განათლება

Wednesday, 6 May 2026

ღამის შეხვედრა და გერმანული სიმშვიდის გაკვეთილი

 

ზოგჯერ ყველაზე შთამბეჭდავი გაკვეთილები არა საკლასო ოთახებში, არამედ შემთხვევითი შეხვედრებისას იწერება. ასე მოხდა იმ ღამითაც, როდესაც გერმანელ მასწავლებელს შემთხვევით შევხვდი, ადამიანს, რომლისგანაც სიმშვიდე და პროფესიული კმაყოფილება ერთი ნახვით იგრძნობოდა.

ჩვენს საუბარში მთავარი ადგილი მისმა ყოველდღიურობამ დაიკავა. ის სკოლაში ველოსიპედით დადის. „მანქანა კომფორტია, მაგრამ ველოსიპედი - ჯანმრთელობა,“ მითხრა ღიმილით. ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, ეს მისი პედაგოგიური გზავნილია. ის საკუთარი მაგალითით ასწავლის მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დისციპლინასა და გარემოზე ზრუნვას. როდესაც მასწავლებელი თავად არის იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც ქადაგებს, სიტყვები ზედმეტია.

მისმა საოცრად მშვიდმა სახემ და გულთბილმა დამოკიდებულებამ დამაფიქრა გერმანული განათლების სისტემის უპირატესობაზე. როდესაც მასწავლებელს ასეთი სიყვარულით შეუძლია საუბარი თავის მოსწავლეებზე, ეს ნიშნავს, რომ სისტემა მას აძლევს მთავარს, დროს და ემოციურ რესურსს.

გერმანული მოდელის წარმატება რამდენიმე ფუნდამენტზე დგას:

  • ნაკლები სტრესი და ბალანსი: მასწავლებელი არ არის გადატვირთული ბიუროკრატიით, რაც მას საშუალებას აძლევს, მთელი ენერგია ბავშვებთან კომუნიკაციას მოახმაროს.
  • პრაქტიკული განათლება: აქცენტი კეთდება არა მხოლოდ მშრალ თეორიაზე, არამედ ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე.
  • ნდობა და ავტონომია: პედაგოგი სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, რაც მის შინაგან სიმშვიდეზე პირდაპირ აისახება.

ამ მოკლე, მაგრამ შინაარსიანმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ კარგი მასწავლებელი ყველგან ერთნაირია, ის ასხივებს სინათლეს და სჯერა იმ საქმის, რასაც აკეთებს.

მოტივაციის კრიზისი და ღია დიალოგის ძალა სასწავლო პროცესში

                ადამიანის ბუნება მუდმივ ცვალებადობას ეფუძნება. ხშირად ვსვამთ კითხვას: რატომ ხდება, რომ ერთ დროს საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი უცებ ქრება? ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ საგანმანათლებლო სივრცეში დგას, სადაც მოტივაცია სწავლისა და სწავლების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. განსაკუთრებით ეს ყველაფერი თავს იჩენს სემესტრის მიწურულს, როცა დაღლილობა პიკს აღწევს, ხოლო მოსწავლეები და მასწავლებლები ერთფეროვნებასა და მოწყენილობას უჩივიან.

              ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "მუღამის" დაკარგვა სულაც არ არის სისუსტის ნიშანი; პირიქით, ეს ფსიქიკის თავდაცვითი ან სიგნალური მექანიზმია. როდესაც ენერგიის გაცემა აჭარბებს მის აღდგენას, ტვინი რთავს „ეკონომიურ რეჟიმს“, რასაც ჩვენ გადაწვად აღვიქვამთ. ამას ემატება ჰაბიტუაციის, ანუ შეჩვევის ეფექტი, როცა სიახლის მომხიბვლელობა ქრება, ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი რუტინად იქცევა. ხშირად კი საქმე ფასეულობათა ტრანსფორმაციასთან გვაქვს: ის, რაც ადრე გვაინტერესებდა, შეიძლება აღარ შეესაბამებოდეს ჩვენს დღევანდელ „მე“-ს.

              სასწავლო პროცესი ორმხრივი ენერგეტიკული ნაკადია. როცა მასწავლებელიც და მოსწავლეც კარგავენ ინტერესს, იქმნება ე.წ. „პედაგოგიური კრიზისი“. ამ დროს ირთვება ავტოპილოტის რეჟიმი: მასწავლებელი მექანიკურად გადასცემს ცოდნას, ხოლო მოსწავლე მექანიკურად ისმენს. იკარგება ემოციური კავშირი, რაც სწავლის პროცესს მშრალ და დამღლელ ვალდებულებად აქცევს. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, თუ ადამიანი ვერ ხედავს კავშირს თავის ძალისხმევასა და სასურველ შედეგს შორის, მისი თვითეფექტურობის განცდა ეცემა, რაც პირდაპირ იწვევს აპათიას. მასწავლებლის აპათია კი, ემოციური გადადების პრინციპით, მომენტალურად ვრცელდება მთელ კლასზე.

            ამ უძრაობის დასაძლევად ყველაზე დიდი შეცდომა პრობლემის იგნორირება და დუმილია. გამოწვევებზე ხმამაღლა საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიიჩნევდა, რომ სწავლისთვის აუცილებელია ავთენტური გარემო. აღიარება, რომ „დღეს რაღაც ისე ვერ მიდის“, ხსნის დაძაბულობას და ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ხმამაღალი ფიქრი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ კოლექტიური რეფლექსია: გავიგოთ, მასალაა რთული, ტემპია ნელი თუ შინაარსი მოძველდა? ამ დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება და მოსწავლე მომხმარებლიდან პროცესის თანაშემოქმედი ხდება.

             პროცესის გაცოცხლება სიმამაცეს და მცირე ექსპერიმენტებს მოითხოვს. როგორც ჯერომ ბრუნერი აღნიშნავდა, სწავლა აქტიური პროცესია და არა პასიური მიღება. ზოგჯერ უბრალოდ გარემოს შეცვლა,გაკვეთილი კლასის მიღმა ან მერხების გადაადგილება,  სიგნალია ტვინისთვის, რომ რაღაც ახალი ხდება. როლების როტაცია, მოსწავლეებისთვის ლიდერობის დათმობა და აქცენტის დასმა პრობლემურ კითხვებზე და არა მზა პასუხებზე, კლასში კვლევის სულს აბრუნებს.

            ვფიქრობ რომ სწავლა არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება, ეს არის აღმოჩენის სიხარული. თუ აღმოჩენის მომენტი ქრება, რჩება მხოლოდ ცარიელი ფორმა. ამიტომ, დიალოგი და გულწრფელობა ის ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია ეს ფორმა კვლავ ცოცხალი შინაარსით შევავსოთ.

 


ნატეხები შუშის მიღმა

                         თავი 1   ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდი...