განათლება

Thursday, 28 May 2026

უბრალოებაში ნაპოვნი თავისუფლება

 

მეტეხის ტაძრის გალავანს ვეყრდნობოდით. თბილისი ხელისგულივით მოჩანდა: მტკვარი, რომელიც ძველ უბნებს შუაზე ჰყოფდა, შუშის ხიდზე არეკლილი მზის სხივები და ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც საუკუნეებს მედიდურად ინახავდა. მე და ჩემი მეგობარი გაზაფხულის თბილი საღამოს სიმშვიდით ვტკბებოდით, როცა ეს მყუდროება სრულიად უცნაურმა გამოჩენამ დაარღვია.

ჩვენკენ ქალი მოდიოდა. მისი ჩაცმულობა მაშინვე ჭრიდა თვალს უფორმო, გაცვეთილი სამოსი, რომელიც ერთი შეხედვით მაწანწალას მოგაგონებდათ. თუმცა, ყველაზე უცნაური მისი ხელები იყო: მაჯებსა და თითებზე ათასგვარი წვრილმანი ნივთი, ძაფები, იაფფასიანი სამაჯურები და სუვენირები ეკიდა, თითქოს მოძრავი სავაჭრო დახლი ყოფილიყო. ნელი, ოდნავ მერყევი ნაბიჯით მოგვიახლოვდა. ხელში ძველი, ეკრანგაბზარული მობილური ტელეფონი ეჭირა.

-       შვილო, თუ შეგიძლია, ზარი გამაშვებინე,  თქვა ხმადაბლა.

ტელეფონი მივაწოდე.

-        დარეკეთ, ვუპასუხე მასავით მშვიდად..

-       დედა, გისმენ,  გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.

-       შვილო..

აი, აქ კი ყველაფერი შეიცვალა. ეს არ იყო ქუჩაში მცხოვრები ქალის ხმა. ეს იყო საოცრად თბილი, მზრუნველი, დახვეწილი და ინტელექტით სავსე ტემბრი. მათ დიალოგში იგრძნობოდა არა მხოლოდ დედობრივი სიყვარული, არამედ ღრმა პატივისცემა. ისინი საუბრობდნენ მშვიდად, კულტურულად, თითქოს არა მეტეხის გალავანთან, არამედ რომელიმე აკადემიურ კაბინეტში ან მყუდრო მისაღებ ოთახში ყოფილიყვნენ. ყოველი სიტყვა სათუთი ზრუნვით იყო გაჟღენთილი.

საუბარი რომ დაასრულა, ქალმა ტელეფონი მომაწოდა. შემდეგ მე მომიტრიალდა, თვალებში ჩამხედა და სახეზე სითბომ გადაურბინა:

-       საოცრად ჰგავხარ ჩემს შვილს... იერით, გამოხედვით,  თქვა სრულიად გულწრფელად.

ხელებზე ჩამოკიდებული ნივთებიდან ორს მოჰკიდა ხელი. ერთი პატარა, სადა ხატი იყო, მეორე კი უბრალო, იაფიანი კალამი. ორივე ხელებში ჩამიდო:

-       ეს შენ ჩემგან. ოღონდ, იცოდე, ამ პასტით მხოლოდ სიმართლე დაწერე. არასოდეს უღალატო სიმართლეს.

მადლობა გადავუხადე, დაბნეულმა. ქალი ნელი ნაბიჯითვე გაჰყვა დაღმართს. მე და ჩემი მეგობარი გაოცებულები ვუყურებდით მის ზურგს. ამ დროს ჩვენ გვერდით, სკამზე მჯდომი ქალების ჩურჩული შემოგვესმა:

-       გოგო, ეს ის არ არის?

-       კი, ნამდვილად ისაა...

ინსტინქტურად მათკენ მივბრუნდით. ქალებმა ჩვენი ინტერესი რომ შეამჩნიეს, ერთ-ერთმა თავი გადააქნია და ნახევარხმით გვითხრა:

-       არ იცით, ვინ არის? ეგ ქალი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი იყო. ძველი, ნამდვილი პროფესორების ოჯახიდანაა. სოლოლაკში ცხოვრობდნენ, დიდებულ სახლში.

გავოგნდით…

-       სამი შვილი ჰყავს, ქმარი ადრე გარდაეცვალა. რამდენიმე წლის წინ სოლოლაკის ის უზარმაზარი სახლი გაყიდა და მთელი ფული ოთხ ნაწილად გაყო. სამი წილი შვილებს მისცა, თავისი წილი კი ბოლო თეთრამდე გაჭირვებულებს დაურიგა. ახლა სადღაც ბარაკში ცხოვრობს, მარტო. თავის სარჩენად აი, ამ უბრალო ნივთებს ყიდის ხოლმე ქუჩაში. შვილები ეხვეწებიან, სულს უბერავენ, მაგრამ თავად აირჩია ასეთი ცხოვრება.

მზე ნელ-ნელა ჩადიოდა თბილისის თავზე და მტკვარს ოქროსფრად აფერადებდა. მე ხელში ის უბრალო კალამი მეჭირა და მიმავალ ქალს ვუყურებდი, რომელიც ქალაქის ხალხმრავლობაში იკარგებოდა.

ფიქრებმა წამიღო. მაინც რა უცნაური, ამოუცნობი და კონტრასტულია ეს ცხოვრება... ჩვენ ხომ მთელ ცხოვრებას ნივთების, სტატუსების და კედლების დაგროვებაში ვატარებთ, გვგონია, რომ ესაა სიმყუდროვე. ამ დროს კი, თურმე, რამხელა თავისუფლება ყოფილა აბსოლუტურ უბრალოებაში,  სიმდიდრისგან დაცლასა და სხვისთვის გაცემაში.

მან ყველაფერი დათმო, რათა საკუთარი თავი და სულიერი სიმშვიდე ეპოვა. მე კი  ხელში დამრჩა მისი ნაჩუქარი კალამი, როგორც მუდმივი შეხსენება იმისა, რომ ამიერიდან მხოლოდ სიმართლე უნდა დამეწერა.

ღმერთო ჩემო, რა დიდებულია უბრალოებაში ნაპოვნი თავისუფლება…

 

Tuesday, 26 May 2026

თითქოს ასე უნდა იყოს

 

ყოველ დილით, როცა თვალებს ვახელთ, სამყარო მზა წესრიგით გვეგებება. ვიღაცას მაგიდაზე ცხელი ჩაი ან ყავა უნდა დახვდეს, ზოგს სკამის საზურგეზე - იდეალურად გაუთოებული პერანგიჩვენ ვიცვამთ, მივირთმევთ, გასაღებს ვიღებთ და კარს გავიხურავთ. ჩვენთვის ეს რეალობა იმდენად ბუნებრივია, თითქოს ფანჯრიდან შემოსული ჰაერი იყოს. გვეჩვენება, რომ ეს ყველაფერი თავისთავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე არსებობს. თითქოს ასე უნდა იყოს!

ეს არის წესრიგის უდიდესი ილუზია, რომელიც ადამიანებს შორის უხილავ კედლებს აშენებს.

ჩვენი ფსიქიკა უცნაურადაა მოწყობილი. ჩვენ ხშირად ვართ ჩაკეტილი საკუთარ თავთან დიალოგში, სადაც ჩვენი საკუთარი ტკივილი, შიში თუ ამბიცია ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა ისმის. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგიაში ეგოცენტრულ გვირაბს უწოდებენ. ამ ვიწრო ფოკუსიდან ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მხოლოდ სხვისი შრომის საბოლოო შედეგს და თითქმის არასდროს - პროცესს. გაუთოებული პერანგის მიღმა ვერ ვამჩნევთ კონკრეტული ადამიანის თხუთმეტ წუთს, ფეხზე დგომას, ცხელ ორთქლს, ზურგის ტკივილსა და რაც მთავარია, ყურადღებას. სუფთა სახლის მიღმა ვერ ვხედავთ იმ საათებს, რომლებიც სხვამ საკუთარ დასვენებას მოაკლო და ჩვენს კომფორტს აჩუქა.

აქ ვლინდება სოციალური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი კანონზომიერებააქტორ-დამკვირვებლის ასიმეტრია. საკუთარ გადაღლილობასა და სირთულეებს ჩვენ შიგნიდან, მწვავედ ვგრძნობთ, სხვისი დღის რეჟიმი და დატვირთვა კი ჩვენთვის აბსტრაქტული, უხილავი მოცემულობაა. ამას ემატება უხილავი შრომის ფენომენისაქმე, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც არ კეთდება. თუ ერთ დღეს პერანგი დაჭმუჭნული დაგვხვდა, ჩვენ კი არ ვკითხულობთ, რა მოხდა ან ხომ არ დაიღალაო, არამედ ვბრაზდებით, რადგან ჩვენი კომფორტისავტომატური წესრიგის ილუზიადაირღვა.

ველოდებით, რომ თუ ვინმეს უჭირს, აუცილებლად პირდაპირ გვეტყვის. თუმცა, ყველაზე ღრმა საჭიროებებს ადამიანები ხშირად დუმილში, ყოველდღიურ რუტინასა და მზრუნველ ღიმილში მალავენ. ჩვენ კი გვერდით ვუვლით მათ, რადგან ხშირად ვუსმენთ არა გაგებისთვის, არამედ პასუხისთვის. უფრო მეტიც, თანამედროვე სამყაროს უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადის გამო, ჩვენს ფსიქიკას ერთგვარი ემპათიის დაღლილობაემართება. იგი რთავს თავდაცვით ავტოპილოტს, ბლოკავს სხვის სირთულეებს, რათა თავად არ დაიწვას, და ამას მოსდევს პასუხისმგებლობის დიფუზია - ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ სხვის საჭიროებაზე სხვა იზრუნებს.

განსაკუთრებით რთულად დასანახი მაინც ის მდგომარეობა, როცა ადამიანი მთელი დღე სხვის პრობლემებს უსმენს, სხვებს ეხმარება ან კრიზისებს მართავს. ფიზიკურად ის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ დღის ბოლოს მისი რესურსი ნულზეა. გარშემომყოფებისთვის კი ეს დაღლილობა გაუგებარი რჩება, რადგან იდეალური ფასადების მიღმა პროცესი კადრს მიღმაა დატოვებული.

სამყაროში თავისით მხოლოდ ქაოსი იქმნება, წესრიგი კი ყოველთვის ვიღაცის ენერგიის, დროისა და სიყვარულის ფასად მიიღწევა. როდესაც ამ ზრუნვას ვერ ვამჩნევთ, ხდება მისი ინფლაცია. ადამიანი, რომელიც თავის სულსა და ძალას ყოველდღიურ წვრილმანებში დებს, ნელ-ნელა გრძნობს, რომ თავად ხდება უხილავი, მისი სიყვარული კი  გაუფასურებული.

ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ ესაა: ჩვენ ყველას გვაქვს შიში იმისა, რომ ვერ გვხედავენ და ვერ გვამჩნევენ, თუმცა თავადვე გვიჭირს სხვისი სამყაროს დანახვა.

ამ წრიდან გამოსვლა მხოლოდ შეგნებული გაჩერებითაა შესაძლებელი. უნდა ვისწავლოთ ყურება არა მხოლოდ შედეგის, არამედ იმ უხილავი გზისა, რომელიც სხვამ ჩვენთვის გაიარა. უნდა შევამჩნიოთ კადრს მიღმა დარჩენილი შრომა და ჩვეულებრივ მოცემულობად ქცეულ წესრიგს უბრალო, მაგრამ ცოცხალი სიტყვით ვუპასუხოთ: „მადლობა, რომ ეს გააკეთე. მე ვხედავ შენს ნაბიჯებს“.

და ბოლოს, ფილმში „საოცრება“ მთავარი პერსონაჟი ოგ ბასანი ამბობს, „თუ გინდა ადამიანს გაუგო, უბრალოდ შეხედე მას“.

Wednesday, 20 May 2026

ჰაერის ფასი

 


                           “თანაგრძნობა ბევრს შეუძლია, თანასიხარული კი მხოლოდ რჩეულებს”

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ძველ პარკში, ჭადრები მძიმედ სუნთქავდნენ და დაღლილი ტოტებით მიწაზე თავის დამაგრებას ცდილობდნენ. ირგვლივ ხმაური და ქაოსი სუფევდა. სკამზე მარტოდ ჩამომჯდარი ახალგაზრდა მამაკაცი მოუთმენლად ელოდა ნაცნობი სილუეტის  გამოჩენას.

-       დიდი ხანია რაც მელოდები?

-       სადღაც ნახევარი საათი მაინც.

-       შენ ამ ბოლო დროს რაღაც არ მომწონხარ, ასე როგორ შეიძლება, მერე რა მოხდა თუ რაღაც ისე ვერ აეწყო? ჩხუბი და უსიამოვნება უფულობამა იცის. აი გადაივლის ეს დღეები და შენთვისაც “გამოანათებს მზე”

-       დათომ მხრები აიჩეჩა, თან ისე რომ თითქოს წარუმატებლობის მძიმე ლოდი აწვა; ჩემო ლევან, ძნელია ახლა ჩემი გაგება.

ლევანი ის კაცია რომელსაც ცხოვრებამ თითქოს ყველაფერი ერთბაშად აჩუქა. სოლიდური მემკვიდრეობა, სახლი, მანქანა, აგარაკი, მდიდარი ცოლი და გავლენიანი კავშირები, სამსახური, სადაც ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა დასაქმებული.

დათოს ცხოვრებაში შავი ზოლი იდგა. მას ყველაფერი თავისი შრომით ჰქონდა მიღწეული. მოულოდნელად კი მისი ბიზნესი დაინგრა და ოჯახშიც პრობლემებმა იჩინა თავი. მისი ცნობადობიდან გამომდინარე პარკში გამვლელებიც კი ჩერდებოდნენ, მხარზე ხელს უთათუნებდნენ და ნაღვლიანი თვალებით ეუბნებოდნენ: „გამაგრდი, მეგობარო, ყველაფერი გაივლის“. დათოს უკვირდა კიდეც - ადამიანები, რომლებსაც აქამდე ძლივს ესალმებოდა, ახლა მის ტკივილში ისე მონაწილეობდნენ, თითქოს საკუთარი ყოფილიყოს. მათ მზერაში იკითხებოდა რაღაც უცნაური კმაყოფილებაც, რომელსაცთანაგრძნობასეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლოა, ეს მხოლოდ სიმშვიდე იყო  იმის განცდა, რომ უფსკრულში ისინი კი არა, სხვა ვარდებოდა.

-       უნდა წავიდე, მოულოდნელად წამოდგა დათო;

-       მოიცა თუ ძმა ხარ, სად უნდა წახვიდე ტო? განა ახლა არ მოვედით?

-       არ შემიძლია, აქ თითქოს ჰაერი აღარ მყოფნის, არადა შეხედე აბა რამოდენა სივრცეა, ყველა პირობაა იმისთვის რომ ისუნთქო, მაგრამ ახლა აქ, ხო აქ ზუსტად ყველაზე მეტად მიჭირს სუნთქვა.

ლევანმა გააზრებაც ვერ მოასწრო ისე გაეცალა დათო დამშვიდობების  გარეშე.

****

ლევანი თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და ძვირადღირებულ ვისკის ჭიქაში ყინულს ათამაშებდა. ტელეფონზე ნატასგან შეტყობინება მოვიდა: „საღამოს მარიკასთან ვართ დაპატიჟებულები, არ დააგვიანო“. მან ეკრანი გათიშა.

კაბინეტში მისი ასისტენტი შემოვიდა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყოველთვის ისე უყურებდა, თითქოს ლევანი სამყაროს ცენტრი ყოფილიყო. ლევანმა გაიღიმა. ეს ის მზერა იყო, რაც მას სჭირდებოდა. თუმცა, უცებ დათოს ის გაფითრებული სახე გაახსენდა პარკიდან და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. რატომღაც, დათოს ის სასოწარკვეთა უფრო ნამდვილი ეჩვენა, ვიდრე ყველაფერი, რაც მას ახლა გარს ეხვია.

დღეს არსად წავალ, ჩაილაპარაკა თავისთვის, დღეს უბრალოდ მინდა ვიგრძნო, რომ რაღაც მაქვს, რასაც ფულით ვერ იყიდი. მაგრამ რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მით უფრო ხვდებოდა, რომ ასეთი რამ მის ცხოვრებაში აღარ დარჩენილიყო.

ლევანის სახლი ქალაქის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს  მინისა და ბეტონის ცივი არქიტექტურა, სადაც ყველაფერი ძვირადღირებულია. მხოლოდშობილ ვაჟს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონოდა. თავიდან ლევანი აპროტესტებდა მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას. ფიქრობდა, რომ ეს მის სამეგობრო წრეს თრგუნავდა და აღიზიანებდა. თუმცა მალევე შეეჩვია და ნორმად ექცა. კლასში ყველასთვის მისაბაძი იყო. მამა სკოლის ჭიშკრამდე მანქანით მოიყვანდა. მანქანიდან გადმოსულს ასაკის მატებასთან ერთად ბრენდების ხარიხსიც ემატებოდა. სვოჩი, როლექსი, გუჩი, ადიდასი, ნაეკი, პრადა… ლევანისთვის ბაზრობა და იაფფასიანი ტანსაცმელი უცხო იყო. თინეიჯერობიდანვე მიიპყრო სკოლის ულამაზესი გოგოს ნატას ყურადღება.  თუმცა პარალელურად სხვა გოგოებთან ფლირტაობას, ღამის კლუბებს, ძვირადღირებულ სასმელებს თავს არ არიდებდა. დედა ყოველთვის სიამაყით აღნიშნავდა ლევანის მიმართ მეგობრების დამოკიდებულებას, “ლევანი ყველა უყვარს”, თუმცა ეს არ იყო საღ აზრს მოკლებული. ლევანს შეეძლო მეგობრისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. ეჩუქებინა ძვირადღირებული ნივთები ან ტანსაცმელი, წაეყვანა მასთან ერთად დასასვენებლად, ღამის კლუბში ან სულაც მათთან დარჩენილიყო მოკრძალებულ სახლში, რომელიც მისი მდიდრული ვილისგან განსხვავდებოდა. ნატას და ლევანის სიყვარული ლამაზ ზღაპარს ჰგავდა, რომელიც საოცარი ქორწილით და დაუვიწყარი მოგზაურობით დასრულდა. თუმცა მოგზაურობიდან დაბრუნებულ ნატას და ლევანს საოცარი გაუცხოება დაეწყოთ და ერთმანეთის დანახვის სურვილიც არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა შეთანხმდნენ, რომ ერთად გააგეძელებდნენ ცხოვრებას.  ნატა ლევანისთვის ერთგვარი „აქსესუარი“ გახდა. ის ლამაზი, ყოველთვის იდეალურად მოწესრიგებული და დახვეწილი იყო. მათი ურთიერთობა საქმიან გარიგებას ჰგავდა. საუზმეზე ისინი მხოლოდ გეგმებს განიხილავდნენ: სად წავლენ დასასვენებლად, რომელ წვეულებაზე უნდა გამოჩნდნენ. მათ შორის აღარ არსებობს ვნება, მხოლოდ სტატუსის შენარჩუნების საერთო ინტერესი. სახლში ყოველთვის სისუფთავეა, მაგრამ არ იგრძნობა „სახლის სურნელი“. ეს უფრო მუზეუმს ჰგავს, სადაც ნივთებს ხელით შეხება გეშინია.

ლევანი მაღალ პოზიციაზეა, თუმცა მისი წარმატება არა მხოლოდ ნიჭს, არამედ მემკვიდრეობასა და ნაცნობობას ეფუძნება. ის კაბინეტში გვიან მიდის. მისი დღე შედგება დაუსრულებელი ყავის სმისგან, „საჭირო“ ადამიანებთან ზარებისგან და ქვემდგომებისადმი ირონიული დამოკიდებულებისგან. მას უყვარს ძალაუფლების განცდა. სამსახური მისთვის არის ადგილი, სადაც ის საკუთარ მნიშვნელოვნებას ამტკიცებს.

თანამშრომლები ყველა უღიმის, მაგრამ ზურგს უკან ბევრი დასცინის. ლევანმა ეს იცის, მაგრამ არ ადარდებს მისთვის მთავარია, რომ მასზე არიან დამოკიდებულნი.

ლევანის ცხოვრებაში არსებობს „პარალელური სამყარო“, რომელიც ნატასთვის და საზოგადოებისთვის დახურულია. ის ხშირად სტუმრობს დახურულ კლუბებს, სადაც ფულს ფანტავს. გართობა მისთვის არის საშუალება, გაექცეს იმ სიცარიელეს, რაც სახლში ხვდება. მას ყოველთვის ჰყავს ვინმე „გვერდით“. ეს არ არის სიყვარული, ეს უფრო ნადირობის ინსტინქტია. მას სჭირდება ქალების აღფრთოვანებული მზერა, რათა საკუთარი ეგო გამოკვებოს. ის ამ ქალებს ისევე მარტივად ცვლის, როგორც მანქანებს. მიუხედავად ყველაფრისა, ლევანი ხანდახან გრძნობს, რომ რაღაც აკლია. სწორედ ამიტომ „ეხმარებოდა“ დათოს ასე მონდომებით  სხვისი უბედურების ფონზე მისი ცარიელი ცხოვრება უფრო აზრიანი ჩანდა.

****

დათოს ბავშვობა ადრე დასრულდა. იმ წელს, როცა სხვები პირველ კლასში მიდიოდნენ, მან მშობლების საფლავთან მდგარი ბებია-ბაბუის აკანკალებული ხელები იგრძნო. მას შემდეგ მისი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ბაბუა, ძველი ინჟინერი, რომელიც პენსიის სიმცირის გამო ღამით დარაჯად მუშაობდა, და ბებია, რომელიც ძველებურ წინდებს ქსოვდა გასაყიდად, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბიჭს სხვებისგან გამორჩეული არაფერი ჰქონოდა - გარდა ცოდნისა.

დათო სიმპათიური ახალგაზრდა გაიზარდა: მაღალი, მუქი თვალებითა და მკაფიო ნაკვთებით. თუმცა, მის გარეგნობას ყოველთვის ჩრდილავდა გაცვეთილი, ათასჯერ გარეცხილი პერანგი და ძველი ფეხსაცმელი. სკოლაში, სადაც ლევანი "ბრენდებით" ბრწყინავდა, დათო კუთხეში იჯდა და წიგნებში იკარგებოდა.  რა თქმა უნდა, იყო. ზურგს უკან ჩურჩული მის „ღარიბულ სურნელზე“ ან უფასო სასადილოს ტალონებზე მის ყურამდეც აღწევდა, მაგრამ დათო დუმდა. მისი პასუხი ღამით ნათენები საათები იყო. დათოს ინტელექტი და ადამიანური ღირსებები ლევანის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მალე ლევანმა წინა მერხიდან უკან დათოს გვერდით გადაინაცვლა. მათ მეგობრობა მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. დათოს მიმართ სკოლაში მალევე შეიცვალა დამოკიდებულება, დაცინვა შეწყდა ლევანთან ერთად ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა გასართობ ადგილებში. თუმცა კონტრასტი თვალში საცემი იყო. ბრენდულ სამოსსა და გახუნებულ მაისურებს შორის სხვაობა უყურადღებოდ არ ტოვებდა მავანს. ლევანი არაერთხელ შეეცადა დათოსთვის თავისი ან ახალი სამოსის ჩუქებას, თუმცა დათო ჯიუტად იმეორებდა “ჩემით უნდა ვიყიდო, თუ შეგიძლია ასეთი მიმიღე”

სტუდენტობისას ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. დღისით ლექციები, ღამით კი  მტვირთავად მუშაობა ან დაცვის სამსახური. იყო პერიოდები, როცა ქირის ფული არ ჰქონდა და მეგობრის ავტოფარეხში, ძველ სავარძელზე ეძინა. სწორედ მაშინ ისწავლა დათომ „ჰაერის დაფასება“ როცა გშია და გცივა, ჰაერი ერთადერთია, რაც უფასოდ გეკუთვნის.

თავდაუზოგაობამ შედეგი გამოიღო. 25 წლისამ პირველი სერიოზული სამსახური იშოვა, 30 წლისამ კი  საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. მან ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც მისი ძველი პერანგების არ რცხვენოდა. ორი შვილი, მყუდრო სახლი და სტაბილურობა  თითქოს ბედმა მასზე შური იძია და ყველაფერი დაუბრუნა, რაც ბავშვობაში წაართვა.

მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, მწვერვალზე ასულს ფეხი დაუცდა. მოულოდნელმა ეკონომიკურმა კრიზისმა, პარტნიორის ღალატმა და ერთმა საბედისწერო ხელმოწერამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთ დილას დათო მიხვდა, რომ ისევ იქ იყო, საიდანაც დაიწყო  ცარიელი ჯიბით, ოღონდ ამჯერად პასუხისმგებლობის გაცილებით მძიმე ლოდით. 

****

მთელი ღამე ჩაბნელებულ ოთახში, სიჩუმეში იჯდა ლევანი. ვერაფრით გადაეწყვიტა დათოს როგორ დახმარებოდა. ფიქრებში მისი უღიმღამო ცხოვრებაც აფორიაქებდა. მიხვდა, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ დეკორაციაა, ერთი დიდი თამაშია, სადაც მისი ადგილი თითქმის არაა. ოთახიდან ნატას ხმა გაისმა,

-       ლევან იქნებ დაწვე დროულად, ხვალ ხომ არ დაგავიწყდა შეხვედრა გვაქვს ჩემ სამეგობროსთან, გამოუძინებელი და მოუწესრიგებელი გამოჩნდები, ხომ იცი გოგოები თავს არ დამანებებს და მომიწევს ახსნა განმარტებები.

-       ნატა! ნატა დაიძინე, ხელს მიშლი ფიქრში…

-       ნეტავ რა გაქვს საფიქრალი, მაგრამ შენი უკმაყოფილებით ამ ცხოვრებისადმი სიმართლე გითხრა უკვე ძალიან დავიღალე.

ლევანი ფიქრებმა მის ბავშვობაში წაიღო, გაახსენდა დათოს გადმოსვლა სკოლაში, მასთან გატარებული ლამაზი და მხიარული წლები. დათოს შეუვალი ხასიათი და დასახული მიზნები. ლევენი დათოს ცხოვრები განუყოფელი ნაწილი იყო.

-       ფული რომ შევთავაზო ალბათ შეურაცხყოფად მიიღებს, არადა სინდისი ძალიან მქეჯნის, როგორ დავეხმარო როგორ…

გაბრაზებულმა სავარძელს მთელი ძალით დაკრა ფეხი. ამჯერად ოთახიდან არავინ გამოხმაურებია, ოტახში მხოლოდ საწოლში გადაბრუნების ხმა გაისმა. ცხადი იყო, რომ ვერც ნატა იძინებდა. ლევანი ტელეფონს დაწვდა საათი 03:28 წუთს აჩვენებდა. გვიანი მაგრამ არაუშავს, განა სინდისს დრო აქვს? განა შეიძლება ადამიანი გათენებას დაელოდო?

-       რა იყო შეჩემა საათი არ გაქვს, ნახევრად მძინარე უკმაყოფილო ხმით უპასუხა ლევანს მამაკაცის ხმამ.

-       ოთო შენი დახმარება მჭირდება. ამას ასე ვერ აგიხსნი, შემიძლია ახლავე გამოვიდე, შენ ოღონდ ქვემოთ ჩამოდი და მანქანაში ვიბაზროთ.

-       მოიცა ლევან, ახლა ისეთ პონტში ვარ, თან მარტო არ ვარ…

-       რა იყო შეჩემა განა ძმობას დრო და სიტუაცია წირდება?

-       ვახ ჩემი, შენ რომ ადამიანს შეუჩნდები…

ლევანმა მანქანა სწრაფად დაძრა. ქუჩები ცარიელი იყო, მხოლოდ ყვითელი ლამპიონები ანათებდნენ სველ ასფალტს. ქალაქი ისე გამოიყურებოდა, როგორც მიტოვებული თეატრალური დეკორაცია  ლამაზი, მაგრამ ცივი. აქა-იქ, მაღალ კორპუსებში, რამდენიმე სარკმელი მაინც კაშკაშებდა. ლევანი უყურებდა ამ შუქებს და ფიქრობდა: „ნეტავ იმათაც უჭირთ სუნთქვა? ნეტავ იმათ ფანჯრებს მიღმაც ასეთივე მკვდარი სიჩუმეა, როგორც ჩემს სახლში?“

-       ოთო კორპუსის წინ დახვდა, სიგარეტს ეწეოდა და მხრებს იჩეჩავდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, სალონში ღამის გრილი ჰაერი და თამბაქოს სუნი შემოიჭრა.

-       რა მოხდა, ლევან, მშვიდობაა? ასეთ დროს მარტო მაშინ რეკავდი, კლუბში თუ მივდიოდით,  თქვა ოთომ და თან მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

-       დათოზეა საქმე,  მოკლედ მოუჭრა ლევანმა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.  დათო იღუპება, ოთო. ბიზნესი დაენგრა, ვალები აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ჩემგან არაფერს აიღებს. იცი, როგორი ამაყიცაა.

-       ოთომ ჩაიცინა.  ჰო, ეგ სულ ეგეთი იყო. „ჩემით უნდა მივაღწიოო“, იძახდა, სანამ ჩვენ მამიკოების ფულებით ვგულაობდით. მერე რა გინდა ჩემგან?

-        შენ ახალ პროექტს იწყებ,  ლევანმა საჭეს ხელი მაგრად მოუჭირა,  შენს კომპანიაში პარტნიორი გჭირდება. დათო გენიალური ინჟინერია, ეგ შენც იცი. მინდა, რომ მას პარტნიორობა შესთავაზო. წილი მიეცი, საქმე მიეცი.

-        და ფული? მე რა ხეირი?  იკითხა ოთომ გაკვირვებით.

-       ფულს მე ჩავდებ. მთელ ინვესტიციას მე დავფარავ, ოღონდ დათომ ეს არასდროს უნდა გაიგოს. ეგონოს, რომ შენ გჭირდება მისი ტვინი და გამოცდილება. ეგონოს, რომ ეს შენი შემოთავაზებაა. მას ახლა ჰაერი სჭირდება, ოთო, და ეს ჰაერი შენ უნდა მიაწოდო.

-       ოთო კარგა ხანს დუმდა. უყურებდა ლევანს, რომელიც ისეთი გაფითრებული და მონდომებული იყო, როგორიც ალბათ არასდროს უნახავს. კარგი,  თქვა ბოლოს,  ხვალვე დავურეკავ. ოღონდ იცოდე, თუ გაიგო, ორივეს დაგვმარხავს.

ოთო სწორედ ისეთი ტიპაჟი იყო, რომელსაც ქუჩაში ყველა ცნობდა, მაგრამ არავინ იცოდა, ზუსტად რას საქმიანობდა. ის იყოსუფთაფასადის მიღმა დამალული ბინძური ფულის დიდოსტატი. მისი ოჯახი ათწლეულების მანძილზე ფლობდა ფარმაცევტულ ქსელს, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, თუმცა რეალურად, ეს ბიზნესი მხოლოდშეფუთვაიყო. წამლების იმპორტის პარალელურად, ოთოს მამასა და ბიძებს სახელმწიფო შესყიდვებში ისეთი მყარი ფესვები ჰქონდათ გადგმული, რომ მთავრობის ნებისმიერ სარფიან გარიგებაში მათი ინტერესი პირველი იკვეთებოდა.

ლევანთან შეხვედრისას, ოთოს სახეზე ის ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, რომელიც მხოლოდ მათ აქვთ, ვინც იცის, რომ კანონი მათთვის არ დაწერილა.

-       პარტნიორობაო?  ოთომ სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა გადამრევ შენ  ბიჭო.  ჩემი ოჯახი ახლა ახალ სახელმწიფო ტენდერს იგებს,  ჯანდაცვის სამინისტროში ყველაფერიდალაგებულია“. სამშენებლო მასალებისა და ინფრასტრუქტურის ხაზითაც შევდივართ. დათო კი, თავისისუფთაწარსულით და პრინციპებით, ამ სქემაში ისე გამოჩნდება, როგორც თეთრი ყვავილი ნაგავსაყრელზე. მინდა ახლა ეს მე?

-       სწორედ ეგ გჭირდება,  ხმას აუწია ლევანმა,  დათო ის პროფესიონალია, რომელსაც ვერავინ შეედავება. შენი ბიზნესის რეპუტაციისთვის ის საუკეთესოფარიიქნება, მისთვის კი  ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა.

-       ანუ, გინდა, რომ ჩემი საოჯახო ბიზნესის ჩრდილში დავმალო და თან შენი ფულით ვასუქო?  ოთომ თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიხარხარა.  შენ მართლა შეგცვალა იმ დათომ. ადრე ფულს მხოლოდ იმაში ყრიდი, რაც ბრწყინავდა. ახლა კი უფსკრულში აგდებ.

-       ეს უფსკრული არაა, ოთო. ეს ერთადერთი რამაა, რაც ჩემს შემდეგ დარჩება, ჩაილაპარაკა ლევანმა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.

ოთო დუმდა. ის ხედავდა, როგორ ეცვლებოდა ლევანს თვალები. მისთვის, ვინც მიჩვეული იყო მხოლოდწილებს“, და ჩაწყობილ ტენდერებს, მეგობრობის ასეთი ფორმა გაუგებარი, თუმცა უცნაურად მომხიბვლელი იყო.

 კარგი, ჯანდაბას,  თქვა ბოლოს ოთომ,  ხვალ ჩემს იურისტებს ვეტყვი, რომ დათოს კომპანიის აქტივების გამოსყიდვისა და ახალ პროექტში მისი წილის დოკუმენტები მოამზადონ. ოღონდ იცოდე, ლევან, ჩემს ოჯახშიქველმოქმედებაარ უყვართ. დათომ ისე უნდა იმუშაოს, თითქოს მის ზურგს უკან მხოლოდ საკუთარი ნიჭი დგას.

ლევანმა თავი დაუქნია. მანქანა ოთოს სადარბაზოსთან გააჩერა.

 მადლობა, ძმაო,  უთხრა ლევანმა.

 მადლობა მერე იყოს... როცა დათო პირველ მილიონს დაგიბრუნებს,  დაემშვიდობა ოთო და მანქანიდან გადავიდა. მისი სილუეტი მალევე შთაინთქა მდიდრული კორპუსის ბნელ სადარბაზოში.

ლევანმა ამოისუნთქა. თითქოს ლოდი მოეხსნაო. ოთო სახლთან დატოვა და უკან გამოტრიალდა. გულში უცნაური სიმსუბუქე იგრძნო  პირველად ცხოვრებაში მან რაღაც ნამდვილი გააკეთა, რაღაც ისეთი, რაც არ იყო გათვლილი სტატუსზე ან ნატას სამეგობროში თავის მოსაწონებლად. მანქანის მაგნიტოფონი ჩართო. მუსიკა ხმამაღლა ააჟღერა და სისწრაფეს მოუმატა. გზა თავისუფალი იყო. ცარიელი ფანჯრები მის გვერდით ელვისებურად მიქროდნენ. ლევანი ფიქრობდა დათოზე, იმაზე, თუ როგორ გამოანათებდა ისევ მზე მისთვის. უცებ, მოსახვევში, სადაც გზა ვიწროვდებოდა, საპირისპირო მხრიდან მომავალი სატვირთოს შუქმა თვალები მოსჭრა. ლევანმა საჭე მკვეთრად აიღო გვერდზე, მაგრამ სისწრაფე ძალიან დიდი იყო. საბურავების გაბმული წივილი, მინის მსხვრევის ხმა და მერე ყველაფერი გაჩუმდა.


ლევანი საჭეზე გადაწოლილი იწვა. ბოლო, რაც მან დაინახა, იყო დალეწილი საქარე მინის მიღმა გამოჩენილი ცის ნაგლეჯი და ჭადრის ტოტები, რომლებიც პარკის ჭადრებივით მძიმედ იხრებოდნენ მისკენ. ირონიული იყო სწორედ მაშინ, როცა მან სუნთქვა ისწავლა, ფილტვებმა ჰაერის მიღებაზე უარი თქვეს. ქალაქში ისევ სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ დალეწილი მანქანის ერთ-ერთი ფარი ციმციმებდა რიტმულად, როგორც მომაკვდავი გულისცემა.

ავარიის ადგილზე მისულმა პოლიციამ ლევანის ტელეფონი იპოვა. ეკრანზე ნატას ბოლო შეტყობინება ენთო, რომელიც ჯერ კიდევ წაუკითხავი იყო. იქვე, სისხლიან სავარძელზე, ოთოს სავიზიტო ბარათი ეგდო ბარათი, რომელიც დათოსთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა გამხდარიყო, ლევანისთვის კი უკანასკნელი ნებისყოფის აქტი აღმოჩნდა.


სუფთა მოწესრიგებული და ნათელი კედლები ისეთი თეთრი და ცივი იყო, თითქოს მათში სისხლის ნატამალიც არასდროს ყოფილიყო. ჭერიდან მომავალი ნეონის განათება კანის ფერს მკვდარ, ნაცრისფერ ელფერს აძლევდა. აქ ჰაერიც კი სხვანაირი იყო ქლორის, სპირტისა და უიმედობის სუნით გაჟღენთილი. საავადმყოფოს მოსაცდელი სავსე იყო  სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებით, ზოგი თავის რიგს ელოდებოდა, ზოგიც უკვე გამოსულიყო ექიმიდან და უკვე სახლისაკენ ჩქარობდა. ადამიანთა უმეტესობას დაღლილი და შეწუხებული სახე ჰქონდა.

საოპერაციოს ფოიეში კი დრო გაჩერებულიყო, თუმცა ყველა თავისებურად ებრძოდა ამ გაჩერებას.

ნატა, მაღალ ქუსლებზე იდგა. წითელი პომადა, მხრებზე მოგდებული ქურქი და ყელზე ბრილიანტის კოლიე მის ბრწყინვალებას უსვამდა ხაზსს.  ისე იყო გამოწყობილი, თითქოს აქედან პირდაპირ მორიგ წვეულებაზე უნდა წასულიყო. მისი „გაპრაჭულობა“ ახლა ყველაზე დიდ აბსურდად ჩანდა ამ სიკვდილის სუნით გაჟღენთილ კორიდორში. ის ნერვიულად ისწორებდა ქურქის საყელოს, თითქოს გარეგნული სრულყოფილება შინაგან ქაოსს დაუმალავდა. პერიოდულად ტელეფონს დახედავდა არა იმიტომ, რომ ვინმეს ელოდა, არამედ იმიტომ, რომ დროის დაჩქარება სურდა. მის სახეზე რთული იყო იმის ამოკითხვა, თუ რა უფრო მეტად სტანჯავდა: გულწრფელი ტკივილი, მოულოდნელი იმედგაცრუება თუ სიკვდილის შიშით გამოწვეული თავზარი, რომელსაც ასე თავგამოდებით მალავდა ხელოვნური სრულყოფილების მიღმა. ექიმის სიტყვები  „თუ გადარჩა, სიარულს ვეღარ შეძლებს“  ნატას თავში ცივი, მჭრელი სამართებელივით ტრიალებდა. ყოველ გაელვებაზე ეს ფრაზა მის მოწესრიგებულ სამყაროს ნაფოტებად აქცევდა.

„და მერე რა იქნება?“  ეს კითხვა ყელში გაჩხერილი ბურთივით ახრჩობდა. ნატა გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ნიადაგი ფეხქვეშ. მას არ წარმოუდგენია ლევანი უძლური, ეტლს მიჯაჭვული, დამოკიდებული... მან მხოლოდ საკუთარი თავი წარმოიდგინა ამ სურათში. „მე რა მეშველება? როგორ უნდა მივხედო?“  ფიქრები ტვინს უბურღავდა. ის ხედავდა თავის მომავალს არა მდიდრულ წვეულებებზე, არამედ წამლების სუნით გაჟღენთილ ოთახებში, მომავალს, სადაც ის აღარ იყო „ბრწყინვალე აქსესუარი“, არამედ მომვლელი. ეს პერსპექტივა მისთვის სიკვდილზე უფრო თავზარდამცემი იყო. „ღმერთო, შენ დამეხმარე...“  ჩურჩულებდა ტუჩებით, რომლებზეც წითელი პომადა ჯერ კიდევ იდეალურად ესვა,  „ოღონდ ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე, ოღონდ ეს ტვირთი არ დამეკისროს“. მისი ლოცვა არა ქმრის გადარჩენის, არამედ საკუთარი თავისუფლების შენარჩუნების ვედრება იყო. ამ ცივ კორიდორში, ბრილიანტების ბრწყინვალების მიღმა, ნატას ყველაზე დიდი შიში გამჟღავნდა: შიში იმისა, რომ სხვისი უბედურება მის პირად კომფორტს საბოლოოდ გაანადგურებდა.

მამა, ტელეფონს არ სცილდებოდა. მისი საუბარი წყვეტილი იყო, საქმიანი და ხმამაღალი. ის ისევ თავისი კავშირებით ცდილობდა სამყაროს მართვას:  ჰო, ვიცი... საუკეთესო ქირურგები მინდა... ფულს მნიშვნელობა არ აქვს, გაიგე? საუკეთესოები მჭირდება! თუ საჭიროა ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოვიყვან საუკეთესო ექიმებს...  ბოლო ხმაზე ყვიროდა, რადგან ეშინოდა, რომ ამჯერად მისი მემკვიდრეობა და გავლენები უძლური იქნებოდა. თან ბოლთას სცემდა და და თავს აქეთ - იქეთ აქნევდა. იქვე ახლოს სავარძელში მჯდომ მეუღლესთან (ლევანის დედა) მივიდოდა   პერიოდულად და ამშვიდებდა, “ კარგი, ხომ იცი რა ჯიუტია შენი შვილი შენსავით, არ დათმობს პოზიციებს”

ლევანის მამის მსგავსად ოთოც, დაუსრულებლად აწყდებოდა საოპერაციოს კარებს. ის ცდილობდა ექთნებისთვის გზა გადაეჭრა, სხვებზე ადრე გაეგო რამე, „ჩაეწყო“, მოეგვარებინა. მისი მოუსვენრობა უფრო პანიკას ჰგავდა, ვიდრე მზრუნველობას. მარტო არ უნდა გამომეშვა, ხომ ვგრძნობდი, რომ რაღაც აწუხებდა, ასე როგორ შევძლო ამ ცხოვრება, ასე როგორ გავაგრძელო…

მხოლოდ დათო იჯდა განზე. ის არავის უთვლიდა ფულს, არავის ურეკავდა და არც ექიმებს უღობავდა გზას. დათო კუთხეში იყო ჩაცუცქული, თავზე ხელებშემოწყობილი, თითქოს ცდილობდა ის სიმძიმე შეეკავებინა, რომელიც თავის ქალას შიგნიდან აწვებოდა. ის ისეთი მდუმარე იყო, რომ გამვლელებს შეიძლება ქვის ქანდაკებაც კი ჰგონებოდათ. დათომ იცოდა ის, რაც სხვებმა არ იცოდნენ მან იცოდა, როგორია, როცა ჰაერი აღარ გყოფნის. მან იცოდა, რომ სიკვდილს როლექსით და მაღალი ქუსლებით ვერ მოისყიდი. ის იქ იჯდა, სადაც წლების წინ ბებიასა და ბაბუის გვერდით იჯდა და ისევ ისე ელოდა... ოღონდ ამჯერად მას აღარავინ ჰყავდა, ვინც ხელზე ხელს მოჰკიდებდა და ეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

უკვე ოთხი საათი იყო, რაც ექიმი შეუსვენებლად მოძრაობდა. საოპერაციო ბლოკის მკაცრი, თეთრი განათება მის შუბლზე დაცემულ ოფლის წვეთებს აირეკლავდა, რომლებიც ნიღბის ზემოთ, წარბებთან გროვდებოდა. ჰაერში ანტისეპტიკების მძაფრი სუნი და ელექტროკოაგულატორის სპეციფიკური შიშინი იდგა.

ირგვლივ მხოლოდ აპარატურის ერთფეროვანი, რიტმული წრიპინი ისმოდა პაციენტის სიცოცხლის ერთადერთი დასტური ამ დაძაბულ სიჩუმეში. ექიმის თითები, მიუხედავად გადაღლილობისა, საოცარი სიზუსტით მუშაობდნენ, თითქოს ყოველი მოძრაობა წინასწარ დახაზულ ტრაექტორიას მიჰყვებოდა.

-        სკალპელი!  გაისმა მისი ჩახლეჩილი, მაგრამ მტკიცე ხმა.

ასისტენტმა წამიერად ჩაუდო ხელისგულში ცივი ფოლადი. ექიმმა ერთი სწრაფი მოძრაობით გააფართოვა ჭრილობა.

-       მომეცით მომჭერი... არა, უფრო პატარა, "მოსკიტი"! - ბრძანა მან ისე, რომ პაციენტისთვის თვალი არ მოუცილებია.

მედდამ ელვისებურად მიაწოდა ინსტრუმენტი. ლითონის წკაპუნი სიჩუმეში გასროლასავით გაისმა. ექიმის მზერა საოპერაციო არეზე იყო ფოკუსირებული, სადაც ყოველი მილიმეტრი გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა.

-       პინცეტი და ნემსდამჭერი, სწრაფად!  დაამატა მან.

ოთახში ძაბვა პიკს აღწევდა. ექიმი წამით შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ენერგიის ნარჩენებს ერთ მუშტად კრავსო, და ფრთხილად დაიწყო ყველაზე რთული ფაზა. მისი ყოველი სიტყვა მოკლე იყო, როგორც საბრძოლო ბრძანება, ხოლო გარშემომყოფები ამ ბრძანებებს უსიტყვოდ, თითქმის ინსტინქტურად ასრულებდნენ.

საოპერაციო ბლოკის მძიმე კარებს მიღმა სხვა სამყარო იდგა. იქ, ლითონის ცივ მაგიდაზე, სიცოცხლე წამზომზე იყო ჩამოკიდებული. მონიტორის ერთფეროვანი წრიპინი ერთადერთი ხმა, რომელიც წამებს ითვლიდა. უცებ, რიტმი გაწყდა. სწორი ხაზი. გაჩერებული გული. ფილტვები, რომლებიც წამით ადრე ჰაერისთვის იბრძოდნენ, ახლა დაცლილ ბუშტებს ჰგავდნენ. ქირურგების ნიღბებს მიღმა მხოლოდ თვალები ჩანდა  დაღლილი, კონცენტრირებული და იმ წამს, ცოტათი დამარცხებულიც.

 

 

 

****

მისმინე, დათო, - დაიწყო ოთომ და მაგიდაზე ახალი პროექტის ესკიზები გაშალა, „სახელმწიფო ტენდერი მოვიგე  რეგიონული სამედიცინო ჰაბი უნდა აშენდეს. ჩემი სასტავი მხოლოდ ფულს ითვლის, საქმის გამკეთებელი კი არავინაა. მჭირდება პარტნიორი, ვისაც ტვინიც აქვს და სახელიც. წილში გისვამ, ოღონდ პროექტი თავიდან ბოლომდე შენი სამართავი იქნება.“

-       და მე რა შუაში ვარ ძმაო, ან ჩემამდე ასე პირდაპირ რა პონტში მოხვედი?

-       მე ხომ ვიცი შენ რისი კეთება შეგიძლია, მინდა ძალები გავაერთიანოთ და ამით ორივემ ვიხეიროთ.

-       რაღაც არ მომწონს ეგ ამბავი ოთო, ის მაინც მითხარი მე ზუსტად რა მევალება?

-       შენ ჩემი პარტნიორი და ერთ-ერთი მენეჯერი იქნები.

-       დამცინი ოთო, საკმარისია ცხოვრებამ ისედაც კარგად გადამიარა, შენღა მაკლდი. დათომ ლუდის ჭიქას დაწვდა და ბოლომდე ჩაცალა…

დათო დიდხანს ყოყმანობდა. წინადადება ზედმეტად ხელსაყრელი ჩანდა, თითქმის არარეალური, მაგრამ ოთოს „ცინიკურმა“ გულწრფელობამ  თითქოს მას მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად სჭირდებოდა დათოს ავტორიტეტი  ბარიერი მოუხსნა. მან დაიჯერა, რომ ეს არა ქველმოქმედება, არამედ საქმიანი გარიგება იყო, სადაც მისი ინტელექტი იყო მთავარი ვალუტა.

*****

მომდევნო ექვსი თვე დათოსთვის არა მხოლოდ სამუშაო პროცესად, არამედ ნამდვილ რენესანსად იქცა. ის აღარ იყო ის გაფითრებული მამაკაცი, რომელიც პარკის სკამზე ჰაერის უკმარისობას უჩიოდა. ახლა მისი მზერა ფოკუსირებული იყო, ნაბიჯი - მტკიცე, ხოლო გონება - დაუცხრომელი. მისი დამოკიდებულება საქმისადმი, თანამშრომლებისადმი და სიახლეებისადმი იმდენად თვალში საცემი გახდა, უმალვე მოიპოვა ავტორიტეტი საზოგადოებაში. შინაგანად თავს არ აძლევდა საშუალებას მიღწეულით სიამოვნება ეგრძნო. რადგან ფიქრობდა, რომ ჯერ ვალი არ გადაუხდია იმ სიკეთისთვის რაც მას ოთომ გაუკეთა. მიუხედავად იმისა იმასაც გრძნობდა, ოთო მაინც ცინიკური ღიმილით უყურებდა მის ყოველდრიურობას.  დათომ შექმნა ინოვაციური საოპერაციო ბლოკების მოდულური სისტემა, რომელიც ანალოგს არ იცნობდა. ეს არ იყო მხოლოდ მშრალი კონსტრუქცია; ეს იყო ინჟინრული შედევრი, სადაც ყოველი დეტალი პაციენტის უსაფრთხოებასა და ექიმის კომფორტზე იყო გათვლილი. მასში ჩაქსოვილი იყო მთელი ის ტკივილი და გამოცდილება, რაც დათომ საავადმყოფოს თეთრ დერეფნებში ლოდინისას მიიღო. კომპანიის სახელი, რომელიც აქამდე მხოლოდ კორუფციასთან, ფასადურ საოჯახო ბიზნესთან და „ჩაწყობილ“ სახელმწიფო ტენდერებთან ასოცირდებოდა, დათოს წყალობით „ხარისხის ეტალონად“ იქცა. ბაზარზე ხმა გავარდა: „თუ გინდათ, რომ პროექტი არამარტო ჩაბარდეს, არამედ საუკუნეებს გაუძლოს, დათოსთან უნდა მიხვიდეთ“. დღითიდღე უმჯობესდებოდა კომპანიის რეიინგი, ოთოს მამამ დათოსთან კონტაქტებს მოუხშირა, ხშირად დაჰყავდა საქმიან შეხვედრებზე, დათომ ოთო ძალიან მალე ჩაანაცვლა უნებლიედ.  კომპანიები, რომლებიც ადრე ოთოსთან საქმეს მხოლოდ იძულებით ან ვიწრო ინტერესების გამო იჭერდნენ, ახლა დათოსთან შეხვედრაზე რიგში დგებოდნენ. მოგება გაორმაგდა. ოთოს ოჯახმა, რომელიც მიჩვეული იყო ფულის „კეთებას“ სხვისი ხარჯზე, ახლა იმაზე მეტი სარგებელი ნახა ლეგალური გზით, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ ოთოს ანგარიშებზე ციფრები ელვისებურად იზრდებოდა, ის მუდმივად გრძნობდა მზარდ დისკომფორტს. მის ძვირადღირებულ, ტყავის სავარძელში ჯდომა სულ უფრო უსიამოვნო ხდებოდა. კარგად ხედავდა მამის დამოკიდებულებას დათოსადმი, იმასაც, რომ  დათოს ავტორიტეტი მისას აჭარბებდა. ოფიციალურ მიღებებზე, პრეზენტაციებზე თუ სამთავრობო შეხვედრებზე, ყველა დათოს უყურებდა. დათო იყო კომპანიის რეალური „სახე“, მისი ინტელექტუალური ცენტრი და მორალური ხერხემალი. ოთო, რომელიც მიჩვეული იყო ყველაფრისა და ყველას კონტროლს, ახლა საკუთარი პარტნიორის ჩრდილში აღმოჩნდა. „მე ვარ აქ მეპატრონე, თუ ის?“ -  ეს კითხვა ოთოს ტვინში ჟანგიანი ლურსმანივით იყო ჩაჭედილი. ეს იყო მწარე შური, შერეული პარანოიდულ შიშთან. ოთოს მოსვენებას უკარგავდა ფიქრი იმაზე, რომ დათო ოდესმე სიმართლეს გაიგებდა. რა მოხდებოდა, თუ გაიგებდა იმ „ფარული ინვესტიციის“ შესახებ? თუ მიხვდებოდა, რომ მისი აღზევების საძირკველში ლევანის სიცოცხლის ფასი და ფული იდო? ყოველ ჯერზე თავს ძლივს იკავებდა, რომ ხმამაღლა არ ეთქვა სიმართლე, რადგან მისთვის გაცილებით ძვირფასი იყო გაზრდილი ციფრები, ვიდრე ის ყალბი რეალობა, რომელშიც იმ მომენტში იმყოფებოდა.  დიახ, სინამდვილეში ოთოს ეშინოდა დათოს სიწმინდის. ის გრძნობდა, რომ თუ ეს ამაყი კაცი სიმართლეს გაიგებდა, ყველაფერს დაანგრევდა, ზურგს შეაქცევდა ამ იმპერიას და ოთოს ისევ მის ბინძურ სქემებთან მარტო დატოვებდა.

ყოველ ჯერზე, როცა დათო კაბინეტში შედიოდა თავისი გულწრფელი ღიმილით და ახალ ნახაზებს შლიდა, ოთო საკუთარ თავს პატარა, უმნიშვნელო ადამიანად გრძნობდა. მას სურდა, დათო ისევ ისეთივე უსუსური ყოფილიყო, როგორიც იმ ღამეს მანქანაში, რადგან დათოს წარმატება ოთოს საკუთარ უნიჭობასა და სულიერ სიცარიელეს სარკესავით უჩვენებდა.

-       ოთო, ნახე, ამ სისტემით ენერგიის მოხმარებას 30%-ით ვამცირებთ. ეს რევოლუციაა საავადმყოფოებისთვის!

-       ჰო, კარგია. (ცივად, ჭიქას ათამაშებს), მაგრამ ხომ იცი, მთავარია ტენდერის პირობებში როგორ ჩაჯდება. ზედმეტი „ხარისხი“ ხანდახან ზედმეტი ხარჯია.

-       ხარისხი არასდროსაა ზედმეტი, (ჩერდება და მზერას უსწორებს)  როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. შენ ხომ ამიტომ მენდე? იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია.

ოთო დუმდა. ის ხედავდა დათოს თვალებში იმ სინათლეს, რომელიც მას არასდროს ჰქონია და ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს სინათლე მის ბნელ კუთხეებსაც მიანათებდა.

რაც დრო გადიოდა, რაც უფრო ღრმად შედიოდა კომპანიის სტრუქტურაში, დათო მით უფრო ხშირად ეჯახებოდა „დახურულ კარებს“ და დოკუმენტებს, რომლებიც მისთვის არ იყო განკუთვნილი.

ერთ საღამოს, საწყობის ინსპექტირებისას, დათომ შემთხვევით აღმოაჩინა პარტია, რომელიც რეგიონულ საავადმყოფოებში უნდა გაგზავნილიყო. ძვირადღირებული, ევროპული ბრენდის კოლოფებში სულ სხვა, იაფფასიანი და საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტები ეწყო. დათო მიხვდა: ოთოსთვის მისი ინოვაციური საოპერაციო ბლოკები მხოლოდ „ლამაზი ფასადი“ იყო, რომლის მიღმაც ძველი, კორუმპირებული სქემები აგრძელებდნენ არსებობას. ოთო იყენებდა დათოს სახელს, რათა მთავრობასთან უხარისხო პროდუქცია გაესაღებინა.

დათოს სინდისი, რომელიც წლების განმავლობაში შრომითა და გაჭირვებით გამოიწრთო, ოთოს გაუმაძღარ ამბიციებს დაეჯახა.

იმ დღეს ოთოს კაბინეტში ჰაერი ისეთივე მძიმე იყო, როგორც ოდესღაც პარკში. დათო შევიდა, არა როგორც დაქირავებული მუშაკი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც საკუთარი ფასი იცოდა. მან თეთრი კონვერტი მაგიდაზე დაუდო.

-       ეს... ეს რა არის?  ოთომ წარბი ირონიულად აზიდა, თუმცა აკანკალებული თითები ვერ დამალა.

-       ეს ჩვენი გზების გაყოფაა, ოთო, დათოს ხმა მშვიდი იყო, მაგრამ მასში ლითონის ცივი ჟღერადობა იგრძნობოდა. საკუთარი თვალით ვნახე, რა ხდება საწყობებში. ვნახე, როგორ ყიდით ხალხის იმედს ლამაზ შეფუთვაში.

-       დათო, ნუ იქნები ბავშვი!  ოთო ფეხზე წამოვარდა, სახეზე ბრაზისგან ლაქები აუვიდა. ეს ბიზნესია! შენი „ხარისხი“ მხოლოდ იმიტომ იყიდება, რომ ზურგს ჩემი ოჯახის კავშირები გიმაგრებს. ჩემ გარეშე ისევ ის ღარიბი ინჟინერი იქნებოდი, ოფისის სკამზე რომ იხრჩობოდა!

-       შენ ფულით სუნთქავ, ოთო, მე კი  საქმით, დათომ მზერა გაუსწორა. ოთოს თვალებში მხოლოდ ბოღმა და გაშიშვლებული იმედგაცრუება იკითხებოდა.

-       ჩემს წილს ვყიდი. საკუთარი დანაზოგითა და იმ უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც მე მენდნენ და არა შენს გვარს, ახალ კომპანიას ვაფუძნებ „ორიენტს“. მინდა შევქმნა ბრენდი, რომელიც არავისზე, მით უმეტეს, სახელმწიფო ტენდერებზე არ იქნება დამოკიდებული.

-       შენ? კომპანიას აარსებ? გადაიხარხარა ოთომ. ერთი საცოდავი, ხელმოცარული არსება ხარ, თავზე დიდი წარმოდგენით! სიკვდილს ძლივს გადაურჩი და საერთოდ არავინ იქნებოდი, რომ არა ლევან...  აქ ოთო უცებ გაჩუმდა. მიხვდა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.

-       მოიცა... ლევანი რა შუაშია?

-       არაფერი... ისე ვთქვი, შენს გასაბრაზებლად.

-       ლევანი რა შუაშია-მეთქი, მიპასუხე! დათო უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავს. წამში გადალახა მანძილი და ოთოს ყელში ეცა. ხელები ისე მოუჭირა, რომ სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ოთოსთვის ეს რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო, თავდაცვაც კი ვერ მოასწრო.

დაცვის თანამშრომელი რომ არა, ალბათ, ოთოს ვერაფერი იხსნიდა. დათო მხოლოდ გარეთ, ეზოში გამოერკვა, როცა სახეში ცივი ჰაერი ეცა. იდგა და მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ფილტვები ჟანგბადისგან სრულიად დაცლილიყო.

***

საავადმყოფოს თეთრი კედლები ლევანის სახლის მინისა და ბეტონის ცივმა ფასადმა შეცვალა, თუმცა მისთვის არაფერი შეცვლილა  ჰაერი აქაც ქლორისა და უიმედობის სუნით იყო გაჟღენთილი. ლევანი ახლა საკუთარ სახლში, ძვირადღირებულ ეტლში იჯდა და უყურებდა ფანჯრიდან იმ ქუჩას, სადაც ოდესღაც მისი სპორტული მანქანის ძრავის ხმა ყველას ყურადღებას იპყრობდა.

მამის გარდაცვალებამ, რომელიც ავარიიდან მალევე ინფარქტმა იმსხვერპლა, სახლს ბოლო საყრდენიც გამოაცალა. ნატა პირველი იყო, ვინც წავიდა. მან ისე ჩაალაგა თავისი „გუჩის“ ჩანთები და ბრილიანტები, თითქოს უბრალოდ მორიგ კურორტზე მიემგზავრებოდა. მისი ბოლო სიტყვები „მე ასე არ შემიძლია, ლევან, ეს ჩემი ცხოვრება არ არის“ ოთახში დიდხანს დარჩა ჰაერში გამოკიდებული.

დედა კი... დედა ისევ ძველებურად იქცეოდა. ის კვლავ იდეალურად დავარცხნილი თმითა და გადაჭარბებული პრანჭიობით დადიოდა ოთახებში. ხმამაღლა საუბრობდა ნაცნობებთან ტელეფონზე, ატყუებდა მათ, რომ ლევანი „მალე ფეხზე დადგებოდა“ და რომ „ეს მხოლოდ დროებითი სირთულეა“. ის ისე უფრთხილდებოდა თავის სტატუსს, თითქოს ეს ძველი, გაცვეთილი პერანგი ყოფილიყო, რომლის შიგნითაც სხეული უკვე დიდი ხანია დალპა.

-       ლევან, ძვირფასო, დღეს მარიკამ დამირეკა, საღამოს შემოვივლიო,  თქვა მან და შვილის წინ გაიარა, ისე, რომ მის თვალებში ჩაყინული ტკივილისთვის არც შეუხედავს.  არ დაგავიწყდეს, ის ცისფერი პერანგი ჩაიცვი, უფრო ჯანსაღ ფერს გაძლევს.

ლევანმა არ უპასუხა. ის უყურებდა თავის მომვლელს  უცხო მამაკაცს, რომელიც რობოტივით ასრულებდა თავის საქმეს. ყოველი მისი შეხება ლევანს ახსენებდა, რომ ის ახლა მხოლოდ „პროექტი“ იყო, რომელიც მოვლას საჭიროებდა.

შემოსავლები ყოველდღიურად იკლებდა. ოთოს ოჯახი, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ ბიზნესს სრულად დაეპატრონა, ლევანს მხოლოდ სიმბოლურ თანხას ურიცხავდა. „მეგობრებიც“ გაქრნენ. ის ბიჭები, რომლებსაც ლევანი წლების განმავლობაში თავისი ფულით „ასუნთქებდა“, ახლა ტელეფონზეც აღარ პასუხობდნენ. მათთვის ლევანი აღარ იყო „სამყაროს ცენტრი“, ის მხოლოდ უსიამოვნო მოგონებად იქცა, რომელიც მათ საკუთარ მოწყვლადობას ახსენებდა.

ერთ საღამოს, როცა სახლში მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა, ლევანმა მაგიდაზე დაგდებულ ოთოს სავიზიტო ბარათს შეხედა იმ ბარათს, რომელმაც დათო გადაარჩინა და ის გაანადგურა. მიხვდა, რომ ამხელა სახლში, ამდენი ნივთის გარემოცვაში, ის აბსოლუტურად მარტო იყო.

და სწორედ მაშინ, როცა სიჩუმე უკვე გაუსაძლისი გახდა, კარზე ზარის ხმა გაისმა. დედამ არ გააღო ის ალბათ სარკის წინ მორიგ ნაოჭს ებრძოდა. მომვლელიც სამზარეულოში იყო. ზარი მეორედ გაისმა, უფრო დაჟინებით.

ლევანმა ეტლით კარებისკენ წაინაცვლა. მისი ხელები, რომლებიც ოდესღაც მხოლოდ ძვირფას სასმელებსა და საჭეს ეხებოდნენ, ახლა ეტლის ცივ საბურავებს ატრიალებდნენ. მან კარი გააღო.

ზღურბლზე დათო იდგა. ის აღარ იყო ის გაუბედავი კაცი პარკიდან. მისი მზერა მშვიდი და მტკიცე იყო. ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა  ის კონვერტი, რომლითაც ოთოსთან გზები გაიყო.

-       ჰაერი მომიტანე?  ჰკითხა ლევანმა ჩუმად, მის ხმაში კი პირველად გაისმა არა ირონია, არამედ იმედი.

დათომ შეხედა დალეწილ მეგობარს, მერე კი ოთახში შემოვიდა და კარი ზურგს უკან მჭიდროდ მიხურა.

-       არა, ლევან. სიმართლე მოგიტანე. ახლა ორივესთვის დროა, სუნთქვა თავიდან ვისწავლოთ.

****

დათო თავის კაბინეტში იჯდა. ფანჯრიდან „ორიენტის“ ახალი ჰაბის მშენებლობა ჩანდა, გიგანტური ამწეები ისეთივე სიზუსტით მოძრაობდნენ, როგორითაც დათო თავის ნახაზებს ხაზავდა. მაგიდაზე ორი დოკუმენტი იდო: ერთი  ოთოს ოჯახის საბოლოო გაკოტრების ოქმი, რომელიც მის ხელმოწერას ელოდა, და მეორე ლევანის სამედიცინო ბარათი, სადაც უცხოელი ქირურგები რეაბილიტაციის ბოლო შანსზე წერდნენ.

დათო დიდხანს უყურებდა საკუთარ ხელებს. ამ ხელებმა იცოდნენ მძიმე შრომის, შიმშილისა და იმ დამცირების გემო, რომელიც ლევანის მამამ აგემა. ის კაცი, რომელიც ახლა მიწაში იწვა, დათოსთვის ყოველთვის იყო იმ სისტემის სიმბოლო, რომელმაც მისი ბავშვობა და ოჯახი გაანადგურა. „მათ მე ჰაერი წამართვეს,“  გაიფიქრა დათომ და კბილებს ერთმანეთს დააჭირა. შურისძიების წყურვილი ცივი და მომხიბვლელი იყო  მას შეეძლო ოთოს იმპერიის ნანგრევებზე საბოლოოდ გადაევლო და ლევანიც იმ წარსულთან ერთად დაემარხა, რომელიც ასე სძულდა.

მაგრამ მერე გაახსენდა სკოლის მერხი. გაახსენდა ლევანი, რომელიც მის გვერდით ჯდებოდა არა იმიტომ, რომ დათოს ფული ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მის თვალებში სინათლეს ხედავდა. გაახსენდა ის ღამე, როცა ლევანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად სცადა მისი გადარჩენა, თუნდაც ეს დახმარება „მოპარული“ და „დამალული“ ყოფილიყო.

„განა შეიძლება სიკეთე ბოროტი ფულით გაკეთდეს?“ ეს კითხვა დათოს მოსვენებას არ აძლევდა. ის საკუთარ ღირსებას ებრძოდა. თუ ლევანს დაეხმარებოდა, ეს ნიშნავდა, რომ აპატიებდა იმ გვარს, რომელმაც გაანადგურა. თუ არ დაეხმარებოდა  ნიშნავდა, რომ თავად გახდებოდა ისეთივე ცივი და უგულო, როგორიც მისი მტრები იყვნენ.

დათო ადგა, პიჯაკი მოიცვა და კაბინეტიდან გავიდა.

ნახევარი საათის შემდეგ ის ლევანის სახლთან იდგა. სახლი, რომელიც ადრე ფუფუნების ციხესიმაგრეს ჰგავდა, ახლა მიტოვებულ მუზეუმს დამსგავსებოდა. კარი მომვლელმა გაუღო. ოთახში შესულ დათოს დედა შეეფეთა  ისევ ისეთივე პრანჭია, ისევ ისეთივე ყალბი ღიმილით, თუმცა თვალებში აშკარა შიში ჩასდგომოდა.

-       დათო, შვილო...  დაიწყო ქალმა და აკანკალებული ხელი ყელზე მოიდო,  ვიცოდი, რომ შემოივლიდი. ოთო ამბობდა, რომ შენ ახლა ყველაფერი შეგიძლია...

დათომ მას არც შეხედა. მან ლევანი დაინახა. ის ეტლში იჯდა, გაფითრებული, თითქმის გამჭვირვალე. ლევანის თვალებში აღარ იყო ის ძველი პრიალა თავდაჯერებულობა, იქ მხოლოდ გაშიშვლებული სირცხვილი და მოლოდინი დარჩენილიყო.

-       მოხვედი? ჩაილაპარაკა ლევანმა.

-       მოვედი,  დათო მის წინ ჩამოჯდა.

-       ოთოს კომპანიის აქტივები ჩემს ხელშია. შენი სახლიც, შენი წილიც... ყველაფერი.

ლევანმა თავი დახარა.

-       ვიცი. შენ ეს დაიმსახურე. მამაჩემმა... მან შენ ბევრი რამ წაგართვა. მე კი მეგონა, რომ ფულით ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა.

დათომ დუმილის მძიმე წუთები გაწელა. მერე მაგიდაზე კონვერტი დადო. შენს სახელს და გვარს ვერაფერი წაშლის, ლევან. მაგრამ შენ ჩემი მეგობარი იყავი მაშინ, როცა მე არავინ ვიყავი. მამაშენმა ჩემი წარსული დაანგრია, შენ კი ჩემი მომავალი დააზღვიე თუნდაც შეცდომით, თუნდაც სხვისი ხელით. მე არ ვარ ოთო. მე არ ვსუნთქავ შურისძიებით.

დათო წამოდგა.

-       გერმანიაში კლინიკა უკვე გელოდება. ყველაფერი ანაზღაურებულია. „ორიენტი“ შენს რეაბილიტაციას დააფინანსებს. არა როგორც მოწყალებას, არამედ როგორც ვალს,  იმ ჰაერის საფასურს, რომელიც მაშინ მომეცი, როცა სუნთქვა მიჭირდა.

ლევანს ცრემლი მოადგა, მაგრამ დათოს მზერაში სიმკაცრე დარჩა.

-       ოღონდ ერთი პირობით: როცა ფეხზე დადგები, შენ თავად უნდა ისწავლო შრომა. ჩემს კომპანიაში ადგილს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ, თუ შენი ცოდნა და არა შენი გვარი იქნება მთავარი.

დათო კარისკენ წავიდა. ზღურბლთან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო, რომ ის სიმძიმე, რომელიც წლების განმავლობაში თავის ქალას შიგნიდან აწვებოდა, საბოლოოდ გაქრა. მან აპატია. არა იმიტომ, რომ ლევანის მამამ ეს დაიმსახურა, არამედ იმიტომ, რომ დათო თავად იმსახურებდა თავისუფლებას ამ ბოღმისგან.

გარეთ ცივი, სუფთა ჰაერი დახვდა. მანქანაში ჩაჯდა და „ორიენტისკენ“ დაბრუნდა. ქალაქი იცვლებოდა, შენდებოდა და დათომ იცოდა, რომ ამიერიდან ამ ქალაქში ჰაერი ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

***

საავადმყოფოდან სახლამდე გზა უსასრულოდ გაიწელა. ადრე ეს მანძილი სულ რამდენიმე წუთის ამბავი იყო  ძრავის ერთი დაღრჭიალება და ლევანი უკვე შინ იყო. ახლა კი ყოველი მოსახვევი, ყოველი შერყევა მის სხეულში ტკივილად და დამცირებად ილექებოდა. საავადმყოფოდან გამოწერა არ ყოფილა დღესასწაული; ეს უფრო ჰგავდა ერთი იზოლაციიდან მეორეში, უფრო ნაცნობ, მაგრამ უფრო მტკივნეულ საპყრობილეში გადაყვანას. როდესაც ლევანი სახლის ზღურბლთან პირველად მიაყენეს, ჰაერი ეცოტავა. მან იგრძნო, რომ ეს ის ადგილი აღარ იყო, სადაც ოდესღაცმეფობდა“. მისი მდიდრული სახლი ახლა უცხო, ცივ ლაბირინთად ქცეულიყო.

-       ფრთხილად, ფრთხილად! ხალიჩა არ დასვაროთ, ფეხსაცმელები გაიწმინდეთ! დედა მოჩვენებითი მზრუნველობითა და აფორიაქებული ხმით არიგებდა ექიმის დამხმარეებს. ის უფრო მეტად ხალიჩის სისუფთავეზე ნერვიულობდა, ვიდრე იმ კაცის მდგომარეობაზე, რომელიც ამ ხალიჩაზე უსულო ტვირთივით უნდა გადაეტარებინათ.

თეთრი, ვრცელი საძინებელი... თავისი ორადგილიანი, თოვლივით თეთრი ზეწრებით შემკული საწოლი, მძიმე ფარდები და დიდი სარკმელი, რომელიც ქალაქს ისე გადმოჰყურებდა, როგორც დამკვირვებელი ჭიანჭველების ბუდეს. „როგორ მომნატრებია...“ -  გაიფიქრა ლევანმა და იმავე წამს შეაჟრჟოლა. მიხვდა, რომ ამ თეთრ სიცარიელეში სრულიად მარტო რჩებოდა. აქ აღარ იყო ნატა. აღარც პატარა ანრი, რომელიც ადრეული დილის მზესთან ერთად შემოიჭრებოდა ხოლმე ოთახში, მამას გულზე მოუკალათდებოდა, თავისი პატარა თითებით თმებს აწვალებდა და ლევანის ყოველ რეაქციაზე ისეთი გულიანი ტიტინით იცინოდა, რომ სამყარო უფრო ნათელი ხდებოდა. მათი ბედნიერების სურათი ჯერ კიდევ კედელზე ეკიდა  გაყინული ღიმილი წარსულიდან, რომელიც ახლა დაცინვასავით ჟღერდა.

სამი თვე გავიდა, რაც ლევანს საავადმყოფოს პალატის გარეთ არ გამოუხედავს. ნატა კი მეორე თვეშივე დაემშვიდობა. მისი სიტყვები დღემდე ოთახის კუთხეებში იყო ჩაბუდებული: *„მე არ ვარ მზად... მე არ შემიძლია ამ მდგომარეობის ატანა... ვერ მივეჯაჭვები ასეთ ცხოვრებას, გამიგე? მე მივდივარ და არც ეცადო შემაჩერო. ანრის გამოგიგზავნი ხოლმე, ოღონდ... მართლა არ შემიძლია“.

ლევანი მაშინაც უსიტყვოდ უყურებდა თავისძვირფას აქსესუარს“, რომელიც ასე მსუბუქად, თითქოს ძველ კაბას იხდისო, ტოვებდა წლობით ნაშენებ იდილიას. ნატასთვის ეს ოჯახი მხოლოდ სავიზიტო ბარათი იყო მაღალ საზოგადოებაში შესასვლელად, ახლა კი, როცა ბარათი დაზიანდა, მან ის უბრალოდ სანაგვეზე მოისროლა.

სახლში ყველაფერი შეიცვალა. საწოლი, ხალიჩა, ყოველი მცირე საფეხური, რომელიც ადრე შეუმჩნეველი იყო, ახლა დაუძლეველ კედლად იქცა. პირველი გადაჯდომა საწოლიდან ეტლში იყო ყველაზე დიდი დამცირება. ეს იყო მომენტი, როცა ლევანი საბოლოოდ მიხვდა: მისი სხეული, რომელიც ოდესღაც სპორტდარბაზებში იწრთობოდა და ძალას ასხივებდა, ახლა მხოლოდ უსულო, მძიმე ტვირთი იყო, რომელიც სხვის ხელებზე უმწეოდ ეკიდა.ლევანმა თვალი სარკმლისკენ გააპარა. უნდოდა, ძველებურად ეგრძნო იმ ხედებით ტკბობა, რომელიც ადრე ასე ხიბლავდა და ძალაუფლების განცდით ავსებდა. მაგრამ მინა ახლა მხოლოდ ბარიერი იყო  ცივი და გამჭვირვალე კედელი. ქალაქი ისევ ისე შფოთავდა, შუქნიშნები ისევ ისე აციმციმებდნენ წითელსა და მწვანეს, მაგრამ ლევანი მიხვდა, რომ ის აღარ იყო ამ მოძრაობის ნაწილი. ის ახლა მხოლოდ მაყურებელი იყო საკუთარი ცხოვრებისა, რომელიც თეთრ ზეწრებსა და ეტლის საბურავებს შორის მოქცეულიყო.

ლევანმა თვალი სარკმლისკენ გააპარა. უნდოდა, ძველებურად ეგრძნო იმ ხედებით ტკბობა, რომელიც ადრე ასე ხიბლავდა და ძალაუფლების განცდით ავსებდა. მაგრამ მინა ახლა მხოლოდ ბარიერი იყო ცივი და გამჭვირვალე კედელი. ქალაქი ისევ ისე შფოთავდა, შუქნიშნები ისევ ისე აციმციმებდნენ წითელსა და მწვანეს, მაგრამ ლევანი მიხვდა, რომ ის აღარ იყო ამ მოძრაობის ნაწილი. ის ახლა მხოლოდ მაყურებელი იყო საკუთარი ცხოვრებისა, რომელიც თეთრ ზეწრებსა და ეტლის საბურავებს შორის მოქცეულიყო.

უცებ, თითქოს ქალაქიც მასავით უმოძრაო და უიმედო, თეთრ სიცარიელეში ჩაძირულიყო. ამ სიჩუმეში, სადაც მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა, დათო გაახსენდა. იქ, პარკში, ჭადრების ჩრდილქვეშ თავდახრილი და უიმედო დათო... გაახსენდა მისი ჩამქრალი თვალები და სიტყვები, რომლებსაც მაშინ ლევანი ირონიით უსმენდა.

ახლა მიხვდა... ახლა მთელი სხეულით იგრძნო, რომ დათოს მაშინ სუნთქვა მართლაც ძალიან უჭირდა. მაშინ დათოს ჰაერი მძიმე, მტვრიანი და იმედგაცრუების სუნით იყო გაჟღენთილი. ლევანი კი ახლა სრულიად სხვაგვარ, ბევრად უფრო მწვავე სინანულის ჰაერს სუნთქავდა.

ეს ჰაერი ყელს უწვავდა. ის არ იყო ქალაქის გამონაბოლქვი ან საავადმყოფოს ქლორის სუნი. ეს იყო იმის გაცნობიერება, რომ როცა დათო მის წინ იდგა და შველას ითხოვდა, ლევანს ხელში მთელი სამყაროს ჟანგბადი ეჭირა, მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი ფილტვებისთვის ინახავდა.

„მაშინ მე მას ჰაერი დავუმალე,“ -  გაიფიქრა ლევანმა და პირველად იგრძნო ნამდვილი სიმძიმე გულმკერდში. ეტლის საბურავებს ხელები დააჭირა. ისინი ცივი იყო და უსულო, ისევე როგორც მისი მაშინდელი გულგრილობა. ახლა ის და დათო ერთმანეთს დაემსგავსნენ  ორივე უფსკრულის პირას იდგა, ოღონდ დათოს მაშინ იმედი მაინც ჰქონდა, ლევანს კი მხოლოდ თეთრი კედლები და წარსულის აჩრდილები დარჩენოდა.

სინანული ყველაზე მძიმე ტვირთია მათთვის, ვისაც მოძრაობა აღარ შეუძლია. ლევანმა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ აწვდიდა დათოს იმ ძვირფას „ჰაერს“... მაგრამ როცა თვალები გაახილა, ოთახში ისევ მხოლოდ დედის მიერ გასწორებული თეთრი ფარდების შრიალი და მარტოობის სიცივე დახვდა.

***

          ვანო თავის საქმეში უბადლო პროფესიონალი იყო, თუმცა ემოციების გამომჟღავნების უნარი წლების წინ, სხვისი ტკივილის ყურებაში დაეკარგა. ის არ იყო ბოროტი, უბრალოდ, მისი მოძრაობები ზედმეტი სინაზისგან დაცლილიყო. ოცი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გარემოცვაში მუშაობამ მისი გული ერთგვარ ჯავშანში მოაქცია.

შოთა კარგა ხანს ეხვეწებოდა ვანოს შვილის მოვლას.

-        რას ამბობთ, ბატონო შოთა, ორმოცდახუთს გადავცდი,  თავის არიდებას ცდილობდა ვანო, ასეთი საქმისთვის ახალგაზრდა და ჯანიანი კაცია საჭირო.

-       მისმინე, ვანო, მე შენ მჭირდები. შენ საუკეთესო ხარ,  არ ეშვებოდა მამა.

-       აღარ შემიძლია, ბატონო შოთა... დავიღალე სხვისი უმწეობის ყურებით.

-       თანხა დაასახელე, რას ითხოვ? ნებისმიერ ფასს გადავიხდი, ოღონდ დათანხმდი.

ვანომ მძიმედ ამოისუნთქა.

-       ყველაფერი თანხით არ იზომება. აქ მთავარი ლევანის რეაბილიტაციის პროცესია, რაც დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს. არ ვიცი, თქვენი შვილი ამისთვის მზად არის თუ არა.

-       აღარ გავაგრძელოთ!  ხმას აუწია შოთამ, თითქოს ყვირილით ცდილობდა საკუთარი შიშების ჩახშობას.  ლევანს სჭირდებით. მან ისევ უნდა დადგას ფეხი მიწაზე, უნდა ირბინოს, სიცოცხლის ხალისი დაიბრუნოს... იცით, როგორი ბიჭი იყო? როგორი შვილი? როგორი მეუღლე? მის გამო ყველაფერს გავაკეთებ!

ვანომ პაუზა გააკეთა, მერე კი შოთას თვალებში მტკიცედ შეხედა:

-       მესმის თქვენი. ოღონდ ერთი პირობით: ჩემს საქმეში არავინ ჩაერიოს. მე ჩემი მეთოდები მაქვს.

და ეს მეთოდები სასტიკი აღმოჩნდა. ვანო ლევანს ისე ეპყრობოდა, როგორც გაფუჭებულ, გამოუსადეგარ ნივთს. მის ქმედებებში არ იყო არანაირი ზედმეტი სიტყვა, არანაირი თანაგრძნობა. როცა ლევანი რამეს სთხოვდა, ვანო ხშირად ზურგშექცევით, მშრალად პასუხობდა: „მოითმინე, ახლა სხვა საქმე მაქვს“. ეს სიტყვები ლევანისთვის ნაცნობი ექოსავით ჟღერდა. ყოველი ასეთი პასუხი მისივე ძველი ირონიის ანარეკლი იყო. ახლა ის თავად გახდა ობიექტი იმ გულგრილობისა, რომელსაც წლების განმავლობაში თავად იჩენდა ქვემდგომების მიმართ. ვანოს უხეში, ძლიერი ხელები, რომლებიც მას ეტლიდან საწოლში ნივთივით გადაისროდნენ ხოლმე, ყოველდღე შეუბრალებლად ახსენებდა ერთადერთ რამეს: ძალაუფლების ეპოქა დასრულდა. ახლა ის მხოლოდ „პაციენტი №1“ იყო კაცისთვის, რომელსაც მისი წარმატებული წარსული სრულიადაც არ აინტერესებდა.

დედის, ელენეს, რეაქცია ყოველდღიურად უფრო მეტად თრგუნავდა ლევანს. ის უარს ამბობდა რეალობის მიღებაზე, თითქოს სიმართლის არაღიარებით შეძლებდა მის გაუქმებას.

-       ლევან, შვილო, ნახე, ეს სუნამო რა საოცარ სურნელს აფრქვევს! ოთახში შემოიჭრა ელენე, თან ძვირადღირებული არომატის ღრუბელი შემოიტანა, რომელიც საავადმყოფოს სუნს ებრძოდა.  წარმოუდგენელი ფასდაკლება იყო... ჰო, მართლა, ნატასთვის ახალი კაბა შევუკვეთე, შენი სახელით მიუტანენ. აი, ნახავ, როგორ მოეწონება! ცოლ-ქმარს შორის გაუგებრობა რა მოსატანია? ნატა დაბრუნდება, აი, ნახავ...

-       დედა, საკმარისია! ამოხეთქა ლევანმა. მისი ხმა საკუთარ კაბინეტში გამოკეტილი კაცის ხმას აღარ ჰგავდა.

-       ლევან, ძვირფასო, ხომ იცი, ექიმმა რა თქვა? ელენემ ისე გაიღიმა, თითქოს შვილს ზღაპარს უყვებოდა. ცოტაც და ისევ ისეთივე სიმპათიური იქნები. ზაფხულში კი ისევ ერთად წავალთ ნიცაში. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.

-       დედა, შემიძლია დავისვენო?  ლევანმა თვალები დახუჭა, რათა დედის იდეალურად დავარცხნილი თმა და ყალბი ოპტიმიზმი აღარ დაენახა.

-       რასაკვირველია, შვილო. უბრალოდ მინდა დაინახო, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა...

როცა ლევანი სიმართლის თქმას ცდილობდა, როცა უნდოდა ეყვირა, რომ ფეხებს ვეღარ გრძნობდა და მისი ცხოვრება ნანგრევებად იქცა, დედა ყურებზე ხელებს იფარებდა: „ნუ ამბობ ამას, ნუ აფუჭებ განწყობას!“ ეს იყო ყველაზე დიდი მარტოობა, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანს შენი ნამდვილი ტკივილის დანახვის ისე ეშინოდა, რომ გირჩევდა, ტყუილში მასთან ერთად დამხრჩვალიყავი.

მამასთვის კი, შვილის მდგომარეობა საკუთარი ცხოვრების კრახს ნიშნავდა. ის იყო კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება ყველაფერს „ალაგებდა“ ყიდულობდა გავლენას, აგვარებდა პრობლემებს, მართავდა ბედისწერას. ახლა კი პირველად აღმოჩნდა უძლური.

შოთა დაუღალავად რეკავდა, ყვიროდა, ფულს ყრიდა, საუკეთესო კლინიკებს ეძებდა. ის ცდილობდა „ეყიდა“ შვილის ჯანმრთელობა, როგორც ყიდულობდა ძვირადღირებულ მანქანებს ან წილებს ბიზნესში, მაგრამ რეალობა არ იყიდებოდა.

ერთ საღამოს, ოთოსთან მორიგი მძიმე საუბრის შემდეგ სადაც მისმა ყოფილმა პარტნიორმა უკვე აშკარა უპატივცემულობით აგრძნობინა, რომ „ძველი მგლის“ დრო წავიდა შოთა ლევანის ოთახში შევიდა. ის დიდხანს უყურებდა შვილს, რომელიც ეტლში იჯდა და უსიტყვოდ ტიროდა. შოთამ ამ ცრემლებში საკუთარი იმპერიის ნანგრევები დაინახა. უცებ სახე აეჭრა, ფერი ეცვალა და ხელი გულზე მიიჭირა. იგრძნო, რომ ოთახში საკმარისი ჰაერი აღარ იყო.. მან ვერ გაუძლო იმ დამარცხების განცდას, რომელიც ლევანის ეტლში იყო ჩატეული. მამა იქვე, შვილის ფერხთით ჩაიკეცა. კაცი, რომელმაც ყველაფერი ააგო, საკუთარ უძლურებასთან ბრძოლაში დაეცა.

****

იმ ღამეს სახლში უცნაური სიჩუმე იდგა. ლევანი ეტლში იჯდა, მამის ოთახში, ვანოს მიერ უხეშად მიგდებული საწოლის პირას. გაახსენდა ბოლო დიალოგი

-       ლევან... ყველაფერს გამოვასწორებ... ოთოს ველაპარაკე...

-       მამა, გაჩერდი,  თქვა ლევანმა ჩუმად,  ოთოს არაფერი შეუძლია. არც შენ. ეტლიდან ვერავინ ამაყენებს.

მამამ შეხედა შვილს და მის თვალებში პირველად დაინახა არა სიცარიელე, არამედ სასტიკი, შიშველი სიმართლე. ეს სიმართლე იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მისი გული უძლებდა. ეს მზერა უკანასკნელი აღმოჩნდა…

დედის კივილი მეორე ოთახიდან მხოლოდ ფონი იყო. ლევანი იჯდა ეტლში, უყურებდა მამის ნივთებს და ვერაფერს აკეთებდა. მას არ შეეძლო გადახრილიყო და ხელი ჩაეკიდებინა. სწორედ მაშინ მიხვდა ლევანი, რომ ჰაერის ფასი მხოლოდ მაშინ იგება, როცა მას სხვას აწვდი და არა მაშინ, როცა მის ყიდვას ცდილობ.

მამის დაკრძალვის შემდეგ ნატა ისევ წავიდა. სახლში დარჩნენ მხოლოდ ლევანი, მისი უხეში მომვლელი და დედა, რომელიც კვლავ სარკის წინ იჯდა და ცდილობდა ნაოჭებში დამალული ტრაგედია პუდრით დაეფარა. ამ სამმა წელმა ლევანი სრულ სიცარიელემდე მიიყვანა იქამდე, სადაც მხოლოდ დათოს გამოჩენას შეეძლო სულის შთაბერვა.

****

ლევანი საათობით იჯდა ფანჯარასთან, ერთ წერტილს მიჩერებოდა. მისი გონება წარსულის დღეების დავიწყებას ცდილობდა. სრულიად მარტო უიმედო მდგომარეობაში ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება შეცდომა იყო, არასწორად შეარჩია მეგობრები, არც ფული და ფუფუნება ყოფილა მუდმივი. ადრე ეს ხედი მას ძალაუფლების განცდას ჰგვრიდა, ახლა კი მხოლოდ იმას ახსენებდა, რომ სამყარო მის გარეშეც აგრძელებდა ბრუნვას. მეგობრები, რომლებიც ადრე მის ტელეფონს ზარებით „აფეთქებდნენ“, ნელ-ნელა გაქრნენ. ჯერ ზარები შემცირდა, მერე შეტყობინებები გახდა ფორმალური, ბოლოს კი საერთოდ შეწყდა. ლევანი მიხვდა საშინელ სიმართლეს: ისინი მასთან კი არა, მის შესაძლებლობებთან მეგობრობდნენ. ამის აღიარებისთვის საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა. ნუთუ ყველაფერი ყალბია? ან იქნებ ურთიერთობებს საჭიროებები განსაზღვრავს? იქნებ ისინი კი არ ამე ვარ დამნაშავე, იქნე მე ვერ შევძელი ადეკვატურად მათთან კომუნიკაცია… ბოლოს მიხვდა, რომ ამ ყველაფერზე ფიქრში დრო არ უნდა გაეფლანგა. უნდა ეფიქრა მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე, რადგან მისი პატრონი აღარავი იყო…

აუტანელი იყო დედის, ელენეს, ქცევა. ის ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. დილით ლევანის ოთახში შემოჰქონდა ყავა და იწყებდა ლაპარაკს იმაზე, რომ სახლის ფასადი შესაღებია ან რომ რომელიმე ნაცნობის შვილმა ახალი ბიზნესი წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშებზე ციფრები კატასტროფულად მცირდებოდა, ელენე უარს არ ამბობდა თავის ჩვევებზე. ისევ ითხოვდა ძვირადღირებულ კრემებსა და თმის მოვლას. როცა ლევანი ეკონომიაზე ჩამოაგდებდა სიტყვას, ის ისტერიკაში ვარდებოდა: „შენ გინდა, რომ მამაშენის სახელს ჩირქი მოვცხო? გინდა, რომ დაგვცინონ?“ ლევანი ხვდებოდა, რომ დედისთვის ის არა შვილი, არამედ იმ სტატუსის უკანასკნელი ნამსხვრევი იყო, რომელსაც ქალი ასე ეჭიდებოდა.

ყველაზე მძიმე მაინც თვეობით უნახავი შვილი იყო. ნატამ ბავშვი წაიყვანა და ლევანს მასთან შეხვედრა ფიზიკურადაც და ემოციურადაც გაურთულდა. ლევანს ეშინოდა, რომ შვილი მას ასეთს ნახავდა უმწეოს, ეტლში მჯდომს, რომელიც საკუთარ თავსაც ვერ უვლიდა. ტელეფონით საუბრისას ბავშვის ხმა სულ უფრო უცხო ხდებოდა. „მამა, როდის მოხვალ?“ “მამიკო ფეხბურთის ვერასოდეს ვითამაშებთ?”ეს კითხვა ლევანისთვის დანის ჩარტყმასავით იყო. მან არ იცოდა, რა ეპასუხა. ის გრძნობდა, როგორ კარგავდა მამის როლს და როგორ ხდებოდა შვილის ცხოვრებაში მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება.

სასოწარკვეთა ღამით მოდიოდა. ვანო, უხეში მომვლელი, როცა ლევანს ლოგინში გადააწვენდა და შუქს ჩაუქრობდა, ოთახში მხოლოდ სიბნელე და ფიქრები რჩებოდა. ლევანი აანალიზებდა ყოველ წამს, როცა ვინმეს ზემოდან დახედა, როცა დათოს დასცინა, როცა ფულით სუნთქავდა. მას ეგონა, რომ მისი ცხოვრება დასრულდა. 40 წლის ასაკში ის იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ წარსული და არანაირი მომავალი. ფინანსური სიმცირე მას აიძულებდა, გაეყიდა ნივთები, რომლებსაც ადრე თაყვანს სცემდა. ყოველი გაყიდული ნივთი მისი ძველი „მეობის“ მოკვეთილ ნაჭერს ჰგავდა.

სწორედ ამ სრულ სიცარიელეში, როცა ლევანს ეგონა, რომ ჰაერი საბოლოოდ ამოიწურა, მის გონებაში დათოს სახე ამოტივტივდა. არა როგორც მტრის, არამედ როგორც ერთადერთი ნამდვილი ვინმე, ვინც მის ცხოვრებაში ოდესმე არსებულა. ლევანი მიხვდა, რომ ის ახლა ზუსტად იქ იყო, სადაც დათო წლების წინ მარტო, დაცემული და ჰაერის მოლოდინში.

ეს სამი წელი იყო ლევანის „სიკვდილი“, რათა მასში ახალი ადამიანი დაბადებულიყო. ადამიანი, რომელიც საბოლოოდ მიხვდებოდა, რომ ნამდვილი ჰაერი ფულით არ იყიდება.

ლევანის ფსიქოლოგიური გარდატეხა არ ყოფილა ერთი კონკრეტული მომენტი; ეს იყო ნელი, მტკივნეული და ფენებად მოცილებული ძველი პიროვნების ნგრევა. სამი წელი ეტლში, სრულ იზოლაციაში, იქცა იმ ლაბორატორიად, სადაც მისმა სულმა სრული დისტილაცია განიცადა.

ადრე ლევანი საკუთარ თავს აღიქვამდა ნივთების, ბრენდებისა და სხვების აღფრთოვანებული მზერის კრებულად. როდესაც გაქრა როლექსი, მანქანა, ნატა და „მეგობრები“, მან აღმოაჩინა, რომ შიგნით თითქმის არაფერი დარჩა. ეს იყო „ეგოს სიკვდილი“. მან პირველად დაინახა საკუთარი თავი სოციალური სტატუსის გარეშე. აღმოჩნდა, რომ როცა არავინ გიყურებს, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, შენ უბრალოდ ადამიანი ხარ, რომელსაც სხვისი დახმარების გარეშე წყლის დალევაც არ შეუძლია. ამ უმწეობამ მასში უდიდესი თავმდაბლობა შვა. ლევანი ადრე ირონიით სუნთქავდა. ირონია იყო მისი ფარი, რათა არავინ მიჰკარებოდა მის შინაგან სიცარიელეს. ვანოს, უხეში მომვლელის, გულგრილობამ მას საკუთარი წარსული დაანახვა. ყოველ ჯერზე, როცა ვანო მას უხეშად ეხებოდა ან უპასუხოდ ტოვებდა, ლევანს ახსენდებოდა ის ადამიანები, რომლებსაც თავად ეპყრობოდა ასე. მან დაიწყო სხვების ტკივილის ფიზიკურად შეგრძნება. დათოს სასოწარკვეთა პარკში, რომელიც ადრე მხოლოდ „საინტერესო სანახაობა“ ეგონა, ახლა მის საკუთარ რეალობად იქცა. მან პირველად გაიგო „ჰაერის ფასი“.

დედის მუდმივი მცდელობა, რომ წარსული გააცოცხლოს, ლევანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი გახდა. დედაში მან დაინახა საკუთარი თავის გაზვიადებული, კარიკატურული ვერსია ადამიანი, რომელიც რეალობას თვალს არ უსწორებს. ამან მასში გააჩინა სიმართლის დაუძლეველი წყურვილი. მას აღარ სურდა „ლამაზი შეფუთვა“. მას მოუნდა ყოფილიყო ნამდვილი, თუნდაც დალეწილი, თუნდაც ღარიბი, მაგრამ არა ყალბი.

თუ ადრე „გადარჩენა“ მისთვის მეტი ფულის შოვნასა და გავლენის შენარჩუნებას ნიშნავდა, ახლა გადარჩენის სურვილი სულ სხვა ფორმით გაჩნდა. როცა შვილთან დისტანციამ პიკს მიაღწია, ლევანში რაღაც აფეთქდა. ეს აღარ იყო მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების ინსტინქტი; ეს იყო ღირსების დაბრუნების სურვილი. მას გაუჩნდა ამბიცია, რომ შვილს არა ეტლში მჯდომი „ყოფილი მდიდარი მამა“, არამედ მებრძოლი ადამიანი დაენახა. მას გაუჩნდა სურვილი, გამოესწორებინა ის, რაც დააშავა. დათოსთვის გაწეული „ფარული დახმარება“ ახლა მისთვის ერთადერთ სინათლის წერტილად იქცა წარსულში. მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ სხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს ჰქონდა აზრი.

ლევანი მიხვდა, რომ მისი გადარჩენის გასაღები დათოსთან იყო. არა იმიტომ, რომ დათო ფულს მისცემდა, არამედ იმიტომ, რომ დათო იყო ერთადერთი ცოცხალი მოწმე მისი ძველი ცხოვრებისა, რომელმაც იცოდა სიმართლე. ლევანს სჭირდებოდა აღიარება, სჭირდებოდა პატიება და, რაც მთავარია, სჭირდებოდა ვინმე, ვინც მას „ჰაერს“ არა მოწყალების სახით, არამედ როგორც ადამიანს, ისე მიაწვდიდა.

***

თბილისის აეროპორტი ჩვეულ რიტმში გუგუნებდა. ირგვლივ ხალხმრავლობა, ჩემოდნების ბორბლების ხმაური, გამცილებლების ხმამაღალი შეძახილები და გამფრენთა აჩქარებული ნაბიჯები ერთ დიდ, უსახო ხმაურად შერწყმულიყო. ადამიანები ერთმანეთს მხარს ჰკრავდნენ, ეჩქარებოდათ, სადღაც გარბოდნენ. ამ ქაოსის შუაგულში კი ორი კაცი სრულიად სხვა განზომილებაში მოძრაობდა.

ისინი ჩუმად იყვნენ. ეს არ იყო ის ძველი, დამთრგუნველი დუმილი, რომელიც ლევანის თეთრ საძინებელში კედლებს აავადებდა. ეს იყო ორი მამაკაცის მდუმარე შეთანხმება, სადაც სიტყვები ზედმეტიც იყო და უძლურიც.

ლევანი ეტლში იჯდა, პლედში გამოხვეული. მისი მზერა მიწას მიჰყვებოდა. დათო კი, ყოველგვარი ზედმეტი ჟესტიკულაციის გარეშე, ზურგსუკან ედგა და ეტლს უხმოდ, მტკიცე ნაბიჯით მიაგორებდა. ლევანი გრძნობდა დათოს ხელების ძალას ეტლის სახელურებზე. ეს ხელები მას არ ეპყრობოდნენ ისე, როგორც ვანოს უხეში მტევნები როგორც გაფუჭებულ ნივთს. დათო მას მიაგორებდა, როგორც მეგობარს, რომელსაც დაცემის უფლება არ მისცა.


გასასვლელთან, სადაც მგზავრების რეგისტრაცია სრულდებოდა, მათ სპეციალური სამსახურის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი დახვდათ. წესების თანახმად, აქ დათოს უნდა დაეთმო სახელურები.

დათო გაჩერდა. ეტლის მუხრუჭს ფეხი დაჰკრა და ლევანის წინ ჩაიმუხლა. ორივე ერთმანეთს თვალებში შეხედა. ლევანის თვალებში, სადაც სამი წლის განმავლობაში მხოლოდ სინანული და სასოწარკვეთა ბუდობდა, ახლა რაღაც ახალი გადარჩენის მორცხვი, მაგრამ ჯიუტი სურვილი აკიაფებულიყო.

-       გერმანიაში საუკეთესო პროფესორები გელოდებიან, ლევან. ყველაფერი მოგვარებულია,  თქვა დათომ მშვიდად და ხელი მხარზე დაადო.

-       ვიცი... მადლობა, დათო. არა ფულისთვის... იმისთვის, რომ კაცი დამანახე ჩემში,  ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ლევანმა.

დათომ მცირედით გაიღიმა, წამოდგა და ეტლის სახელურები სპეციალურად განკუთვნილ კაცს გადააბარა. ლევანმა იგრძნო, როგორ შეიცვალა ბიძგის მიმართულება. უცხო კაცმა ეტლი შეატრიალა და ტრაპისკენ წააგორა.

ლევანი ნელ-ნელა შორდებოდა. აეროპორტის თანამშრომელს ის ტრაპზე აჰყავდა  საფეხურ-საფეხურ, მაღლა, თვითმფრინავის ღია კარისკენ. ლევანმა ერთხელ კიდევ მოიხედა უკან. ხალხის ტალღაში დათოს ფიგურა მკაფიოდ გამოირჩეოდა, რომელიც ფეხდაფეხ მისდევდა თავის ბავშობას.

ტრაპზე ასულს სახეში ძლიერი, ცივი ქარი ეცა. ეს აღარ იყო სინანულის მახრჩობელა ჰაერი. ეს იყო გზის, სივრცისა და ახალი სიცოცხლის სუფთა ჟანგბადი. ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა. თვითმფრინავის კარი მის ზურგს უკან მძიმედ დაიხურა, თითქოს სამწლიან ჯოჯოხეთს წერტილი დაუსვა. გერმანია ელოდა  ბრძოლა საკუთარ სხეულთან, რომელიც ამჯერად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდებოდა.

****

ისევ ის ნაცნობი, თვალისმომჭრელად თეთრი, განათებული კორიდორი. ისევ ის აუტანელი, ცივი სუნი  ქლორის, სპირტისა და გაურკვევლობის ნაზავი, რომელიც ლევანს სამი წლის წინანდელ კოშმარს ახსენებდა. მაგრამ ახლა სხვაობა იყო: ეს კედლები თბილისის ძველ საავადმყოფოს კი არა, მიუნხენის წამყვან ნეიროქირურგიულ კლინიკას ეკუთვნოდა. აქ ჰაერი უფრო მსუბუქი ჩანდა, თუმცა შიში მაინც იგივე იყო.

საოპერაციო ბლოკის მძიმე, ავტომატური კარები მის ზურგს უკან ჩაიკეტა. ლევანი საოპერაციო მაგიდაზე იწვა, გარშემო მწვანეხალათიანი გერმანელი ქირურგები უხმოდ, რობოტული სიზუსტით მოძრაობდნენ. ზემოდან გიგანტური, მრგვალი ლამპების სინათლე პირდაპირ თვალებში სცემდა.

ანესთეზიოლოგმა ნიღაბი სახეზე ნაზად დააფარა. ცივი, ტკბილი აირი ფილტვებში ჩაეღვარა.

- Drei... zwei... eins...  მოესმა ექიმის მშვიდი, ბოხი ხმა.  სამამდე დაითვალე, ლევან... ერთი...

მერე ყველაფერი გაქრა. ქალაქიც, ეტლიც, წარსულის სინანულიც და თეთრი სიცარიელეც ერთიანად ჩაიძირა უწონადობის შავ უფსკრულში. აღარაფერი ახსოვდა.

ხოლო გარეთ, საოპერაციოს ცივ კორიდორში, სადაც სამი წლის წინ ნატა საკუთარ თავისუფლებაზე ლოცულობდა და ეშინოდა, რომ ინვალიდის მომვლელად არ ქცეულიყო, ახლა სრულიად სხვა სურათი გადაშლილიყო.

მოსაცდელ სკამზე, მინის დიდ კარს მიღმა, მხოლოდ ერთი კაცი იჯდა.

დათო.

მას პიჯაკი მოეხსნა, პერანგის სახელოები დაეკაპიწებინა და ხელები მუხლებზე დაეყრდნო. მისი გიგანტური კომპანია, მილიონიანი გარიგებები, შეხვედრები და საქმიანი პარტნიორები ყველაფერი იქ, საქართველოში დარჩენილიყო. ახლა მისი ადგილი აქ იყო, ამ ცივ სკამზე. ის არ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენი დაუშავა ლევანის მამამ, ან რამდენად არასწორად იქცეოდა თავად ლევანი წარსულში. მას მხოლოდ ერთი რამ ახსოვდა: იქ, შიგნით, მისი ბავშვობის მეგობარი სიცოცხლისა და ფეხზე დადგომის უკანასკნელ შანსს ებრძოდა.

საათი წუთებს მძიმედ ითვლიდა. დათო არ ინძრეოდა, მზერას არ აშორებდა საოპერაციოს წითელ შუქს. ის იყო ერთადერთი, ნამდვილი გულშემატკივარი, რომელიც მზად იყო, ლევანისთვის ახალი ცხოვრების პირველივე წამს საკუთარი მხარი შეეშველებინა.

გერმანული კლინიკის კორიდორში სიჩუმე მეფობდა, მაგრამ ეს აღარ იყო უიმედობის სიჩუმე. ეს იყო მოლოდინი  იმისა, რომ როცა ლევანი თვალებს გაახელდა, პირველი, რასაც დაინახავდა, არა ყალბი ილუზია, არამედ ძმური და საიმედო სიმართლე იქნებოდა.

საოპერაციოს თავზე წითელი ნათურა თითქოს უსასრულოდ ენთო. დრო გაიყინა. კლინიკის კორიდორში ფეხსაცმლის ყოველი გაფაჩუნება ან მედდის ხალათის შრიალი დათოს გულს აჩქარებდა, თუმცა ვიზუალურად ისევ ისე იჯდა  უძრავი, მტკიცე, ხელებზე დაყრდნობილი. ეს რამდენიმე საათიანი მოლოდინი ერთ დიდ კინოფირად იქცა, რომელმაც წარსულის ყველა სადგურზე გააჩერა. მან თვალები დახუჭა და უცებ სკოლის მტვრიანი დერეფნის ხმაური შემოესმა.

ახსენდებოდა ბავშვობა. ის და ლევანი... ლევანი მაშინაც ყველასგან გამორჩეული იყო მუდამ საუკეთესოდ ჩაცმული, თავდაჯერებული, მაგრამ რაღაცნაირად ნათელი ბიჭი. დათოს კი, ხშირად ძველ პიჯაკში გამოწყობილს, ლევანი არასდროს უყურებდა ზემოდან. პირიქით, საკუთარ წრეში შეჰყავდა, იცავდა, მერხსაც კი ერთად იყოფდნენ. იქვე იყო ოთოც  მუდამ ჩრდილში მდგომი, ანგარიშიანი, რომელიც უკვე მაშინ ცდილობდა ძლიერებთან მეგობრობით საკუთარი სარგებელი ეპოვა.

მერე სტუდენტობის წლები ამოტივტივდა. ნატასა და ლევანის სიყვარული. ეს იყო ფილმს დამსგავსებული ისტორია  ლამაზი, ხმაურიანი, პომპეზური. ლევანი ნატას ხელში აყვანილს ატარებდა, მისთვის ვარსკვლავებს ყიდულობდა, ნატას თვალებში კი მაშინ ნამდვილი აღფრთოვანება კინკლავებდა. დათოს ახლაც ახსოვდა მათი ქორწილი ისეთი მდიდრული და ხალხმრავალი, რომ თითქოს მთელი თბილისი იქ იყო. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ეს ბრწყინვალე ფასადი პირველივე მიწისძვრაზე კარტის სახლივით ჩამოიშლებოდა?

ფიქრებმა უფრო ღრმად, ტკივილის ლაბირინთებში შეიტყუა. გაახსენდა საკუთარი, ნაადრევად დანგრეული ცხოვრება. ლევანის მამამ  ბატონმა შოთამ, თავისი გავლენებითა და ფულით, დათოს ოჯახს ყველაფერი წაართვა. ერთ დღეში განადგურებული მამის ბიზნესი, სახლიდან გამოსახლება, შიმშილის პირას ყოფნა და ის უსუსურობის განცდა, რომელიც ყელში გუდავდა. დათომ ყველაფერი დაკარგა, გარდა თავმოყვარეობისა. წლების განმავლობაში ის ყოველ დღეს ებრძოდა, ყოველ ლუკმას საკუთარი ოფლით მოიპოვებდა, სანამ „ორიენტს“ ფეხზე დააყენებდა. ყველაზე მეტად კი ის სტკიოდა, რომ იმ წლებში ლევანიც იმ „მეორე მხარეს“ იდგა  გამარჯვებულების, მაძღრების მხარეს.

და ბოლოს, გონებაში ყველაზე მკაფიოდ ამოტივტივდა ის დღე ძველ პარკში.

ავარიამდე ცოტა ხნით ადრე. დათო, ვალებში ჩაფლული, უფსკრულის პირას მდგარი, სკამზე იჯდა. ჭადრები მძიმედ შრიალებდნენ. ლევანი მოვიდა თავისი ძვირადღირებული სპორტული მანქანით, კმაყოფილი, წარმატებული. დათოს მაშინ მართლაც ჰაერი არ ყოფნიდა, ყოველი ჩასუნთქვა ტკივილი იყო. ლევანმა კი, ნაცვლად იმისა, რომ ძველი მეგობარივით მოესმინა, უბრალოდ მხარზე ხელი მოუთათუნა. მას არ შეეძლო დათოს სამყაროს გაგება, რადგან მისი ფილტვები მაშინ სრულიად სხვა, უფასო და მდიდრული ჟანგბადით სუნთქავდნენ.

„რა უცნაურად ტრიალებს ცხოვრების ბორბალი...“ გაიფიქრა დათომ და თვალები გაახილა.

სამი წლის წინ ლევანს ყველაფერი ჰქონდა: სიყვარული, გავლენა, ფული, ჯანმრთელობა. დღეს კი ის საოპერაციო მაგიდაზე იწვა, ნატასგან მიტოვებული, ოთოსგან გაძარცვული, მამით მკვდარი. და აქ, მის კართან, მხოლოდ ის კაცი იჯდა, ვისაც მისმა ოჯახმა ცხოვრება დაუნგრია.

დათომ ღრმად ჩაისუნთქა. მასში შურისძიების არანაირი ნაპერწკალი არ დარჩენილიყო, მხოლოდ უსაზღვრო სევდა და... მოლოდინი.

უცებ საოპერაციოს წითელი ნათურა ჩაქრა. თეთრი კარები გაიღო და იქიდან დაღლილი, მაგრამ მშვიდი სახით წამყვანი ქირურგი გამოვიდა. დათო წამსვე ფეხზე წამოდგა.

ოპერაცია წარმატებით დასრულდა….


***

სამი თვე გერმანიაში ერთ დიდ, მძიმე, თუმცა იმედით სავსე დღედ გადაიქცა. ბერლინის ქუჩებში სეირნობა მათი ყოველდღიური რიტუალი გახდა. დათო უხმოდ მიაგორებდა ეტლს, ლევანი კი ყოველდღიურად უფრო მყარად იჯდა. ისინი დიდხანს ათვალიერებდნენ ისტორიულ ძეგლებს: ბრანდენბურგის ჭიშკარს, დანგრეული კედლის ნაშთებს ქალაქს, რომელმაც მათსავით გამოიარა სრული ნგრევა, იზოლაცია და მერე თავიდან აშენდა.

საღამოობით პატარა, მყუდრო კაფეებში სხდებოდნენ, უბრალო, ცხელ ჩაის უკვეთავდნენ და უყურებდნენ გერმანულ პუნქტუალურობას. აქ ლევანი პირველად გრძნობდა თავს თავისუფლად: აქ არავინ უყურებდა მის ეტლს სიბრალულით, აქ ის უბრალოდ მგზავრი იყო.

ერთ-ერთ ბოლო საღამოს, დათომ ლევანი ბერლინის ყველაზე მაღალ შენობაზე  ალექსანდერპლატცზე მდებარე ბერლინის ტელეანძაზე აიყვანა. 203 მეტრის სიმაღლეზე მდებარე გადასახედი მოედნიდან, მინის მიღმა, ხელისგულივით ჩანდა განათებული, გიგანტური მეგაპოლისი.

ლევანი დიდხანს უყურებდა უფსკრულს. აქ, ღრუბლებთან ახლოს, ჰაერი სხვანაირად სუფთა და ცივი იყო.

-       შეხედე, ლევან,  დათო მის გვერდით, მინის მოაჯირს დაეყრდნო,  შენი ცხოვრება ახლა ზუსტად ამ სიმაღლესთან ასოცირდება.

-        სიმაღლესთან? მწარედ ჩაიღიმა ლევანმა და თავის უმოძრაო ფეხებს გადახედა. მე ხომ მიწაზე ვარ მიჯაჭვული, დათო.

-       ფეხები არაფერ შუაშია, მტკიცედ შეაწყვეტინა დათომ და მეგობარს თვალებში ჩახედა. ყველაზე დიდი სიმაღლე ისაა, როცა ჯოჯოხეთიდან ამოდიხარ და მაინც ადამიანი რჩები. შენ სამი წელი მიწაზე ფორთხავდი სულიერად, ახლა კი აქ ხარ. შენს თვალებში ისევ გაჩნდა ის სინათლე, რაც სკოლის მერხთან გქონდა. ჩვენი ძმობა ამ სიმაღლემ გამოცადა. მამაშენმა ჩემი ცხოვრება დაანგრია, ბედისწერამ - შენი. ოთომ და ნატამ, ნინიმ კი ზურგი შეგვაქციეს. მაგრამ ნახე... ნანგრევებზე ხეები უფრო ღრმად ისვამენ ფესვებს.

ლევანმა თავი დახარა, ყელში მოწოლილი ცრემლი ძლივს გადაყლაპა.

-       ნატა მენატრება... უფრო სწორად, ის ილუზია მენატრება, რაც გვქონდა. და ანრი... ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა სხვასთან იზრდება, შორს. მე მამობა წამართვეს, დათო.

-       მეც მყავს წასული ცოლი და შვილი, რომლებიც დედასთან იზრდება, ჩუმად თქვა დათომ და ქალაქის ჩამავალ მზეს გახედა. ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ, ლევან. ქალები, რომლებსაც მხოლოდ ჩვენი წარმატება უყვარდათ, ადვილად მიდიან, როცა ქარი ქრის. მაგრამ შვილები... შვილები დაბრუნდებიან. როცა დაინახავენ, რომ მამამისი ეტლში კი არ კვდება, არამედ ახალ იმპერიას აშენებს, ისინი თავად მოგაკითხავენ. ეს იმპერია ფულით კი არა სიყვარულით და ძმობით აშენდება. ეს მაგალითი იქნება სიმტკიცის, თავდადების, შემართების…

ლევანმა ეტლის სახელურებს ხელები მაგრად მოუჭირა. პირველად სამი წლის განმავლობაში, მის სხეულში ძალის მოზღვავება იგრძნობოდა  არა ფიზიკური, არამედ ნებისყოფის.

იქვე, ბერლინის ცის ქვეშ, ორმა კაცმა ერთმანეთს უსიტყვო, მაგრამ ურყევი პირობა მისცა: პირობა, რომ წარსულს საბოლოოდ დამარხავდნენ ამ სიმაღლეზე. ლევანი აღარასდროს იტყოდა, რომ უმწეოა, ხოლო დათო აღარასდროს შეახსენებდა მამის დანაშაულს. ისინი ერთად დაბრუნდებოდნენ თბილისში, როგორც პარტნიორები. „ორიენტი“ გახდებოდა მათი საერთო საქმე, სადაც ლევანი თავისი გონებითა და ახალი, სუფთა ენერგიით დაიკავებდა ადგილს.

-       თბილისში ალბათ ჰაერი შეიცვალა, ლევან, თქვა დათომ და ეტლი ლიფტისკენ შეატრიალა. დროა, დავბრუნდეთ და სუნთქვა ახლებურად დავიწყოთ.

ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა. მას სჯეროდა, რომ ამიერიდან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ბერლინის ტელეანძის ეს სიმაღლე ყოველთვის მის შიგნით იცოცხლებდა.

 

 

 

 

***

თბილისი ძველებურად გუგუნებდა. მრავალი მანქანა, ქალაქის დაუსრულებელი ხმაური და აჩქარებული ხალხმრავლობა ისევ ისე ავსებდა ქუჩებს, როგორც წლების წინ. მაგრამ იმ ძველ პარკში, დიდი ჭადრის ქვეშ, სამყარო თითქოს გაჩერებულიყო და სრულიად სხვა რიტმით ფეთქავდა.

სკამზე დათო და ლევანი ისხდნენ. ლევანს ისევ ისე ბრენდულად, გემოვნებით და ძვირადღირებულად ეცვა, როგორც ძველად მისი პერანგი და საათი კვლავ ხაზს უსვამდა მის სტატუსს. დათოსაც, „ორიენტის“ გავლენიან ხელმძღვანელს, მკაცრი და დახვეწილი სტილი შეენარჩუნებინა. თუმცა, ამ ნივთებს მათთვის ძველი დანიშნულება აღარ ჰქონდათ; ისინი აღარ იყვნენ ფარი ან სავიზიტო ბარათი, ისინი უბრალოდ ტანსაცმელი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საკუთარი ნამდვილი ფასი უკვე იცოდნენ. ლევანი აღარ  იჯდა ეტლში, მაგრამ მის სილუეტში აღარ იგრძნობოდა უმწეობა  ის მყარად, თავაწეული და მშვიდად უყურებდა სამყაროს.

იქვე ახლოს, მწვანე გაზონზე, ბავშვები თამაშობდნენ. მათი პატარები... ლევანის  და დათოს შვილები ერთმანეთს დასდევდნენ, მათი ხმამაღალი, უდარდელი სიცილი პარკის კუთხეებს აცოცხლებდა. შვილები დაბრუნდნენ, ზუსტად ისე, როგორც დათომ ბერლინის ტელეანძაზე იწინასწარმეტყველა. მათ დაინახეს მამა, რომელიც არ დანებდა.


ცაც ისევ ისეთივე იყო  თბილისური, თბილი და უსასრულო. მაგრამ ჰაერი... ჰაერი იყო სრულიად განსხვავებული.

ამ ჰაერში აღარ იგრძნობოდა ტყვიის, გამონაბოლქვის, შურისძიების ან იმედგაცრუების მძიმე, მომწამვლელი სუნი, რომელიც მათ წლების განმავლობაში ყელს უწვავდათ. ამჯერად, თბილისურ ნიავს სრულიად სხვა რამ აეთქვიფა: მასში სისუფთავის, ნამდვილი მეგობრობის, გამოცდილი ერთგულების და კიდევ უამრავი ნაიარევი, მაგრამ ცოცხალი ემოციის სურნელი ტრიალებდა.

ლევანმა ღრმად, მთელი ფილტვებით ჩაისუნთქა. მან გადახედა დათოს, რომელსაც მზერა თამაშზე გართულ ბავშვებზე ჰქონდა მიპყრობილი.

-იცი, დათო? ჩუმად თქვა ლევანმა და გაიღიმა, აქ, ამ ხის ქვეშ, პირველად ვგრძნობ, რომ მართლა ვსუნთქავ. ყოველგვარი დანამატის გარეშე.

დათომ მეგობარს შეხედა, მხარზე ხელი მტკიცედ დაადო და დაეთანხმა:

-       იმიტომ, რომ ეს ჰაერი უკვე შენია, ლევან. შენ ის საკუთარი ტკივილით დაიმსახურე.

ბავშვების სიცილი უფრო ხმამაღლა გაისმა. ორი მეგობარი იჯდა ჭადრის ჩრდილში, ქალაქის გულში, და უყურებდა მომავალს, რომელიც მათ ერთად, ნანგრევებიდან ააშენეს. ჰაერი კი, უფასო და უსასრულო, ყველასთვის თანაბრად და სუფთად მიედინებოდა.

 

სახლში უნდა დავბრუნდე

             ზღვა ყოველთვის ბრუნდება ნაპირთან, თუნდაც ათასჯერ უკუაგდოს კლდემ. ისიც ასე იყო გაგრიდან წამოსული, ზღვისფერი და ზღვისნაირი. მაშ...