განათლება

Wednesday, 6 May 2026

მოტივაციის კრიზისი და ღია დიალოგის ძალა სასწავლო პროცესში

                ადამიანის ბუნება მუდმივ ცვალებადობას ეფუძნება. ხშირად ვსვამთ კითხვას: რატომ ხდება, რომ ერთ დროს საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი უცებ ქრება? ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ საგანმანათლებლო სივრცეში დგას, სადაც მოტივაცია სწავლისა და სწავლების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. განსაკუთრებით ეს ყველაფერი თავს იჩენს სემესტრის მიწურულს, როცა დაღლილობა პიკს აღწევს, ხოლო მოსწავლეები და მასწავლებლები ერთფეროვნებასა და მოწყენილობას უჩივიან.

              ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, "მუღამის" დაკარგვა სულაც არ არის სისუსტის ნიშანი; პირიქით, ეს ფსიქიკის თავდაცვითი ან სიგნალური მექანიზმია. როდესაც ენერგიის გაცემა აჭარბებს მის აღდგენას, ტვინი რთავს „ეკონომიურ რეჟიმს“, რასაც ჩვენ გადაწვად აღვიქვამთ. ამას ემატება ჰაბიტუაციის, ანუ შეჩვევის ეფექტი, როცა სიახლის მომხიბვლელობა ქრება, ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი რუტინად იქცევა. ხშირად კი საქმე ფასეულობათა ტრანსფორმაციასთან გვაქვს: ის, რაც ადრე გვაინტერესებდა, შეიძლება აღარ შეესაბამებოდეს ჩვენს დღევანდელ „მე“-ს.

              სასწავლო პროცესი ორმხრივი ენერგეტიკული ნაკადია. როცა მასწავლებელიც და მოსწავლეც კარგავენ ინტერესს, იქმნება ე.წ. „პედაგოგიური კრიზისი“. ამ დროს ირთვება ავტოპილოტის რეჟიმი: მასწავლებელი მექანიკურად გადასცემს ცოდნას, ხოლო მოსწავლე მექანიკურად ისმენს. იკარგება ემოციური კავშირი, რაც სწავლის პროცესს მშრალ და დამღლელ ვალდებულებად აქცევს. ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, თუ ადამიანი ვერ ხედავს კავშირს თავის ძალისხმევასა და სასურველ შედეგს შორის, მისი თვითეფექტურობის განცდა ეცემა, რაც პირდაპირ იწვევს აპათიას. მასწავლებლის აპათია კი, ემოციური გადადების პრინციპით, მომენტალურად ვრცელდება მთელ კლასზე.

            ამ უძრაობის დასაძლევად ყველაზე დიდი შეცდომა პრობლემის იგნორირება და დუმილია. გამოწვევებზე ხმამაღლა საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიიჩნევდა, რომ სწავლისთვის აუცილებელია ავთენტური გარემო. აღიარება, რომ „დღეს რაღაც ისე ვერ მიდის“, ხსნის დაძაბულობას და ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. ხმამაღალი ფიქრი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ კოლექტიური რეფლექსია: გავიგოთ, მასალაა რთული, ტემპია ნელი თუ შინაარსი მოძველდა? ამ დროს პასუხისმგებლობა ნაწილდება და მოსწავლე მომხმარებლიდან პროცესის თანაშემოქმედი ხდება.

             პროცესის გაცოცხლება სიმამაცეს და მცირე ექსპერიმენტებს მოითხოვს. როგორც ჯერომ ბრუნერი აღნიშნავდა, სწავლა აქტიური პროცესია და არა პასიური მიღება. ზოგჯერ უბრალოდ გარემოს შეცვლა,გაკვეთილი კლასის მიღმა ან მერხების გადაადგილება,  სიგნალია ტვინისთვის, რომ რაღაც ახალი ხდება. როლების როტაცია, მოსწავლეებისთვის ლიდერობის დათმობა და აქცენტის დასმა პრობლემურ კითხვებზე და არა მზა პასუხებზე, კლასში კვლევის სულს აბრუნებს.

            ვფიქრობ რომ სწავლა არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება, ეს არის აღმოჩენის სიხარული. თუ აღმოჩენის მომენტი ქრება, რჩება მხოლოდ ცარიელი ფორმა. ამიტომ, დიალოგი და გულწრფელობა ის ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია ეს ფორმა კვლავ ცოცხალი შინაარსით შევავსოთ.

 


Thursday, 16 April 2026

ლეკვი ლომისა სწორია - სქესიდან სუბიექტამდე

 

ღრმა ბავშვობაში შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარით” დავინტერესდი, ორ  დღეში სულისამოუთქმელად წავიკითხე და თან აღტაცებული ვიყავი მისტერ როჩესტერის ღირსეული საქციელით, მისი დამოკიდებულების ცვლილებით ქალების მიმართ, მან უბრალო განათლებულ ქალში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, პრინციპულობის ელემენტები აღმოაჩინა. თვითონ ჯეინ ეარი დავინახე, როგორც ქალთა ხმა, რომელიც თანასწორობას ითხოვდა:

„თქვენ გგონიათ, რაკი ღარიბი, უბრალო, შეუხედავი და პატარა ვარ, უსულო და უგულო ვარ? ...

ალბათ არც არაფერია გასაოცარი, კაცობრიობის ისტორია, გარკვეულწილად, არის ისტორია ბრძოლისა თვითმყოფადობისთვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალშრიანი ეპიზოდი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხია. ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დეკლარაციების ან სტატისტიკური მონაცემების ერთობლიობა; ეს არის ღრმა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და კულტურული ტრანსფორმაცია, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.

საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული აღქმა მამაკაცის და ქალის შესაძლებლობების თანასწორობის შესახებ.  არადა თანასწორობა იწყება არა კანონით, არამედ აღქმით. ბავშვობიდანვე ჩვენს ცნობიერებაში ილექება ე.წ. "გენდერული სქემები" - წინასწარ გამზადებული შაბლონები, რომლებიც გვკარნახობენ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი (ძლიერი, რაციონალური, გადაწყვეტილების მიმღები) და როგორი - ქალი (ემოციური, მზრუნველი, დამყოლი). სოციალური როლების თეორია გვაჩვენებს, რომ ის, რასაც ხშირად "ბუნებრივ განსხვავებად" მივიჩნევთ, სინამდვილეში საზოგადოებრივი მოლოდინების პროდუქტია. ამის შესახებ დღეს უამრავი თანამედროვე ავტორი და მკვლევარი წერს. მეგი ნელსონი, ჯოან დიდიონი, ბელ ჰუკსი და სხვები. ყველა ერთ აზრზე თანხმდება, რომ როდესაც ადამიანს სტერეოტიპების ჩარჩოში ვსვამთ, ჩვენ მას ვართმევთ "თვითაქტუალიზაციის" შესაძლებლობას, რაზეც აბრაამ მასლოუ საუბრობდა. თანასწორობა ფსიქოლოგიურად ნიშნავს იმ გარემოს შექმნას, სადაც ინდივიდის განვითარებას მისი სქესი კი არ განსაზღვრავს, არამედ მისი შინაგანი პოტენციალი და მისწრაფებები. "მსგავსების ჰიპოთეზა" კი გვიდასტურებს, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება ჩვენი კოგნიტური უნარები, ლიდერობის ნიჭი და ემოციური ინტელექტი არ არის სქესზე მიბმული.

უნგრელი პედაგოგი და მკვლევარ - ფსიქოლოგი ელის იგლისი საკუთარი შეხედულებით და სხვა ფსიქოლოგების თეორიების მიხედვით, ასკვნის, რომ განსხვავებები ქალისა და მამაკაცის ქცევაში ძირითადად განპირობებულია იმ სოციალური როლებით, რომლებსაც საზოგადოება მათ სთავაზობს. მაგ:

1.  1. მოლოდინები: თუ საზოგადოება მამაკაცისგან ელის დომინანტურობას, ხოლო ქალისგან კი მზრუნველობას, ჩვენ ადამიანები  ქვეცნობიერად ამ მოლოდინებს ვერგებით.

2.  2. თვითეფექტურობა: ფსიქოლოგიურად, როცა ადამიანს სტერეოტიპების გამო ეუბნებიან, რომ ის რაღაცაში (მაგალითად, მათემატიკაში ან ლიდერობაში) სუსტია, მისი თვითრწმენა იკლებს, რაც რეალურ შედეგებზე აისახება.

3.  3. გენდერული სქემის თეორია: ეს თეორია ხსნის, როგორ აყალიბებენ ბავშვები ადრეული ასაკიდან "სქემებს" იმის შესახებ, თუ რა არის "მამაკაცური" და "ქალური". ეს ფილტრები გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, ყურადღებასა და თვითშეფასებაზე. არადა თანასწორობის ფსიქოლოგიური მიზანია ამ ხისტი სქემების "დარბილება", რათა ადამიანმა საკუთარი თავი აღიქვას როგორც ინდივიდი, და არა როგორც მხოლოდ სქესის წარმომადგენელი.

ფსიქოლოგი ჯანეტ ჰაიდის კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები და მამაკაცები ფსიქოლოგიური მახასიათებლების უმეტესობაში (კოგნიტური უნარები, კომუნიკაციის სტილი, ლიდერობის პოტენციალი) უფრო მსგავსნი არიან, ვიდრე განსხვავებულნი. განსხვავებები ჯგუფებს შიგნით (მაგალითად, ორ მამაკაცს შორის) ხშირად ბევრად დიდია, ვიდრე საშუალო განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის.

          ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ, ლიტერატურული კავშირების ძიებამ და ასე ვიპოვე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი მოაზროვნე, მწერალი, ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი და ფემინიზმის თეორეტიკოსი სიმონ დე ბოვუარი, რომელიცა ამბობს, რომ  "ქალად არ იბადებიან, ქალი ხდები". ეს ნიშნავს, რომ სოციალური იდენტობა არის კონსტრუქცია. საუკუნეების მანძილზე მამაკაცი აღიქმებოდა როგორც "სუბიექტი"  სამყაროს შემმეცნებელი და ცენტრალური ფიგურა, ხოლო ქალი  როგორც "სხვა", ობიექტი, რომელიც მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში არსებობდა.

ჭეშმარიტი ფილოსოფიური თანასწორობა არის ქალის, როგორც სრულფასოვანი სუბიექტის აღიარება, რომელსაც აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი არსება. ეს არის გათავისუფლება იმ "თოჯინების სახლისგან", რომელზეც ჰენრიკ იბსენი ნორვეგიელი დრამატურგი და პოეტი წერდა. “თანასწორობა არ არის სქესთა შორის განსხვავებების იგნორირება, არამედ იმის აღიარება, რომ ეს განსხვავებები არ უნდა ქმნიდეს იერარქიას”.

ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია ქართული კონტექსტი. მაშინ, როცა ევროპული ლიტერატურა ჯერ კიდევ ეძებდა გზებს ქალის ხმის გამოსაკვეთად, რუსთაველმა XII საუკუნეში თქვა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუმცა ხვადია". ეს აფორიზმი არ არის მხოლოდ პოეტური მეტაფორა; ეს არის ღირებულებითი სისტემა, სადაც არსი (ლომობა) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმა (სქესი). თინათინის გამეფება და მისი, როგორც ბრძენი მმართველის აღიარება, არის იმ დიდი ტრადიციის ნაწილი, რომელიც ქალს არა მამაკაცის დანამატად, არამედ მის სწორუფლებიან პარტნიორად განიხილავს.

ვფიქრობ, რომ თანასწორობა ნიშნავს სამყაროს, სადაც ადამიანის ნიჭს, შრომას და ოცნებებს საზღვრებს არ უწესებს მისი გენდერი. ეს არის გზა "თოჯინების სახლიდან" რეალურ, თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებამდე, სადაც ყოველი "ლეკვი" თავისი ბუნებით ლომია.

Tuesday, 7 April 2026

საკუთარი თავის აჩრდილები

 

ხალხმრავალ ქუჩებში „მდუმარე ტრაგედია“ სუფევს. პრიალა ოფისებსა და თბილ მისაღებ ოთახებში ყოველდღე ერთი და იგივე სპექტაკლი თამაშდება. რა უცნაურია, თითოეული მსახიობი იმსახურებს ოსკარს; იმდენად სრულყოფილია თამაში, რომ რთულია მათგან საუკეთესოს გამოვლენა.

ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც საკუთარ სხეულში ისე ბინადრობენ, როგორც დევნილები. მათთვის ყოველი გაღვიძება ახალი როლის დასაწყისია, ყოველი მზერა კი - პოტენციური საფრთხე. ისინი ატარებენ არასრულფასოვნების მძიმე ლოდს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მიწისკენ ქაჩავთ, თუმცა წელში გამართულნი დადიან, რადგან ასეა საჭირო, ასეა „უსაფრთხო“. ეს მდგომარეობა არავისთვისაა უცხო, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ...

საზოგადოება მუდმივ ზეწოლას ახდენს ყველაზე, ვინც „განსხვავებულია“ და მათ საკუთარი „მორალური ჩარჩოებიდან“ აფასებს. არადა, სახარებაში ქრისტე მარტივად ხსნის ყველა მდგომარეობას:

„ვისაც არ შეუცოდავს, იმან ესროლოს პირველი ქვა“.

მახსოვს, ერთხელ მოსწავლემ მთხოვა, გაკვეთილი მენტალურ ჯანმრთელობაზე არაფორმალურ გარემოში ჩამეტარებინა. ამ შეხვედრისას მან თავად მაჩვენა ისეთი მასტერკლასი, რომელიც მთელი ცხოვრება გაკვეთილად დამრჩა:

„ჩვენი მენტალური პრობლემები ჰგავს ძლიერად გაბერილ ბურთს, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული. ჩვენ მას გარედან ვაწვებით, რათა მისმა ტალღამ გარეთ არ გამოგვაგდოს. ძალიან რთულია ამ დროს ბალანსის დაცვა: თუ ძლიერად მიაწვები შეიძლება გასკდეს, თუ ხელს აუშვებ, ძლიერმა ტალღამ შეიძლება ცენტრისკენ გიბიძგოს და ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდე. ორივე შემთხვევაში საზოგადოების სამიზნე ხდები“.

ნამდვილი სურვილები ჰგავს მივიწყებულ წერილებს, რომლებიც არასოდეს გაიგზავნება. ეს სურვილები სადღაც გულმკერდის სიღრმეში ფეთქავენ, ითხოვენ ჰაერს, ითხოვენ აღიარებას, მაგრამ შიში, ეს დაუნდობელი ციხისმცველი - მათ ხმას ახშობს. ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ ერთხელ მაინც იტყვიან: „მე ეს მტკივა“ ან „მე ეს მინდა“, სამყარო, რომელსაც ასე სათუთად აშენებდნენ, ხუხულასავით ჩამოიქცევა.

ეს პროცესი ნელ, გაწელილ სუიციდს ჰგავს. ეს საკუთარი სურვილებისა და „მე“-ს ნაწილ-ნაწილ დამარხვაა. ყოველი ჩაყლაპული სიტყვა, ყოველი მოთოკილი ცრემლი და ყოველი ყალბი ღიმილი ერთი პატარა ჭრილობაა საკუთარ არსებაზე. ისინი კლავენ ნამდვილ „მეს“, რათა გადაარჩინონ ის ილუზია, რომელიც სხვებს მოსწონთ.

ასეთ დროს ადამიანი საკუთარი თავის აჩრდილად იქცევა. ის ფიზიკურად აქ არის სუნთქავს, ჭამს, მუშაობს,  მაგრამ მისი სული სადღაც შორს, შიგნით არის გამოკეტილი და ნელ-ნელა ილევა. ეს არის სიკვდილი მანამ, სანამ გული გაჩერდება  უხმო, უსისხლო და ყველაზე მარტოხელა აქტი. ამ „თვითმკვლელობას“ მაყურებელი არ ჰყავს; ყველა მხოლოდ ლამაზ ნიღაბს ხედავს და ვერავინ ხვდება, რომ ამ ნიღბის მიღმა ვიღაც შველას ითხოვს.

ეს არის ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც მთავარი მტერი საკუთარი თავის მიუღებლობაა, ხოლო ერთადერთი გამოსავალი  იმ სიმართლის თქმის გაბედვა, რომელიც, შესაძლოა, ყველაფერს ნანგრევებად აქცევს, მაგრამ სანაცვლოდ სუნთქვის საშუალებას მოგცემს.

 

ნატეხები შუშის მიღმა

                         თავი 1   ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდი...