თავი 1
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა
სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდიადში მხოლოდ მთვარე ჩანდა იმედად.
მამაკაცის სილუეტის ჩრდილი გზას სწრაფი ნაბიჯით მიაპობდა. მოულოდნელად სოფლის ბნელ
ქუჩაში ცხოველის სილუეტი გაკრთა და მთვარის შუქზე ლანდად აისახა მამაკაცის თვალებში.
მოულოდნელობით გამოწვეულმა შიშმა შუბლი ოფლის წვეთებით დაცვარა სიჩუმე იმდენად მძიმე
იყო, რომ საკუთარი გულისცემა ყურებში ძლიერი დარტყმებივით ისმოდა.. მამაკაცი ადგილზე
გაშეშდა, სუნთქვა შეიკავა და მზერა იმ წერტილს მიაპყრო, სადაც წამის წინ უცნაური ლანდი
გაქრა.
ნელ-ნელა, როდესაც ღრუბლებმა
ისევ გაათავისუფლეს სავსე მთვარე, შუქის ვიწრო ზოლმა ბნელი ქუჩის ნაწილი გაანათა. შიშისგან
დამძიმებული ჰაერი წამიერად შეტოკდა. იქ, ფანჩატურის ჩრდილში, არა საზარელი მონსტრი,
არამედ დიდი, შავი ძაღლი იდგა. მისი თვალები მთვარის შუქზე ოქროსფრად კაშკაშებდნენ,
ხოლო დაძაბული სხეული მიუთითებდა, რომ უცნობის ყოველი მოძრაობის კონტროლს ცდილობდა.
მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა.
შუბლზე წამოწურული ცივი ოფლის წვეთი ხელით შეიწმინდა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა.
ცხოველმა ყური წაიცქვიტა, თითქოს ისიც ხვდებოდა, რომ ამ ბნელ, საიდუმლოებით მოცულ ღამეში
ორივეს საკუთარი გზა და თავისი შესაშინებელი ჩრდილები ჰქონდა.
მამაკაცმა ნაბიჯს აუჩქარა. იცოდა,
რომ სოფლის იმ ბოლო სახლში, სადაც სინათლე ჯერ კიდევ ციმციმებდა, მიხვდა, რომ მას სახლში
დიდი ხანია ელოდნენ.
ნელი, ფრთხილი ნაბიჯები სირბილში
გადაიზარდა, სუნთქვა გახშირდა. მამაკაცი მისდევდა ქუჩის ბოლოში სახლის მოციმციმე სინათლეს,
მაგრამ ის შორდებოდა. წამი წუთს უსწრებდა და გადარჩენაზე ფიქრი ჩამწვარი სანთლის წარმავლობას
ეთანხმებოდა.
გაწვიმდა, სიოს აყოლილი ფიქრები
დასველდა, გრძნობები გაიჟღინთა და სირბილით დაღლილი მამაკაცის სწრაფ სუნთქვას გუბეებში
ნაბიჯების ჩქარ-ჩქარი ჩადგომა-ამოდგომის ხმა ფონად დაედო. მთვარე ღრუბეთა ჯარმა გადაფარა,
თითქოს, ის, რაც უნდა მომხდარიყო მთვარეს არ უნდა ენახა. ლამპიონების ნათება წვიმის
წვეთებს უსუსურობაში ამხელდა, ქარი კი მათ რიგებს თავდაყირა აყენებდა. იქნებ ეს იყო
ნიშანი წვიმის წვიმობისა, ქარია ქარობისა და ღამის იდუმალებისა.
მამაკაცი დაეცა. ქუჩის ბოლოში
სახლის მოციმციმე სინათლემ გაქცევა შეწყვიტა, ქარი ჩადგა, მაგრამ ზეცა ისევ დასტიროდა
დაცემულს. დაცემულს არა სულით, არამედ ხორცით, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომ
ტიროდა ზეცა. მამაკაცმა ერთი ხელი სველ, ცივ მიწას დააყრდნო, მეორე კი ჯიბისკენ წაიღო,
მაგრამ ყოყმანით. მუშტი შეკრა, თავი დახარა და მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს ქვეყნის დარდი
ამოაყოლაო. შეკრული ხელი ჯიბისკენ წაიღო, ფრთხილად გააღო ბარძაყსმიწებებული ჯიბის ყელი
და მოყვითალო, ალბათ ოთხი-ხუთად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო, წარწერით : - ჩუმად წაიკითხე!
მამაკაცი გულის გაუჩერებელი
ცახცახით ხსნიდა ფურცელს, თვალის ქუთუთოებს ერთნანეთს აჭერდა, თავს დაბლა ხრიდა და
წვიმისგან გასველებული უწყლოობას გრძნობდა. ქვედა ტუჩს კბილებით იგლეჯდა, ნიკაპი უკანკალებდა
და ისეთივე დიდ იმედგაცრუებას გრძნობდა, როგორც ოკეანედან აკვარეუმში გადაყვანილი თევზი
- სრულყოფილების მოლოდინით.
მამაკაცმა ფურცელი გახსნა. წვიმამ
რამდენიმე კვალიც დაატყო, დაასველა და ის იყო, კითხვა უნდა დაეწყო ერთადერთი სიტყვა
ამოიკითხა:
-ვიმეგობროთ!
თავი 2
მაღვიძარამ დარეკა. ნახევრადგაწეულ
ფარდას მზის დაუკმაყოფილებელი სურვილი - თავისი სხივებით ოთახში ხეტიალი სჯობნიდა.
სხეულზე ზეწარი შემოტმასნოდა. სისველეს მთლიანად დაეფარა შიშველი სხეული. სიზმარი ყოფილა,
გაიფიქრა და ღრმად ამოისუნთაქა. საცვლის ბოლოებს დაქაჩა და შეისწორა. წამოჯდა და მზერა
ფანჯრიდან შემოჭრილ მზის მცხუნვარე სხივს მიაპყრო. მარტოობის, მონატრების და მიტოვების
სევდას შეეპყრო. ოთახში კარადაზე დამაგრებულ სარკის წინ დადგა, სხეულს თვალი შეავლო,
გაჩეჩილი თმები ხელით შეისწორა, იქვე საწოლზე მიგდებულ ხალათს მისწვდა და ოთახიდან
გავიდა.
ცივი შხაპის ქვეშ დიდხანს იდგა
გაუნძრევლად და აქაც სარკეში სხეულისთვის თვალი არც კი მოუშორებია. უყურებდა როგორ
მიყვებოდა წყლის ჭავლი სხეულს და როგორ იკარგებოდა მის ნაკვთებში.
პირსახოცი ტანზე შემოიხვია და
აბაზანიდან გამოვიდა. ოთახში ისევ ის მძიმე, მზით გაჟღენთილი სიჩუმე იდგა. საათის ისრების
თანაბარი წკაპაწკუპი თითქოს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს იმ სიცარიელეს, რომელიც ცივმა
წყალმაც კი ვერ ჩამორეცხა.
სამზარეულოში შესულმა ყავა გაზქურაზე
დადგა. სანამ წყალი ადუღდებოდა, ფანჯრის რაფას დაეყრდნო და ეზოს გადახედა. ქვემოთ,
ასფალტზე, დილის მზის ჩრდილები ნელა იცვლიდნენ ფორმას. ხალხი სადღაც ეჩქარებოდა
თითოეულ მათგანს საკუთარი საზრუნავი და მიზანი ჰქონდა, მას კი ეჩვენებოდა, რომ ამ მოძრავ
სამყაროში ერთადერთი წერტილი იყო, სადაც დრო გაჩერდა.
ყავის არომატმა ოთახი გაავსო.
ფინჯანი ხელში დაიკავა, სითბო თითის ბალიშებს გადაეცა. პირველი ყლუპი მწარე აღმოჩნდა,
თუმცა სწორედ ეს სიმწარე სჭირდებოდა ახლა, რომ სიზმრის უკანასკნელი, ბუნდოვანი ნარჩენებიც
საბოლოოდ გაფანტულიყო.
ტელეფონმა ეკრანზე გაანათა შეტყობინება
მოვიდა.
მზერა ეკრანს მიაპყრო. წამით
სუნთქვა შეეკრა, თითქოს ეშინოდა იმის დანახვა, რასაც ქვეცნობიერად მთელი ეს დრო ელოდა.
ღრმად ამოისუნთქა და ის-ის იყო შეტყობინება უნდა ენახა კარზე ზარმა დარეკა. მამაკაცი
მოულოდნელობამ დააბნია, მკერდზე გახსნილი პერანგი შეისწორა, ქამარი გაიჭირა და კარის
გასაღებად წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხრა-ათი ნაბიჯი გადადგა, მისი ფიქრები ცხრა
დღესა და ცხრა ღამეს არ წყვეტდნენ თვალს. ის ფიქრობდა თავისივე არსებობის მიზეზზე,
ყოფნის არყოფნაზე და იმ დანაკლისზე, რასაც უკვე დიდი ხანია განიცდიდა. რაც არ უნდა
გასაკვირი იყოს მამაკაცს არ შეეძლო აეხსნა გრძნობებისა და ფიქრების სიღრმე, გულის გაუცხოება
და ფიქრების დაუოკებლობის უნარი.
-გამარჯობა, სწორად მოვედი?
-მიუთითა ფურცელზე დატანილ მისამართზე ოცი-ოცდახუთი წლის კაცმა, ერთი ნაბიჯით უკან
დაიხია და მორიდებით დაიწყო ახლადგაღვიძებული მასპინძელის თვალიერება. მამაკაცი დააცქერდა
შეფუთვას, კბილი კბილს დააჭირა, მარცხენა წარბი შეარხია, ისე ჩვეულად ამოისუნთქვა და
თქვა:
-კი, სწორად მოხვედით. მაგრამ…
კურიერმა მამაკაცს აღარ დაასრულებინა
სიტყვა და დაუმშვიდობებლად, ელვასავით ჩაიქროლა კიბეებზე. მამაკაცმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა
სადარბაზოში, ტანი გადმოხარა და გაკვირვებული სახით შეხედა გაქცეული კურიერის უჩინარ
ტრაექტორიას. მხრები აიჩეჩა, ამოიოხრა და სახლში შევიდა. აღარავის ახსოვდა უნახავი
შეტყობინება. ამანათი მაგიდაზე დადო, ფინჯანი აიღო უკვე გაციებული ყავით და ფანჯარასთან
მივიდა, თუმცა რისი დანახვაც სურდა ვერ დაინახა.
-კარგი!
მამაკაცმა უცნობისგან ან ნაცნობისგან
გამოგზავნილი შეფუთვის გახსნა დაიწყო, აშკარად წიგნი იყო, გრძნობდა. თეთრი, ცოტა მოცისფრო-მონაცრისფრო
ფრის პარკი გახია და დაინახა წარწერა: ლევ ტოლსტოი “ ანა კარენინა”. მამაკაცმა ჩაიცინა
და ირონიანარევი ხმით ჩაილაპარაკა:
-მომიტევე, არა იმიტომ, რომ
ღირს ვიყო, არამედ შენი მოწყალების გამო.
მამაკაცი დიდხანს უცქერდა წიგნს.
მის სახეზე უსიამოვნო, აფორიაქებული ემოციის ნაკვალევი აღებეჭდა. მკერდში სიმძიმე იგრძნო,
თითქოს ჰაერი აღარ ყოფნიდა - ხელით პერანგის ზედა ღილები შეიხსნა და მძიმედ ამოისუნთქა,
შუბლზე დაცვარული ოფლი ხელით მოიწმინდა და საჯდომისკენ წაიღი ხელი გასამშრალებლად..
წიგნი თითქოს თავისით გადაიშალა ნაცნობ ადგილას... 139-ე გვერდი.
თვალი სტრიქონებს გაჰყვა, დიდხან
მისჩერებოდა ერთ წერტილს სახელმძღვანელოში. მერე თითქოს იპოვა ის, რისი დანახვაც ერთდროულად
ეშინოდა და ელოდა კიდეც. გვერდზე, ფანქრის სუსტი, მაგრამ მკაფიო ხაზით შემოსაზღვრულიყო
ციტატა:
„ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს
ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია...“
მაგრამ ციტატის ქვეშ, გვერდის
არეზე, ხელით მიაწერილიყო ახალი, ჯერ კიდევ გაუშრობელი მელნით შესრულებული წინადადება:
- „ჩვენი უბედურება კი მაშინ
დაიწყო, როცა შენ წასვლა არჩიე, დანარჩენი მხოლოდ შედეგი იყო.“
მამაკაცს თითები აუკანკალდა.
წიგნი მაგიდაზე დადო, თითქოს მხურვალე ნაკვერჩხალს შეეხოო. ტელეფონის ეკრანი ისევ გაანათა
იმ დავიწყებულმა შეტყობინებამ. ახლა უკვე ვეღარ აიცილებდა. ნაბიჯი გადადგა, ტელეფონი
ხელში აიღო და შეტყობინება გახსნა. ეკრანზე ეწერა: „ვიცი, რომ წიგნი უკვე აიღე.
თუ გინდა გაიგო, რატომ დაბრუნდა წარსული, საღამოს რვა საათზე იმ ადგილას მოდი, სადაც
პირველად შევხვდით. არ დააგვიანო.“
მამაკაცმა ფანჯარაში გაიხედა.
ქალაქი ჩვეული რიტმით ცხოვრობდა, მაგრამ მისთვის სამყარო ხელახლა გადატრიალდა. წლების
განმავლობაში საგულდაგულოდ დამარხული მოგონებები და დანაშაულის გრძნობა ისევ ზედაპირზე
ამოტივტივდა.
დრო უსასრულოდ იწელებოდა. მზე
ნელ-ნელა ტოვებდა ფანჯრის მინებს და სულ უფრო ეშვებოდა დასასრულისკენ. საღამოს
მოლოდინი ოთახში დაგროვილი შფოთვასავით მძიმდებოდა და ჰაერს ჟანგბადს აცლიდა. ყოველი
წუთი, რომელიც დათქმულ საათს აახლოებდა, კანქვეშ წვრილი ნემსების ჩხვლეტად იღვრებოდა.
ხან დივანზე ჩამოჯდებოდა, ხან ტელევიზორის პულტს დასწვდებოდა და უმიზნოდ რთავდა სხვადასხვა
არხზე… ბოლოს მიხვდა, რომ შეხვედრა გარდაუვალი იყო.
აბაზანაში შესულმა კარი მჭიდროდ
მიხურა, თითქოს გარეთ საკუთარი ფიქრების დატოვება სურდა. წყლის ნაკადის ძლიერი, თანაბარი
შუილი კაფელზე აგუგუნდა და ოთახის სიჩუმე გადაფარა. ცხელმა ორთქლმა სარკე წამში დაბინდა.
სხეულზე ტანის “გელი” მოუზომავად დაისხა, აბაზანაში მძაფრი, არომატული სუნი
ციტრუსისა და მწარე წიწვოვანის ნარევი ჰაერში აორთქლდა და სასუნთქ გზებს ეცა.
ეს სურნელი არ ამშვიდებდა. თითქოს რაღაც უსიამოვნოს და აუტანელს ახსენებდა, რომ სხეულის
გასუფთავება შინაგან შფოთვას ვერაფერს უზამდა. წყლის წვეთები მხრებზე, ზურგზე და მკერდზე
მძიმედ ეცემოდნენ, მაგრამ კანი მაინც დაჭიმული და უგრძნობი რჩებოდა. მერე თითქოს გაშეშდაო,
ფიქრმა მოულოდნელი შეხვედრისკენ წაიღო, სადღაც სულის სიღრმეში ძლიერ ტკივილს გრძნობდა
და უნდაოდა ესეც ქაფთან ერთად ჩაერეცხა კანალიზაციის უსასრულობაში.
წყალი გამორთო. აბაზანიდან გამოსულს,
სველი ჩუსტების მძიმე, სლიპინა ხმა მიჰყვებოდა ლამინატზე. ფენის ყრუ, ერთფეროვანმა
გუგუნმა ჰაერი ხელახლა გაახურა. თმის შრობისას ცხელი ქარი სახეზე ეცემოდა, მაგრამ შინაგანი
სიცივე მაინც არ გადიოდა. ორთქლითა და ოფლით დამძიმებული, სველი პირსახოცი ხელიდან
გაუსხლტა და იატაკზე უსიცოცხლოდ, მძიმედ დაეცა.
შიშველ სხეულზე, მუცლის ქვემოთ,
ტრუსის რეზინის გაჭიმვისა და ტანზე ტყლაშანით მიტმასნის მკვეთრმა ხმამ წამიერად გამოაფხიზლა.
ტკივილმაც კი ვერ გაფანტა ის ბუნდოვანი შიში, რომელიც მკერდის ძვალთან იყო გაჩხერილი.
ტანზე თავისუფალი, ფართო ტანსაცმელი
მოირგო რაღაც ისეთი, რაც სხეულს არ მოუჭერდა და სუნთქვის საშუალებას მისცემდა.
ბოლოს, მაგიდიდან სუნამოს შუშის ფლაკონი აიღო. ჰაერში გაფრქვეულმა განსხვავებულმა არომატებმა
ხის მორების სიმწარემ, ტყავის ნოტებმა და ოდნავ შესამჩნევმა, ცივმა ვანილმა ირგვლივ
უცხო, თითქმის დამცავი აურა შექმნა. ეს სურნელი მისი ახალი ჯავშანი უნდა ყოფილიყო.
ოთახიდან გავიდა. ზურგს უკან
გასაღების გადატრიალებისას კარების საკეტის მშრალმა, ლითონის ტკაცანმა საბოლოოდ ჩაკეტა
წარსული იმ ოთახში და საღამოს ბნელ, გაურკვეველ სივრცეში გაიტყორცნა.
ქუჩაში გამოსულს პირდაპირ სახეში
ეცა ავტომობილების გამონაბოლქვის მწარე, სქელი სუნი. ჰაერი იმდენად დამძიმებულიყო,
რომ ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებში ტყვიასავით ილექებოდა და მძიმე, მოგუდულ სუნთქვად გადადიოდა.
ირგვლივ გამვლელთა მოღუშული, უსიცოცხლო სახეები ირეოდნენ თითოეული მათგანი საკუთარი
დარდის ნაჭუჭში ჩაკეტილიყო. ტროტუარის კუთხეებში მათხოვრების გაწვდილი, გაშავებული
ხელები ითხოვდნენ მოწყალებას, თითქოს ამ ქალაქში ყველა რაღაცის დანაკლისს განიცდიდა
და ვიღაცისგან მოწყალებას ელოდა.
მეტროში ჩასვლისას ცივმა, მიწისქვეშა
ორპირმა ქარმა იფეთქა. ესკალატორზე დადგა. სანამ ის ნელა მიჰყავდა სიღრმისა და სიბნელისკენ,
საპირისპირო მხარეს, ზემოთ მიმავალ ესკალატორზე ელვის სისწრაფით ჩაუარეს უცნობმა სახეებმა
ბუნდოვანმა, გაწელილმა ლანდებმა, რომლებიც წამით გამოჩნდებოდნენ და იქვე უჩინარდებოდნენ.
არცერთი მზერა არ აყოვნებდა, არავინ უყურებდა ერთმანეთს თვალებში.
ბაქანზე ჩასულს ყურები მიწისქვეშა
გუგუნმა გაუვსო. გვირაბიდან ჰაერის მძიმე ნაკადი გამოვარდა, რომელსაც მატარებლის ლიანდაგზე
დამუხრუჭების წივილი და მეტალის ხახუნის მჭახე, აუტანელი ხმა მოჰყვა. მატარებელი გაჩერდა,
კარები გაიღო და მამაკაცმა იმ სიცარიელეში გადადგა ნაბიჯი, საიდანაც უკან დახევა უკვე
შეუძლებელი იყო.
თავი 3
გამაბრუებელი სიბნელე, რომელსაც
მხოლოდ ფერადი, აციმციმებული სინათლის სხივები კვეთდნენ. ყურისწამღები, ბასებისგან
დამძიმებული ხმაური ოთახის კედლებს აზანზარებდა. ჰაერში მჭიდროდ იგრძნობოდა იაფფასიანი
და ძვირფასი ალკოჰოლის სუნი, ოფლის, თამბაქოს კვამლისა და ირგვლივ გაფანტული ვნებიანი,
ჩურჩულით ნათქვამი ხმების ნარევი. ირგვლივ სრული ქაოსი სუფევდა: არეული ჭიქები, სასმლით
მოწუწული მაგიდები და იატაკი. იქვე, კუთხის რბილ სავარძელზე, გონდაკარგული, მთვრალი
მამაკაცი მიგდებულიყო, რომელსაც გარშემომყოფთაგან არავინ აქცევდა ყურადღებას.
მთელი ეს სივრცე არტერიული წნევის
მკვეთრი მომატების დროს გულისცემის აჩქარებულ, ყრუ ბაგიბუგს ჰგავდა. მუსიკის ტემპი
ნელ-ნელა იმატებდა, თითქოს სისხლს ძარღვებში მოძრაობას აჩქარებდა და სიცხით ავსებდა.
მამაკაცი შიგნით შევიდა. ხალხის
სიმჭიდროვეში მიაბოტებდა და კანზე მკაფიოდ გრძნობდა, როგორ ეხებოდნენ სიბნელეში მოცეკვავე,
უცნობი, მოძრავი სხეულები, ხან მხარზე, ხან მკლავზე. მან გზა გაიკვლია ამ ქაოსში,
თავის საყვარელ, კუთხის მაგიდასთან მივიდა და მძიმედ დაჯდა.
საათს დახედა, დააგვიანა 3 წუთი.
თუმცა კარგად იცოდა, ის ადრე არასდროს მოვიდოდა. გადაწყვიტა, მისთვის საყვარელი ვისკი
შეეკვეთა და ბარისკენ შეტრიალდა.
- უკაცრავად, შეგიძლიათ
Laphroaig-ის 10-წლიანი შოტლანდიური დამისხათ? ორმაგი, ყინულებით.
- ახლავე, მიუგო
ბარმენმა მშვიდი ხმით.
ბარმენმა თაროდან მუქი, მწვანე
ბოთლი ჩამოიღო. ხის საცობს თითები შეამოჭდო და ოდნავი დატრიალებით, ყრუ, დამახასიათებელი
ტკაცანით ამოაძრო. ბროლის მძიმე ჭიქაში ჯერ ოთხკუთხა ყინულის კუბები ჩაყარა , ყინულის
ჭიქის კედლებზე შეხებამ წკრიალა, მკვეთრი ხმა გამოსცა. შემდეგ ბოთლი გადახარა; ოქროსფერმა,
ტორფის მწარე არომატით გაჟღენთილმა სითხემ ყინულებს გადაუარა და ჭიქა ნახევრად შეავსო.
სიცივისგან მინის გარეთა ზედაპირი წამიერად დაინამა, წვრილი ოფლის მარცვლებით დაცვარა.
ბარმენმა ჭიქა ოდნავ დაატრიალა, ყინულის წკრიალი ხელახლა გაისმა და სასმელი მამაკაცს
წინ ფრთხილად დაუდგა.
მამაკაცმა ჭიქა აიღო, თითის
ბალიშებზე ჭიქის სიცივე ეცა. თვალი ბარმენის ნაკვთებს შეავლო და უეცარმა ეჭვმა გადაუარა.
-
უკაცრავად... მე თქვენ გიცნობთ? მამაკაცმა მზერა ბარმენს მიაპყრო.
-
შესაძლებელია, მშვიდად უპასუხა მან, თან ტილოს ტილოთი ჭიქის წმენდა განაგრძო
და მზერა არ აურიდებია.
მამაკაცი დიდხანს ფიქრობდა.
ცდილობდა გაეხსენებინა, სად ენახა ეს სახე, საიდან ეცნობოდა ეს დაჟინებული, უცნაურად
მშვიდი მზერა. პირველი ყლუპი გადაყლაპა, ტორფისა და კვამლის მწარე გემომ ყელი დაუწვა.
მხოლოდ მეორე ყლუპის დროს, როცა ყინულმა ისევ გააჟღერა ბროლი, გონებაში ელვასავით გაჰკრა...
ეს ის კურიერი იყო, რომელმაც
დღეს დილით ამანათი მოუტანა. ის კაცი, რომელიც კიბეებზე ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.
მამაკაცმა ტუჩის მარჯვენა კუთხე
კბილებს მიაბჯინა, წარბები შეკრა, შემთხვევითობის ეჭვები ნისლივით შემოეხვია და თვალგაშტერებული
მზერა ბარმენის მკერდთან შავ ღილს მიაპყრო და თან, დრო და დრო, თვალებს რიგ-რიგობით
ავიწროებდა და აფართოებდა. ის ხვდებოდა, გრძნობდა, აცნობიერებდა სიცარიელეში არსებული
უცნობი წერტილის არსებობას, რომელიც ხან ანათებდა, ხან კი უსააშველო სიმარტოვის განცდას
კიდევ უფრო უმძაფრებდა. კიდევ მოსვა, მაგრამ სასიამოვნო უსიამოვნებით გაჟღენთილი ცივი
ვისკი ცოტახანს შეაყოვნა, თვალები ძლიერად დახუჭა, ამოისუნთქა, მხრები აიჩეჩა და ორივე
ხელით ბარს დაეყრდნო. ამას მხოლოდ ის თუ იზამდა, ვისაც ვისკიდან გამაბრუებელი არომატის
გამოდევნა სურდა. თავი მაღლა აწია, ათასი ვნებით დატყვევებული მოწითალო სინათლემ თვალები
წამიერად დაუბინდა, ამოისუნთქა და ეჭვის ბზარებით, ვნების ხაზებით შემოსული ბოხი ხმით
მიუგო:
-
მეც მეცნობი.
ბარმენმა უცნაურად ჩაიღიმა,
თვალებში შეხედა და შეტრიალდა.
კარი გაიღო, მამაკაცმა იგრძნო
ან ხმა მოესმა. ეკალმა დააყარა, სისხლი გაჩერდა. ჰაერი კიდევ უფრო დამძიმდა, ან ისე
გამსუბუქდა, რომ შეუმჩნეველი გახდა. კარი არ დახურულა, არც არავინ შემოსულა. ჯერ ისედაც
ეჭვებით გაუჩინარებული მამაკაცის უსასრულოდ ბნელ სულს შავი მანტია გადაეფარა. თავი
მარცხნივ ნელ-ნელა მიატრიალა, თვალები შიშის კანკალით თავს გააყოლა და მზერა შეჩერდა.
მოულოდნელად მხარზე ხელის შეხება
იგრძნო. სისხლი გაეყინა დადგა საბედისწერო ჟამი.
ნელა მიტრიალდა. მის წინ ქალი
იდგა. სანთლით ჩამოქნილ მარმარილოს ქანდაკებას ჰგავდა. შავი, სხეულზე შემოტმასნილი
კაბა ტანს გამოკვეთით ეკვროდა. მკერდი უჩვეულოდ მოღებული ჰქონდა, საიდანაც ორი მზესავით
ამოსული, ამეთქებული მკერდი სწრაფი, დაძაბული სუნთქვით აუდ-ჩაუდიოდა. ნახევრად ხვეული,
გრძელი თმა მის მკერდზე გველებივით დაკლაკნილიყო და თითქოს მამაკაცს უხმობდა, უფრო
სიღრმეში ჩაჰყოლოდა მათ მიმართულებას.
-
ისევ ისეთი სულსწრაფი ხარ, დათა, ირონიულად ჩაიცინა ქალმა და თვალი ჭიქას
გაუსწორა.
-
შენ კი... უჩვეულოდ შემოსილი, ჩაილაპარაკა დათამ.
-
ცხოვრება თვითონ გვკარნახობს წესებს. როგორც ვხედავ, არაფერი შეცვლილა, შენ
ისევ სვამ.
-
შენ კი ისევ ჩემს მანკიერებაზე საუბრობ...
მძიმე, დაჭიმული სიჩუმე ჩამოწვა.
ქალი დაჟინებით უმზერდა მამაკაცს.
-
რაიმეს ხომ არ შეუკვეთავთ ქალბატონისთვის? გაისმა გვერდიდან.
დათამ მზერა ბარმენზე გადაიტანა.
იყო ამ კაცში რაღაც უცნაურად მიმზიდველი და იდუმალი: შავი, ნახევრად დატალღული თმა,
მოზრდილი წვერი და გამოკვეთილი, დალისეული ულვაში, რომელიც მის მისტიკურ იერს კიდევ
უფრო ამძაფრებდა.
-
წყალი... ლიმონითა და პიტნით, მშვიდად თქვა ქალმა.
ბარმენმა ისევ უჩვეულოდ, ოდნავ
შესამჩნევად ჩაიღიმა. მაგიდაზე ყინულიანი ჭიქის შეხების მკვეთრმა ხმამ დათა წამიერად
გამოაფხიზლა.
-
რაზე შევჩერდით? იკითხა მან.
-
სადაც შევჩერდით, იქიდან მარტო გააგრძელებ, დათა. მე აღარ მინდა იმ ქაოსში ცხოვრება.
მე არჩევანი გავაკეთე.
დათა მშვიდად უსმენდა ქალის
ემოციურ საუბარს. ან, იქნებ, მას მხოლოდ ეჩვენებოდა, რომ ნატა უჩვეულოდ ემოციური იყო?
მაინც რა მოსწონდა აქამდე მასში? იქნებ მისი სხეული იზიდავდა? ან მისი გველებივით დაკლაკნილი
თმის კულულები, მკერდზე რომ ეფინებოდა? ან იქნებ მისი მკერდი, რომლის ასვლა-ჩასვლასაც
საწოლში, გახშირებული სუნთქვის დროს, საკუთარივით გრძნობდა?
კლუბში ხმაური პიკს აღწევდა.
მამაკაცი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა... ქალი რახანია გასცდა მის მზერის არეალს და სიბნელის
მორევმა შთანთქა. ადამიანები სულ უფრო ქრებოდნენ დათას თვალებიდან. ირგვლივ ყველაფერი
ბუნდოვანი, გაწელილი ლანდების თეატრად იქცა.
მოულოდნელად, მინის ანარეკლში
საკუთარ თავს შეხედა და ჟრუანტელმა დაუარა მის გვერდით, სავარძელში, მეორე დათა ეჯდა.
აჩრდილივით გამჭვირვალე, მაგრამ მკაფიო, რომელიც ირონიული მზერით უყურებდა. სხეულის
ეს გაორება აუტანელი გახდა. თავბრუსხვევასთან ერთად შიგნიდან იფეთქა გაქცევის გაუმაძღარმა
სურვილმა, გაქცეულიყო ამ კლუბიდან, ბარმენის იმ დაჟინებული მზერისგან, ნატას მომაჯადოებელი,
დამღუპველი სილუეტისგან და საკუთარი აჩრდილისგან, რომელიც წურბელასავით ეკრობოდა.
ფეხზე წამოვარდა. ბარზე ფული
დააგდო, ხალხის ტალღა გაჰკვეთა და გარეთ გავარდა.
...და ისევ მარტოობა.
ღამის ცივი ჰაერი ფილტვებს სწვავდა,
მაგრამ შინაგან სიცარიელეს ვერ ავსებდა. ქუჩა ცარიელი იყო, მხოლოდ ნესტიანი ასფალტი
ირეკლავდა ლამპიონების მკრთალ ნათებას. ნაბიჯები აერია, სამყარო საბოლოოდ გადაყირავდა
და სიბნელემ თვალები დაუხუჭა.
დილით თვალი გაახილა. მზის სხივი
თვალებს ჭრიდა. უცხო ჭერი, უცხო ოთახი. ჰაერში უცნობი სურნელი ტრიალებდა. დათამ თავი
ძლივს ასწია, საფეთქლებში აუტანელი ტკივილი უცემდა. საბანი გადასწია და მიხვდა, რომ
სრულიად უცხო საწოლში, სრულიად უცხო სახლში იღვიძებდა. გარშემო სამარისებური სიჩუმე
იდგა. წარსულმა, სიზმარმა თუ რეალობამ ისევ ერთ წერტილში მოიყარა თავი.
ზეწარს ღამის კვალი ეტყობოდა... აწეწილი,
დაკუჭული და ვნებისგან თუ შფოთვისგან დაჭიმული.
წამოჯდა. თავბრუ ეხვეოდა. საფეთქლებში
მძიმე, ყრუ ფეთქვა ეხმიანებოდა და გუშინდელ ნასვამს, თავბრუსხვევაზე მეტად სხეული აფორიაქებდა.
შიგნიდან უცნაურ სიცარიელესა და ამავდროულად რაღაც აუხსნელ, ბუნდოვან სიამოვნებას გრძნობდა.
ფეხზე ძლივს წამოდგა, ფანჯარასთან
მივიდა და ფარდა გადასწია.
მზის აუტანლად კაშკაშა სხივებმა
თვალი მოჭრა. ქვემოთ ქალაქის ცენტრალური ნაწილი იშლებოდა, გაღვიძებული, ხმაურიანი ქუჩები,
მანქანების უწყვეტი ნაკადი. მხოლოდ ახლა, ფანჯრის მინაზე მიყრდნობილმა იგრძნო სხეულზე
დაცემული გრილი ჰაერი და მიხვდა... საცვალი აღარ ეცვა.
მზერა ოთახს მოავლო. ტანსაცმელი იატაკზე იყო მიმოფანტული.
იქვე, ჟურნალების მაგიდაზე, მარტოხელა თეთრი ფურცელი იდო.
დათამ ნაბიჯი გადადგა, წერილი
აიღო. ფურცელზე მოკლე, მკაფიო ხელით ნაწერი მხოლოდ ერთი წინადადება დახვდა: „როცა
გახვალ, გასაღები რეცეფშენში დატოვე.“
თავი 4
დათას არც კი უფიქრია შხაპის
მიღება. ახლა მისი ერთადერთი ამოცანა აქედან თავის დაღწევა და იმის გარკვევა იყო, თუ
ვისთან გაატარა ღამე. თავს ძალას ატანდა, ერთი დეტალი მაინც გაეხსენებინა, მაგრამ
- ამაოდ.
იქვე, იატაკზე დაგდებულ საცვალს
დასწვდა, ჩაიცვა, მერე პერანგის ძებნა დაიწყო. პერანგი ვერ იპოვა, თუმცა სკამზე თეთრი
მაისური ეგდო; აიღო და ტანზე გადაიცვა. შარვალიც მარტივად მიაგნო, საძინებლის კართან
ეყარა. სარკეში ჩაიხედა, აწეწილი თმა ხელით შეისწორა და რეცეფშენში დაეშვა.
- დილა მშვიდობისა! იმედია, ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობთ, გაუღიმა
ადმინისტრატორმა.
- უკაცრავად, ნომერი 35-111 ვის სახელზეა დაჯავშნილი?
- ეს ნომერი ონლაინ არის გადახდილი.
- ვერ მეტყვით, წუხელ ვისთან ერთად მოვედი?
- უკაცრავად, მე მხოლოდ ამ დილით შევცვალე კოლეგა, არაფერი ვიცი...
ქუჩაში გამოსული დათა მოულოდნელობისგან
გაშეშდა. უცებ მიხვდა, რომ ეს სასტუმრო სწორედ იმ უბანში მდებარეობდა, სადაც წლების
წინ ნატასთან ერთად ატარებდა დროს.
„ნეტავ მანქანით წამოვსულიყავი,
მაშინ ალბათ ამდენს არ დავლევდი,“ გაიფიქრა
და მეტროსადგურისკენ აიღო გეზი. დილის მკვეთრი სინათლე, ნაბახუსევის მძიმე განცდა და
იმის გააზრება, რომ გუშინდელი ღამე არც სიზმარი იყო და არც უბრალო შემთხვევითობა, ეჭვებს
უფრო უღრმავებდა მასზე ვიღაც მიზანმიმართულად ნადირობდა.
ქალაქში ისევ მძიმე, ნესტიანი
სუნი იდგა. ქუჩის კუთხეში შავი ძაღლი მოკუნტულიყო. დათას დანახვაზე წამოხტა და კუდის
ქიცინით აედევნა. დათა ადგილზე გაშტყდა. ზღვარი რეალობასა და მის დაშლილ ფსიქიკას შორის
საბოლოოდ წაიშალა.
ეს ძაღლი მას თითქოს უკვე სადღაც
ენახა…
მეტროსადგურის ჩასასვლელიდან
მომავალმა ცივმა, ნესტიანმა ორპირმა ქარს რკინისა და მტვრის მძიმე სუნი ამოჰყვა. დათამ
ნაბიჯს აუჩქარა. შავი ძაღლი სადღაც უკან, ხალხის ნაკადში დაიკარგა, თუმცა მისი თვალების
გამოხედვა დათას ზურგს მაინც დაჟინებით უხვრეტდა. ესკალატორზე ფეხი შედგა. ლითონის
საფეხურებმა დაბალი, მონოტონური გუგუნით დაიწყეს მისი დაშვება მიწისქვეშეთში. ქვემოთ
მიდიოდა, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ჰაერი თანდათან იცლებოდა ჟანგბადისგან. მარჯვნივ,
საპირისპირო მხარეს, ზემოთ მიმავალი ესკალატორი ხალხით იყო სავსე. უძრავი, გამოსახულებადაკარგული
სილუეტები. დათამ თვალი გაუსწორა პირველს წვერიანი მამაკაცი, მუქი ქურთუკით… ბარმენი?
არა, თვალი დაახამხამა და უცნობი პენსიონერი შერჩა. მის უკან ახალგაზრდა ქალი იდგა,
თმაზე წვიმის წვეთები უბრწყინავდა. ნატა? დათას გულმა ცემა გამოტოვა, პირი გაუშრა.
ქალი მოტრიალდა სრულიად უცხო, ცივი მზერა.სახეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, როგორც
ძველი, გაფუჭებული პროექტორის კადრები. ქუდიანი კაცი კურიერი. შავთმიანი ქალი
ნატა. ისევ კურიერი. ისევ ნატა. თითქოს მთელი ქალაქი ერთ დიდ, ილუზორულ თეატრად ქცეულიყო,
სადაც ყველა მსახიობი ნიღაბს ატარებდა, ნიღბის მიღმა კი მხოლოდ ორი ადამიანი იმალებოდა
ის, ვინც მიატოვა, და ის, ვინც ახლა მისით ერთობოდა. გონებაში ფიქრები აირია, ერთმანეთს
გადააწყდა. ვინ ვარ მე ამ ქალაქში? რატომ ვმოძრაობ? სად მივდივარ? საკუთარმა ხელებმა
შეაშინა ესკალატორის სახელურს ჩაფრენილი თითები უცხო, სხვისი სხეულის ნაწილებად ეჩვენა.
თუკი მთელი ეს სამყარო, ეს სასტუმრო, ესკალატორი და წუხანდელი ღამე მხოლოდ მისი დაშლილი
ტვინის პროექცია იყო, მაშინ სად მთავრდებოდა რეალობა? ან საერთოდ არსებობდა კი რეალობა
იმ სიცარიელის მიღმა, რომელსაც იგი წლებია გულმკერდით ატარებდა? სივრცე შევიწროვდა.
მეტროს გუგუნი ტვინში გაბმულ წუილად გადაიქცა. დათას გაუჩნდა სურვილი, ესკალატორის
საფეხურებს ჩაკეცოდა, თვალები დაეხუჭა და დალოდებოდა, როდის შეწყვეტდა ეს უსასრულო,
მოძრავი კარუსელი ტრიალს.
თავი 5
მეტროდან ამოსულს ცხელი ჰაერი
დაეტაკა სახეში. ფიქრები გონებას უხშობდა. მაინც რა მოხდა? ვისთან გაატარა ღამე? სხეულზე
უცნაურ, თუმცა სასიამოვნო სუნს გრძნობდა. უნდოდა სახლში დროულად მისულიყო და ცხელი
შხაპის ქვეშ ყველაფერი ჩამოერეცხა, თითქოს ასე ყველანაირ კვალს წაშლიდა გონებიდან.
ქუჩის ხმაური ყურის სიღრმეებს
სწვდებოდა და შიგნიდან ექოდ უბრუნდებოდა. ნაბიჯს აუჩქარა. ყოველი გამვლელი, რომელიც
გვერდს უვლიდა, წამით მისკენ აპარებდა თვალს ან ეგონა, რომ აპარებდა.
ტელეფონი ჯიბეში უცებ აზუზუნდა.
დათამ მექანიკურად ამოიღო. ეკრანზე ლევანის სახელი ეწერა.
-
ხო, ლევან... დათას ხმა ჩახრიწული და სხვანაირი აღმოჩნდა.
-
სადა ხარ, კაცო? გაისმა ლევანის მშვიდი, გაწონასწორებული ხმა.
ორი საათია გეძებ. ხომ მშვიდობაა?
გუშინდელივით ილაპარაკებ თუ დღეს მაინც მეტყვი, რა ჯანდაბა ხდება შენს თავს?
დათა შეჩერდა. ლევანი ის ერთადერთი
ადამიანი იყო, ვისთანაც ნიღბის ტარებას აზრი არ ჰქონდა. ლევანი პროფესიით ექიმი იყო,
ცივი, პრაგმატული გონებითა და ზედმეტი სენტიმენტების გარეშე აზროვნების უნარით. სწორედ
ასეთი ხმა სჭირდებოდა ახლა დათას, რომ ჰაერში დაკიდებული, დაშლილი რეალობა როგორმე
დედამიწასთან დაეკავშირებინა.
-
ლევან... შემხვდი, რა. სადაც გინდა, ოღონდ ახლავე.
-
მშვიდობა არ არის, ხომ? ლევანის ხმაში პაუზამ გაირბინა. ჩემს კაბინეტთან ვარ,
კლინიკასთან ახლოს, იმ პატარა კაფეში ჩამოდი. ათ წუთში იქ ვიქნები.
კაფეში გრილოდა. კონდიციონერის
დაბალი გუგუნი ოდნავ ახშობდა ქუჩიდან შემოსულ ხმაურს. ლევანი უკვე მაგიდასთან ეჯდა,
წინ გაციებული ყავის ჭიქა ედო და დათას გამოჩენისთანავე თვალები მოუჭუტა. მან პროფესიული
ჩვევით, ერთი გამოხედვით შეაფასა მეგობრის მდგომარეობა: აწეწილი თმა, თეთრი, უცხო მაისური,
ჩასისხლიანებული თვალები და უცნაური, აფორიაქებული მზერა.
-
დაჯექი, თქვა ლევანმა და სკამზე ანიშნა. ისეთ იერს ატარებ, თითქოს საკუთარი
დაკრძალვიდან მოდიხარ. რა მოხდა?
დათამ წყლის ჭიქას ხელი წაავლო
და სულმოუთქმელად გადაკრა. მერე მაგიდას დაეყრდნო, ორთავე ხელი თმაში შეიცურა და დაბალი
ხმით დაიწყო:
-
ლევან, მგონი ჭკუიდან ვიშლები... გუშინ სასტუმროში გავითენე ღამე. 35-111 ნომერში.
არაფერი მახსოვს. საერთოდ არაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მარტო არ ვიყავი.
ლევანი არ შეწყვეტილა. მშვიდად
უსმენდა, სანამ დათამ არ უამბო კურიერზე, ბარმენზე, „ანა კარენინაში“ დატოვებულ მინაწერთან,
კლუბის აჩრდილებსა და იმ სუნზე, რომელიც ახლაც სხეულზე ჰქონდა შერჩენილი.
-
ნატა იყო? იკითხა ლევანმა მოკლედ.
დათა შეკრთა. ამ სახელის ხმამაღლა
გაგონებამ ჭრილობაზე მარილივით იმოქმედა.
-
არ ვიცი... არ ვიცი, ლევან! მეგონა, ის იყო. მერე მეგონა, რომ ჰალუცინაცია მქონდა.
მეტროში ჩასულს ყველა მას ჰგავდა. ყველა გამვლელი ან ის იყო, ან ის… ბარმენი.
ლევანმა ღრმად ამოიხრა, ჭიქა
გვერდით გადადო და დათას თვალებში ჩახედა:
-
დათა, მისმინე. შენ წლებია რაღაც დანაშაულის გრძნობას ატარებ. შენი ტვინი უბრალოდ
გადაიღალა. ალკოჰოლი, უძილობა, პანიკური შეტევა… ეს ყველაფერი ერთად იძლევა ზუსტად
იმას, რასაც ახლა აღწერ. დეპერსონალიზაცია ჰქვია ამას. შენ თვითონ იქმნი ამ აჩრდილებს,
რადგან ქვეცნობიერად გინდა, რომ ნატა დაბრუნდეს და ეს პასუხისმგებლობა მოგეხსნას. ნატა
სამი წელია ქალაქში არავის უნახავს. ხომ იცი?
-
ვიცი, მაგრამ... დათამ ჯიბეში ხელი ჩაყო და ტელეფონი ამოიღო.
სწორედ ამ დროს ეკრანი გაშავდა
და უცნობი ნომრიდან შეტყობინება მოვიდა. ფოტო.
დათამ თითი კანკალით გადაუსვა
ეკრანს.
ფოტოზე აღბეჭდილი იყო სასტუმროს
ნომრის ტუმბო. მინის ჭიქა, რომელზეც თითების ანაბეჭდები ჩანდა, და მის გვერდით აბრეშუმის
მწვანე შარფი. ის შარფი, რომელიც დათას ასე კარგად ეცნობოდა. ფოტოს ქვეშ მხოლოდ ერთი
წინადადება ეწერა:
„ყველაფერს ვერ ჩამოირეცხავ,
დათა.“
დათამ ტელეფონი ლევანს გაუწოდა.
ლევანის მშვიდი, რაციონალური გამომეტყველება წამში გაქრა.
თავი 6
დათას კაბინეტი ბიზნეს ცენტრის
მე-14 სართულზე მდებარეობდა. ეს არ იყო სტანდარტული, ცივი კორპორაციული სივრცე,
ოთახი ზუსტად ირეკლავდა მის შინაგან გემოვნებასა და ხასიათს.
ოთახის მთელი ერთი მხარე იატაკიდან
ჭერამდე აჭრილ მინის ვიტრაჟს ეჭირა, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა დილის ნისლში გახვეული
ქალაქი. მინის მიღმა არსებული დინამიკა საოცრად ერწყმოდა ოთახის შიდა, თითქმის მედიტაციურ
სიმშვიდეს. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში გეცემოდათ სივრცის არაჩვეულებრივი ჰარმონია.
ის ერთდროულად ასახავდა თანამედროვე ელეგანტურობასა და ღრმა, ინტელექტუალურ ხასიათს.
მინიმალისტურ, მუქი კაკლის ხის
მასიურ მაგიდასთან ეყენა შავი, დახვეწილი ტყავის სავარძელი. მაგიდაზე არასდროს იხილავდით
ქაღალდების ქაოსს, მხოლოდ უახლესი მოდელის ლეპტოპი, ელეგანტური შავი ბლოკნოტი და ერთი
ორიგინალური, კერამიკის ჭიქა ეწყო. ოთახის ერთ კედელს მთლიანად იკავებდა ღია ფერის
ხის თაროები, სადაც კლასიკური მარკეტინგული ლიტერატურის გვერდით ეწყო წიგნები ფსიქოლოგიასა
და ხელოვნებაზე. მეორე კედელზე კი დიდი, შავი მაგნიტური დაფა ეკიდა, რომელზეც დათას
ვიზუალური ჩანაწერები, მარკეტინგული სტრატეგიების ესკიზები და ფერადი ინდექს-ბარათები
ეწერა, ეს დაფა მისი შემოქმედებითი აზროვნების ცოცხალი რუკა იყო. კაბინეტის კუთხეში
მდგარი რბილი, მწვანე ხავერდის სავარძლები და დაბალი ჟურნალების მაგიდა ქმნიდა სიმყუდროვეს,
სადაც იდეების განხილვა ოფიციალური ბარიერების გარეშე მიმდინარეობდა.
ეს კაბინეტი კომპანიის გული
იყო, ისევე როგორც დათა. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.
თანამშრომლებს დათას მიმართ
განსაკუთრებული, თბილი და პატივისცემით სავსე დამოკიდებულება ჰქონდათ. მასთან შესვლა
არავის ეშინოდა. პირიქით, გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ დათას კარი ყოველთვის ღია იყო.
მას ჰქონდა იშვიათი უნარი, უმცირესი იდეაც კი შეემჩნია, დაენახა თანამშრომლების პოტენციალი
და უმნიშვნელო ჩანახატიც კი გენიალურ კამპანიად ექცია. მის გვერდით ყველას ეზრდებოდა
მოტივაცია. დათას მიერ დაგეგმილი ყოველი მარკეტინგული სტრატეგია კომპანიას არა მხოლოდ
მილიონიან მოგებას, არამედ ბაზარზე შეუვალ რეპუტაციასაც უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ,
კომპანიის გენერალური დირექტორიც კი, გამოცდილი და ხშირად ხისტი ბიზნესმენი, სტრატეგიული
გადაწყვეტილებების მიღებამდე უპირველესად დათას კაბინეტის კარს შეაღებდა ხოლმე. დირექტორისთვის
დათას მოსაზრება უბრალოდ რჩევა კი არ იყო, არამედ წარმატების გარანტია.
თუმცა, ბოლო დროს ამ იდეალურ
სურათს ბზარები გაუჩნდა.
დათამ მოუხშირა სამსახურის გაცდენას.
ხშირად აგვიანებდა, შეხვედრებს აუქმებდა ან კაბინეტში დაღლილი, ჩასისხლიანებული თვალებითა
და ნაბახუსევის მძიმე აურით შედიოდა. თანამშრომლები ჩუმად გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს
ხოლმე, თუმცა მისი წარსული დამსახურებების გამო ხმას არავინ იღებდა.
იმ ოთხშაბათ დილით დათა კაბინეტში
თორმეტ საათზე გამოჩნდა.
საფეთქლები გაბმით უფეთქავდა,
პირი გაშრობოდა, ხოლო თავში ისევ წინა ღამის ქაოტური ხმები და იმ წყეული, მწვანე შარფის
აჩრდილი ურიალებდა. მაგიდასთან ჩამოჯდა. ლეპტოპი გახსნა, სადაც უმსხვილესი საერთაშორისო
ინვესტორისთვის გამზადებული ბიზნეს-ანალიტიკა და კვარტალური პროგნოზები ელოდა. ეს პროექტი
კომპანიის უახლოესი ხუთი წლის მომავალს წყვეტდა.
დათამ თვალები დახუჭა, ხელისგულები
საფეთქლებს დააჭირა, რომ ტკივილი როგორმე ჩაეხშო. ეკრანზე ციფრები და გრაფიკები ერთმანეთში
ირეოდა. ყურადღების კონცენტრაცია შეუძლებელი იყო, მისი გონება ჯერ კიდევ იმ უცხო
სასტუმროს ნომერში და მეტროს ჩახუთულ ესკალატორზე დაწანწალებდა.
„ჩქარა უნდა დავასრულო, ჩქარა...“ გაიფიქრა მან.
მექანიკურად, გათიშული გონებით
დაიწყო მონაცემების კორექტირება. აჩქარებულმა, გაფანტულმა თითებმა ცხრილში კრიტიკული
შეცდომა დაუშვეს: რისკების ანალიზისა და მარჟის გაანგარიშებისას მან ერთ-ერთი მთავარი
კოეფიციენტი არასწორად გადაიტანა, ხოლო დანახარჯების სვეტში ათობითი მძიმე ერთი ციფრით
მარჯვნივ გადაწია. ეს არ იყო უბრალო მექანიკური ხარვეზი, ამ შეცდომას მთლიანი პროექტის
რენტაბელობა თავდაყირა დაჰყავდა და კომპანიას კოლოსალური, რამდენიმე მილიონიანი ზარალის
წინაშე აყენებდა.
დათამ ფაილი გადაამოწმებლად
გადააგზავნა ინვესტორებთან და დირექტორის ასისტენტს. მერე ლეპტოპი დახურა, სავარძელში
გადაწვა და თვალები დახუჭა.
ორ საათში კაბინეტის კარი ძლიერი
დარტყმით გაიღო.
ოთახში გენერალური დირექტორი,
ირაკლი შემოჭრა. მისი სახე სიბრაზისგან წამოწითლებულიყო, ხელში ამობეჭდილი დოკუმენტები
ეჭირა. ასეთი განრისხებული ირაკლი კომპანიაში არავის ენახა.
-
ეს რა არის, დათა?! ირაკლის ხმა ვიტრაჟის მინებს ეჯახებოდა და ექოდ
უბრუნდებოდა ოთახს. მან ქაღალდები მაგიდაზე, ლეპტოპის გვერდით ძალუმად დაახეთქა.
-
ეს რა ჯანდაბაა?!
დათამ თვალები ნელა გაახილა.
თავის ტკივილი ხელახლა აფეთქდა.
-
ირაკლი, დამშვიდდი... რა მოხდა?
-
დამშვიდდი?! დირექტორმა მაგიდას ორთავე ხელით დაეყრდნო და დათას სახესთან ახლოს
დაიხარა. ინვესტორების მთავარმა ანალიტიკოსმა ახლახან დარეკა! სიცილით დამიკიდეს ყურმილი!
შენ ხვდები, რა გაგზავნე?! შენმა „გენიალურმა“ გათვლებმა ჩვენი სტრატეგია საბავშვო
ბაღის დონის აბსურდად აქცია! საბაზრო რისკები საერთოდ გაგანულებია, ხოლო ხარჯები ათჯერ
შემცირებული! მათ გონიათ, რომ ან თაღლითები ვართ, ან სრული არაკომპეტენტური იდიოტები!
დათა გაშრა. სასწრაფოდ გახსნა
ლეპტოპი, გადაშალა გაგზავნილი ფაილი და როგორც კი ციფრებს თვალი შეავლო, სისხლი გაეყინა.
შეცდომა იმდენად ელემენტარული და ამავდროულად კატასტროფული იყო, რომ პირველკურსელი
სტუდენტიც კი არ დაუშვებდა.
-
მე... ეს... დათას ენა დაება.
-
რა „მე“?! რა დაგემართა?! ირაკლიმ ხმას უფრო აუწია, მისი მოთმინების ფიალა საბოლოოდ
ავსებულიყო. ბოლო ერთი თვეა აქ აღარ ხარ! აცდენ, აგვიანებ, შეხვედრებზე ნაბახუსევი
დადიხარ! მეგონა, გადაიღალე, თვალს ვხუჭავდი, რადგან შენი მჯეროდა! მეგონა, დათა ხარ
და შენზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება! დღეს კი... დღეს კომპანიის რეპუტაცია წყალში
გადაყარე! ხვდები, რომ ამ კონტრაქტის დაკარგვით მილიონებს ვკარგავთ?!
-
გამოსწორება შეიძლება, ირაკლი, ახლავე ახალ გათვლებს გავაკეთებ... დათა
წამოწია, მაგრამ დირექტორმა ხელი ჰაერში მკვეთრად აიქნია.
-
არაფრის გაკეთება არ არის საჭირო! თქვა ირაკლიმ ცივი, მუქარით სავსე ხმით. ინვესტორებთან
შეხვედრას მე თვითონ წავიყვან და შევცდები, ეს კატასტროფა როგორმე გადავაფარო. შენ
კი... აიღე შენი ნივთები და სახლში წადი. დღესვე.
-
ირაკლი...
-
წადი-მეთქი, დათა! დირექტორმა თვალი თვალში გაუსწორა. სანამ არ
დაალაგებ იმ ნაგავს, რაც შენს თავში ხდება, აქ არ გამოჩნდე. კომპანიის გული ხარო, ყველა
ამას იძახის... მაგრამ დღეს შენმა „გულმა“ გაჩერება დაიწყო.
ირაკლი ზურგშექცევით გაბრუნდა
და კარი ჯახუნით გამოიხურა.
თავი 7
კაბინეტში სამარისებური სიჩუმე
ჩამოწვა. ვიტრაჟს მიღმა ქალაქი ჩვეული რიტმით მოძრაობდა, თუმცა დათასთვის სამყარო კიდევ
ერთხელ ჩამოიშალა. მან ნელა გადახედა თავის იდეალურ, მინიმალისტურ მაგიდას, შავ მაგნიტურ
დაფას და მიხვდა, რომ მისი ცხოვრების ბოლო საყრდენი, პროფესიული ხელშეუხებლობაც
კი, ნატეხებად ქცეულიყო.
დათამ ნელა დახურა ლეპტოპი.
შავი, პრიალა ზედაპირიდან საკუთარი დაღლილი, ამოშავებული თვალები მიშტერებოდნენ. მაგიდაზე
ეყარა ირაკლის მიერ დაყრილი ამობეჭდილი ფურცლები, ციფრები, რომლებიც მის კატასტროფულ
მარცხს ამოწმებდნენ.
პალტო სავარძლიდან აიღო, თითქმის
მექანიკურად მოიცვა ტანზე და შავი ბლოკნოტი ჯიბეში ჩაიცურა. სხვა არაფერი წაუღია.
კაბინეტის მინის კარი რომ გააღო,
ოფისში სამარისებური სიჩუმე იდგა.
ღია სივრცეში, სადაც ჩვეულებრივ
კლავიატურის ჩაკა-ჩუკი, ყავის აპარატის გუგუნი და მხიარული ჩურჩული ისმოდა, ახლა თითქოს
ჰაერიც კი გაყინულიყო. ირაკლის ყვირილს მინის ტიხრები ვერ დაეფარა. ყველამ იცოდა, რა
მოხდა.
დათამ ნაბიჯი გადადგა. იგრძნო,
როგორ მიაწყდა მას ათობით წყვილი თვალი.
მარჯვნივ, უმცროსი ანალიტიკოსი
ნინო იჯდა, გოგონა, რომელსაც ერთი კვირის წინ დათა საათობით უხსნიდა რთულ ფინანსურ
მოდელებს და ამხნევებდა. ნინომ თვალი აარიდა, ვითომ ეკრანზე რაღაცას ყურადღებით კითხულობდა,
თუმცა მისი დაძაბული პოზა ყველაფერს ამბობდა. მარცხნივ, დიზაინერთა ჯგუფი იდგა. მათ
მზერაში აღარ ჩანდა ის უპირობო აღფრთოვანება და პატივისცემა, რომლითაც ყოველთვის ეგებებოდნენ;
ახლა იქ მხოლოდ უხერხულობა, გაოცება და, შესაძლოა, ოდნავი შიშიც კი იკითხებოდა.
ისინი უყურებდნენ არა კომპანიის
შეუვალ ლიდერსა და „გულს“, არამედ კაცს, რომელიც ახლახან საკუთარი ხელით უფსკრულში
გადაეხვია.
დათა არავის შეუხედავს. თავაწეული
მიდიოდა, თუმცა ყოველი ნაბიჯი იატაკზე მძიმე ტყვიასავით ეცემოდა. ლიფტის ღილაკს თითი
დააჭირა. ლიფტის პრიალას ზედაპირში დაინახა, როგორ უყურებდა შორიდან ასისტენტი თამუნა,
რომლის თვალებშიც სიბრალული ეწერა. სიბრალული - ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა.
ლიფტის კარები გაიღო, დათა შიგნით
შევიდა და ლითონის ფრთები ერთმანეთს ტკაცანით შეერთდა.
მე-14 სართულიდან პირველ სართულამდე
დაშვებას მარადისობა დასჭირდა.
ქუჩაში გამოსულს შუადღის მზე
თვალებს სჭრიდა. ქალაქი ისევ თავისი უგულო რიტმით მოძრაობდა, ხმაურობდა, არსად ჩქარობდა
და ყველაფერს ინელებდა. დათას ტაქსი არ გაუჩერებია. ფეხით წავიდა. მიდიოდა და თან მიჰქონდა
ფიქრი ამაოებაზე, წამში დაკარგულ პატივისცემასა და თანაგრძნობაზე, დავიწყებულ
და დაუფასებელ შრომაზე, მოულოდნელად წასულ ნატაზე, ირაკლიზე, რომელმაც ასე უცებ გამოუტანა
განაჩენი და კურიერზე თუ ბარმენზე, ან კიდევ ვინ იცის რა პროფესიის იყო... იმ ღამეზე,
რომელიც გაურკვევლობით და ბუნდოვნებით იყო სავსე. უეცრად მარჯვნივ ვიღაცის ფეხის ხმა
მოესემა, მოიხედა და შავი დიდი ძახლი, ისევ ის ძაღლი ადევნებოდა, რომელიც კუდის ქიცინით
მიყვებოდა მასთან ერთად გასავლელ გზას. იქნებ ყველაფერი მისი ბრალი იყო? იქნებ
ის კარგავდა ტავისი ცხოვრებით ადამიანებს, სამსახურს… ცხოვრებას…
სახლში მისულმა კარი გადაკეტა
თუ არა, გასაღები იატაკზე დაუვარდა.
ბინაში იგივე დახუთული, დამძიმებული
ჰაერი იდგა, რაც დილით დატოვა. ფარდები ნახევრად ჩამოფარებულიყო, სინათლის ვიწრო ზოლი
მტვრის ნაწილაკებს ანათებდა, რომლებიც ჰაერში ტივტივებდნენ.
დათამ პალტო იატაკზე მიაგდო.
სააბაზანოში შევიდა, ცხელი წყალი ბოლომდე მოუშვა და ტანსაცმლიანად შეაბიჯა შხაპის ქვეშ.
ცხელი ორთქლით აივსო პატარა
ოთახი. წყალი ნაკადულებად ჩადიოდა მის თმაზე, სახეზე, სველ მაისურზე. დათამ თვალები
დახუჭა და ხელები ცივ კაფელს დააბჯინა. სურდა, ამ ცხელ ნაკადს ჩამოერეცხა ყველაფერი.
ოფისის გამყინავი სიჩუმე, თანამშრომლების სიბრალულით სავსე მზერა, ირაკლის ყვირილი,
სასტუმროს 35-111 ნომერი და ის უცნაური, სხეულში გამჯდარი სურნელი, რომელიც წყალსაც
კი ვერ გამოჰყავდა.
მაგრამ თვალების დახუჭვა უარესი
აღმოჩნდა.
წყლის ხმაურში უცებ მკაფიოდ
გაიგონა იმ წერილის სიტყვები, რომლებიც ტელეფონის ეკრანზე ეწერა: „ყველაფერს ვერ
ჩამოირეცხავ, დათა.“
მან თვალები მკვეთრად გაახილა.
წყალმა პირი გაუვსო. დათამ შხაპი გამორთო, სველი, დამძიმებული ტანსაცმლით გამოვიდა
სააბაზანოდან, მისაღებ ოთახში შევიდა და მაგიდაზე დატოვებულ „ანა კარენინას“ მიუახლოვდა.
ხელი კანკალით გაიშვირა წიგნისკენ.
დრო იყო, გაეგო, რა იდო იმ გვერდებს შორის, საიდანაც ეს კოშმარი დაიწყო.
თავი 8
დათას ცხოვრება იმ დღის შემდეგ
საბოლოოდ უფსკრულისკენ გაქანდა.
დაცემა არ ყოფილა სწრაფი ეს
იყო ნელი, მომაკვდინებელი, ყოველდღიური და მტკივნეული ჩაძირვა. ის აღარ დაბრუნებულა
ოფისში. არც არავის მოუკითხავს… მისი ყოველდღიურობა ღამის კლუბების ბნელ, ბოლით გაჟღენთილ
კუთხეებში ხეტიალმა, იაფფასიანმა ალკოჰოლმა და იმ უცნაური კურიერ/ბარმენის აკვიატებულმა
დევნამ ჩაანაცვლა. დათა დადიოდა ბარიდან ბარში, ქუჩიდან ქუჩაში, ეძებდა კაცს, რომელმაც
მისი ცხოვრების საიდუმლო იცოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ საკუთარ აჩრდილს გადააწყდებოდა
ხოლმე.
შეიცვალა ვიზუალურადაც…
ადრინდელი დახვეწილი, მინიმალისტური
ესთეტიკისგან არაფერი დარჩენილიყო. ლოყებზე უხეში, აწეწილი წვერი მოეზარდა, თმა გაცხიმიანებული
და მოუწესრიგებელი ჰქონდა, ხოლო ოდესღაც ძვირფასი, სუფთა ტანსაცმელი ახლა დაჭმუჭნილ,
ქუჩის მტვრითა და წვიმით გაჟღენთილ ძონძებად ქცეულიყო.
ნელ-ნელა ბინის კარიც იშვიათად
იღებოდა. დათამ ქუჩაში, პარკის სკამებსა და შენობების სადარბაზოებში ღამის გათევას
მოუხშირა. ცივი ქარი, ქვაფენილის სიცივე და ღამის ქალაქის გულგრილობა მისი ახალი თანამგზავრი
გახდა.
თანდათანობით ამოიწურა წლების
განმავლობაში დაგროვილი დანაზოგიც. ბოლო თეთრები ალკოჰოლსა და შემთხვევით საკვებში
გადაიხადა.
დადგა დილა, როდესაც ჯიბეში
ხელი ჩაყო და აღმოაჩინა, რომ სრულიად არაფერი გააჩნდა. მუცელი შიმშილისგან ეწოდა, ტუჩები
დაჰბზაროდა, ხოლო სხეული კანკალებდა არა მხოლოდ სიცივისგან, არამედ სასმელის ნაკლებობისგანაც.
ტელეფონის ეკრანი გაბზარულიყო.
კანკალით მოძებნა კონტაქტები. ძველი „მეგობრები“, კოლეგები, ადამიანები, რომლებიც ოდესღაც
მისი წარმატების შუქზე თბებოდნენ, ახლა შორს იყვნენ.
პირველთან დარეკა.
- ზურა,
გამარჯობა... დათა ვარ. ორ დღეში დაგიბრუნებ, ორმოცდაათი ლარი ხომ არ გაქვს, ანგარიშზე
რომ გადმომირიცხო? ჭამა მინდა...
- დათა? კაცო, ახლა შეხვედრაზე შევდივარ, მერე
დაგირეკავ, რა... გაისმა ცივი ხმა და ყურმილი გაითიშა.
მეორესთან დარეკა. გიორგი, გეხვეწები,
ორმოცდაათი ლარი გამომიგზავნე... ძალიან მიჭირს.
- დათა,
იცი, რამდენჯერ მათხოვე უკვე? შენი მკურნალობის ფულს თუ აგროვებ, მითხარი და სხვანაირად
დაგეხმარები, ასე ხომ არ შეიძლება? უფულოდ ვარ ახლა, ვერაფრით დაგეხმარები.
ყურმილში მოკლე სიგნალების გაბმული
წუილი დარჩა.
დათამ ხელი ჩამოუშვა. ტელეფონი
ქვაფენილზე გაუსხლტა და ეკრანი საბოლოოდ ჩაბნელდა.
გარშემო მხოლოდ მარტოობა, სიცარიელე,
უფულობა და შიმშილი იდგა. ადამიანები გვერდს უვლიდნენ, თვალს არიდებდნენ, თითქოს ის
ჩვეულებრივი ლანდი ყოფილიყო ქალაქის ქუჩებში. ზურგშექცეულმა მეგობრებმა და საზოგადოებამ
იგი საბოლოოდ განდევნეს.
ის იჯდა ცივ ტროტუარზე, ზურგით
შენობის სველ კედელს მიყრდნობილი, და უცებ იგრძნო, რომ ამ უფსკრულის ფსკერზე, სადაც
აღარაფერი გააჩნდა არც სახელი, არც სტატუსი, არც ფული რაღაც ახლიდან იწყებოდა.
მარჯვნივ ფეხის ხმა გაისმა.
შავი დიდი ძაღლი ნელა მოუახლოვდა, გვერდით ჩამოუჯდა, თავი მის დაჭმუჭნილ მუხლებზე დაადო
და თბილი, სევდიანი თვალებით შეხედა.
ქუჩაში ნესტიანი, შემოდგომის
ცივი ქარი ქროდა. დათა ტროტუარის კუთხეში იდგა, დაჭმუჭნული, ჭუჭყიანი პალტოს საყელო
აეწია და კანკალებდა. ნაბახუსევისგან თავი ისე უსკდებოდა, თითქოს საფეთქლებში მძიმე
ჩაქუჩს უცემდნენ. პირი გაშრობოდა, მუცელი შიმშილისგან ეწვოდა, ხოლო სხეული მხოლოდ ერთ
რამეს ითხოვდა პატარა ბოთლ წყალს ან უბრალო, იაფფასიან ტკივილგამაყუჩებელს.
ჯიბეები რამდენჯერმე გადააქოთა.
არაფერი. არც ერთი თეთრი.
დათამ, კაცმა, რომელიც ოდესღაც
მილიონიან ბიუჯეტებს განაგებდა და ელიტარულ რესტორნებში ვახშმობდა, ღრმად ჩაისუნთქა,
თავისმოყვარეობის ბოლო ნატამალიც ჩაიკლა და გამვლელებს მიუახლოვდა.
- უკაცრავად... ორ ლარს ხომ
ვერ მათხოვებთ? წყალი მინდა... ჩახრიწული, უსიცოცხლო ხმით სთხოვა პირველსავე
კოსტიუმში გამოწყობილ მამაკაცს.
მამაკაცმა ზედც არ შემოხედა,
ისე აარიდა გვერდი, თითქოს დათა ქუჩის ბოძი ყოფილიყო.
- ორ ლარს ვერ მომცემთ? სცადა
ხელმეორედ, ამჯერად ახალგაზრდა ქალთან.
ქალმა შიშით გადახედა მის აწეწილ
წვერს, დაჭმუჭნულ ტანსაცმელს, ჩანთას მკლავი უფრო მჭიდროდ მოუჭირა და ნაბიჯს აუჩქარა.
ისევ უარი…. ისევ იმედგაცრუება.
ყოველი ზურგშექცევა, ყოველი
აგდებული მზერა დათას გულში ლურსმანივით ეჭედებოდა. ის უკვე გამვლელების თვალებში კი
არ ეძებდა თანაგრძნობას, არამედ საკუთარ სრულ განადგურებას ხედავდა. ქალაქი მის გარშემო
ჩვეულებრივად იგნორირებას აკეთებდა, ხალხი ეჩქარებოდა, ის კი ამ სამყაროდან სრულიად
ამოვარდნილიყო.
იმედგაცრუებული, დაღლილი და
დამცირებული შენობის კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
- ორ ლარს ეძებ, დათა? გაისმა
მოულოდნელად მშვიდი, ნაცნობი ხმა იქვე, ძალიან ახლოს.
დათამ თვალები მკვეთრად გაახილა.
თავის ტკივილმა ისევ იფეთქა.
მის წინ იდგა ის. იგივე შავი
ქურთუკი, იგივე გაუგებარი, ოდნავ ირონიული, თუმცა სიღრმისეული მზერა. კურიერ-ბარმენი.
კაცი, რომელიც ხან ბარის დახლთან ასხამდა მწარე ალკოჰოლს, ხან მოტოციკლით დაქროდა ღამის
ქუჩებში და ხანაც დათას კოშმარებში აჩრდილივით ჩნდებოდა.
დათა გაშტყდა. ენა დაება…
- შენ... ჩაილაპარაკა ძლივს. შენ
ვინ ხარ?.. რა გინდა ჩემგან?
კურიერ-ბარმენმა ხელი ჯიბეში
ჩაყო, ორი ლარის მონეტა ამოიღო და ხელისგულზე აათამაშა. ლითონმა მზის სხივზე გაციმციმა.
- მე არაფერი მინდა, დათა. შენ ხარ ის, ვინც
რაღაცას ეძებს, თქვა მან წყნარად, თვალი თვალში გაუსწორა და მონეტა დათას გაწვდილ,
აკანკალებულ ხელისგულზე დაუდო.
- აჰა,
ეს შენი ორი ლარი. მაგრამ ორივემ ძალიან კარგად ვიცით, რომ შენს პრობლემას ორი ლარი
ვერ უშველის.
დათამ ცივ ლითონს თითები მოუჭირა.
- რატომ
დამდევ? რატომ არ მენებები თავისუფლებას?! წამოენთო დათა, თუმცა ხმაში აშკარა
სასოწარკვეთა ემჩნეოდა.
კურიერ-ბარმენმა ოდნავ გაიღიმა,
ზურგზე გადაკიდებული ჩანთა გაისწორა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.
- მე არ დაგდევ, დათა. შენ თვითონ მორბიხარ ჩემკენ,
რადგან სიმართლეს გაურბი. ფსკერზე უკვე ჩამოხვედი. ახლა უნდა გადაწყვიტო აქ დარჩები
და ორ-ორ ლარს ითხოვ, თუ საბოლოოდ გადაშლი იმ წიგნს … დათა სხვა არჩევანიც გაქვს, შეგიძლია
ჩემთან წამოხვიდე. მე შენ პირველივე დღიდან შეგიყვარე, როცა ღილებს შორის თავისუფალ
ადგილიდან შენი სხეულის შიშველ ნაწილს შევავლე თვალი.
დათა ადგილზე გაშეშდა. ერთ ხელში
ორი ლარის მონეტა ეჭირა, მეორით კი ჯიბეში ჩალაგებულ, დაჭმუჭნულ წიგნს ჩააფრინდა. მარჯვნივ,
ქუჩის კუთხეში, შავმა დიდმა ძაღლმა თავი ასწია და დათას ელოდებოდა. დათა მობრუნდა და
კურიერ/ბარმენი აღარსად ჩანდა. მძიმე დაღლილი მუხლები ვეღარ აამოძრავა, ყვიროდა შველას
ითხოვდა, დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ თითქოს ქალაქში მოძრავ ყველა მამაკაცს ერთნაირი
ზურგი ჰქონდა, ყველა ერთნაირი ქურთუკით მოძრაობდა, ყველა უგულოდ და უმიზნოდ შორს მიდიოდა
დათასგან. მასთან მხოლოდ შავი ძაღლი, გადაშლილი წიგნი და უიმედობა დარჩენილიყო.
დათამ ორი ლარის მონეტას თითები
უფრო მჭიდროდ მოუჭირა. ხელისგულზე ცივი ლითონის შეხება წამიერად გაქრა. მის ნაცვლად
სხეულში გაიარა რაღაც ბევრად უფრო ძველმა, ყინულივით ცივმა და უსიამოვნო ჟრუანტელმა.
მან თვალები დახუჭა. ქუჩის ხმაური,
მანქანების სიგნალები და გამვლელთა ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა შორდებოდა, თითქოს წყალქვეშ
იძირებოდა. ჰაერში მოულოდნელად ასფალტისა და გამონაბოლქვის სუნი კი არ ეცა, არამედ
გამხმარი თივის, დამშრალი მდინარის ნაპირისა და მტვრიანი, მზით გადამწვარი ბალახის
მძიმე არომატი.
წარსულმა, რომელიც წლებია ტვინის
ყველაზე ბნელ კუთხეში ჰყავდა გამოკეტილი, ბზარი გაიღო და შიგნიდან გამოხეთქა.
თავი 9
ის ზაფხული ცხელი იყო. აუტანლად
ცხელი. ქალაქიდან ოჯახი გაერიდა ზაფხულის ბუღს და ხვატს. იქ სადაც ასე მიეჩქარებოდათ,
სოფლად, მდინარის სანაპიროსთან ახლოს ყველაფრი თვალწარმტაცი და საოცრად მიმზიდველი
იყო. რაც თავი ახსოვდა სულ იქ დადიოდნენ, დიდი სუფრა, ოჯახური ვახშმები და საუბრები
წარსულის ლამაზ მოგონებებზე…
დათა მაშინ ცხრა ან ათი წლის
იყო. პატარა დათასთვის ეს მოგზაურობა თავიდან თავისუფლებასთან ასოცირდებოდა დიდი ეზო,
მდინარე, ხეები... თუმცა იმ კონკრეტულ ზაფხულს ყველაფერს ფერი შეეცვალა.
იმ სახლში მისი დეიდაშვილი,
ლაშა ცხოვრობდა. ლაშა მასზე 10 წლით უფროსი იყო. კუთხოვანი, მხარბეჭიანი, მუქი
თვალებითა და ისეთი გამოხედვით, რომელშიც პატარა დათა ყოველთვის რაღაც გაუგებარ, უმიზეზო
აგრესიას ხედავდა. უფროსების თანდასწრებით ლაშა იდეალური, მზრუნველი უფროსი ძმა იყო…დათას
მდინარეზე აცილებდა, ერთად თევზაობდნენ, ბურთს ეთამაშებოდა, კალთაში ჩაისვამდა და დიდი
კაცივით ესაუბრებოდა, გულიანად იცინოდნენ. მაგრამ როგორც კი უფროსები თვალს მიეფარებოდნენ,
მისი ქცევა იცვლებოდა.
ეს ხდებოდა ჩუმად, შეუმჩნევლად.
დათა ვერაფერს ხვდებოდა, ის ხომ ჯერ ცხრა წლის იყო.
თავიდან უბრალო „თამაშები“ იყო.
ლაშა მას კეტავდა ბნელ სარდაფში, აიძულებდა, მისთვის უსიამოვნო რაღაცები გაეკეთებინა,
ან „ჭიდაობის“ საბაბით სხეულს ტკივილამდე უჭერდა ხელებს. პატარა დათა ვერ ხვდებოდა,
რა ხდებოდა, მაგრამ გული ეუბნებოდა, რომ ეს არ იყო თამაში. შიში ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს
მის სხეულში. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადიოდა, დათას მუცელში აუტანელი სიმძიმე და
ღებინების შეგრძნება ეწყებოდა.
იმ აგვისტოს შუადღეს, როდესაც
უფროსები მეზობელ სოფელში იყვნენ წასულები და ეზოში მხოლოდ ჭრიჭინების აუტანელი წრიპინი
ისმოდა, ლაშამ დათა თივის ფანჩატურში შეიყვანა.
-
წამო, რაღაც უნდა გიჩვენო, უთხრა მან... ხმაში არანაირი სითბო არ ეწერა.
ფანჩატურში ჩახუთული, ცხელი
ჰაერი იდგა. თივისა და მტვრის სუნი სასულეში ეჩხირებოდა პატარა ბიჭს. მზის სხივები
ფიცრების ბზარებიდან ოქროსფერ ზოლებად შემოდიოდნენ და ჰაერში ათასობით მტვრის ნაწილაკი
ცეკვავდა.
პატარა დათას გაქცევა უნდაოდა.
მუხლები უკანკალებდა, პირი გაუშრა.
- ლაშა... გარეთ გავალ, ცხელა,
ჩურჩულით თქვა მან და უკან დაიხია.
- არსადაც არ წახვალ, ლაშამ
კარი ზურგს უკან ჩაკეტა.
იმ დღეს თივის ფანჩატურში მოხდა
ის, რამაც დათას ბავშვობა სამუდამოდ დააფშვნა.
ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ძალადობა;
ეს იყო ბავშვური სულის, ნდობისა და უმწიკვლობის სასტიკი, ცივსისხლიანი განადგურება.
ლაშას ხელების უხეში, ძალადობრივი შეხება, მისი მძიმე, ოფლიანი სუნთქვა, თივის ჩხვლეტა
შიშველ კანზე და ის აუტანელი, დამამცირებელი ტკივილი, რომელმაც პატარა სხეული წამში
გაყინა.
დათას ყვირილი უნდაოდა, დედას
ძახილი, მაგრამ ლაშამ ხელისგული პირზე მჭიდროდ ააფარა.
-
ხმა არამოიღო! თუ ვიღაცას ეტყვი, მოგკლავ. და არც არავინ დაგიჯერებს, იცოდე,
ჩაუჩურჩულა მან ყურში.
დათა არ ყვიროდა. ის უბრალოდ
ტკივილისგან გაშეშდა. მოძრაობის და ტკივილის შეგრძნება ერთდროულად დაკარგა. იმ წამს,
თივის სუნით გაჟღენთილ სიცხეში, პატარა ბიჭის გონებამ აირჩია ერთადერთი გადარჩენის
გზა, ის საკუთარი სხეულიდან „გავიდა“. უყურებდა ფიცრის ბზარიდან შემოჭრილ მზის სხივს,
მტვრის ნაწილაკებს და ცდილობდა, თავი წარმოედგინა არა იმ თივაზე, არამედ სადღაც შორს,
სადაც ტკივილი არ არსებობდა.
როდესაც ყველაფერი დამთავრდა,
ლაშა გარეთ გავიდა. დათა დიდხანს იწვა თივაზე, გაუნძრევლად. სხეული ეწვოდა, რცხვენოდა
აუტანლად, საშინლად რცხვენოდა, თითქოს ეს დანაშაული მან ჩაიდინა. ეჩვენებოდა, რომ ჭუჭყი,
რომელიც მასზე დარჩა, კანიდან არასდროს ჩამოირეცხებოდა.
იმ საღამოს, როცა მშობლები დაბრუნდნენ
და ვახშამზე დასხდნენ, ლაშა ჩვეულებრივად იღიმოდა, დათას გვერდით ეჯდა და პურს აწვდიდა.
დათა უყურებდა დედამისს, რომელსაც ეუბნებოდა, თუ როგორ უყვარდა თავისი პატარა ბიჭი,
და დუმდა.
მან არაფერი თქვა. არც იმ დღეს,
არც იმ ზაფხულს, არც არასდროს.
მან ეს მოგონება ღრმად დამარხა.
მაგრამ სწორედ იმ დღიდან დაიწყო მან საკუთარი სხეულისგან გაქცევა. სწორედ იმ დღიდან
ისწავლა, როგორ „გამორთულიყო“ რეალობიდან, როცა ტკივილი აუტანელი ხდებოდა. მან მთელი
ცხოვრება დააშენა ამ დაფარულ, გამანადგურებელ საიდუმლოზე სიწმინდის, იდეალურობის,
კონტროლისა და წარმატების ილუზია, რომლითაც ცდილობდა, დაეფარა შინაგანი, უკვდავი ჭუჭყის
განცდა.
თავი 10
დათამ თვალები გაახილა.
ქუჩაში იდგა. ხელში ისევ ეჭირა
ორი ლარის მონეტა. სხეული ისევე ეწვოდა და კანკალებდა, როგორც იმ შორეულ აგვისტოს,
თივის ფანჩატურში.
მან გააცნობიერა...
მისი გაქცევები, ალკოჰოლი, ნატასთან
ურთიერთობის დაშლა, წარსულის შიში, დეპერსონალიზაცია და ბოლოს დაცემა ეს ყველაფერი
იმ ერთი შორეული ზაფხულიდან იღებდა სათავეს. მას მთელი ცხოვრება ეგონა, რომ ნატამ მიატოვა,
ირაკლიმ უღალატა, მეგობრები ზურგს აქცევდნენ... მაგრამ სინამდვილეში, მას საკუთარი
თავი ჰყავდა მიტოვებული იმ თივის ფანჩატურში.
დათამ ნელა შეხედა ქუჩის კუთხეში
მდგარ შავ ძაღლს. ძაღლის ოქროსფერ თვალებში აღარ ჩანდა საფრთხე. იქ ეწერა მორჩილება,
მწუხარება და მოთმინება.
-
„შენ ჩემი შიში ხარ,“ - გაიფიქრა დათამ.
-
„შენ იმ დღიდან მყვები.“
მან ჯიბეში ჩადებული წიგნი
- „ანა კარენინა“ ამოიღო. თითები კანკალებდა, მაგრამ ამჯერად შიშით კი არ კანკალებდა,
არამედ იმის გააზრებით, რომ საიდუმლოს ფარდა საბოლოოდ უნდა ახდენოდა.
წიგნი 139-ე გვერდზე გადაშალა...
დათამ მატარებლის გაბზარულ მინაზე
თავი მიადო. ლიანდაგების თანაბარი, ყრუ ბაგაბუგი თითქოს მის საფეთქლებში სცემდა. რაც
უფრო შორდებოდა დედაქალაქის ხმაურს, ჰაერი მით უფრო გამჭვირვალე, მძიმე და სველი ხდებოდა.
მან ყველაფერი უკან დატოვა
ოფისი, ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, კურიერ-ბარმენის აჩრდილი და ის მუდმივი შიში, რომელიც
წლებია მოსვენებას არ აძლევდა. ჯიბეში მხოლოდ "ანა კარენინა" ჰქონდა, ხოლო
გვერდით, ვაგონის სიბნელეში, ისევ ის დიდი შავი ძაღლი იწვა უხმო, განუყრელი ჩრდილი.
სადგურზე რომ ჩამოვიდა, მზე
უკვე დასავლეთისკენ იხრებოდა.
სოფელი ისევე შეეგება, როგორც
ოცი წლის წინ: მტვრიანი, მზისგან გადამწვარი მინდვრები, გზის პირას მოწკრიალე ჭრიჭინები
და ფიჭვისა და დამშრალი ბალახის მწარე სურნელი. დათა მიდიოდა ორღობეში და ყოველი ნაბიჯი
სხეულში აცოცხლებდა იმ მოგონებებს, რომელთა დამარხვასაც მთელი ცხოვრება ცდილობდა.
გზად ძველი სახეები შეხვდნენ.
ღობის მიღმა მდგარმა მოხუცმა
კაცმა, რომელსაც ხელში ხის ჯოხი ეჭირა, თვალები მოუჭუტა და დათას შეხედა. ეს მიხა პაპა
იყო კაცი, რომელიც ბავშვობაში დათას და ლაშას ხისგან გამოთლილ სათამაშოებს ჩუქნიდა.
მიხას სახეზე წლებს ღრმა, მშრალი ნაოჭები დაეტოვებინა. მან იცნო დათა, თუმცა მის თვალებში
აღარ ჩანდა ადრინდელი სიხარული; იქ ეწერა გაოცება და უხერხული სევდა. მოხუცმა დაინახა
დათას აწეწილი წვერი, დაჭმუჭნული, ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ის დაღლილი, ამოშავებული
თვალები, რომლებიც კაცის სრულ დაცემას მოწმობდნენ.
-
დათა... შვილო, შენა ხარ? - ჩახრიწული ხმით იკითხა მოხუცმა.
დათამ პასუხი ვერ გასცა. თავი
დახარა და ნაბიჯს აუჩქარა. მას რცხვენოდა. რცხვენოდა იმ წარმატებული, იდეალური ბიჭის
ნიღბის მსხვრევის, რომელსაც სოფელში დედამისი ამაყად აცნობდა ხოლმე ყველას.
ბოლოს დედისეულ ეზოს მიუახლოვდა.
ჭიშკარი ჟანგისგან მოღრეცილიყო,
ეზო ეშმაკისბალახითა და ეკალ-ბარდით დაფარულიყო. სახლი, სადაც ოდესღაც სიცოცხლე დუღდა,
ახლა უსულო, მიტოვებულ ჩონჩხს ჰგავდა. ფანჯრის მინები დაბინდულიყო, ხოლო აივანზე ხის
იატაკი სინესტისგან ჩალპობილიყო.
დათამ ეზო გაიარა და პირდაპირ
მდინარისკენ აიღო გეზი.
მდინარე ისევ ისე ხმაურობდა.
წყლის ცივი, მწვანე ნაკადი ჭალის ქვებს ეხეთქებოდა და თეთრ ქაფად იშლებოდა. დათა ნაპირზე,
ცივ, გლუვ ქვაზე ჩამოჯდა.
აქ, ამ წყლის ხმაურში, მან პირველად
იგრძნო, როგორ ჩამოშორდა ქალაქის კოშმარების გარეგნული ხმაური და როგორ დარჩა პირისპირ
საკუთარ ბავშვობასთან.
შეხედა წყალში საკუთარ ანარეკლს:
დაჭმუჭნული, განადგურებული კაცი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. მაგრამ უეცრად, წყლის
ირგვლივ გაჩენილ რგოლებში, მან დაინახა არა მხოლოდ საკუთარი სახე, არამედ ცხრა წლის
პატარა ბიჭის ლანდი - შეშინებული, თივის სუნითა და შამპუნით გაჟღენთილი, თვალებში ცრემლჩამდგარი
ბავშვი, რომელიც ოცი წელი ელოდა, როდის დაბრუნდებოდა დათა მის გადასარჩენად.
მშობლები გაახსენდა… ერთი შეხედვით
სამაგალითო მშობლები. მთელი ქსოფელი მათზე საუბრობდა, როგორი მოწესრიგებული და იშვიათი
ოჯახია, ქალაქში ცხოვრობენ და მაინც როგორ შეინარჩუნეს ყველა ოჯახური ტრადიციაო. შვილებს
როგორ თბილად ზრდიან, არაფერს აკლებენ და შრომასაც აჩვევენო. კი ნამდვილად ასე იყო…
გარედან ყველაფერი შესანიშნავად ჩანდა. დათა ძალიან ბრაზობდა… მათ ყველაზე მთავარი
გამოეპარათ, საკუთარი შვილის “გასაჭირი და ტკივილი” თვალებში ჩამდგარი შიში ვერ დაინახეს,
ვერც შეამჩნიეს, როგორ შეიცვალა დღითიდღე დათა, როგორ გარდაისახა წამებში და იქცა სხვა
ადამიანად. განა შეიძლება ადამიანი ასე უეცრად გაქრეს?
შავმა ძაღლმა თავი დათას მუხლებზე
დაადო.
დათამ ხელი თმაზე გადაუსვა ცხოველს.
პირველად ამდენი წლის განმავლობაში, მას აღარ შეშინებია. მან ხელი ჯიბეში ჩაყო, ამოიღო
"ანა კარენინა" და წიგნი პირდაპირ მდინარის ცივ, სწრაფ ნაკადში გადააგდო.
ქაღალდის მძიმე ფურცლები წამით
ტივტივებდნენ, მელანი წყალში გაიხსნა და წიგნი დინებამ გაიტაცა - თან გაჰყვა წარსულის
აჩრდილები, ნატას წერილი, 139-ე გვერდი და იმ კურიერ-ბარმენის იდუმალი მზერა.
დათამ ფეხსაცმელი გაიხადა, სველი,
ცივი წყალი ფეხებზე იგრძნო და ღრმად ამოისუნთქა. მან გააცნობიერა, რომ დაცემა არ იყო
დასასრული. ეს იყო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ნანგრევებზე ხელახლა, ჭეშმარიტი საკუთარი
თავი აეგო.
თავი 11
სოფლის ცივ მდინარეში გადაგდებულმა
„ანა კარენინამ“ თითქოს წარსულის ბოლო მძიმე ჯაჭვიც თან წაიღო. დათა ქალაქში სულ სხვა
ადამიანად დაბრუნდა არა როგორც წარმატებული მარკეტოლოგი თავისი ყალბი, პრიალა
ნიღბით, და არა როგორც იმედდაკარგული, თავზარდაცემული მსხვერპლი, არამედ როგორც კაცი,
რომელმაც საკუთარ ჯოჯოხეთს ფსკერამდე ჩაახედა და ცარიელი ხელებით ამოსვლა გაბედა.
ქალაქი ისევ ისეთივე უსულო,
ნეონის შუქებით აჭრელებული და ხმაურიანი დახვდა, მაგრამ დათას შინაგანი აღქმა უკვე
შეიცვალა. გადარჩენისთვის ბრძოლა აღარ ნიშნავდა ძველ პოზიციებზე დაბრუნებას ან აღიარების
დევნას ეს იყო ყოველდღიური, ფიზიკური და სულიერი შრომა საკუთარი სხეულისა და
გონების ხელახლა ასაწყობად.
მან მუშაობა დაიწყო უბრალო,
ფიზიკურ სამუშაოზე ღამის ცვლაში, საწყობში, სადაც მძიმე ყუთების თრევისას კუნთების
ჯანსაღი ტკივილი ეხმარებოდა, სხეულში დაბრუნებულიყო და ძველი, აკვიატებული აგრესია
მშვიდ, ფიზიკურ ენერგიად გადაექცია. ყოველდღე, როცა დაღლილობასა და შიშს თვალს უსწორებდა,
ის პატარა ბიჭი თივის ფანჩატურიდან ნელ-ნელა იშუშებდა იარებს.
ერთ წვიმიან საღამოს, როცა ქუჩები
სველ სარკეებად გადაქცეულიყო, დათა იმ პატარა, ნახევრად სარდაფისებურ ბარს მიადგა,
სადაც ოდესღაც მისი კოშმარი დაიწყო.
დახლთან ისევ ის კურიერი/ბარმენი
იდგა.
იმ იდუმალ კაცს რომელსაც
დათა მთელი ამ ხნის განმავლობაში ხან საკუთარი გონების აჩრდილად მიიჩნევდა, ხანაც ბედისწერის
განსახიერებად აღარ ეჭირა ხელში წარსულის დამამძიმებელი წიგნი. ის უბრალოდ იდგა, ჭიქას
ამშრალებდა და დათას შესვლაზე თბილად, საოცრად მშვიდად გაიღიმა. ეს არ იყო საფრთხის
შეიცავით სავსე ღიმილი, არამედ იმ ადამიანის მზერა, რომელიც თითქოს მთელი ამ ხნის განმავლობაში
ელოდა დათას შინაგან გაღვიძებას.
- მოხვედი, თქვა ბარმენმა
დაბალი, ხავერდოვანი ხმით.
- მოვედი, უპასუხა დათამ.
იმ ღამეს, ცვლის დასრულების
შემდეგ, ბარმენმა დათა თავის სახლში წაიყვანა.
ეს იყო პატარა, სხვენის ტიპის
ბინა ქალაქის ძველ უბანში - სავსე წიგნებით, ძველი ფინილის ფირფიტებით, ჩამავალი მზისა
და ხის ავეჯის თბილი არომატით. იქ არ იყო ქალაქის აჩქარებული რიტმი, არც ნატასთან დაკავშირებული
მტკივნეული მოგონებები და არც ძალადობრივი ვნებების კვალი.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. დათა
დივანზე იჯდა და უყურებდა, როგორ ასხამდა ბარმენი ორ ჭიქა ჩაის.
-
ვინ ხარ შენ სინამდვილეში? ჰკითხა დათამ ჩურჩულით.
ბარმენმა ჭიქა მაგიდაზე დადო,
დათას გვერდით ჩამოჯდა და თვალებში ჩახედა.
-
მე ის ვარ, ვინც შენს წყვდიადს არ შეეშინდა, დათა. ვინც შენი სიმართლე დაინახა
მაშინ, როცა შენ მას გაურბოდი.
იმ ღამეს დათამ პირველად იგრძნო
სიახლოვე, რომელსაც არ ახლდა შიში, კონტროლის მოთხოვნილება, დამცირება ან აგრესია.
ბარმენის შეხება იყო საოცრად ნაზი, უსაფრთხო და მზრუნველი - თითქოს მისი ხელები
დათას სხეულს კი არ ეპატრონებოდნენ, არამედ აშუშებდნენ იმ ძველ, სიღრმისეულ იარებს,
რომლებიც თივის ფანჩატურში გაჩნდა.
მათ ერთად გაატარეს ღამე. ეს
არ იყო უბრალო ფიზიკური ვნება - ეს იყო ორი სულის შეხვედრა, სადაც დათამ საბოლოოდ შეძლო,
ყოფილიყო სუსტი, გულწრფელი და უსაფრთხო. მან პირველად იტირა ჩუმად, გათავისუფლებული
ცრემლებით, რომლებიც ბარმენმა თითებით მოწმინდა.
როდესაც დილით ფანჯარაში პირველმა
სინათლემ შეამოჭრა, დათამ გვერდით მძინარე ბარმენს შეხედა.
მან გააცნობიერა მწარე, მაგრამ
გაცხადებული სიმართლე: ის, რასაც მთელი ცხოვრება ქალებთან ურთიერთობაში, წარმატებაში
თუ ალკოჰოლში ეძებდა, ნამდვილი მიღება, გაგება და სულიერი ხსნა, სწორედ ამ ადამიანში
იპოვა. კურიერი/ბარმენი არ ყოფილა მისი მტერი; ის იყო ერთადერთი სარკე, რომელმაც დათას
საკუთარი თავი შეაყვარა და რომლის მიმართაც ახლა მკერდში ღრმა, უპირობო სიყვარული უფეთქებდა.
დათამ ფანჯარაში გაიხედა. ქუჩის
კუთხეში მდგარი შავი ძაღლი უკვე აღარ ჩანდა. ის გაქრა, რადგან დათას შიშმა და ძალადობამ
საბოლოოდ დაუთმო ადგილი სიყვარულს.
ქუჩის ხმაური და ბარმენის თბილი,
ხავერდოვანი ხმა მოულოდნელად უცნაურმა, რიტმულმა წკაპუნმა შეცვალა. ეს არც წვიმის წვეთების
ხმა იყო და არც ძველი ფინილის ტკაცუნი.
დათამ თვალები გაახილა.
მის წინ აღარ იდგა სხვენის ტიპის
ბინა, აღარც წიგნები ეწყო თაროებზე და აღარც ბარმენის თბილი, უსაფრთხო ღიმილი ათბობდა
ოთახს.
თავი 12
ოთახში თეთრი, ოდნავ ჩამოქერცლილი
კედლები იდგა. მაღალ, ოთხკუთხა ფანჯარას მსხვილი, შავი რკინის გისოსები გასდევდა, რომელთა
შორისაც სექტემბრის მკრთალი, ოქროსფერი მზის სხივი იჭყიტებოდა და იატაკზე ზოლიან ჩრდილებს
ირეკლავდა. კედლებზე ახლოს თუ დააკვირდებოდი, ფრჩხილით ან ფანქრის ნატეხით ნაკაწრი
ათასგვარი წარწერა და ნახატი პატარა ფიგურები,
თარიღები, გაურკვეველი სიმბოლოები მოსჩანდა, რომლებიც სხვადასხვა დროს აქ მყოფი ადამიანების
ფიქრებს შეუნახავთ.
მძიმე, რკინაგადაკრული კარი
ჭრიალით გაიღო.
ოთახში ექთანი შემოვიდა. მას
თეთრი ხალათი ეცვა, ხელში პატარა პლასტმასის ჭიქით წამალი ეჭირა. მისი ნაკვთები, თმის
ვარცხნილობა და თვალების მოჭუტვა საოცრად, თითქმის იდენტურად ჰგავდა ნატას.
-
დათა, ეს შენი წამალია, დალევა არ დაგავიწყდეს, თქვა მშვიდი, ჩვეული ხმით და ჭიქას ტუმბოზე დადგა.
მის უკან ოთახში ახალგაზრდა
მამაკაცი ექიმი შემოვიდა. დათას სახე წამიერად გაბრწყინდაა და სიხარულმა გადაურბინა. ექიმის მზერა, სიმაღლე და მიმიკა ზუსტად იმ კურიერ-ბარმენისას
ჩამოჰგავდა, რომელიც დათასთვის გარდატეხის, გაგებისა და ხსნის სიმბოლოდ ქცეულიყო. თითქოს
იმ წამს მთელი რეალობა ერთ წერტილში მოგროვდა. დათა საწოლზე გასწორდა, თვალებში სრული
სიცხადე და სიმშვიდე დაუბრუნდა, თითქოს გონებიდან ყოველგვარი ნისლი გადაეყარა.
მან ექიმს მშვიდი, სრულიად საღი
თვალებით შეხედა:
-
ექიმო, მე დღეს უკეთ ვარ. ახლა ზუსტად მესმის,
სადაც ვარ და რა ხდება ჩემს თავს. ვიცი, რომ ეს კედლები რეალურია, ეს გისოსებიც...
და ისიც მესმის, რომ ჩემი გონება წლებია ცდილობს იმ ძველი ტრავმისგან გაქცევას, იმ
აგვისტოს დღისგან, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. მთელი ეს სახეები, რომლებსაც აქ ვხედავ,
ჩემი წარსულის ნაწილებია. მე აღარ გავიქცევი... მზად ვარ, თვალი გავუსწორო რეალობას.
მინდა გამოვჯამრთელდე…
ექიმი ყურადღებით უსმენდა, თავის
ქნევით ინიშნავდა რაღაცას ჩანაწერების რვეულში და ოდნავ იღიმოდა.
დათა წამით გაჩუმდება, თვალებით
მიაშტერდა ფანჯრიდან შემოსულ მზის ზოლს. მისი მზერა ნელ-ნელა ისევ დაიბინდა, სიცხადე
გაქრა და თვალებში ისევ ის შორეული, დაბნეული გამომეტყველება დაბრუნდა. მან ექიმს შეხედა,
ოდნავ ეშმაკურად გაიღიმა და სრულიად ბუნებრივი, ჩვეულებრივი ტონით ჰკითხა:
-
შეგიძლიათ, ვისკი დამისხათ? ყინულით,
როგორც ყოველთვის.
ექიმმა ჩანაწერების რვეული დახურა,
ექთანს შეხედა და დაბალი, პროფესიული ხმით უთხრა:
-
წამლის დოზა გაზარდეთ…
ეპილოგი
მთელი ეს მოგზაურობა სოფელში
დაბრუნება, მდინარის ცივი ნაკადი, "ანა კარენინას" წყალში გადაგდება, საწყობში
მძიმე შრომით სხეულის გაწმენდა და ბოლოს, ბარმენთან შეხვედრა არ ყოფილა სივრცეში
გადაადგილება. ეს იყო სულის შიდა არქიტექტურა, ეგზისტენციალური კრიზისის დაძლევის ერთადერთი
შესაძლო გზა. დათამ იბრძოლა საკუთარი სულის გადარჩენისთვის და მან გაიმარჯვა
მაგრამ ეს გამარჯვება არა გარე სამყაროში, არამედ მის შიგნით მოხდა.
კედლები, რომლებიც მას გარს
ეხვია, იყო თეთრი, პრიალა და აბსოლუტურად ცივი.
ოთახში არ არსებობდა კუთხეები
ყოველი წახნაგი მოგლუვებულიყო. ერთადერთი სინათლის წყარო იყო ჭერში ჩასმული, სქელი
მინით დაცული ნათურა, რომელიც მუდმივ, თანაბარ, მკვეთრ სინათლეს ავრცელებდა. ჰაერში
ეჭრა სადეზინფექციო ხსნარისა და სველი პალატის მძიმე, ქიმიური სუნი.
დათა იწვა ხისტ, რკინის საწოლზე,
რომელსაც თეთრი, სახამებლით გაჟღენთილი ზეწარი ეხურა.
მან ნელა შეხედა თავის მაჯებს.
მაჯებზე ეტყობოდა რბილი, მაგრამ მჭიდრო ქსოვილის ლაქები ფიქსატორების კვალი.
სინამდვილეში, დათა არსად წასულა.
მას არასდროს უმუშავია საწყობში, არც მეტროში უხეტიალია კურიერის საძებნელად. ის წლებია
ამ ოთახში იმყოფებოდა.
იმ შორეულ, აგვისტოს ცხელ დღეს,
როდესაც თივის ფანჩატურში ცხრა წლის ბიჭის უმწიკვლოება დაიმსხვრა, დათას გონებამ ვერ
გაუძლო რეალობის სიმძიმეს. იმ წამს, როცა პატარა ბიჭმა საკუთარი სხეულიდან „გასვლა“
არჩია, მისი რეალური აღქმა საბოლოოდ გაზარდა. მთელი შემდგომი ცხოვრება სტუდენტობა,
წარმატება, ნატასთან ურთიერთობა, ალკოჰოლი, შავი ძაღლის აჩრდილი, კურიერი თუ ბარმენი
იყო მისი ფსიქიკის მცდელობა, აეგო რთული, დეტალური ილუზია, რომლითაც დაფარავდა იმ ერთადერთ,
გამანადგურებელ სიმართლეს: ის იმ დღეს გაგიჟდა.
კურიერი, ბარმენი, ირაკლი თუ
შავი ძაღლი ეს ყველაფერი მისივე დაშლილი მე-ს ფრაგმენტები იყვნენ. ბარმენი არ
ყოფილა რეალური ადამიანი; ბარმენი იყო დათას შინაგანი უნარი, საბოლოოდ შეჰყვარებოდა
საკუთარი თავი, მიეტევებინა იმ პატარა, ტკივილით სავსე ბიჭისთვის და მიეღო საკუთარი
ტრავმა.
ხოლო გარდასახვა, რომელიც მან
გაიარა, იყო არა ფსიქიკური დაავადებისგან განკურნება, არამედ სულიერი ზავი საკუთარ
ჯოჯოხეთთან. მან შეწყვიტა გაქცევა. მან აღიარა თავისი ტკივილი.
პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში,
მის მკერდში არც შიში იდგა, არც აგრესია და არც აკვიატებული ეჭვი. შავი ძაღლი აღარ
ყეფდა.
მან იცოდა, რომ ეს თეთრი კედლები
მისი სხეულის ციხე იყო, მაგრამ მისი სული ის პატარა ბიჭი, რომელიც ოცი წლის განმავლობაში
თივის ფანჩატურში იტანჯებოდა საბოლოოდ გათავისუფლდა და მშვიდად განისვენებდა. დათამ
თვალები დახუჭა და ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა
მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა, როცა დათა ფსიქიატრიულში დააბრუნეს.

No comments:
Post a Comment