განათლება

Friday, 20 February 2026

ცრუ პროპაგანდა სიმართლის წინააღმდეგ: რატომ გვეშინია სარკეში ჩახედვის?

 

საქართველოში საღი აზრისა თუ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება დღეს ერთგვარ სოციალურ ბარიერად იქცა, თუმცა ეს პრობლემა ახალი არ არის - ის ჩვენი ისტორიული მეხსიერებისა და საუკუნოვანი გამოცდილების მტკივნეული ნაწილია. კრიტიკა აქ ყოველთვის ასოცირდება მხილებასთან, რომელიც გარდაუვალი ცვლილებების აუცილებლობითაა გამოწვეული, ამ ცვლილებებისთვის კი საზოგადოების უმეტესობა, როგორც ჩანს, მზად არ არის. ეს წინააღმდეგობა რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს ეფუძნება და ისტორიული ტრავმებით ჩამოყალიბებული თავდაცვითი მექანიზმია. ეგზისტენციალური საფრთხეების პირობებში, როდესაც ერი მუდმივად გადარჩენისთვის იბრძოდა, ნებისმიერი შიდა დისონანსი აღიქმებოდა სისუსტედ, რომელსაც მტერი გამოიყენებდა. ასე ჩამოყალიბდა კოლექტიური ფსიქოლოგია, სადაც „ერთობა“ ხშირად „ერთაზროვნებაში“ აგვერია, განსხვავებული აზრის მქონე კი „გამთიშველად“ შეირაცხა.

ამას ემატება ე.წ. „სირცხვილის კულტურა“, სადაც კრიტიკა არა ობიექტური შეფასება, არამედ საჯარო მხილება და „სახის დაკარგვაა“. ვინაიდან ჩვენს სოციუმში პიროვნება და მისი საქმე ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, იდეის კრიტიკა ავტომატურად ადამიანის შეურაცხყოფად ითარგმნება. ავტორიტეტების ისტორიული კულტი კი კიდევ უფრო აფერხებს კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც თავისი ბუნებით ანტი-იერარქიულია და ლოგიკას ეფუძნება და არა სტატუსს. საღი აზრი ხშირად მარტოხელაა, რადგან ის არ ემსახურება არცერთ ბანაკს, გარდა სიმართლისა.

ამ ისტორიულ ფონზე საბჭოთა სისტემამ ნამდვილი „გენეტიკური მუტაცია“ მოახდინა. მან მოაშთო საღი აზრის ყოველგვარი გამოხატვა, ადამიანები მარიონეტებად აქცია და სიმართლის თქმას „ინტრიგნობის“ სახელი დაარქვა. სისტემამ შექმნა პარალელური რეალობა -„ორაზროვნება“, სადაც საჯარო და პირადი სივრცეები რადიკალურად გაიმიჯნა, ტვინი კი გადარჩენის მიზნით „თვითგადარჩენის ძილს“ მიეცა. ჩამოყალიბდა „ჩამშვების“  ფენომენი, რამაც მორალური კომპასი ისე არია, რომ კორუფციაზე თვალის დახუჭვა „ვაჟკაცობად“ და „ძმობად“ შეირაცხა, ხოლო კანონიერების მოთხოვნა - „არაკაცობად“. ამ სისტემამ დაგვიტოვა „ფსიქოლოგიური კედელი“: ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მაგრამ არ გვაქვს მისი გამოყენების ჩვევა.


დღეს ეს „მარიონეტული“ მემკვიდრეობა ყველაზე მკაფიოდ პოლიტიკურ პროცესებსა და ინკლუზიურობის დეფიციტში ვლინდება. პოლარიზაცია იქცა „გამორიცხვის“ ინსტრუმენტად - თუ „ჩვენიანი“ არ ხარ, შენი აზრი საერთოდ არ არსებობს. პოლიტიკური ჯგუფები ქმნიან ჩაკეტილ „ექო-კამერებს“, სადაც კრიტიკული აზრი კვლავაც „ინტრიგნობად“ ან „ღალატად“ აღიქმება. ინკლუზიურობის განვითარების ნაცვლად, სისტემა აჯილდოებს მორჩილებას, სჯის საღ აზრს და აღვივებს შიშს განსხვავებულობის მიმართ. საზოგადოება კვლავაც ელოდება „ბელადს“, რათა მასზე მოახდინოს საკუთარი პასუხისმგებლობის დელეგირება, რადგან სიმართლის აღიარება ნიშნავს იმას, რომ პრობლემების მიზეზი საკუთარ თავშივე უნდა ვეძებოთ, რაც უდიდეს სულიერ ძალისხმევას მოითხოვს.

საბოლოო ჯამში, კრიტიკული აზრი სოციუმის „იმუნური სისტემაა“ -  თუ ის არ მუშაობს, ორგანიზმი ვერ ხვდება, რომ სნეულია. ჩვენ ჯერ კიდევ იმ გარდამავალ ფაზაში ვართ, სადაც „საბჭოთა ადამიანი“ ჩვენში ებრძვის „თავისუფალ ადამიანს“. ამ „მუტაციის“ უკუპროცესისთვის მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის; საჭიროა შინაგანი კათარზისი და იმის გააზრება, რომ კრიტიკა არ არის მტრობა, ხოლო განსხვავებული აზრი - ღალატი. როგორც ილია ჭავჭავაძე გვასწავლიდა, „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ - ეს არის ერთადერთი „ვაქცინა“, რომელიც სიმართლისა და სიცრუის გამიჯვნას და რეალურ წინსვლას გახდის შესაძლებელს.

 

სევდა და მოწყენილობა, ჩვენი ეპოქის „სისტემური პარამეტრი"

 


ალბათ შეგიმჩნევიათ, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, ადამიანთა უმეტესობა ხშირად მოწყენილი და სევდიანია. შეკითხვაზე “როგორ ხარ?” ძირითადად პასუხები ასეა, “აუუუ, რავი”, “არამიშავს”,  “ისე რააა”, “რავიცი ვარ რა”. იშვიათად გაიგებ პასუხს, კარგად ვარ!  

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს „სევდიანი პასუხები“ უფრო გულწრფელობის ნიშანია, თუ უბრალოდ ჩვევა, რომელიც ადამიანებს გვეხმარება, რომ ზედმეტი კითხვებისგან დავიცვათ თავი?

ჩვენს ქვეყანაში სევდა ალბათ ისტორიულ მეხსიერებასთანაცაა დაკავშირებული. ჩვენი ლიტერატურა, პოეზია, ფოლკლორი, სიმღერების უმეტესობა, სავსეა დანაკარგის განცდით. ჩნდება შეგრძნება, რომ  თითქოს, კარგად ყოფნა ცოტათი „უხერხულია“ იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ. ამიტომ, პასუხი „ძალიან კარგად ვარ“ ხშირად აღიქმება როგორც ზედაპირულობა ან ამპარტავნება. სევდა აქ სოლიდარობის ფორმად გადაიქცა.

როდესაც თანამედროვე ცხოვრება გვთავაზობს იაფ ბედნიერებას (სოციალური ქსელები, სწრაფი მოხმარება), ჩვენი რეცეპტორები „იწვება“. შედეგად, ბუნებრივი, მშვიდი მდგომარეობა ჩვენი ტვინისთვის აღიქმება არა როგორც სიმშვიდე, არამედ როგორც დეფიციტი. მოწყენილობა ამ შემთხვევაში არის ორგანიზმის პროტესტი სტიმულაციის ნაკლებობაზე. როგორც ჩანს ადამიანთა უმეტესობისთვის  ბედნიერება აღიქმება, როგორც მიზანი, ხოლო მოწყენილობა - როგორც დაბრკოლება. არადა თუ ჩვენს ყოველდღიურობას დავაკვირდებით, დავინახავთ პარადოქსს: მიუხედავად კომფორტისა და გასართობი საშუალებების სიმრავლისა, სევდა უფრო მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე.

როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა: „ადამიანად ყოფნა ძალიან ძნელია“. სწორედ ამ „სიძნელეში“ იმალება პასუხი, რომელიც სამ შრეშია განფენილი: ჩვენს ბიოლოგიაში, ფილოსოფიასა და სისტემაში.

თუ პრეისტორიიდან თანამედროვეობისკენ ავიღებთ გეზს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ტვინი ევოლუციურად ბედნიერებისთვის კი არა, გადარჩენისთვის ვითარდებოდა. ფსიქოლოგიური კუთხით, ჩვენი ფსიქიკა მუდმივად ეძებს წონასწორობას. ნებისმიერი ეიფორია ხანმოკლეა. ჩვენ სწრაფად ვეჩვევით კარგს და ის „უფერული“ ხდება. ჩოხელისეულად რომ ვთქვათ: „ადამიანი ისეთი არსებაა, იმას ეძებს, რაც დაკარგული აქვს“. როგორც კი რაღაცას ვპოულობთ, ის ძიების მომხიბვლელობას კარგავს და ჩვენ კვლავ მოწყენილობის ნაცნობ ნაპირს ვუბრუნდებით.

ფილოსოფოსებისთვის მოწყენილობა ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ემოცია. შოპენჰაუერისთვის ეს იყო ცხოვრების გარდაუვალი ქანქარა, მაგრამ ჩოხელისთვის სევდა თავად ადამიანობის არსია - „ადამიანად ყოფნის სევდა“. ჩოხელი წერდა: „ადამიანი სევდიანი არსებაა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მოკვდება, მაგრამ მაინც უყვარს“. ეს პარადოქსი - სიკვდილის ცოდნა და სიცოცხლის სიყვარული - შობს იმ ღრმა, სისტემატიზირებულ სევდას, რომელსაც ხშირად „მოწყენილობას“ ვარქმევთ, სინამდვილეში კი ის ჩვენი სულის რეაქციაა სამყაროს წარმავლობაზე.

მოწყენილობა რომ სისტემატიზირებული ხდება, ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში გამოიკვეთა. ჩვენ ვცხოვრობთ ჭარბი სტიმულაციის ეპოქაში, სადაც ტვინი მიეჩვია დოფამინის მუდმივ, იაფ „დოზებს“, ამან კი  ჩვეულებრივი რეალობა აუტანლად და მოსაწყენად აქცია. ამას ემატება „ბედნიერების კულტი“. სისტემა გვავალდებულებს ვიყოთ მხიარულები, მაგრამ ჩოხელი შეგვახსენებდა, რომ „სამყარო ერთი დიდი ცრემლია, რომელიც ღმერთს გადმოუგორდა“. როდესაც ამ ბუნებრივ სევდას ვებრძვით და ხელოვნური მხიარულებით ვცვლით, ის ბუმერანგივით გვიბრუნდება უფრო ღრმა სიცარიელის სახით.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მოწყენილობა არ არის დეფექტი; ის არის ადამიანური ბუნების, ფილოსოფიური ძიებისა და იმ სისტემის გადაკვეთაზე გაჩენილი მდგომარეობა, რომელმაც „სევდის უფლება“ წაგვართვა. ჩოხელისეული გაგებით, გამოსავალი არა მოწყენილობისგან გაქცევაში, არამედ მის გააზრებაშია: „სევდა სიყვარულის ნიშანია“. თუ მოწყენილები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სულს რაღაც უფრო მეტი, უფრო ნამდვილი სწყურია, ვიდრე ის ზედაპირული მხიარულებაა, რომელსაც სისტემა გვთავაზობს.


Friday, 13 February 2026

მორალის ანატომია: ევოლუციური ინსტინქტიდან ნიცშესეულ ამბოხამდე

ალბათ არაერთი ადამიანი დაფიქრებულა რატომ დასჭირდა  კაცობრიობას მორალი? ან სულაც მორალური ჩარჩო ინდივიდს კომფორტს უქმნის თუ ზღუდავს ადამიანის ნების თავისუფლებას და აქცევს მას სტერეოტიპულ ჩარჩოში? ზოგი მორალს რელიგიასთან აკავშირებს, მავანი კი მას ევოლუციურ ინსტიქტს უწოდებს და კაცთა მოდგმის გადარჩენის გარანტად განიხილავს.

დიახ, მორალი კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფენომენია. იგი ერთდროულად გვევლინება როგორც შინაგანი გზამკვლევი და ამასთანავე  საზოგადოებრივი წნეხის იარაღი.

მორალი არ გაჩენილა ვაკუუმში. ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარი  რიჩარდ დოკინზი ამტკიცებს, რომ „ალტრუიზმი“ სინამდვილეში გენეტიკური სტრატეგიაა. მისი თქმით, ტომი, რომლის წევრებიც ერთმანეთს არ ხოცავდნენ და საკვებს უზიარებდნენ, უფრო სიცოცხლისუნარიანები იყვნენ, ვიდრე ეგოისტთა ერთობა. პრინციპი ძალიან მარტივია, „მე დაგეხმარები შენ, რათა ხვალ შენ დამეხმარო მე“. მორალი გაჩნდა, როგორც სოციალური კავშირი, რომელმაც ინსტინქტები (აგრესია, სიხარბე…) საზოგადოებრივ ინტერესებს დაუმორჩილა.

ფილოსოფიური აზროვნება მორალს ორ ძირითად ბანაკად ყოფს:

იმანუელ კანტისთვის მორალი აბსოლუტურია. მან შემოიღო კატეგორიული იმპერატივი: „მოიქეცი ისე, რომ შენი ქცევის პრინციპი საყოველთაო კანონად იქცეს“. თუ ტყუილი ცუდია, ის ცუდია ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც ამით ვინმე გადაარჩინო. ჯონ სტიუარტ მილის აზრით მორალის საზომი შედეგია. „მაქსიმალური ბედნიერება მაქსიმალური რაოდენობის ადამიანისთვის“. აქ მორალი მათემატიკურ გამოთვლას ემსგავსება.

რელიგიამ მორალს მისცა „უმაღლესი სანქცია“ -  ღმერთი. ქრისტიანობაში აქცენტი პიროვნულ სიწმინდესა და თავგანწირვაზეა. „გიყვარდეს მტერი შენი“ - ეს მორალური რევოლუცია იყო, რომელმაც ბიოლოგიურ შურისძიებაზე მაღლა დააყენა სულიერი წყალობა.

ისლამში მორალი განუყოფელია სამართლისგან (შარიათი). ეს არის მკაცრი დისციპლინის, სამართლიანობისა და საზოგადოებრივი ვალდებულების სისტემა. ბუდიზმიში კი მორალი არ არის „ბრძანება“ ღვთისგან. ეს არის კოსმიური კანონზომიერება (კარმა). მორალური ქცევა საჭიროა არა ღვთის მოსაგებად, არამედ ტანჯვისგან თავის დასაღწევად და ნირვანას მისაღწევად.

ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიტი ამბობს, რომ ჩვენი მორალური მსჯელობები ჰგავს „ემოციურ ძაღლს, რომელიც თავის ლოგიკურ კუდს იქნევს“. ჩვენ ჯერ ინტუიციურად ვგრძნობთ, რა არის სწორი (ემოცია), და მერე ვიგონებთ არგუმენტებს მის გასამართლებლად (ლოგიკა). მორალი აქ არა გონების, არამედ „მორალური ინტუიციების“ ნაყოფია.

ფრიდრიხ ნიცშე და გუსტავ ლე ბონი ხაზს უსვამდნენ, რომ ჯგუფში მორალი დეგრადირდება. შესაბამისად ბრბოში ინდივიდი კარგავს „მე“-ს და ხდება მასის ნაწილი. ნიცშეს აზრით, არსებობს „მონური მორალი“, რომელიც შურითაა გაჯერებული და ცდილობს ყველაფერი გამორჩეული საშუალო სტანდარტამდე დაიყვანოს. ბრბოსთვის მორალი ხშირად სხვისი განსჯის და ჩაქოლვის იარაღია.

წარმოიდგინეთ, რომ მართავთ ტროლეიბუსს, რომელსაც მუხრუჭები გაუფუჭდა. რელსებზე 5 ადამიანი მუშაობს. თქვენ გაქვთ შანსი გადაუხვიოთ სხვა ლიანდაგზე, სადაც მხოლოდ 1 ადამიანია. რას იზამთ? სავარაუდოდ გადაუხვევთ, რადგან 1 სიცოცხლე ნაკლებია 5-ზე. ან  შესაძლოა არ გადაუხვიოთ, რადგან სხვა რელსზე გადასვლით თქვენ აქტიურად იღებთ მკვლელობის გადაწყვეტილებას და იყენებთ იმ ერთ ადამიანს „ინსტრუმენტად“ სხვების გადასარჩენად, რაც ამორალურია.

ეს დილემა აჩვენებს, რომ მორალი არასდროსაა შავ-თეთრი. იგი მუდმივი კონფლიქტია „შედეგსა“ და „პრინციპს“ შორის.

დღეს მორალი გასცდა ადამიანთა ურთიერთობებს. პიტერ სინგერი საუბრობს „ცხოველთა განთავისუფლებაზე“ - რატომ ვთვლით მორალურად ადამიანის ტანჯვას ცუდად, ხოლო ცხოველისას - მისაღებად? თანამედროვე მორალი სულ უფრო მეტად ხდება გლობალური და ეკოლოგიური.

ნიცშემ გადატრიალება მოახდინა ეთიკაში, როდესაც დასვა კითხვა არა „რა არის მორალური?“, არამედ „რა ღირებულება აქვს თავად მორალს?“. თავის ნაშრომში „მორალის გენეალოგია“, ის ორ ძირითად ტიპს გამოყოფს:

·       პირველი ეყრდნობა ანტიკური ხანის არისტოკრატიული ხედვას, სადაც „კეთილი“ ნიშნავდა ძლიერს, კეთილშობილს, მამაცს და სიცოცხლით სავსეს. „ბოროტი“ კი იყო უბრალოდ „ცუდი“ - სუსტი, მშიშარა და უნიათო.

·       მეორე, ნიცშეს აზრით, ქრისტიანობას და იუდაიზმს, რომლებმაც გადააფასეს ღირებულებები. სუსტებმა, რომელთაც არ შეეძლოთ ძლიერების დამარცხება ფიზიკურად, შექმნეს მორალი, სადაც სიძლიერე ბოროტებად გამოცხადდა, ხოლო სისუსტე, თავმდაბლობა და მორჩილება - „სათნოებად“. გამოდის, რომ ,ნიცშეს აზრით ,მორალი არის ინსტრუმენტი, რომლითაც „ნახირი“ (ბრბო) ცდილობს დაიმორჩილოს და შეზღუდოს გამორჩეული, შემოქმედი ინდივიდი.

თუ ნიცშე მორალს ისტორიულ კონტექსტში განიხილავდა, მორალური ფსიქოლოგია მას ჩვენს ნეირონებში ეძებს. ჯონათან ჰაიტის მორალური საფუძვლების მიხედვით,  ადამიანის მორალი ეყრდნობა რამდენიმე „გენეტიკურ რეცეპტორს“, ისევე როგორც ენას აქვს გემოვნების რეცეპტორები:

  • მზრუნველობა/ზიანი: ინსტინქტი, დავიცვათ სუსტი.
  • სამართლიანობა/თაღლითობა: ალტრუიზმის ევოლუციური საფუძველი.
  • ლოიალობა/ღალატი: ჯგუფური გადარჩენის მექანიზმი.
  • ავტორიტეტი/სუბვერსია: იერარქიის პატივისცემა.
  • სიწმინდე/დეგრადაცია: ზიზღის გრძნობა, რომელიც გვიცავდა დაავადებებისგან.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ ჯერ ვგრძნობთ და მხოლოდ შემდეგ ვაზროვნებთ. თუ ვხედავთ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ იქცევა, ჩვენს ტვინში ჯერ ზიზღის ცენტრი აქტიურდება, ხოლო „ლოგიკური“ არგუმენტები მხოლოდ ამ გრძნობის გასამყარებლად მოგვყავს. დავუბრუნდეთ ჩვენს დილემას: გადავწიოთ თუ არა ბერკეტი, რათა 1 ადამიანი მოვკლათ და 5 გადავარჩინოთ?

ნიცშე ალბათ იტყოდა, რომ აქ მთავარი არა მათემატიკა, არამედ ნებაა. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალა აიღოს პასუხისმგებლობა ტრაგიკულ არჩევანზე, თქვენ მოქმედებთ საკუთარი ღირებულებებით. თუმცა, თუ თქვენ მოქმედებთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ასეა საჭირო საზოგადოებისთვის“, თქვენ „ნახირის მორალის“ ტყვეობაში ხართ.

ჯოშუა გრინის კვლევები აჩვენებს, რომ თუ ადამიანს ვთხოვთ ბერკეტის გადაწევას, ის ხშირად თანხმდება. მაგრამ, თუ მას ვეტყვით, რომ საკუთარი ხელით უნდა გადააგდოს ზრდასრული კაცი ხიდიდან ტროლეიბუსის შესაჩერებლად, ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ ფიზიკური შეხება და პირდაპირი ძალადობა ააქტიურებს ტვინის ძველ, ემოციურ უბნებს, მაშინ როცა ბერკეტის გადაწევა უფრო „ცივი“ რაციონალური გათვლაა.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მორალი არის ფსიქოლოგიური ინსტინქტების და ნიცშესეული სოციალური კონსტრუქტების (სუბიექტური ფორმა) ნაზავი. იგი არ არის ზეციდან ჩამოწერილი უცვლელი კოდექსი, არამედ ევოლუციური ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება რთულ სოციალურ გარემოში ორიენტაციაში.

 აინშტაინი, მიუხედავად მეცნიერული რაციონალიზმისა, მორალს უმნიშვნელოვანესად თვლიდა: „ადამიანის მორალური ქცევა უნდა ეფუძნებოდეს თანაგრძნობას, განათლებასა და სოციალურ კავშირებს; არავითარი რელიგიური საფუძველი ამისთვის საჭირო არ არის.“

და ბოლოს, რაც ერთი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ან რელიგიისთვის მორალურია, შეიძლება ის სხვა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ან რელიგიისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ან ამორალური იყოს.  


მგზავრი

 


მაღვიძარის ხმამ დააფრთხო ოთახის სიმყუდროვე. საბნიდან მამაკაცის ხელი გამოჩნდა, ტელეფონის მარჯვენა კუთხე ხელების ცეცებით იპოვა და მაღვიძარა გათიშა. ოთახში ისევ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

15 წუთის შემდეგ იგივე მელოდიამ შეარხია ოთახის სამარისებური სიჩუმე. საწოლში გადაბრუნების ხმა, ამოოხრება და წამოდგომის ხმა თითქოს ერთდროულად გაისმა ოთახში. შიშველი ფეხებით, საცვლის ამარა მამაკაცი დაწვდა საკიდზე დაკიდებულ ხალათს და მკლავი გაუყარა.

****

მანქანაში მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ბონიემი, სტინგი, ქართული 90-იანები ენაცვლებოდა ერთმანეთს და საჭესთან მჯდომი მამაკაცი თავდაჯერებული მიუყვებოდა გზას. წინ ნაცნობი სილუეტი მოძრაობდა. დამუხრუჭების ხმას მამაკაცის ოდნავ წყენა შეპარული ხმა მოჰყვა.

- ხომ გითხარი, რომ ამ დროს სამსახურში მივდივარ?..

- ჰო, მითხარით მაგრამ...

მგზავრმა კარები ფრთხილად მოიხურა და თითქოს შვებით ამოისუნთქა.

-       რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, თქვენს მანქანაში ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები.

-       რაიმე გაწუხებს?

-       საფიქრალის მეტი რა არის მასწავლებელო, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.

-       მესმის შენი, მაგით არც მე გამოვირჩევი დიდად.

-       როგორ თქვენც გაწუხებთ რაიმე?

-       როგორც ყველას... მოდი სასიამოვნო და მხიარული მუსიკა შევარჩიოთ და ვიმღეროთ...

ავტომანქანაში რიკი მარტინის ძალიან რიტმული მუსიკის ჰანგები არღვევდა მყუდროებას. მასწავლებელი და მოსწავლე ორივე ჩუმად მიუყვებოდა გზას, რომელიც ალბათ არასდროს დასრულდებოდა, რომ არა გზაჯვარედინზე აციმციმებული წითელი შუქნიშანი.

ენერგიული რიტმი უცნაურად ეხამებოდა დილის სიგრილეს. მამაკაცმა საჭეს თითები აჰყოლა, თუმცა მისი მზერა მაინც შორს, ჰორიზონტისკენ გარბოდა. "სიმღერა ხომ ვთქვით, მაგრამ დუმილიც მუსიკაა, როცა სწორი ადამიანი გიზის გვერდით" - ჩაილაპარაკა მასწავლებელმა და მგზავრს გადახედა. ახალგაზრდამ გაიღიმა. ეს არ იყო უბრალო ღიმილი, ეს იყო აღიარება იმისა, რომ ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია. მან ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია, რათა მანქანის სითბოსა და  მუსიკის ჰანგებში გარე სამყაროს ხმაური შემოჭრილიყო.

-       იცით, მასწავლებელო ყველაზე მეტად რა მიკვირს? როგორ ახერხებთ ყოველ დილით კარგ განწყობაზე იყოთ?

მამაკაცმა შუქნიშნის მწვანე ნიშანზე  მანქანა ნელა დაძრა.

-       არც ვარ, უბრალოდ, ყოველ დილით ვირჩევ, რომელი მელოდია აჯობებს ჩემს ფიქრებს. დღეს რიკი მარტინმა გაიმარჯვა, ხვალ... ხვალ ვნახოთ.

მანქანა სამსახურის შენობას მიუახლოვდა. მგზავრი გადავიდა, ზურგჩანთა მოიკიდა და სანამ კარს დაკეტავდა, კიდევ ერთხელ შეიხედა სალონში:

-       ხვალამდე, მასწავლებელო. იმედია, ხვალ უკეთესი დილა გათენდება.

მასწავლებელმა დაუქნია თავი, მარტო დარჩენილმა კი მუსიკას ცოტათი აუწია. წინ კიდევ ერთი გრძელი დღე ელოდა, მაგრამ იმ წამს, ქალაქის ქაოსში, ისევ თავდაჯერებული მიუყვებოდა გზას.

 

ნატეხები შუშის მიღმა

                         თავი 1   ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სავსე მთვარე ღრუბლებში დამალვას ცდილობდა. ღამის წყვდი...