თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგანთა ხელოვნური დაპირისპირება, რომელიც ხშირად გამოიხატება ზუსტი და ჰუმანიტარული მეცნიერებების კონკურენტულ ჭრილში წარმოჩენით. აღნიშნული ტენდენცია იწვევს მოსწავლეთა კატეგორიზაციას „ტექნიკურ“ და „ჰუმანიტარულ“ მიმართულებებად, რაც არა მხოლოდ ინდივიდუალური განვითარების, არამედ საზოგადოებრივი პროგრესის თვალსაზრისითაც პრობლემურია.
ზუსტი მეცნიერებების
როლი
მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია წარმოადგენენ ზუსტ
მეცნიერებებს, რომელთა საფუძველზეც დგას თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო. მათი ძირითადი
კანონები დროში სტაბილურია და უნივერსალურ ხასიათს ატარებს. ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა
ხშირად საკმარისია, რათა მთელი სფერო ახალ საფეხურზე გადავიდეს და შემდგომში მკაფიო
ინსტრუქციებით განვითარდეს.
მაგალითად ძვ. წ. VI საუკუნეში დამტკიცდა, რომ ნებისმიერ მართკუთხა
სამკუთხედში, კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი ჰიპოტენუზის ტოლია უდრის დანარჩენ ორ
გვერდზე მდებარე კვადრატთა ფართობების ჯამს. (პითაგორას თეორემა). 1687 წელს ისააკ
ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ “ყოველი
სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა,
ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს
ეს მდგომარეობა“...
ჰუმანიტარული მეცნიერებების
მნიშვნელობა
ჰუმანიტარული მეცნიერებები - ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,
უცხოური ენა, გეოგრაფია.. უზრუნველყოფენ ადამიანის იდენტობის, მოქალაქეობრივი თვითშეგნების
და კრიტიკული აზროვნების ფორმირებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიის როლი,
როგორც კოლექტიური მეხსიერების მატარებლისა.
ისტორიის უცოდინრობა იწვევს:
- ეროვნული თვითიდენტობის დაკარგვას;
- საგარეო და შიდა პოლიტიკური პროცესების გაუგებრობას;
- ფაქტების სუბიექტურ შეფასებას;
- წარსული გამოცდილების უგულებელყოფას მომავლის დაგეგმვისას.
პრაქტიკული მაგალითები ისტორიიდან და მათემატიკიდან
ანტიკური საბერძნეთი - სინთეზის ოქროს ხანა
ანტიკურ საბერძნეთში ზუსტი და ჰუმანიტარული ცოდნა ერთმანეთისგან
არ იყო გამიჯნული. პითაგორა მხოლოდ მათემატიკოსი არ ყოფილა - იგი ფილოსოფოსიც იყო,
რომლისთვისაც რიცხვები სამყაროს არსის გაგების საშუალებას წარმოადგენდა. პლატონის აკადემიაში
გეომეტრიის ცოდნა აუცილებელ წინაპირობად ითვლებოდა ფილოსოფიის შესასწავლად, რაც მიუთითებს,
რომ მათემატიკა განიხილებოდა როგორც აზროვნების კულტურის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი
და არა მხოლოდ ტექნიკური დისციპლინა. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ისტორიულად პროგრესი
სწორედ საგანთა სინთეზზე იყო დაფუძნებული და არა მათ დაპირისპირებაზე.
შუა საუკუნეები - ცოდნის დისბალანსის შედეგები
ევროპის შუა საუკუნეებში, როდესაც ჰუმანიტარული ცოდნა (განსაკუთრებით
თეოლოგია) დომინირებდა ზუსტი მეცნიერებების ხარჯზე, ტექნოლოგიური და სამეცნიერო განვითარება
მნიშვნელოვნად შეფერხდა. პარალელურად, იმავე პერიოდში არაბულ სამყაროში აქტიურად ვითარდებოდა
მათემატიკა, ასტრონომია და მედიცინა, ისტორიული ტექსტების თარგმნისა და ანალიზის საფუძველზე.
ეს განსხვავება ნათლად აჩვენებს, რომ ერთმხრივი საგანმანათლებლო პრიორიტეტები საზოგადოებას
განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს.
რენესანსი - ისტორიისა და მათემატიკის ერთიანობა
რენესანსის ეპოქა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმოშობს
საგანთა სინთეზი ცივილიზაციურ ნახტომს. ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იყო მხატვარი,
ინჟინერი, ანატომი და მოაზროვნე. მისი ნამუშევრები ეფუძნებოდა როგორც ისტორიულ ცოდნასა
და ადამიანის ბუნების გააზრებას, ისე მათემატიკურ პროპორციებსა და გეომეტრიას.
რენესანსმა დაამტკიცა, რომ ზუსტი მეცნიერებები პროგრესის ტექნიკურ საფუძველს ქმნიან,
ხოლო ჰუმანიტარული მეცნიერებები ამ პროგრესს ადამიანურ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ისტორიის მათემატიკური გააზრება - სტატისტიკა და დემოგრაფია
თანამედროვე ისტორიული მეცნიერება აქტიურად იყენებს მათემატიკურ
მეთოდებს: სტატისტიკას, გრაფიკებს, დემოგრაფიულ ანალიზს. მოსახლეობის გადაადგილების,
ომების შედეგების ან ეკონომიკური კრიზისების შეფასება შეუძლებელია რაოდენობრივი მონაცემების
გარეშე.
თუ მოსწავლე ისტორიას მათემატიკური აზროვნების გარეშე სწავლობს, ის ფაქტებს აღიქვამს
როგორც თხრობას; ხოლო მათემატიკის გარეშე ისტორია კარგავს მიზეზ-შედეგობრივ სიღრმეს.
სკოლაში გავრცელებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც მოსწავლე
„ჰუმანიტარია“ ან „ტექნიკოა“, ხშირად ზღუდავს მის პოტენციალს. მოსწავლე, რომელსაც აძლევენ
მესიჯს, რომ „ისტორია შენია, მათემატიკა - არა“, ან პირიქით, კარგავს შესაძლებლობას განივითაროს
კომპლექსური აზროვნება. საზოგადოება კი საბოლოოდ იღებს სპეციალისტებს, რომლებიც ტექნიკურად
ძლიერები არიან, მაგრამ ისტორიული პასუხისმგებლობის გარეშე, ან პირიქით -კულტურულად
განათლებულ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ იყენებენ ანალიტიკურ და რაოდენობრივ ინსტრუმენტებს
გადაწყვეტილების მისაღებად.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვა, რომ საგანთა დაპირისპირება
იწვევს განათლების დისბალანსს, კრიტიკული აზროვნების დაქვეითებას და მოქალაქის ფორმირების
ჩავარდნას. სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ზუსტი და ჰუმანიტარული ცოდნის სინთეზს,
დგება დეგრადაციის საფრთხის წინაშე.
ზუსტი მეცნიერებები ქმნიან შესაძლებლობას,
ჰუმანიტარული მეცნიერებები - მიმართულებას.
მათი ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენა ეწინააღმდეგება განათლების არსს.
კახა გალდავა
სამტრედიის N 1 საჯარო სკოლის მენტორი ისტორიის მასწავლებელი
.webp)
No comments:
Post a Comment