცა კომფორტს პოულობ იქ, სადაც სინამდვილეში სული გეხუთება.

ცარიელი ოთახში, სარკეში გაყინული უცხო ადამიანის ჩრდილს და სიჩუმეს მოძრაობა შეეწყვიტა.

 

No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...