განათლება

Wednesday, 6 May 2026

მოტივაციის კრიზისი და ღია დიალოგის ძალა სასწავლო პროცესში

                ადამიანის ბუნება მუდმივ ცვალებადობას ეფუძნება. ხშირად ვსვამთ კითხვას: რატომ ხდება, რომ ერთ დროს საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი უცებ ქრება? ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ საგანმანათლებლო სივრცეში დგას, სადაც მოტივაცია სწავლისა და სწავლების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. განსაკუთრებით ეს ყველაფერი თავს იჩენს სემესტრის მიწურულს, როცა დაღლილობა პიკს აღწევს, ხოლო მოსწავლეები და მასწავლებლები ერთფეროვნებასა და მოწყენილობას უჩივიან.

              ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "მუღამის" დაკარგვა სულაც არ არის სისუსტის ნიშანი; პირიქით, ეს ფსიქიკის თავდაცვითი ან სიგნალური მექანიზმია. როდესაც ენერგიის გაცემა აჭარბებს მის აღდგენას, ტვინი რთავსეკონომიურ რეჟიმს“, რასაც ჩვენ გადაწვად აღვიქვამთ. ამას ემატება ჰაბიტუაციის, ანუ შეჩვევის ეფექტი, როცა სიახლის მომხიბვლელობა ქრება, ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი რუტინად იქცევა. ხშირად კი საქმე ფასეულობათა ტრანსფორმაციასთან გვაქვს: ის, რაც ადრე გვაინტერესებდა, შეიძლება აღარ შეესაბამებოდეს ჩვენს დღევანდელმე“-.

              სასწავლო პროცესი ორმხრივი ენერგეტიკული ნაკადია. როცა მასწავლებელიც და მოსწავლეც კარგავენ ინტერესს, იქმნება .. „პედაგოგიური კრიზისი“. ამ დროს ირთვება ავტოპილოტის რეჟიმი: მასწავლებელი მექანიკურად გადასცემს ცოდნას, ხოლო მოსწავლე მექანიკურად ისმენს. იკარგება ემოციური კავშირი, რაც სწავლის პროცესს მშრალ და დამღლელ ვალდებულებად აქცევს. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, თუ ადამიანი ვერ ხედავს კავშირს თავის ძალისხმევასა და სასურველ შედეგს შორის, მისი თვითეფექტურობის განცდა ეცემა, რაც პირდაპირ იწვევს აპათიას. მასწავლებლის აპათია კი, ემოციური გადადების პრინციპით, მომენტალურად ვრცელდება მთელ კლასზე.

            ამ უძრაობის დასაძლევად ყველაზე დიდი შეცდომა პრობლემის იგნორირება და დუმილია. გამოწვევებზე ხმამაღლა საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიიჩნევდა, რომ სწავლისთვის აუცილებელია ავთენტური გარემო. აღიარება, რომდღეს რაღაც ისე ვერ მიდის“, ხსნის დაძაბულობას და ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ხმამაღალი ფიქრი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ კოლექტიური რეფლექსია: გავიგოთ, მასალაა რთული, ტემპია ნელი თუ შინაარსი მოძველდა? ამ დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება და მოსწავლე მომხმარებლიდან პროცესის თანაშემოქმედი ხდება.

             პროცესის გაცოცხლება სიმამაცეს და მცირე ექსპერიმენტებს მოითხოვს. როგორც ჯერომ ბრუნერი აღნიშნავდა, სწავლა აქტიური პროცესია და არა პასიური მიღება. ზოგჯერ უბრალოდ გარემოს შეცვლა,გაკვეთილი კლასის მიღმა ან მერხების გადაადგილება,  სიგნალია ტვინისთვის, რომ რაღაც ახალი ხდება. როლების როტაცია, მოსწავლეებისთვის ლიდერობის დათმობა და აქცენტის დასმა პრობლემურ კითხვებზე და არა მზა პასუხებზე, კლასში კვლევის სულს აბრუნებს.

            ვფიქრობ რომ სწავლა არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება, ეს არის აღმოჩენის სიხარული. თუ აღმოჩენის მომენტი ქრება, რჩება მხოლოდ ცარიელი ფორმა. ამიტომ, დიალოგი და გულწრფელობა ის ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია ეს ფორმა კვლავ ცოცხალი შინაარსით შევავსოთ.

 


No comments:

Post a Comment

სახლში უნდა დავბრუნდე

             ზღვა ყოველთვის ბრუნდება ნაპირთან, თუნდაც ათასჯერ უკუაგდოს კლდემ. ისიც ასე იყო გაგრიდან წამოსული, ზღვისფერი და ზღვისნაირი. მაშ...