განათლება

Wednesday, 11 March 2026

ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

 

ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, როდესაც გამოუვალ სიტუაციაში საკუთარი მდგომარეობით დათრგუნულს, ფარ-ხმალი დაუყრია და არსებულს შეგუებია. ადამიანური უსუსურობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც ხშირად იქცევა ფილოსოფიური ფიქრის, ლიტერატურული ძიებისა თუ ფსიქოლოგიური ანალიზის საგნად. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური სისუსტე, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი აცნობიერებს ზღვარს საკუთარ სურვილებსა და სამყაროს ულმობელ კანონზომიერებებს შორის.

არის მომენტი, როდესაც ადამიანი ეჯახება სამყაროს „დუმილს“. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ვაკონტროლოთ მომავალი, დავგეგმოთ ცხოვრება და თავი დავიზღვიოთ ტკივილისგან, ყოველთვის არსებობს ფორსმაჟორი -  ბედისწერა თუ შემთხვევითობა.

ჩვენი უსუსურობა ყველაზე მკაფიოდ დროის შეუკავებელ დინებაში ჩანს. ჩვენ არ შეგვიძლია წამების შეჩერება ან წარსულის შეცვლა. ხშირად ეს განცდა საკუთარ თავთან ბრძოლაშიც ვლინდება: ადამიანმა შეიძლება ზუსტად იცოდეს, რა არის „სწორი“, მაგრამ არ ჰქონდეს საკმარისი ნებისყოფა მის შესასრულებლად. ზოგჯერ კი გარემოებები იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი არჩევანი წამგებიანია - სწორედ აქ იბადება ტრაგიკული უსუსურობის განცდა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა “მოცემულობაზე კონტროლს ვკარგავთ და მოქმედება ჩვენს ძალებს აღემატება” ამ შემთხვევაში ჩნდება მოსაზრება, “ასე სურს ღმერთს” “ბედისწერა ვერ შეცვლი” “რაც გაწერია არ  აგცდება” და ა.შ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს არსებულ სიტუაციაზე გამოსავლის მოძებნას, რომელშიც არ გინდა დარჩე და ეძებ “მსხვერპლს”, რომელსაც მოცემულ ობიექტურობას გადააბრალებ, რითაც თავის მართლებას იწყებ. იმის ნაცვლად, რომ არსებული სიტუაცია, მოცემულობად და რეალობად მივიღოთ, ვქმნით ილუზიას.

ფსიქოლოგია უსუსურობას განიხილავს არა როგორც საბოლოო განაჩენს, არამედ როგორც მდგომარეობას, რომელსაც თავისი დინამიკა აქვს. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ფსიქოლოგი მარტინ სელიგმანი, რომელიც ცნობილია როგორც პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი ამას დასწავლილ უმწეობას უწოდებს. ეს არის ფენომენი, როდესაც ადამიანი რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წყვეტს ბრძოლას მაშინაც კი, როცა გამოსავალი ჩნდება. ეს არის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც გვაჯერებს, რომ „არაფერი გვეშველება“.სელიგმანი ამტკიცებდა, რომ ფსიქოლოგია არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ "ნგრევის" შეჩერებით. მან წამოაყენა იდეა, რომ მეცნიერებამ უნდა შეისწავლოს, რა ხდის ცხოვრებას ღირებულს, რაც უსუსურობის განცდას შეამცირებს.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფსიქიატრის და ფსიქოთერაპევტიირვინ იალომის მიხედვით, უსუსურობა ერთ-ერთია იმ „საბედისწერო მოცემულობათაგან“ (სიკვდილი, თავისუფლება, იზოლაცია, უაზრობა), რომელთან შეჯახებაც ადამიანს აიძულებს, ხელახლა განსაზღვროს საკუთარი თავი. ამას იალომი ეგზისტენციალურ კრიზისს უწოდებს.

ფსიქოლოგიურად გადამწყვეტია, თუ სად ვეძებთ ძალას. ადამიანები, რომლებიც ფოკუსირდებიან იმაზე, რისი შეცვლაც რეალურად შეუძლიათ (შინაგანი ლოკუსი), უფრო ნაკლებად განიცდიან გამანადგურებელ უსუსურობას.

ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ინდივიდი უსუსურია სისტემის, იდეოლოგიის ან მასობრივი ინერციის წინაშე. თუმცა, საინტერესოა, რომ სწორედ ამ უსუსურობის გაცნობიერებიდან იწყება ხშირად დიდი ჰუმანისტური იდეები - თანაგრძნობა და სოლიდარობა.

პარადოქსულია, მაგრამ საკუთარი უსუსურობის აღიარება ხშირად სულიერი სიმტკიცის დასაწყისია. როდესაც ვიღებთ იმას, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, ჩვენ ვთავისუფლდებით ამაო შფოთვისგან და კონცენტრაციას ვაკეთებთ იმაზე, რაც ჩვენს ხელთაა - ადამიანობაზე, სიკეთესა და შემოქმედებაზე.

და მაინც სად გადის ზღვარი?

ლიტერატურა და ფსიქოლოგია ერთ წერტილში - ემპათიაში იკვეთება:

1. ლიტერატურაში: როდესაც მკითხველი ხედავს პერსონაჟის უსუსურობას, ის განიცდის კათარზისს - თანაგრძნობის გზით განწმენდას.

2. ფსიქოლოგიაში: საკუთარი უსუსურობის აღიარება (მაგალითად, „ანონიმური ალკოჰოლიკების“ პირველი ნაბიჯი) ხშირად ხდება გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა.

„ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა,“ - ეს აზრი წითელ ზოლად გასდევს ფილოსოფიურ პროზას. საბოლოო ჯამში, უსუსურობა არა დამარცხება, არამედ იმის შეხსენებაა, რომ ჩვენი ძალა არა სამყაროს მართვაში, არამედ ერთმანეთის გატანასა და შინაგან სიმტკიცეშია.

 

Saturday, 28 February 2026

სოციალური გადარჩენის ილუზია

 


უილიამ შექსპირმა საუკუნეების წინ თქვა: „მთელი სამყარო თეატრია“, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მას წარმოედგინა ეპოქა, სადაც ეს თეატრი ჩვენს ჯიბეებში, სმარტფონების ეკრანებზე გადმოინაცვლებდა. დღეს მოჩვენებითობა არა მხოლოდ არჩევანი, არამედ სოციალური გადარჩენის აუცილებელი პირობა გახდა.

სოციალური მედიის ეპოქაში ყალბი ემოციებით თამაში ყოველდღიურობის ნორმაა. ჩვენს „კედლებზე“ დაუსრულებლად გვხვდება იდეალური კადრები: გათამაშებული სიურპრიზები, საჩვენებელი საჩუქრები და ოჯახური იდილიის იმიტაცია. ამ ციფრული ფასადების მიღმა კი ჩნდება მთავარი კითხვა: სად მთავრდება სოციალური როლი და სად იწყება ნამდვილი ამბავი? რა თქმა უნდა, ყველა ღიმილი ყალბი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ არა რეალობას, არამედ მის კარგად დამონტაჟებულ ვერსიას.

ნიღაბი ჩვენი ფარია. მას ვიყენებთ მოწყვლადობისა და ტკივილისგან დასაცავად, რათა სოციალურ ჯგუფებში - იქნება ეს სამსახური, სამეგობრო თუ ოჯახი - მიღებულნი და მოწონებულნი ვიყოთ. საზოგადოება დაუნდობელია: ის გვკარნახობს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ „წარმატებულები“, „ბედნიერები“ და „ძლიერები“. შედეგად, ჩვენ იმდენ ნიღაბს ვატარებთ, რამდენ სოციალურ წრეშიც გვიწევს ტრიალი.

თუმცა, ამ ბრწყინვალე ფასადის შენარჩუნებას უზარმაზარი ფასი აქვს. ენერგია, რომელიც როლის თამაშში იხარჯება, გვაცარიელებს. საბოლოოდ კი მივდივართ ყველაზე დიდ ტრაგედიამდე - საკუთარ თავთან გაუცხოებამდე. ნიღბების ამ მრავალფეროვნებაში ხშირად გვავიწყდება მთავარი: ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, როცა სცენის განათება ქრება და მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან?

 

Friday, 20 February 2026

ცრუ პროპაგანდა სიმართლის წინააღმდეგ: რატომ გვეშინია სარკეში ჩახედვის?

 

საქართველოში საღი აზრისა თუ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება დღეს ერთგვარ სოციალურ ბარიერად იქცა, თუმცა ეს პრობლემა ახალი არ არის - ის ჩვენი ისტორიული მეხსიერებისა და საუკუნოვანი გამოცდილების მტკივნეული ნაწილია. კრიტიკა აქ ყოველთვის ასოცირდება მხილებასთან, რომელიც გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობითაა გამოწვეული, ამ ცვლილებებისთვის კი საზოგადოების უმეტესობა, როგორც ჩანს, მზად არ არის. ეს წინააღმდეგობა რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს ეფუძნება და ისტორიული ტრავმებით ჩამოყალიბებული თავდაცვითი მექანიზმია. ეგზისტენციალური საფრთხეების პირობებში, როდესაც ერი მუდმივად გადარჩენისთვის იბრძოდა, ნებისმიერი შიდა დისონანსი აღიქმებოდა სისუსტედ, რომელსაც მტერი გამოიყენებდა. ასე ჩამოყალიბდა კოლექტიური ფსიქოლოგია, სადაცერთობახშირადერთაზროვნებაშიაგვერია, განსხვავებული აზრის მქონე კიგამთიშველადშეირაცხა.

ამას ემატება .. „სირცხვილის კულტურა“, სადაც კრიტიკა არა ობიექტური შეფასება, არამედ საჯარო მხილება დასახის დაკარგვაა“. ვინაიდან ჩვენს სოციუმში პიროვნება და მისი საქმე ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, იდეის კრიტიკა ავტომატურად ადამიანის შეურაცხყოფად ითარგმნება. ავტორიტეტების ისტორიული კულტი კი კიდევ უფრო აფერხებს კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც თავისი ბუნებით ანტი-იერარქიულია და ლოგიკას ეფუძნება და არა სტატუსს. საღი აზრი ხშირად მარტოხელაა, რადგან ის არ ემსახურება არცერთ ბანაკს, გარდა სიმართლისა.

ამ ისტორიულ ფონზე საბჭოთა სისტემამ ნამდვილიგენეტიკური მუტაციამოახდინა. მან მოაშთო საღი აზრის ყოველგვარი გამოხატვა, ადამიანები მარიონეტებად აქცია და სიმართლის თქმასინტრიგნობისსახელი დაარქვა. სისტემამ შექმნა პარალელური რეალობა -„ორაზროვნება“, სადაც საჯარო და პირადი სივრცეები რადიკალურად გაიმიჯნა, ტვინი კი გადარჩენის მიზნითთვითგადარჩენის ძილსმიეცა. ჩამოყალიბდაჩამშვების  ფენომენი, რამაც მორალური კომპასი ისე არია, რომ კორუფციაზე თვალის დახუჭვავაჟკაცობადდაძმობადშეირაცხა, ხოლო კანონიერების მოთხოვნა - „არაკაცობად“. ამ სისტემამ დაგვიტოვაფსიქოლოგიური კედელი“: ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მაგრამ არ გვაქვს მისი გამოყენების ჩვევა.


დღეს ესმარიონეტულიმემკვიდრეობა ყველაზე მკაფიოდ პოლიტიკურ პროცესებსა და ინკლუზიურობის დეფიციტში ვლინდება. პოლარიზაცია იქცაგამორიცხვისინსტრუმენტად - თუჩვენიანიარ ხარ, შენი აზრი საერთოდ არ არსებობს. პოლიტიკური ჯგუფები ქმნიან ჩაკეტილექო-კამერებს“, სადაც კრიტიკული აზრი კვლავაცინტრიგნობადანღალატადაღიქმება. ინკლუზიურობის განვითარების ნაცვლად, სისტემა აჯილდოებს მორჩილებას, სჯის საღ აზრს და აღვივებს შიშს განსხვავებულობის მიმართ. საზოგადოება კვლავაც ელოდებაბელადს“, რათა მასზე მოახდინოს საკუთარი პასუხისმგებლობის დელეგირება, რადგან სიმართლის აღიარება ნიშნავს იმას, რომ პრობლემების მიზეზი საკუთარ თავშივე უნდა ვეძებოთ, რაც უდიდეს სულიერ ძალისხმევას მოითხოვს.

საბოლოო ჯამში, კრიტიკული აზრი სოციუმისიმუნური სისტემაა“ -  თუ ის არ მუშაობს, ორგანიზმი ვერ ხვდება, რომ სნეულია. ჩვენ ჯერ კიდევ იმ გარდამავალ ფაზაში ვართ, სადაცსაბჭოთა ადამიანიჩვენში ებრძვისთავისუფალ ადამიანს“. ამმუტაციისუკუპროცესისთვის მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის; საჭიროა შინაგანი კათარზისი და იმის გააზრება, რომ კრიტიკა არ არის მტრობა, ხოლო განსხვავებული აზრი - ღალატი. როგორც ილია ჭავჭავაძე გვასწავლიდა, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ - ეს არის ერთადერთივაქცინა“, რომელიც სიმართლისა და სიცრუის გამიჯვნას და რეალურ წინსვლას გახდის შესაძლებელს.

 

სევდა და მოწყენილობა, ჩვენი ეპოქის „სისტემური პარამეტრი"

 


ალბათ შეგიმჩნევიათ, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, ადამიანთა უმეტესობა ხშირად მოწყენილი და სევდიანია. შეკითხვაზე “როგორ ხარ?” ძირითადად პასუხები ასეა, “აუუუ, რავი”, “არამიშავს”,  “ისე რააა”, “რავიცი ვარ რა”. იშვიათად გაიგებ პასუხს, კარგად ვარ!  

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს „სევდიანი პასუხები“ უფრო გულწრფელობის ნიშანია, თუ უბრალოდ ჩვევა, რომელიც ადამიანებს გვეხმარება, რომ ზედმეტი კითხვებისგან დავიცვათ თავი?

ჩვენს ქვეყანაში სევდა ალბათ ისტორიულ მეხსიერებასთანაცაა დაკავშირებული. ჩვენი ლიტერატურა, პოეზია, ფოლკლორი, სიმღერების უმეტესობა, სავსეა დანაკარგის განცდით. ჩნდება შეგრძნება, რომ  თითქოს, კარგად ყოფნა ცოტათი „უხერხულია“ იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ. ამიტომ, პასუხი „ძალიან კარგად ვარ“ ხშირად აღიქმება როგორც ზედაპირულობა ან ამპარტავნება. სევდა აქ სოლიდარობის ფორმად გადაიქცა.

როდესაც თანამედროვე ცხოვრება გვთავაზობს იაფ ბედნიერებას (სოციალური ქსელები, სწრაფი მოხმარება), ჩვენი რეცეპტორებიიწვება“. შედეგად, ბუნებრივი, მშვიდი მდგომარეობა ჩვენი ტვინისთვის აღიქმება არა როგორც სიმშვიდე, არამედ როგორც დეფიციტი. მოწყენილობა ამ შემთხვევაში არის ორგანიზმის პროტესტი სტიმულაციის ნაკლებობაზე. როგორც ჩანს ადამიანთა უმეტესობისთვის  ბედნიერება აღიქმება, როგორც მიზანი, ხოლო მოწყენილობა - როგორც დაბრკოლება. არადა თუ ჩვენს ყოველდღიურობას დავაკვირდებით, დავინახავთ პარადოქსს: მიუხედავად კომფორტისა და გასართობი საშუალებების სიმრავლისა, სევდა უფრო მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე.

როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა: ადამიანად ყოფნა ძალიან ძნელია. სწორედ ამსიძნელეშიიმალება პასუხი, რომელიც სამ შრეშია განფენილი: ჩვენს ბიოლოგიაში, ფილოსოფიასა და სისტემაში.

თუ პრეისტორიიდან თანამედროვეობისკენ ავიღებთ გეზს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ტვინი ევოლუციურად ბედნიერებისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვითარდებოდა. ფსიქოლოგიური კუთხით, ჩვენი ფსიქიკა მუდმივად ეძებს წონასწორობას. ნებისმიერი ეიფორია ხანმოკლეა. ჩვენ სწრაფად ვეჩვევით კარგს და ისუფერულიხდება. ჩოხელისეულად რომ ვთქვათ: ადამიანი ისეთი არსებაა, იმას ეძებს, რაც დაკარგული აქვს. როგორც კი რაღაცას ვპოულობთ, ის ძიების მომხიბვლელობას კარგავს და ჩვენ კვლავ მოწყენილობის ნაცნობ ნაპირს ვუბრუნდებით.

ფილოსოფოსებისთვის მოწყენილობა ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ემოცია. შოპენჰაუერისთვის ეს იყო ცხოვრების გარდაუვალი ქანქარა, მაგრამ ჩოხელისთვის სევდა თავად ადამიანობის არსია - ადამიანად ყოფნის სევდა. ჩოხელი წერდა: ადამიანი სევდიანი არსებაა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მოკვდება, მაგრამ მაინც უყვარს. ეს პარადოქსი - სიკვდილის ცოდნა და სიცოცხლის სიყვარული - შობს იმ ღრმა, სისტემატიზირებულ სევდას, რომელსაც ხშირადმოწყენილობასვარქმევთ, სინამდვილეში კი ის ჩვენი სულის რეაქციაა სამყაროს წარმავლობაზე.

მოწყენილობა რომ სისტემატიზირებული ხდება, ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში გამოიკვეთა. ჩვენ ვცხოვრობთ ჭარბი სტიმულაციის ეპოქაში, სადაც ტვინი მიეჩვია დოფამინის მუდმივ, იაფდოზებს“, ამან კი  ჩვეულებრივი რეალობა აუტანლად და მოსაწყენად აქცია. ამას ემატებაბედნიერების კულტი“. სისტემა გვავალდებულებს ვიყოთ მხიარულები, მაგრამ ჩოხელი შეგვახსენებდა, რომ სამყარო ერთი დიდი ცრემლია, რომელიც ღმერთს გადმოუგორდა. როდესაც ამ ბუნებრივ სევდას ვებრძვით და ხელოვნური მხიარულებით ვცვლით, ის ბუმერანგივით გვიბრუნდება უფრო ღრმა სიცარიელის სახით.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მოწყენილობა არ არის დეფექტი; ის არის ადამიანური ბუნების, ფილოსოფიური ძიებისა და იმ სისტემის გადაკვეთაზე გაჩენილი მდგომარეობა, რომელმაცსევდის უფლებაწაგვართვა. ჩოხელისეული გაგებით, გამოსავალი არა მოწყენილობისგან გაქცევაში, არამედ მის გააზრებაშია: სევდა სიყვარულის ნიშანია. თუ მოწყენილები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სულს რაღაც უფრო მეტი, უფრო ნამდვილი სწყურია, ვიდრე ის ზედაპირული მხიარულებაა, რომელსაც სისტემა გვთავაზობს.


ადამიანი იბადება უსუსური, რათა ისწავლოს სიყვარული და თანაგრძნობა

  ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაკარგულა საკუთარ ქაოსში და თავის ძიების პროცესში უმწეობა თუ უსუსურობა უგრძვნია. ყოფილა მომენტები, ...