აქ ნესტის, გახურებული
ლითონის, მტვრისა და ძველი ელექტროობის სპეციფიკური სუნი პირველივე საფეხურზე გეგებება. ეს მიწისქვეშეთის სუნთქვაა, ჰაერი, რომელსაც ზედაპირთან საერთო აღაფერი აქვს.
ესკალატორი
უხმოდ, რიტმულად მიათრევს ათასობით სხეულს სიღრმისკენ. უსასრულო, მოძრავი კიბეები: ერთნი ჩადიან, მეორენი ამოდიან. გვერდის ავლისას ერთმანეთს თვალს არიდებენ, მაგრამ ამ წამიერ მოძრაობაში მთელი კაცობრიობა ეტევა.
აი, კანონის დამცველი თავისი მკაცრი, გასწორებული ფორმით. იქვე, მისგან ორიოდე საფეხურის მოშორებით, დაღლილი მეძავი, რომლის თვალებშიც მხოლოდ უძილო ღამეები და გაცრეცილი პომადა იკითხება. აქვეა მორალისტი, რომელიც ზიზღით შეჰყურებს ბარბაცით ჩამომავალ ლოთს, თუმცა ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში ორივეს ერთი და იგივე რკინის ვაგონი წაიღებს ერთი და იმავე მიმართულებით.
სუსტები, მსუქნები, ჭკვიანური მზერით დამძიმებულები თუ სრულიად ცარიელნი, მიწისქვეშეთში ყველა თანაბრდება.
ადამიანების
უმეტესობა
გაშეშებულია.
ტელეფონების
ლურჯი, ცივი შუქი ანათებს უემოციო, ჩამთვრალ სახეებს. ყურსასმენები ყურებში… ეს არ არის უბრალოდ მუსიკა, ეს არის ჯავშანი, სარკმელი საკუთარ სამყაროში, რომ როგორმე გაექცნენ გარშემომყოფთა სიახლოვეს. ისინი გვერდიგვერდ დგანან, მხრებით ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის სინათლის წლების მანძილია. უსიცოცხლო თვალები, დაღლილი ნაბიჯები, ავტომატური მოძრაობები.
ნეტავ რა ხდება ამ გაშეშებული შუბლების მიღმა?
ალბათ იქ,
სიბნელეში,
ათასი სხვადასხვა ჯოჯოხეთი და სამოთხე დუღს. ერთის თავში ფინანსური კრიზისია, ვადაგადაცილებული სესხი, ხვალინდელი ქირა, ცარიელი ჯიბეები. მეორეს ოჯახური დრამა ტანჯავს, გაციებული ურთიერთობები, სახლში დატოვებული ავადმყოფი ან მიტოვებული სიყვარული. მესამეს დაუოკებელი, აკრძალული ვნება წვავს, რომელიც მოსვენებას არ აძლევს. ყველა თავის ტვირთს ატარებს, თუმცა გარეგნულად ყველას ერთი და იგივე, დაღლილი ნიღაბი აფარია.
და უეცრად, ამ უემოციო აჩრდილების ქაოსში, პლატფორმის კუთხეში გიტარის პირველი აკორდი გაიჟღერებს. ქუჩის მომღერალი ახალგაზრდა ბიჭი ლაღად, სრულიად უდარდელად მღერის. მისი ხმა გვირაბის ცივ კედლებს ეჯახება და ექოდ იშლება. ეს არის ერთადერთი სიცოცხლის ნაპერწკალი ამ მიწისქვეშა სამყაროში შეხსენება იმისა, რომ უსიცოცხლო თვალების, ტელეფონებში ჩაძირული სახეებისა და გვირაბის სიბნელის მიუხედავად, გულისფეთქება არ შეჩერებულა.
მე მეტრო ცხოვრება მგონია… დროებითი გაჩერებები, შემთხვევითი მგზავრები და უსასრულო მოძრაობა სიბნელიდან სინათლისკენ.
.webp)
.webp)
.webp)