თანამედროვე
საგანმანათლებლო თუ
ორგანიზაციულ სივრცეში ხშირად შეხვდებით ნაცნობ სურათს: მასწავლებელი ან
ხელმძღვანელი პირი, რომელიც საკუთარი იმიჯის, წესრიგისა და ავტორიტეტის დასამყარებლად ხაზგასმით დირექტიულ, მენტორულ და ხისტ ტონს ირჩევს. ერთი შეხედვით, ეს
მიდგომა „მუშაობს“ კლასში სიჩუმეა, ბრძანებები სრულდება, იერარქია დაცულია. თუმცა, თუ პროცესს ფასადის მიღმა შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს „წარმატება“ მხოლოდ ილუზიაა, რომელიც ძვირად უჯდება როგორც მოსწავლის პიროვნულ განვითარებას, ისე თავად საგანმანათლებლო სისტემას.
რატომ ირჩევენ ლიდერები და პედაგოგები ავტორიტარულ წესს მაშინ, როცა თანამედროვეობა ჰუმანურ და თანამშრომლობით სწავლებას მოითხოვს და რას ამბობს ამის შესახებ მეცნიერება?
ავტორიტარული და
მბრძანებლური სტილის არჩევა იშვიათად არის გაცნობიერებული ბოროტება; ის
უფრო ხშირად თავდაცვის, უძლურების ან ინერციის შედეგია. ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ჭრილში, ამ ფენომენს რამდენიმე ძირითადი საფუძველი აქვს:
1.
ბევრს ჰგონია, რომ თანამშრომლობა და მოსწავლისთვის ავტონომიის მიცემა ანარქიის ტოლფასია. მათ არ ყოფნით პროფესიული სიმამაცე, მართონ დინამიკური, ცოცხალი პროცესი და ურჩევნიათ, სადავეები ხაზოვანი, ცალმხრივი დირექტივებით დაიჭირონ.
- ხისტი ტონი საუკეთესო თავდაცვითი მექანიზმია. როდესაც მუდმივად მენტორულ პოზიციაში ხარ, სხვებს უმცირებ სივრცეს, კითხვები დაგისვან, ეჭვი შეიტანონ შენს ცოდნაში ან დაინახონ შენი მოუმზადებლობა.
- ალბერტ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორია გვახსენებს, რომ ქცევის მოდელები თაობიდან თაობას გადაეცემა. „ჩემი მასწავლებელი ასე იქცეოდა“ ხშირად ხდება ქვეცნობიერი არგუმენტი ძველი, ავტორიტარული სტილის გასამართლებლად.
- ჰუმანური პედაგოგიკა, რომელსაც კარლ როჯერსი ქადაგებდა, მასწავლებლისგან უზარმაზარ ემოციურ რესურსს, მოსმენასა და ემპათიას მოითხოვს. “გადამწვარ” ადამიანს კი ამის ძალა არ აქვს და ირჩევს ყველაზე მოკლე, ენერგოდამზოგავ გზას: „გააკეთე, იმიტომ რომ მე ვამბობ!“.
თუ ადრე დისკუსია ავტორიტარულ და ჰუმანურ მიდგომებს შორის მხოლოდ ეთიკურ ჭრილში მიმდინარეობდა, დღეს თანამშრომლობითი სწავლების უპირატესობას ნეირობიოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია ციფრებითა და ფაქტებით ამტკიცებს.
სტატიაზე მუშაობის პროცესში, როგორც აღმოვაჩინე, (ამიტომ
ვციტირებ ნაშრომიდან) “თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიამ დაადგინა, რომ როდესაც ადამიანი მუქარის, დამცირების ან მკაცრი დირექტივის ქვეშ იმყოფება, აქტიურდება მისი ტვინის ემოციური ცენტრი - ამიგდალა. ტვინი გადადის „გადარჩენის რეჟიმში“ (ებრძოლე ან გაიქეცი). ამ დროს იბლოკება პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია კრეატიულობაზე, ლოგიკაზე, მეხსიერებასა და ანალიზზე. ანუ, ავტორიტარული ტონით დათრგუნული მოსწავლე ბიოლოგიურად უუნარო ხდება, აითვისოს მასალა მაღალ დონეზე; ის მხოლოდ საფრთხის არიდებაზეა ფოკუსირებული.”
ცნობილი „თვითდეტერმინაციის თეორიის“ მიხედვით, ადამიანის პროგრესისა და შინაგანი მოტივაციისთვის სამი რამაა საჭირო: ავტონომია, კომპეტენტურობა და მიკუთვნებულობა. ავტორიტარული გარემო პირდაპირ ანადგურებს მოსწავლის ავტონომიას. როდესაც არჩევანის, შეცდომის დაშვებისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება შეზღუდულია, სწავლის შინაგანი სურვილი ქრება და მას ანაცვლებს ფორმალური, ნიშანზე ორიენტირებული კონფორმიზმი.
ჯონ
ბოულბის მიმაგრების თეორიის თანამედროვე ადაპტაცია გვიჩვენებს, რომ
მასწავლებელი მოსწავლისთვის კლასში „უსაფრთხო ბაზას“ უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ ემპათიურ, მიმღებელ და
პარტნიორულ
გარემოში ბედავს ბავშვი რისკზე წასვლას, კითხვების დასმასა და ექსპერიმენტებს. შიშზე დაფუძნებულ გარემოში კი შემოქმედებითი ძიება წარმოუდგენელია.
ავტორიტარული სტილი იმიტომაა სიცოცხლისუნარიანი, რომ ის იძლევა სწრაფ, ზედაპირულ შედეგს მოჩვენებით წესრიგს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მიდგომა კლავს ინიციატივას და აყალიბებს დამოკიდებულ, შფოთვით სავსე ინდივიდებს.
თანამედროვე,
მესამე თაობის საგანმანათლებლო მიდგომები და ლიდერობის ახალი პარადიგმა მოითხოვს, რომ მასწავლებელმა და ხელმძღვანელმა მოიხსნან „ყოვლისმცოდნის“ ხელოვნური ჯავშანი. ნამდვილი ავტორიტეტი ხმის ტემბრსა და დისტანციაში კი არ არის, არამედ ნდობაში, კოლექტიურ ეფექტურობასა და პარტნიორობაშია. მხოლოდ მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო სივრცე ვერტიკალური მბრძანებლობიდან ჰორიზონტალურ თანამშრომლობაზე გადავა, შევძლებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც სწავლა არა ვალდებულება, არამედ აღმოჩენების თავისუფალი პროცესია.
.webp)
No comments:
Post a Comment