განათლება

Monday, 6 April 2026

სხვისი ცხოვრების კომენტატორები

 

ერთი ადამიანის განსჯა სხვა ადამიანის მიერ ისეთივე ძველი ამბავია, როგორც კაცთა მოდგმის დასაბამი დედამიწაზე.  სამყაროს შეცნობის შემდეგ ადამმა უფალს უთხრა, რომ მისმა ქმნილებამ შეაცდინა და თითი სხვისკენ გაიშვირა. რთული გასაგებია რა ამოძრავებდა ადამს,  თვითგადარჩენის ინსტიქტი თუ უსუსურობის განცდა, რომელიც სხვაზე გადაბრალებით,  დადანაშაულებით უნდა გადაეფარა.

მოდი ეს ამბავი სხვადასხვა რაკურსით განვიხილოთ:

ლიტერატურაში ასეთი პერსონაჟები ხშირად ფონს ქმნიან - ისინი არიან „გუნდი“, რომელიც მთავარ გმირს ტალახს ესვრის, სანამ ის თავის გოლგოთაზე ადის. საკმარისია გავიხსენოთ აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ ან თუნდაც ვაჟა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”. თემი, რომელიც განკითხვისთვის ყოველთვის მზადაა, სინამდვილეში “შიშისგან” შედგება. ისინი სხედან ვიწრო ოთახებში, ფარდებს მიღმა და სხვის ნაბიჯებს ითვლიან. ყოველი სხვისი გამარჯვება მათთვის საკუთარი დამარცხების აღიარებაა, ყოველი სხვისი ღიმილი კი მათი უღიმღამო ყოფის მხილება. მათი ენა ბასრია, მაგრამ სული - დამძიმებული.

ფსიქოლოგია ამას მარტივად პროექციით ხსნის. ინდივიდი, რომელიც გამუდმებით სხვას ლანძღავს, ქვეცნობიერად ებრძვის საკუთარ თავს. ადამიანები სხვებში ვერ იტანენ იმ თვისებებს, რომლებიც საკუთარ თავში სძულთ, მაგრამ ვერ აღიარებენ. მათ უმეტესობას აქვს თვითშეფასების დეფიციტი, რომელიც გამოიხატება სხვისი დამცირებით.  განმკითხველი წარმოსახვითად მაღლდება. ეს არის „ფეხზე დადგომა სხვის მხრებზე შეხტომით“.

გარკვეული ნაწილი თანხმდება, რომ ეს შურია. შური არაა უბრალოდ ბოროტება, ეს არის ტკივილი იმის გამო, რომ სხვას აქვს ის, რისი რესურსიც შენ არ გაქვს (იქნება ეს ნიჭი, ბედნიერება თუ შინაგანი თავისუფლება).

ასეთი ქმედება ხშირად გამოწვეულია ემოციური ვაკუუმით. როდესაც საკუთარი ცხოვრება შინაარსისგან დაცლილია, სხვისი ცხოვრების „რევიზია“ ერთადერთი გზაა, რომ თავი ცოცხლად იგრძნო.

ფილოსოფიურად, ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, არათავისუფალია. ის მიჯაჭვულია სხვის პიროვნებაზე, სხვის ქმედებებზე. მარკუს ავრელიუსი იტყოდა, რომ “სხვისი აზრი ჩვენზე არ არის ჩვენს კონტროლში, ამიტომ მასზე დარდი უგუნურებააო”. შესაბამისად, ადამიანი თავად ქმნის თავის არსს. ის, ვინც სხვის ლანძღვაშია, უარს ამბობს საკუთარი არსის შექმნაზე. ის ხდება სხვისი ცხოვრების „კომენტატორი“ და არა საკუთარი ცხოვრების „ავტორი“.

ალბათ იკითხავთ, როგორ მოვიქცეთ? და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. უბრალოდ მათ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რატომ?

1.    როცა მათ პასუხობთ ან მათზე ფიქრობთ, თქვენ მათ ენერგიას აძლევთ. ისინი თქვენი ემოციებით საზრდოობენ.

2.    მათი ლანძღვა თქვენზე კი არ მეტყველებს, არამედ მათზე. ეს მათი შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა.

3.    თუ გზაზე ყოველი “დაყეფების დროს” შეჩერდებით და ქვა ესროლეთ ყველა ძაღლს, დანიშნულების ადგილამდე ვერასდროს მიხვალთ.

ნურც მათ გადაფიქრებას და რაიმეს ახსნას შეეცდებით. მათი ქმედების მიზეზი კომპლექსურია - აქ არის შურიც, წარუმატებლობაც და სიყვარულის დეფიციტიც. ამიტომ ისინი აზრს მაინც არ შეიცვლიან.  შეიძლება მოჩვენებითად დროებით “გაგიღიმონ” ან “თავი “იმართლონ”, როგორც კი საშუალება მიეცემათ “ქვის სროლა” ისევ არ აგცდებათ.  დაუთმოთ მათ დრო ნიშნავს  მოჰპაროთ ეს დრო საკუთარ ბედნიერებას, შემოქმედებას და იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უყვარხართ.

ვფიქრობ, რომ მზეზე ლაქებს მხოლოდ ისინი ეძებენ, ვისაც მზის სინათლე თვალს ჭრის.

 

Friday, 3 April 2026

გონებრივი რადიუსი: სამყარო ოთხ კედელს მიღმა

 

ოთახში ბინდი და საოცარი სიმშვიდე იგრძნობა…  ღრმად ფიქრებში ჩაძირული სამყაროს უნიკალურობის ერთმა საინტერესო ასპექტმა დამაფიქრა. იმ უცნაურმა და ხშირად მტკივნეულმა შეუსაბამობამ, რომელსაც ადამიანი საკუთარ დაბადების ადგილთან მიმართებით გრძნობს.

ზოგიერთი ჩვენგანი ისე იბადება, თითქოს გეოგრაფიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა - თითქოს სული სხვა განედებისთვის იყო გამზადებული, სხეული კი შემთხვევითობის პრინციპით სულ სხვა მიწაზე აღმოცენდა. ეს არ არის მხოლოდ სოციალური თუ მატერიალური უკმაყოფილება; ეს არის შინაგანი, ეგზისტენციალური უცხოობის განცდა, როცა მშობლიური პეიზაჟი შენს შინაგან ხმას არ ეხმიანება.

ბევრი მთელ ცხოვრებას ამ შეუსაბამობის ძებნაში ატარებს. ისინი დააბიჯებენ ნაცნობ ქუჩებზე, ესმით მშობლიური ენა, მაგრამ გრძნობენ, რომ მათი ნამდვილი სამშობლო სადღაც შორსაა - იქ, სადაც ჰაერი სხვანაირად სუნთქავს ან სადაც ადამიანები მათთვის გასაგებ კოდებზე საუბრობენ. ეს არის ერთგვარი „სულიერი ემიგრაცია“ საკუთარ სახლში, სადაც ფესვები არა მიწაში, არამედ ჰაერშია გამოკიდებული და გამუდმებით ეძებს საყრდენს.

რატომ ხდება, რომ ზოგისთვის მშობლიური კერა ციხედ იქცევა, სხვებისთვის კი - თავშესაფრად? იქნებ სამყაროს უნიკალურობა სწორედ ამ დისონანსშია, რომელიც გვაიძულებს ვიმოძრაოთ, ვეძებოთ და ბოლოს, შესაძლოა, საკუთარი ადგილი არა რუკაზე, არამედ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ.

და ამ ფიქრებში წასულმა ორ სხვადასხვა განზომილებას შევეჯახე.

ფანჯრის მიღმა მხოლოდ მეზობელი კორპუსის ნაცრისფერი კედელი ჩანს და ქუჩის ხმაური, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე რიტმით იჭრება შენს სივრცეში. ერთი შეხედვით, შენი სამყარო აქ მთავრდება - ამ ოთხ კედელში, გაცვეთილ ხალიჩასა და ძველ მაგიდასთან.

-        რა სასტიკია გეოგრაფია:  ის გეუბნება, რომ შენ ხარ აქ, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ ქალაქში და შენი ნაბიჯი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს სწვდება.

მაგრამ არსებობს სხვა გეომეტრია, რომელიც რუკებზე არ იხაზება. ეს არის გონებრივი რადიუსი.

ადამიანი შეიძლება იჯდეს მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ქალაქში, მისი ფიზიკური თვალი ათასობით შენობასა და სახეს ხედავდეს, მაგრამ მისი გონებრივი რადიუსი საკუთარი ჯიბის სისქით ან მეზობლის წარმატების შურით შემოიფარგლებოდეს. ასეთი ადამიანის სამყარო პატარაა, ვიწრო და ჩახუთული, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ოკეანეები და ცათამბჯენებია.

არსებობს მეორე უკიდურესობა: ადამიანი, რომელიც სოფლის მივიწყებულ სახლში, სანთლის შუქზე ზის. მას შესაძლოა არასოდეს გადაუკვეთავს საკუთარი რაიონის საზღვარი, მაგრამ მისი გონებრივი რადიუსი კოსმოსურ ნისლეულებს სწვდება. ის კითხულობს წიგნს და იმ მომენტში ძველ საბერძნეთში სოკრატესთან ერთად სეირნობს, უსმენს მუსიკას და მისი ემოციები მაღალ მუსიკალურ ინტელექტს ერწყმის, ფიქრობს მომავალზე და მისი ხედვა დროსა და სივრცეს ანგრევს.

ამ რადიუსს არ სჭირდება თვითმფრინავის ბილეთი. მისი საწვავი ინტერესია, მისი ძრავა კი -  წარმოსახვა და ცოდნა.

ნეტავ იქნებოდა ვაჟა ჩარგლის გარშე? შეძლებდა კი ყოფილიყო ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორიც გახდა. მისი გენია პირდაპირ კავშირშია მთის მკაცრ ბუნებასთან?

გალაკტიონი? ის ხომ „პოეზიის მეფედ“ თბილისში იქცა მაგრამ ხშირად უბრუნდებოდა ჭყვიშს თავის ჩანაწერებში.

„მე დავიბადე რიონის პირას, იქ, სადაც იცის ბულბულმა ძილი...“

ილია შეძლებდა მთელი სიმძაფრით დაენახა “ხიდჩატეხილობის” პრობლემა? 

აკაკი, მდიდარი ოჯახის ბიჭი რატომ მიაბარეს ძიძას სოფლად?

ფიროსმანი გახდებოდა ფუნჯის გენია თუ  ის ტილოზე მშობლიური მირზაანის გლეხები, ყანწები, ცხვრები და რთველის სცენები არ იქნებოდა?...

და მივხვდი, გონებაში საოცარი აზრი დაიბადა, როდესაც შენს გონებრივ რადიუსს ზრდი, ხვდები, რომ ფიზიკური ადგილმდებარეობა მხოლოდ დროებითი სადგურია. შენ აღარ ხარ შენი გარემოს ტყვე. შენ ხდები იმ იდეების მოქალაქე, რომლებსაც მასპინძლობ. შენი ფანჯრიდან უკვე აღარ ჩანს მხოლოდ მეზობლის კედელი - იქიდან მოჩანს მთელი კაცობრიობის გამოცდილება, ვარსკვლავთშორისი სიცარიელე და ის უსასრულო შესაძლებლობები, რომლებიც მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც საკუთარ თავში საზღვრების მოშლა გაბედა. 


ნატეხები შუშის მიღმა

                         თავი 1   ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდი...