განათლება

Tuesday, 20 January 2026

სარდაფის ინტელიგენცია

 

როგორც იქნა თავი მოვაბი, აბა ერთმა ქალმა მარტო რამდენი გავაკეთო დეი? განა შეიძლება ჩემს ასაკში ადამიანის, მითუმეტეს ქალის ამდენი შრომა? ჩემი ხნის ადამიანები პეშვით წამლებს სვამენ, მე კიდევ შემომხედე რა ფორმაში გყავარ.

საკურორტო ქალაქის ცენტრში ბინის ეზოში შევაღეთ სადარბაზოს კარი, სადანაც ბინის ეზოში აღმოვჩნდით. ეზო ძალიან მოუწესრიგებელი და ათასი ხარახურით იყო სავსე.

-       აბა შეხედე, მე მაბრალებენ შენს გამოა, რომ ეზო ვერ მოვაწესრიგეთო, არადა ამოდენა ბინაში კაცს ვერ იშოვი რომ ხელი წამოგიკრას.

გაზიანი სასმელის ლითონის ქილები, ლუდის ბოთლები, ფიცრები, ქვიშა და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ ეყარა იქვე პატარა ეზოში. მარცხნივ მშენებარე სარდაფის კარია, რომლის გაღების შემდეგ პირდაპირ ძველი დაჩრჩილული სკივრი შემეფეთა.

-       აბა მარტომ როგორ უნდა გავიტანოთ ამოდენა სკივრი და ნარჩენები, იქნებ ვინმემ წამოგვიკრას ხელი.

სატელეფონო ზარის მერე სულ ერთნაირი პასუხებია

-       არ მცალია;

-       ქალაქიდან ვარ გასული თორემ...

-       წირვაზე ვარ;

-       ჩემები კი არიან სახლში მაგრამ პატარა გვყავს და აბა როგორ დაგეხმაროთ?

ზოგან სულაც არ პასუხობენ ზარს...

-       მოდი ჯერ სხვა ნივთები გავიტანოთ და ბოლოს ეს სკივრი გამატანინე დეი, ისეთი მძიმეა ძვრაც კი ვერ ვუყავით. კორპუსიდან ცნობისმოყვარე თვალები გვაკვირდება ორ ადამიანს, ერთი 41 -ის ვარ მეორე კი 77 -ის ქალი.

-       მოდი ქალო შეეშვი მაგას და ზემოთ ამოირბინე ვილაპარაკოთ, ვიღაც ბებომ გაბედა და დაარღვია ცნობისმოყვარეთა დუმილი. სავარაუდოდ, მე მუშა ვგონივარ და უნდა გაარიდოს სიტუაციას.

-       არა, ვერ ამოვალ არ მაქვს ახლა მაგის თავი.

სარდაფი ეტაპობრივად დაცარიელდა, მძიმე სკივრის გატანის დროც დადგა. შევეცადე კუთხიდან ამეწია და ძვრაც ვერ ვუყავი.

-       აბა როგორ შეიძლება ასეთი მძიმე იყოს, შიგ ხომ რაიმე არ აწყვია?

-       უი,დეი, ახლა გამახსენდა, წლების წინ მეზობელმა წიგნები შეინახა.

სკივრს თავი ნელნელა ავხადე და საოცარი ნესტის სუნი ამჯერად კიდევ უფრო მძაფრი, ქაღალდის სისველის და მძიმე ნესტის სუნმა უფრო დაამძიმა.

-       რა უნდა ვქნათ? წიგნები სად უნდა დავაწყოთ?

-       ახლავე დავურეკავ პატრონს.

სუნთქვა შეკრული, განაჩენივით ველოდები რა ბედი ეწევა სარდაფის ძველ სკივრში გამოკეტილ ინტელექტუალურ საკუთრებას. ჩემი მზერა ჯერ მხოლოდ რამდენიმე მათგანს სწვდება. რადგან ზწდაპირიც დაუფარავს ნესტის თეთრ დაუნდობელ ფენას, დანარჩენებისთვის კი ჯერ ხელიც არ მიხლია.

-       ასე თქვა გარეთ გამოყარეთ და მერე გადავყრიო.

-       რაო რა თქვა?

-       მერე გადავყრიო, აბა რა გგონია დეი, ვინმეს დღეს წიგნი და განათლება უნდა? ამოდენა განათლება და ცოდნა დამიგროვებია, ყურად ვინმე იღებს? აბა რა უნდა ელაპარაკო ეგეთებს?

ხელთათმანი დავიფერთხე, მუხლებზე დავდექი და ვიგრძენი, როგორ დამეცვარა შუბლი. ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ოთარ ჭილაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ვასაძე, ბოკაჩო, პუშკინი, რემარკი, რაბლე, გოგებაშვილი, ქარჩხაძე, ლორთქიფანიძე, ბაქრაძე, ტაბიძე, 9 აპრილის ტრაგედია, შოთა რუსთაველი...



         წიგნების უმეტესობა ისეთ მდგომარეობაშია გადაშლა წარმოუდგენელია.

-       რას ამბობთ ეს როგორ უნდა გადავყაროთ? გთხოვთ რა კიდევ ერთხელ დაურეკეთ.

სატელეფონო ზარი უფრო შემზარავი აღმოჩნდა.

-       ხომ გითხარი გარეთ გამოყარე და მე გადავყრი, ან ვინმე თუ არის მანდ უთხარი და გადააყრევინე.

ერთი ბიბლიოგრაფი მომაგონდა, რომელსაც უნიკალური ბიბლიოთეკა ჰქონდა. სულ წუხდა ვის ვუტოვებ ჩემს სიმდიდრესო და ვერ ვიგებდი რატომ წუხდა ასე. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა უნიკალური წიგნები ზოგი გადამყიდველებს ჩააბარა, ზოგი სასმელზე გაცვალეს, ზოგი, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა თაქვებს და ჩრჩილს შეაჭმევინეს.

-       მე წავიღებ თუ შესაძლებელია, დავარღვიე სიჩუმე.

-       რა თქმაუნდა დეი, წაიღე რაც გინდა.

წიგნების გადარჩევა დავიწყე, 150 მდე წიგნიდან მხოლოდ 40 მდე წიგნი აღმოჩნდა „ვარგისიანი“, ანუ რომელტა გადაშლა და წაკითხვა შესაძლებელი იყო. გულდამძიმებული და ფიქრებაშლილი ვბრაზობ და არვიცი რაზე, საკუთარი უსუსურობა მახრჩობს, რომ საკადრის პასუხს ვერ ვცემ ქალაქის ცენტრში წამოსკუპებულ „ელიტას“ თუ ის დაღუპული წიგნები მადარდებს, რომელთა გადარჩენაც ვერ შევძელი. იქნებ დღე თავიდან ესროლეს ილიას.. იქნებ ჰიუგოს კაცს საერთოდ არ აქვს სიცილის სურვილი, იქნებ ქარჩხაძის ზებულონი კიდევ უფრო ღრმა ფიქრებშია ჩაძირული, იქნებ 9 აპრილის ტრაგედია ჯერ არ დასრულებულა და ახლა ამ სარდაფში ისევ სკივრში გამომწყვდეული მსხვერპლი არა წიგნები, არამედ დაღუპულთა, დაშავებულთა  დაუფასებლობაა... იქნებ გოგებაშვილის 1911 წლის დედა ენის რედაქციის ვერ გადარჩენამ შემძრა... შოთა? მსოფლიოს უდიდესი ლიტერატურული შედევრი, საუკუნეებს გადარჩენილი, ხელით გადაწერილი, ჩვენამდე მოტანილი ათას ჭირ-ვარამ გამოვლილი, მზითევად თაობებს გადაცემული... ახლა ნესტისგან შეურაცხყოფილი, ბნელ სარდაფში, სკივრში დაღუპული....ტაბიძე? გალაკტიონი... გალაქტიკა... ყურში ჩამესმის, „მთელ გალაქტიკას იტევდა გალა...“

უიმედობა კიდევ უფრო უსუსური ხდება ჩემს ფიქრებში. ვაწყობ გადარჩენილ წიგნებს ჩანთებში და ვფიქრობ, ნეტავ ის ადგილი რომელიც წიგნებისგან გამოათავისუფლა ოჯახმა, რითი შეივსო? რამ დაიკავა მისი ადგილი...

 

 



No comments:

Post a Comment

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...